{საკუთარი სრული ვერსია}
ფესტივალი ყოველთვის ზეიმი, დღესასწაული და სასურველი განწყობაა, რომელსაც იმ უამრავ ადამიანთან ერთად იზიარებ, ვინც ამ მოვლენას შენთან ერთად ესწრება. ფესტივალებს მსოფლიოში უკვე რამდენიმე ასწლეულია აწყობენ. ცნობილია, რომ პირველი ფესტივალი მუსიკალური იყო. იგი ინგლისში 1709 წელს ჩატარდა და მთლიანად საეკლესიო მუსიკას დაუკავშირდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ფესტივალები ევროპის ბევრ ქვეყანაში ეწყობოდა, ყველაზე ხშირად – გერმანიაში. მე-20 საუკუნეში საკმაოდ გახშირდა ფესტივალების ორგანიზება და ახალგაზრდები მათ რაიმე იდეის ირგვლივ გასაერთიანებლად იყენებდნენ. ამავე საუკუნეში ფესტივალების მოწყობა დაიწყეს სხვა დარგებშიც, როგორებიცაა თეატრი, კინემატოგრაფია, ლიტერატურა, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და ა.შ. ზოგადად, ფესტივალი განსხვავდება კონკურსისგან, სადაც გამარჯვებულები უნდა გამოვლინდნენ. თუმცა, ზოგიერთ ფესტივალს საკონკურსო მისიაც აქვს. ზოგადად კი, ფესტივალი, პირველ რიგში, მაინც ჟანრის დღესასწაულთან ასოცირდება, ყველაზე გვიან – კონკურსთან.
1970-იანი წლები
საქართველოში მუსიკალური ფესტივალების მოწყობა მე-20 საუკუნეში დაიწყო, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ამ სტატიაში არ შევეხები იმ უამრავ ფოლკლორული თუ კლასიკური მუსიკის და მცირე ფესტივალს, რომლებიც მაშინ ტარდებოდა და ახლაც იმართება. დავიწყოთ ჯაზ-ფესტივალით, რომელიც თბილისში 1978 წლის მარტში მოეწყო. ეს საბჭოთა კავშირში პირველი ყველაზე მასშტაბური ჯაზ-ფესტივალი აღმოჩნდა, რომელშიც 13 ქალაქის 23-მა შემსრულებელმა მიიღო მონაწილეობა.
მის ფარგლებში ჯაზის შესახებ გადაღებული ფილმების სეანსები მოეწყო, ჯაზის პლაკატების გამოფენაც გაიმართა. თითქმის ყველა კონცერტი სახელმწიფო რადიოს ეთერით გადაიცემოდა. კონცერტებს 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
1980-იანი წლები
1980 წელს კი საბჭოთა კავშირის ისტორიაში პირველი ოფიციალური როკ-ფესტივალი, სახელწოდებით „გაზაფხულის რიტმები“, სწორედ თბილისში გაიმართა. ამ ფესტივალზე ოფიციოზის მხრიდან ნებადართულ ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლებთან ერთად პირველად წარმოჩინდა მუსიკალური როკ-ანდერგრაუნდი, რომელსაც მოგვიანებით „საბჭოთა როკი“ უწოდეს. ფესტივალზე სულ 20-მდე მონაწილემ დაუკრა. მის შესახებ 40-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ფინელებმა გადაიღეს. ჟურნალ Rolling Stone-თან საუბრისას, რუსული ჯგუფ „ავტოგრაფის“ ბასისტმა ლეონიდ გუტკინმა გაიხსენა: „ნადვილი საძმო შევიკრიბეთ თბილისის ფესტივალზე, რომელიც თავისი სულისკვეთებით მაქსიმალურად უახლოვდებოდა „ვუდსტოკს“. ღვინო მდინარესავით მოედინებოდა. მეორე დღეს ჩვენ ვიღაც ქართველ დიდგვაროვნებთან გამოვფხიზლდით, სიმღერებს ქართულ ენაზე ვმღეროდით და მათზე უკეთესად გამოგვდიოდა“...
1986 წლის 13-დან 22 მაისის ჩათვლით ისევ 10-დღიანი, უკვე მეორე, ამჯერად საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა. საბჭოთა კავშირის შემსრულებლებთან ერთად, მასში მონაწილეობდნენ უნგრეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, ჩეხოსლოვაკიის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მუსიკოსებიც.
