© ლაშა გაბუნია
© თეო ხატიაშვილი
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ 1990-იანი წლების მუსიკოს ლევან სვანიძეზე და მის ახლანდელ ყოველდღიურობაზე მოგვითხრობს. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ფილმი თუნდაც იმითაა ძვირფასი, რომ ამ ათწლეულის ძალიან ბევრი მუსიკალური მოვლენის თვითმხილველი ვიყავით. ლევანს 1997 წლიდან ვიცნობ, როდესაც ის ჯგუფ „ამორალთან“ (დღეს ამ ჯგუფს „წერილი“ ჰქვია) ერთად ქუთაისში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონცერტზე – „ნიღბების კლუბის“ პრეზენტაციაზე – ჩამოვიდა. მაშინ ქუთაისის ერთ-ერთ FM რადიოშიც ვმუშაობდი და „ამორალის“ სიმღერა „იცეკვე ჩემთან“ ჩემს მსმენელთა შორის ნამდვილი ჰიტი გახდა.
![]() |
კადრი ფილმიდან, ლევან სვანიძე |
ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ (ეს სახელი მუსიკოსის ადრეულ ჯგუფს ერქვა) ლევანის დღევანდელ რეალობასთან მტკივნეულ შეჯახებებზეა, თუ რა რთულია მუსიკოსისთვის სამსახურის შოვნა, ოჯახის რჩენა და რაც მთავარია, საკუთარი ნიჭის რეალიზება.
* * *
„დაწუნებული“ ფოლდერი
როგორც ფილმის რეჟისორი, კეკო ჭელიძე ყვება, მათ თავიდან ჩაფიქრებული ჰქონდათ, აესახათ პროცესი, რაც თავად ლევან სვანიძის სურვილის რეალიზებას მიჰყვებოდა – შეეკრიბა ძველი ბენდი და ჩაეტარებინა კონცერტი. გადაღებული მასალა ორ ფოლდერად იყო დახარისხებული: ერთში ფილმის მთავარი იდეის ამსახველი ეპიზოდები იყო მოთავსებული და მეორეში – რუტინული ყოველდღიურობის, რომელიც შესაძლოა მონტაჟის დროს გამოდგომოდათ, სახელწოდებით „არ ვარგა“.
ბენდი ვერ შეიკრიბა. ვერც კონცერტი ჩატარდა. ეს სანუკვარი სურვილი ისევე ჩაიშალა, როგორც ფილმის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე სევდიან ეპიზოდში, როდესაც „წერილის“ წევრები ლევანის გარეშე ატარებენ საღამოს; საღამოს, რომელსაც დიდი მღელვარებით ელოდა ლევანი, მაგრამ ვეღარ შეძლო მისვლა. არ ვიცი, იქნებ შეეშინდა კიდეც – შეძლებდა კი ძველებურად დაკვრას?
![]() |
კადრი ფილმიდან |
* * *
ქართულ ხელოვნებაში ხშირად იხსენებენ 1990-იან წლებს, ჩვენი ქვეყნისთვის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს. ბევრი ფილმი გადაიღეს ამ ათწლეულზე, ცოტა – ძალიან კარგი, უმეტესობა – პირქუში და ზოგიერთი კი – იმ წლებივით მძიმე. მძიმე იმ მოსაზრებით, რომ ზოგჯერ ამ ათწლეულზე გადაღებულ ფილმში ეკრანიდან კრიმინალის რომანტიზებაც კი იგრძნობა... თუმცა მე-20 საუკუნის უკანასკნელი ათწლეული არ იყო მხოლოდ ომი, ნარკოტიკები, ძარცვა, ქურდობა, უშუქობა, სიცივე და კიდევ უამრავი სხვა უბედურება. სწორედ ამ ათწლეულში წარმოჩინდა და ჩამოყალიბდა ავთენტური ქართული მუსიკა. იგი ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და მასში დიდი სევდის და პირქუში განწყობების გარდა, საკმაო დოზით იყო სინათლე და იმედი. იმ პერიოდში ამ მუსიკის მიმართ, რომელსაც მაშინ უმეტესად „ალტერნატივას“ ვუწოდებდით, მხოლოდ გარკვეულ წრეებში იყო დაინტერესება და ეს წრეები მრავალრიცხოვნებით არ გამოირჩეოდა. თუკი, დასავლეთში როკენროლის მოძრაობის ერთგვარი სლოგანი იყო Sex, Drugs & Rock ‘N’ Roll („სექსი, ნარკოტიკი და როკენროლი“), 1990-იანების საქართველოს როკენროლში Drugs შეგვიძლია არაყითა და ლუდით ჩავანაცვლოთ.
