Saturday, July 7, 2001

გოგა ჟორჟოლაძე – ჩემი სახლი ანდერგრაუნდია

ქუთაისური როკის ერთ-ერთი პიონერი, გოგა ჟორჟოლაძე დაიბადა 1962 წლის 23 მაისს. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პროფესიით არქიტექტორია. ამავე დროს, ის არის კარგი მხატვარი, რადიოს შესანიშნავი დისკ-ჟოკეი (დიჯეი „ჰოტეი“), ზოგიერთი საკუთარი სიმღერის ტექსტის ავტორი და, რაც მთავარია, მუსიკოსი (მღერის, უკრავს გიტარასა და კლავიშებზე), ბიბლიომანი, კინომანი, მელომანი. აქვს საკუთარი, საკმაოდ მაღალი დონის სტუდია GOS. 1999 წელს გამოუშვა პირველი ალბომი Homegrown, თუმცა რამდენიმე სიმღერა მან ჯერ კიდევ 1992 წელს ჰოლანდიის სტუდიაში ჩაწერა. მოსწონს „ახალი ტალღა“, რეგეი და სხვა მუსიკალური მიმდინარეობები, განსაკუთრებით კი პანკი. ჰყავს მეუღლე ოლღა და ქალიშვილი ქრისტინა.

გოგა ჟორჟოლაძე: – მე-7 კლასიდან უკვე რაღაცეებს ვაკეთებდი. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი. მაშინ რადიო „ამერიკის ხმა“ ხშირად ატრიალებდა პანკს და დაკვრაც დავიწყე, თუმცა მანამდე ძალიან სერიოზულად ვუსმენდი მუსიკას. პატარაობიდანვე დიდი მელომანი ვიყავი. სამხატვრო აკადემიაში გვქონდა ჯგუფი, სადაც ფორტეპიანოზე ვუკრავდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ არქიტექტორად ვმუშაობდი ქუთაისში ჯერ „ქალაქპროექტში“, მერე რესტავრაცია-რეგენერაცია-რეკონსტრუქციის კომბინატში. 1991 წელს არეულობისას მუშაობას თავი გავანებე, რადგან აღარც ხელფასი და აღარც სამუშაო იყო. ამის შემდეგ უკვე ინტენსიურად ვწერ მუსიკას.

– ბავშვობისას რომელი ჯგუფები მოგწონდა?

– 1969-70 წლებში მოვუსმინე „ფარფლებს“. მანამდე კი „ბითლზებს“ ვუსმენდი „ნეკნებზე“, ანუ რენტგენის ფოტო-ფირფიტებზე. შემდეგ მოჰყვა ჯიმი ჰენდრიქსი, „გრენდ ფანკი“, „ლედ ზეპელინი“, „როლინგ სთოუნზი“ და სხვა. 1970 წელს მაჩუქეს პირველი ფირფიტები: „ჰუს“ (The Who) ნაკრები და საიმონი და გარფუნკელის დუეტი. მას შემდეგ ფირფიტების შეგროვება დავიწყე. ახლა 200-ზე მეტი მაქვს. 1975 წელს პანკის შემოვარდნამ გამაცოფა. განსაკუთრებით პანკების იდეოლოგია მომწონდა. დღეს „რედ ჰოთ ჩილი პეპერსი“, ლენი კრავიცი, „ოფსპრინგი“, „გრინ დეი“, ნიკ ქეივი, ტომ უეიტსი, ანუ უფრო ნაკლებად კომერციული მუსიკა მომწონს. თუმცა, ამათგან „ოფსპრინგი“ ნაღდად კომერციულია, მაგრამ კარგი პროექტია.

– დღეს გავრცელებულია აზრი, რომ პანკი ნაკლებადინტელექტუალური მუსიკაა, სადაც წივიან, კივიან, ჩხავიან და ა.შ. შენ რას ფიქრობ?

– პანკი აგრესიული პროტესტის სახეა. პირველად როკში იყო ჰიპების პროტესტი, რომელიც მხოლოდ სიყვარულსა და ყვავილებზე იყო დაფუძნებული. ჰიპების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და პანკური პროტესტი წამოვიდა. პანკი იაფფასიან დისკოკულტურას დაუპირისპირდა. ამას წინ უსწრებდა ბრიტანეთში ლეიბორისტების გამარჯვება, ფუნტის დევალვაცია, საწვავის კრიზისი და უმუშევრობის მაღალი დონე. მუსიკოსებს აღარ ჰქონდათ საშუალება ეყიდათ მაღალხარისხოვანი აპარატურა. გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და დაიწყო პანკის სიმღერა. პანკი სუბკულტურად ჩამოყალიბდა, ამიტომ მისგან იდეალურ ტექნიკურ შესრულებას არ უნდა ველოდოთ, მაგრამ დღევანდელი დასავლური განვითარებული პანკი ძალიან მაღალი დონისაა. პანკ-როკს ეკუთვნოდა „პოლისიც“. მხეცი მუსიკოსები იყვნენ სტინგი, სამერსი და კოპლენდი.

