„პროზის გრგვინვა და მუსიკა სიჩუმეში სრულდება“.
უილიამ ფოლკნერი
ვისაც კი ზაფხულში რამდენიმე დღე მაინც ქართულ კურორტებზე გაუტარებია, აუცილებლად „ყურში მოხვდებოდა“ მრავალფეროვანი მუსიკალური ფონი, რომლითაც ისინი გამოირჩევა, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. იქ თქვენ მოუსმენთ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, თურქულ, ირანულ თუ რუსულ ფანოღს, რუსულ ე.წ. ესტრადას და ძველბიჭურ ასევე რუსულ რეპს, ქართულ თუ უცხოურ პოპს – „დესპასიტოთი“ დაწყებული, ქართველი „პოპვარსკვლავთა“ შემოქმედებით დამთავრებული. ამ კოქტეილის განსაკუთრებულობა ისაა, რომ მთელი ეს „ნაღები“ რეპერტუარი დამსვენებლებს დიდი დოზებით და აუცილებლად ხმამაღლა მიეწოდება. ასე თუ ისე, ამას ალბათ აიტანდა კიდეც ადამიანი, ეს უფასო კონცერტი ზოგჯერ მთელი ღამე (ან ღამეები) რომ არ გრძელდებოდეს. ამას ემატება შუაღამით, ძლივს ჩაძინებულზე, ვიღაცების მიერ ხოშზე ნატყორცნი პეტარდების გამაყრუებელი ხმები. მოკლედ, ხვდები, რომ ადამიანს საქართველოში არც შვებულებაში ან არდადეგებზე ეღირსება მოსვენება.
ბევრ ადამიანს სიმთვრალეში უჩნდება სურვილი, რომ მისი პერსონა მთელი სიკაშკაშით წარმოგიდგინოთ. მახსენდება ორი გავრცელებული მოწოდებაც, როდესაც ნასვამი მამაკაცი ოჯახში ბრუნდება და ყვირის: „ბავშვი გააღვიძეთ, პიანინოზე დაუკრას!“ ან თუნდაც – „მეზობლებო, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!“ მას ძალიან უნდა, ყველამ გაიგოს, რომ ნასვამია, თან სხვების სიმშვიდეს არად დაგიდევს. ბავშვის ან ცოლის დაბადების დღის შესრულებისთანავე – ღამის 12 საათზე ან, გინდ, ღამის 2 საათზე პეტარდების სროლას იწყებს. მისთვის მთავარია, ოჯახის წევრებს თქვენი სიმშვიდის დარღვევის ხარჯზე ასიამოვნოს. მერე რა მოხდა, რომ ამ გამაყრუებელი ხმაურით თქვენი ბავშვი გააღვიძა? თავისი ხომ გაისწორა?
![]() |
ოთო ნემსაძე |
ახლა შევიდეთ თბილისის ან სხვა რომელიმე ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, სადაც წესით, უნდა გვეგებებოდეს ფონური ემბიენტ-მუსიკა, ისიც დაბალ ხმაზე ჩართული. ჩვენ კი გვხვდება ბოლო ხმამდე აღნავლებული პოპულარული მუსიკალური ჰიტები. მაღაზიის კონსულტანტს რამე რომ ჰკითხო, აუცილებლად უნდა უყვირო, რომ გააგონო. პასუხი მანაც ყვირილითვე უნდა დაგიბრუნოს. მერე სავაჭრო ცენტრების სატელევიზიო ან რადიო რეკლამაში ვინმე ხმამაღლა და დაძაბულად იტყვის წარმოუდგენლად უაზრო ფრაზას – „ევროპული დონის მომსახურება“. თითქოს ამერიკული, იაპონურ-კორეული ან თუნდაც ავსტრალიური სერვისი სირცხვილი და უხარისხო იყოს. მოკლედ, ასეთ ადგილებში მატრაკვეცობა და სიგოიმეა გამეფებული.
იგივე ითქმის ქართულ კვების ობიექტებსა და ბაზრობებზეც; არავითარი განსხვავება – მუსიკა ბოლო ხმამდეა აწეული. მერე რა, რომ ზეპურ კაფეებში უფრო სვეცკური მუსიკა უკრავს? მთავარი ისაა, რომ მანდაც და ბაზრობებზეც მუსიკას აღრიალებენ და ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ბოლომდე აწეული ხმით ჰამლეტა და ბენოს შემოქმედება გაგვიხვრიტავს ტვინს თუ სტივი უანდერის. ისე სტივი უანდერი ტყუილად არ გამხსენებია. საქართველოში რატომღაც სოულის, ფანკისა და არ ენდ ბის სტილში მომუშავე მომღერლებს უფრო აფასებენ, ვიდრე თუნდაც პოსტპანკის ან გოტიკის ვოკალისტებს. აქ რაღაც სტანდარტივითაა, – ვინც უფრო მაღალი ოქტავების ნოტებს მღერის და ვოკალს აფროამერიკელივით ახვევს, ჰგონიათ, უკეთესი ხმა აქვს. ამიტომ, თუ ქართველ შემსრულებელს ხმა მაღალ რეგისტრში გადაჰყავს და კოხტადაც ახვევს, უფრო მაგარ ვოკალისტადაა მიჩნეული. თუ მომღერალი ყვირილით მღერის, ყელზე ძარღვები აქვს დაბერილი, მოსწონთ. არადა, აფროამერიკელი ბუნებრივად მღერის ხმამაღლა – ყოველგვარი ხმის იოგების წყვეტის გარეშე.