საბჭოთა წყობილების დროს ცნობილი ჯაზმენების მოწვევა დასავლეთის ქვეყნებიდან საკმაოდ რთული იყო. სსრკ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ დროს, ეს შეზღუდვები მოიხსნა და 1989 წლის შემოდგომაზე ფილარმონიის დარბაზში თბილისის მე-3 საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ჩატარდა.
მასში საბჭოთა და სოცქვეყნების მუსიკოსების გარდა მონაწილეობდნენ ამერიკელი, ფინელი, დანიელი და შვედი შემსრულებლებიც. ამ ფესტივალმა მაშინ 140 მუსიკოსი გააერთიანა.
1990-იანი წლები
სსრკ-ის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველოში სამოქალაქო ომის ცეცხლი დაინთო, ერთი წლის შემდეგ აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო და ფესტივალებისთვის აღარავის ეცალა. ეს პერიოდი ალბათ იმით შეიძლება გამოვარჩიოთ, რომ საქართველოში საოცრად ბევრი როკ-ჯგუფი შეიქმნა. 1993 წელს ორივე ომი დასრულდა, თუმცა ქვეყანაში კარგა ხანი კრიმინალები თარეშობდნენ.
1996 წლის მარტში ვაკეში, ყოფილ კინოთეატრ „ყაზბეგში“, რომელიც იმ დროს კლუბად იყო გადაკეთებული, ორგანიზაციამ „კლუბი ყაზბეგი“ რამდენიმედღიანი ფესტივალი „ხელები“ გამართა, სადაც სცენა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის ქართველ შემსრულებელს დაეთმო. იმავე ორგანიზაციამ ივლისში ვაკის პარკში ათდღიანი ფესტივალი-კონკურსი მოაწყო სახელწოდებით „მარგარიტა 96“. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაში სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკოსები მონაწილეობდნენ, შემიძლია ვთქვა, რომ „მარგარიტა 96“-ზე ყველაზე სრულად ქართული ალტერნატიული მუსიკა იყო წარმოდგენილი და სწორედ ამ თვალსაზრისით ფესტივალს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ჰქონდა.
1999 წლის სექტემბერში მუსიკოს ლადო ბურდულის თაოსნობით და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისში სამდღიანი საერთაშორისო როკ-ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა, სომეხმა, ინგლისელმა და რუსმა მუსიკოსებმა. პირველ ორ დღეს მუსიკოსები ახვლედიანის ქუჩის კლუბებში უკრავდნენ, ხოლო მესამე დღეს რიყეზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა გალა-კონცერტი.
გიო თოიძე (ჯგუფი „ამორალი“) |
რობი კუხიანიძე (ჯგუფი Outsider) |
ბესელა რაზმაძე (ჯგუფი „კონტრაბანდა“) |
რამდენიმე თვეში, კერძოდ, 2000 წლის მაისში ლადო ბურდულმა მეორე, ბევრად უფრო მასშტაბური საერთაშორისო როკ-ფესტივალი ჩაატარა, სახელწოდებით „მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან“, რომელიც სამი დღის განმავლობაში სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ ქართული, აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული ჯგუფები. ფესტივალს აშუქებდნენ ცნობილი მუსიკალური ტელევიზიები Mtv და MCM.
ფესტივალის ლოგო |
ლადო ბურდული |
ბენჯი ბაიდაშვილმა და მისმა საფესტივალო ჯგუფმა „მზიურმა“ 1999 წელს ყოველწლიური ფესტივალი „მზიური“ დააარსა, რომელმაც 2004 წლის ჩათვლით იარსება. ამ რამდენიმედღიან ფესტივალზე ქართულ ჯგუფებს, მწერლებს, პოეტებს, ფოტოგრაფებსა და მხატვრებს შესაძლებლობა ეძლეოდათ საკუთარი შემოქმედება ღია ცის ქვეშ, „მზიურის“ პარკში ეჩვენებინათ რამდენიმე სახელდახელო სცენასა და სასეირნო ბილიკების გასწვრივ, სადაც ნახატები და ფოტოები იყო წარმოდგენილი.
1999 წელს ბათუმში საქართველოში პირველად ჩატარდა საკმაოდ ეკლექტური ფესტივალი „სუბტროპიკი“, რომელშიც ელექტრონული მუსიკოსებიც გამოჩნდნენ. ეს მუსიკალური ღონისძიება ზედიზედ სამი წლის განმავლობაში იმართებოდა და იმ დროისთვის ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებდა. მისი ორგანიზატორი დავით დანელია და ბათუმის მერია იყო.