– საქართველოში ქუთაისს იცნობენ, როგორც ყველაზე პროტესტული მუსიკის ქალაქს. შენი აზრით, რატომ მოიყარა თავი ასეთი ხასიათის ჯგუფებმა ძირითადად ქუთაისში?

– იმიტომ, რომ ქალაქში არანაირი სამუშაო აღარ არის, ფული შეგვიჭამეს და ქუთაისს არანაირი განვითარების საშუალება არ ეძლევა. წარმოიდგინეთ, ამოდენა ქალაქში მარტო ვაჭრობით ირჩენენ თავს. ერთ პიროვნებას სტუდიის გაკეთება შევთავაზე, მაგრამ მან მითხრა, რომ ღვინისა და სოსისების წარმოებაში დაგეხმარები, ხოლო ხელოვნებაში ფულს არ ჩავდებო. ხალხს საჭმლის გარდა არაფერი აინტერესებს. ქალაქში არაფერი კეთდება, რადგან პარლამენტარები და მინისტრები აქ არ ცხოვრობენ, ამიტომ ქუთაისში მუსიკოსები ვერ მღერიან, რომ „სიყვარული დაფრინავს“. ადამიანის მეტი გამწარება აღარ შეიძლება. ჩემზე ცოტა უფროსი თაობა გარეთ გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას ერიდება. სიტუაციას უფრო შეგუებულია, რადგან მაინც „სავოკები“, ანუ საბჭოთა ადამიანები ვართ. ახალგაზრდები კი უფრო აპროტესტებენ ყველაფერს.

ქუთაისური მუსიკა დღეს იდეურად უფრო დატვირთულია, ვიდრე თბილისური ან ბათუმური, სადაც უფრო კარგი სიტუაციაა. თბილისში კონცერტზე 8 ლარს იხდიან, ბათუმში კი ერთ ლარსაც ვერ გადაიხდიან. შესაძლოა აქ ლელა წურწუმიას ან აჩიკო მეფარიძის კონცერტში გადაიხადონ ფული, თორემ ცოცხალი შესრულება კაციშვილს არ აინტერესებს. ქუთაისში ჩამოვლენ ფონოგრამისტები, დაატრიალებენ მინიდისკებს, გააქნევენ უკანალებს და წავლენ.

– ბევრი ქართველი მუსიკოსი და ხელოვანი საზღვარგარეთ წავიდა. შენ რატომ არ წახვედი უცხოეთში, რას აკეთებ ასეთს, როგორ არსებობ?

– ისე ვარსებობ, როგორც მთელი ქუთაისი. ჯერჯერობით ჩემს სტუდიაში ვეხმარები ბიჭებს. ვცდილობ, ყველა მუსიკოსს მინიმალურ ფასად გავუკეთო საკმაოდ მაღალი ხარისხის ფონოგრამები ისე, რომ სიგარეტის ფული დამრჩეს. მაქვს 16-ბიტიანი ნორმალური სტუდია. თუ რომელიმე მუსიკოსს სურს, ჩამოვიდეს და რამე ჩაწეროს. შემიძლია ძალიან ხელსაყრელ ფასად და უმოკლეს ვადაში გავაკეთო ცოცხალი ჩანაწერი. ახლა მსურს ხალხური მუსიკის პროექტი განვახორციელო და სტუდიაში ქართული პოლიფონიებიც ჩავწერო.

– საკუთარი ჯგუფი რატომ არ გყოლია?