![]() |
სტივი ვანდერი |
![]() |
გიული ჩოხელი |
![]() |
ინოლა გურგულია |
ჩვენს ფოლკლორსაც გადავხედოთ. ვისაც მე-20 საუკუნის დასაწყისის თუნდაც ქართლ-კახური ტრადიციული სიმღერა მოუსმენია, ნახავს, რომ წამყვანი ხმის პარტიებს ფაქტობრივად ყვირილით ასრულებდნენ. ამას, რა თქმა უნდა, თავისი ახსნაც აქვს. მე-20 საუკუნის 1960-იანი წლებიდან ჩვენი ტრადიციული სიმღერა გააკადემიურდა და უფრო რბილი მოსასმენი გახდა. თუნდაც ანზორ ერქომაიშვილის და ანსამბლ „რუსთავის“ გამოჩენა რად ღირდა, რომელთაც ფოლკლორს საოცარი სიღრმე და სივრცე მისცეს და მთელი მსოფლიოსთვის გასაგები გახადეს. როგორც ვიცი, მათ სწორედ ამისთვის აკრიტიკებდნენ – ხალხური მუსიკალური სტილი შეცვალეთო. არადა, ფაქტია, რომ ამის შემდეგ ქართულ სიმღერებში აღარავინ ყვირის, იშვიათი გამონაკლისების გარდა. იგივე შეიძლება ითქვას ფოლკზეც, რომლის სათავეებთან დები იშხნელების შემოქმედება დგას. მათ მუსიკაში ვერ იგრძნობთ ხმაზე ძალდატანებას. ესაა მხოლოდ ჰარმონიული მუსიკალური ქსოვილი, რომელიც ფოლკლორიდან საზრდოობდა. თუმცა ყვირილი ფოლკშიც გაჩნდა, უფრო მე-20 საუკუნის მიწურულისკენ, როცა აუარება ტრიოები და კვარტეტები შეიქმნა. ზოგიერთი რაც უფრო ყვირილით გაწელავდა თუნდაც „ჩემო თბილის-ქალაქოს“, მით უფრო მეტ მოწონებას და ტაშს იმსახურებდა.
![]() |
ანსამბლი „რუსთავი“ |
![]() |
თაკო გაჩეჩილაძე |
ყოველდღიური ქაოსისა და მუსიკალურ ტრენდების გადამკიდე, ხმაური ყოფასა და ხელოვნებაში ნორმად ჩამოყალიბდა. იქნებ სიმღერის მასწავლებლებმა მოწაფეებს კარგად აუხსნან, რომ ძლიერი ხმა არ ნიშნავს ყვირილით სიმღერას, რომ ფორტე და ფორტისიმო არის ხმამაღალი, რაც არ გულისხმობს ხმის ჩახლეჩამდე ხავილს.
ამასწინათ შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორისა და პედაგოგის, მიხეილ შუღლიაშვილის გაკვეთილის ძველ ჩანაწერს ვუყურებდი. იგი ბავშვებს მუსიკას ასწავლიდა, ერთად, გუნდურად ამღერებდა და ძალიან მომეწონა, როდესაც მათ სთხოვა: „ნუ ყვირით, ბავშვებო!“. მართლაც, სიმღერას ყვირილი აფუჭებს. თუმცა შეიძლება სწორედ ჩვენ ირგვლივ გამეფებული ამდენი ზედმეტი ხმაურის, უაზრო ფუსფუსის, ტელეფონებზე ხმამაღლა ლაპარაკის, აღრიალებული საყოფაცხოვრებო ფონის გამო ყვირიან თეატრისა და კინოს მსახიობები და მუსიკოსები ასე გამეტებით? იქნებ სურთ, ეს ქაოსი თავიანთი ხმებით ჩაახშონ? იქნებ ეს ყოველივე გაუთვითცნობიერებელი პროტესტია? როგორც იმერეთში იტყვიან, მეტი არაა ჩემი მტერი. უკულტურობა ჰქვია ამას, მეტი არაფერი. და იგი გამომდინარეობს ზუსტად იმ უკულტურობებისგან, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და პლუს კიდევ იმათგანაც, რომლებიც ამ სტატიის წერისას ვეღარ გავიხსენე.
სტატია გამოქვეყნდა at.ge-ზე
No comments:
Post a Comment