„სუბტროპიკი“ 2002 |
„სუბტროპიკი“ 2002 Zemfira |
„სუბტროპიკი“ 2002 |
„სუბტროპიკი“ 2002 |
„სუბტროპიკი“ 2002 |
ფესტივალის მიზანი ალტერნატიული მუსიკალური სივრცის შექმნა იყო, სადაც მრავალი სტილის მუსიკოსები და მათი მსმენელები შეიკრიბებოდნენ. სხვადასხვა დროს ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს დიჯეებმა და ჯგუფებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან, დანიიდან, აშშ-დან, ბრიტანეთიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
2000-იანი წლები
2000 წელი ერთ-ერთი გარდამტეხი წელიწადი იყო ქართულ საფესტივალო ცხოვრებაში. ორგანიზაცია „ისთერნ პრომოუშენმა“ აღადგინა „თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი“ და მას ყოველწლიური სახე მისცა. ამ წლიდან მოყოლებული დღემდე თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება. 2007 წელს მას დაემატა ბათუმი, სადაც „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ ასევე ყოველწლიურად ეწყობა. ამასთან ერთად, 2010 წლიდან მოყოლებული „ისთერნ პრომოუშენი“ პოპულარულ „ჯაზ-სერიებსაც“ რეგულარულად მართავს. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ამ ფესტივალზე კონცერტები გამართეს მსოფლიოს დონის ვარსკვლავებმა. იგი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯაზ-ფესტივალადაა მიჩნეული.
2000 წლის ოქტომბერში საფესტივალო ჯგუფ „მატარებლის“, მისი ხელმძღვანელის, ბენჯი ბაიდაშვილის ორგანიზებით, ხუთდღიანი უნიკალური ფესტივალი ჩატარდა, რომელიც საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოიცავდა. ფესტივალი „მატარებელი“ მთლიანად ხელოვნების წარმომადგენლებს და მუსიკოსებს დაეთმო. საფესტივალო მატარებელმა გაიარა შემდეგი ქალაქები: თბილისი – გორი – სამტრედია – ოზურგეთი – ბათუმი. კონცერტები და გამოფენები პირდაპირ სადგურებზე იმართებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა მუსიკოსებმა, მხატვრებმა, ფოტოგრაფებმა, მწერლებმა და პოეტებმა.
2005 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ბათუმში ყოველწლიური როკ-ფესტივალი „ახალი ტალღა“ ტარდებოდა, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ ლევან წულუკიძე, გოჩა ყაჭეიშვილი და მათი ორგანიზაცია „ლოკალური მუსიკის ზონა“. ფესტივალი საერთაშორისო გახდა, მასში ქართველების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ლატვიელი, რუსი, სომეხი და იტალიელი მუსიკოსები. ფესტივალზე გამოსვლის საშუალება ექსპერიმენტულ და ელექტრონულ შემსრულებლებსაც ეძლეოდა და ყველა გამომსვლელს ჰქონდა ეპატაჟურობამდე მისული შემოქმედებითი თავისუფლება.
„ახალი ტალღა“ 2006 |
„ახალი ტალღა“ 2006 |
„ახალი ტალღა“ 2006 |
„ახალი ტალღა“ 2006 |
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამორჩეული და წარმატებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2000-იანების მიწურულს შეიქმნა და 2010-იანებში უკვე მაღალი სიჩქარე აკრიფა, არის ყოველწლიური Tbilisi Open Air, რომელსაც ორგანიზაცია Altervision Group აწყობს. რამდენიმედღიანი ფესტივალის ჩასატარებლად ორგანიზატორები ძირითადად მწვანეში ჩაფლულ წყნარ ადგილებს არჩევდნენ და ბოლოს „ლისი ვანდერლენდზე“ დაფუძნდნენ. ქართველი შემსრულებლების გარდა ფესტივალში სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში სახელგანთქმულმა მუსიკოსებმა. ბოლო წლებში ამ ფესტივალში როკ შემსრულებლების გარდა, ელექტრონული მუსიკოსებიც მონაწილეობენ, მათთვის ცალკე სცენაა გაკეთებული.
2010-იანი წლები
2010 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია Art Bridge-მა და მისმა დამფუძნებელმა ელენე მეჩითოვამ არაკომერციული „კავკასიის ჯაზ-ფესტივალის“ იდეა ამერიკის საელჩოს დახმარებით განახორციელა. მასში ძირითადად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მუსიკოსები მონაწილეობდნენ. ამ ფესტივალს ჯაზ და ეთნო-ჯაზ საკონცერტო პროგრამის გარდა, შემეცნებითი დატვირთვაც აქვს. დროთა განმავლობაში სამხრეთკავკასიელ შემსრულებლებს დაემატნენ მუსიკოსები თურქეთიდან, რუსეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან.
