© ლაშა გაბუნია
© თეო ხატიაშვილი
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ 1990-იანი წლების მუსიკოს ლევან სვანიძეზე და მის ახლანდელ ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ფილმი თუნდაც იმითაა ძვირფასი, რომ ამ ათწლეულის ძალიან ბევრი მუსიკალური მოვლენის თვითმხილველი ვიყავით. ლევანს 1997 წლიდან ვიცნობ, როდესაც ის ჯგუფ „ამორალთან“ (დღეს ამ ჯგუფს „წერილი“ ჰქვია) ერთად ქუთაისში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „ნიღბების კლუბის“ პრეზენტაციაზე – ჩამოვიდა. მაშინ ქუთაისის ერთ-ერთ FM რადიოშიც ვმუშაობდი და „ამორალის“ სიმღერა „იცეკვე ჩემთან“ ჩემს მსმენელთა შორის ნამდვილი ჰიტი გახდა.
![]() |
კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე |
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ (ეს სახელი მუსიკოსის ადრეულ ჯგუფს ერქვა) ლევანის დღევანდელ რეალობასთან მტკივნეულ შეჯახებებზეა, თუ რა რთულია მუსიკოსისთვის სამსახურის შოვნა, ოჯახის რჩენა და რაც მთავარია, საკუთარი ნიჭის რეალიზება.
* * *
„დაწუნებული“ ფოლდერი
როგორც ფილმის რეჟისორი, კეკო ჭელიძე ყვება, მათ თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდათ, აესახათ პროცესი, რაც თავად ლევან სვანიძის სურვილის რეალიზებას მიჰყვებოდა – შეეკრიბა ძველი ბენდი და ჩაეტარებინა კონცერტი. გადაღებული მასალა ორ ფოლდერად იყო დახარისხებული: ერთში ფილმის მთავარი იდეის ამსახველი ეპიზოდები იყო მოთავსებული და მეორეში – რუტინული ყოველდღიურობის, რომელიც შესაძლოა მონტაჟის დროს გამოდგომოდათ, სახელწოდებით „არ ვარგა“.
ბენდი ვერ შეიკრიბა. ვერც კონცერტი ჩატარდა. ეს სანუკვარი სურვილი ისევე ჩაიშალა, როგორც ფილმის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ეპიზოდში, როდესაც „წერილის“ წევრები ლევანის გარეშე ატარებენ საღამოს; საღამოს, რომელსაც დიდი მღელვარებით ელოდა ლევანი, მაგრამ ვეღარ შეძლო მისვლა. არ ვიცი, იქნებ შეეშინდა კიდეც – შეძლებდა კი ძველებურად დაკვრას?
![]() |
კადრი ფილმიდან |
* * *
ქართულ ხელოვნებაში ხშირად იხსენებენ 1990-იან წლებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს. ბევრი ფილმი გადაიღეს ამ ათწლეულზე, ცოტა – ძალიან კარგი, უმეტესობა – პირქუში და ზოგიერთი კი – იმ წლებივით მძიმე. მძიმე იმ მოსაზრებით, რომ ზოგჯერ ამ ათწლეულზე გადაღებულ ფილმში ეკრანიდან კრიმინალის რომანტიზებაც კი იგრძნობა... თუმცა მე-20 საუკუნის უკანასკნელი ათწლეული არ იყო მხოლოდ ომი, ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, უშუქობა, სიცივე და კიდევ უამრავი სხვა უბედურება. სწორედ ამ ათწლეულში წარმოჩინდა და ჩამოყალიბდა ავთენტური ქართული მუსიკა. იგი ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და მასში დიდი სევდის და პირქუში განწყობების გარდა, საკმაო დოზით იყო სინათლე და იმედი. იმ პერიოდში ამ მუსიკის მიმართ, რომელსაც მაშინ უმეტესად „ალტერნატივას“ ვუწოდებდით, მხოლოდ გარკვეულ წრეებში იყო დაინტერესება და ეს წრეები მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა. თუკი, დასავლეთში როკენროლის მოძრაობის ერთგვარი სლოგანი იყო Sex, Drugs & Rock ‘N’ Roll („სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი“), 1990-იანების საქართველოს როკენროლში Drugs შეგვიძლია არაყითა და ლუდით ჩავანაცვლოთ.
![]() |
კადრი ფილმიდან |
![]() |
კადრი ფილმიდან |