![]() |
კადრი ფილმიდან |
![]() |
კადრი ფილმიდან |
მიუხედავად უდიდესი პრობლემებისა, ქართველი ალტერნატიული მუსიკოსების დიდი ნაწილი, მხოლოდ ენთუზიაზმით, ყოველგვარი ფინანსური მოგების, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ქმნიდნენ, უკრავდნენ და მღეროდნენ. ისინი ოცნებობდნენ კარგ მომავალზე, ბედნიერ ქვეყანაზე, საზღვარგარეთ წარმატებებსა და საკუთარი ალბომების გამოშვებაზე. დრო გადიოდა, მაგრამ ამ მხრივ დიდი სასიკეთო ძვრები ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ მომხდარა. ამიტომ ბევრმა ქვეყანა დატოვა, ზოგი ისევ აქ დარჩა, თუმცა ცდა და ოცნება არ შეუწყვეტია. ფილმში კარგად ჩანს, რომ ლევან სვანიძე ქმნის საკუთარ მუსიკას, რომელსაც კომპაქტ-დისკებით სხვა ადამიანებს ასმენინებს, დადის და ეძებს სამსახურს, უკრავს ჯგუფ „წერილში“, ზოგჯერ სიმთვრალის გამო კონცერტებს აცდენს, სხვადასხვა შეხვედრაზე აგვიანებს და ა.შ. ერთი შეხედვით და გარეგნულად ტიპური არაპუნქტუალური ადამიანია, რომელიც სინამდვილეში შინაგანი ბრძოლების შუაგულშია, საკუთარ თავს კი „არანორმალურს“ უწოდებს.
* * *
დრო მუსიკოსის წინააღმდეგ
კენ ლოუჩის ერთ-ერთ ბოლო ფილმში დენიელ ბლეიკის პრობლემა არა მხოლოდ ის არის, რომ არ აქვს საკმარისად კარგი საცხოვრებელი პირობები, არამედ ის, რომ მას არ აქვს ახალი, ტექნოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი მუდმივად განახლებადი უნარ-ჩვევები. ის ვერ შოულობს ახალ სამსახურს მარტივი მიზეზით – ვერ ავსებს ონლაინ-აპლიკაციას. მან იცის, როგორ დაწეროს განცხადება, მაგრამ დღეს აღარავინ წერს ხელით. ისევე როგორც, დღეს აღარავინ იყენებს CD-ს, რომლითაც ლევანი თავის ახალ ჩანაწერებს დაატარებს და რაც უკვე ერთგვარ ეგზოტიკად აღიქმება. თავის ნაცნობს სთხოვს, ეს ჩანაწერები განათავსოს ინტერნეტში ან რაიმე ფესტივალი მოუძებნოს. ზუსტად არც იცის, რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს ამისთვის – ტექნოლოგიური ლაბირინთები მისთვის სრულიად უცნობი სამყაროა, რომელმაც ადამიანების არა მხოლოდ ეგზისტენციური, არამედ სოციალური გაუცხოება და მარგინალიზაციაც გამოიწვია და გაამძაფრა. ახალ დროსა და გარემოსთან ვერადაპტირება ჩიხიდან გამოსავალს შეუძლებელს ხდის.
![]() |
კადრი ფილმიდან |
* * *
ადრე ერთ მუსიკალურ რეცენზიაში დავწერე, რომ ჯგუფ „წერილისა“ და გია თოიძის (ჯგუფის დამაარსებელი და ლიდერი) სიმღერების გმირებმა ჩვენსავით უამრავი გასაჭირი, ომი, იმედგაცრუება, სიცივე გამოიარეს და გადახარშეს. ჯგუფის შემოქმედება 1990-იანი და 2000-იანი წლების ერთგვარი რეტროსპექტივაა და საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისთვისაც ეს გარემო ნაცნობი და მტკივნეული არ იყოს. „წერილის“ შემოქმედების გმირები ნაადრევად დადინჯებული, ზოგჯერ დაბრძენებული ჩემი თაობის მარტოსული, მებრძოლი ადამიანები არიან, რომლებიც სევდანარევი ოპტიმიზმით ან ირონიაშეპარული, ზოგჯერ ცინიკური პესიმიზმით იღებენ ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. „წერილის“ მუსიკა სწორედ ამ თაობის სულიერი მდგომარეობაა, თუმცა ავტორი ამას მუსიკალურად ისე უზადოდ გადმოსცემს, ბევრად უფრო ახალგაზრდისთვისაც აბსოლუტურად გასაგებია. ლევან სვანიძე ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილია. იგი ისევ ოცნებობს, ადამიანური ხერხებით იბრძვის, რომ პატარა ბინაში დედასთან ერთად ღირსეულად და ადამიანურად იცხოვროს. საჭმელსაც აკეთებს, რაღაცებს არემონტებს, დედას უვლის, სიმღერებს წერს... ფილმში სახალისო მომენტებიცაა, რომლებზეც გულით იცინებთ.
![]() |
კადრი ფილმიდან |
* * *
დედა და შვილი
ინდივიდუალისტური დასავლური სამყარო სულ უფრო ხშირად იყურება ნოსტალგიურად უკან – ორ- ან სამსაფეხურიანი ოჯახისკენ, როგორც ადამიანური კავშირებისა და ემოციური გაცვლა-გამოცვლის მნიშვნელოვანი სივრცისკენ, რომელიც სტრესებისგან და ფსიქოლოგიური ტრამვებისგან ხშირ შემთხვევაში იცავს ადამიანებს. მაგრამ ჩვენი კოლექტივისტური საზოგადოებისთვის იძულებითი ოჯახური ერთობა, პირიქით, დამატებითი სტრესების წყარო ხდება, როდესაც ჯერ კიდევ არ გაქვს საკუთარი ოთახი, როდესაც ამ კავშირების – უფრო ზუსტი იქნებოდა, მიბმულობის – გამო შეუძლებელია საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება.
![]() |
კადრი ფილმიდან |
![]() |
კადრი ფილმიდან |
* * *
![]() |
გვერდი ჟურნალიდან „კინ-O“ |
No comments:
Post a Comment