უნდა ითქვას, რომ ეს ათწლეული ყველაზე მეტად ელექტრონიზებულია. საქართველოში ელექტრონული მუსიკის რამდენიმე მსხვილი ფესტივალიც მოეწყო. მათგან ყველაზე გამორჩეულია ფესტივალი 4GB, რომელსაც 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. ფესტივალი ქართველი დიჯეის, გიორგი ბაქანიძის ხსოვნას ეძღვნება და სწორედ ამიტომ ჰქვია 4GB. მისი ორგანიზატორები გიოს მეგობრები არიან. პირველი ფესტივალი რკინიგზის სახლში ჩატარდა, შემდეგი ღონისძიებები – საზმაუს პავილიონში, მთაწმინდაზე კლუბ „ანდერვილში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონებში და ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ბოლო 2 ფესტივალი კი საგურამოში ყოფილ კოსმოსურ ობიექტთა ცენტრში გაიმართა. ყველა ფესტივალის მთავარი სტუმარი მიხაელ მაიერია. ქართველების გარდა, ფესტივალში მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული მუსიკოსები მონაწილეობენ.
4GB 2019 |
კიდევ ერთი ელექტრონული ყოველწლიური ფესტივალია eZo, „ეზო“, რომელიც კომუნა „მზესუმზირამ“ 2014 წელს დააფუძნა. პირველი ფესტივალი 2015 წელს ლისის ტბაზე გაიმართა. ამის შემდეგ „ეზო“ მთაწმინდაზე გადაინაცვლა და 2019 წელს დაბადებიდან 5 წლისთავიც საზეიმოდ აღნიშნა.
2014 წელს ანაკლიაში უკრაინული „კაზანტიპის“ საერთაშორისო ელექტრონული ფესტივალი მეტად წარუმატებლად ჩატარდა. მას შემდეგ იმავე ადგილზე 3 წლის განმავლობაში იმართებოდა GEM Fest ანუ „საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი“, რომელზეც მსოფლიოში ცნობილი ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორ გიორგი სიგუასა და საქართველოს ხელისუფლებას (რომელიც ამ ფესტივალის თანაორგანიზატორი იყო) შორის უთანხმოება მოხდა, ამიტომ 2018 წლიდან „ჯემ ფესტი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ ტარდება.
ძალიან კარგი წამოწყება იყო 2016 წელს დაარსებული აუდიოვიზუალური SOU Festival, რომელმაც ორი წლის განმავლობაში მეტად საინტერესო მუსიკოსების წარმოდგენები გამართა ორიგინალურ სივრცეებში. მაგალითად, ცნობილი ელექტრონული ემბიენტ-მუსიკოსის Rafael Anton Irisarri-ს კონცერტი თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა, ხოლო Alva Noto-ს აუდიოვიზუალური ელექტრონული წარმოდგენა – კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე. ასევე, SOU ფესტივალის ორგანიზებით საქართველოში ბიორკის პირველი კონცერტი გაიმართა.
Björk, SOU Festival, 2017 |
ქართული ფესტივალების არსებობის განმავლობაში, თანდათანობით გაიზარდა ქართველი მაყურებლის კულტურა. თუ 1990-იანებისა და 2000-იანების დასაწყისის ფესტივალებზე ხშირი იყო დებოში, ჩხუბი, ალკოჰოლის უზომო მოხმარება, 2000-იანების მეორე ნახევრიდან ჩვენში თანდათან შემოვიდა ფესტივალების მოწყობის დასავლური წესები – გამკაცრებული ფეისკონტროლი, ტერიტორიაზე შუშის ჭურჭლის შეტანის აკრძალვა, ბილეთების გაყიდვის ონლაინ-მეთოდი და სხვა. ყველაზე დადებითი, რაც ამ ფესტივალებმა თუნდაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის მოიტანეს, კლუბური ცხოვრების განვითარებაა. საქართველოს უკვე რამდენიმე ქალაქში არსებობს ევროპაში სახელგანთქმული კლუბი, სადაც შეიძლება ამ მუსიკის მსმენელმა მსოფლიოს საუკეთესო და ადგილობრივ ელექტრონულ მუსიკოსებს უსმინოს, მოეშვას და იცეკვოს.
სტატია გამოქვეყნდა პლატფორმაზე „ცა“
No comments:
Post a Comment