– ხელოვნებაში მარტოხელა კაცი ვარ. არქიტექტურაში და მუსიკაში ძალიან მიჭირს სხვებთან ერთად მუშაობა, რადგან ჩემი იდეა მთლიანად ისე უნდა განვახორციელო, როგორც ვუყურებ. შესაძლოა, სხვებსაც ვთხოვო დახმარება, მაგრამ დღევანდელი ქუთაისელი მუსიკოსების დონე არ მაკმაყოფილებს. ძალიან მომწონს „აუტსაიდერის“ დრამერი გია შილაკაძე. კარგად უკრავენ „ბესტ ჰისტორის“ ბიჭები. გიასთან და ნიკალა სვანაძესთან ერთად გავაკეთე ჯგუფი Pacific Punk, მაგრამ გია თბილისში წავიდა, ნიკალა – გერმანიაში და ჩვენი პროექტი შეჩერდა. გარდა ამისა, ქუთაისში იმდენად დეპრესიული მდგომარეობაა, რომ სიმღერის დაწერაც კი არ მინდა. ისე კი თავში მიტრიალებს 4-5 ახალი სიმღერა, რომლის არანჟირებაც გასაკეთებელი მაქვს. ახლა „ბესტ ჰისტორის“ აქ დარჩენილ წევრებთან – ზვიად საკანდელიძესთან და ჩიისთან ერთად ვაპირებ რაღაცის გაკეთებას.

– გოგა, შენი აზრით, არსებობს თუ არა „ქუთაისური როკის“ ფენომენი?

– რა თქმა უნდა, თბილისური როკი უფრო რბილია, ქუთაისური – უფრო მძიმე. როგორც აღვნიშნე, ქუთაისური როკი დღეს უფრო პროტესტულია.

– რომელი თბილისელი მუსიკოსები მოგწონს?

– ლადო ბურდული ჩემი ძმაა. აქ, ჩემს სტუდიაში ერთად ჩავწერეთ მისი სიმღერა „სიყვარულის ანგელოზო“. ქუთაისში კონცერტის დროს კარგად იმუშავა „მთვარის კლუბმა“. მომწონს „33ა“, „ზუმბა“ – სერიოზული მუსიკოსები არიან და კარგად უკრავენ, სწორედ, თბილისურ სტილში. ძალიან მომწონს ირაკლი ჩარკვიანი.

– რატომ არ გაიყიდა შენი ალბომი თბილისში?

– თბილისში ჩემი ჩანაწერების გავრცელება არ მოხერხდა. უბრალოდ, ალბომი ახლობლებს დავურიგე. ახლა მსურს, ახალი ალბომი ჩავწერო, რომელშიც ძველი ალბომიდანაც შევა სიმღერები.


სხვათა შორის, ჩემს ალბომში თითქმის ყველა სტილში ვიმუშავე. ეს ალბომი არ არის კონცეპტუალური, მაგრამ მისი კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ  ყველაფრის დაკვრა შემიძლია. მიყვარს პანკიც, რეგეიც და „ნიუ უეივიც“ (ახალი ტალღა).

– გოგა, რას ნიშნავს გამოთქმა „მე როკ-ენ-როლში ვცხოვრობ“?

– ჩემებური გაგებით, როკ-ენ-როლი არის ანდერგრაუნდი. შენ ალბათ ხვდები, რომ ჩემი სახლი ჩემთვის და, ალბათ, შენთვისაც ანდერგრაუნდია. ამიტომ მე ქალაქში ძალიან იშვიათად გამოვდივარ.

– წარმოიდგინე, მთელი ერთი წელი ელექტროენერგია გათიშული რომ იყოს, რას იზამ?

– ვიყიდი დიდდეკიან „ფენდერის“ ფირმის გიტარა „დრედნათს“. ეს ნახევრადაკუსტიკური დიდი გიტარაა. ამის გარდა, შენ იცი, რომ როიალიც მაქვს, ამიტომ საქმეს არ გამოვილევ.

– მომავალში რას აპირებ?

– Чёрт его знает! ჯერჯერობით სახლში ვზივარ და ვცდილობ სტუდია განვავითარო, განვახორციელო ხალხური მუსიკის პროექტი და, ამავე დროს, გავაკეთო ჩემი ალბომის გაგრძელება. ჩავწერ არა მარტო ქუთაისელ, არამედ მთელი საქართველოს როკჯგუფებს.

– რას უსურვებ მსმენელს?

– ყველას ჯანმრთელობასა და სიკეთეს ვუსურვებ. ღმერთმა ქნას, შესაძლებელი გახდეს ნორმალური გზებით ფულის შოვნა. ვისურვებდი, არ იყოს გაჭირვება. მსმენელს ვუსურვებ მაღალხარისხიანი მუსიკის მოსმენას. დაანებონ თავი ბრიტნი სპირსებსა და იდიოტებს.

მოუსმინე:

No comments:

Post a Comment