Slash – Slash © 2010
სლეში ის უგემრიელესი „მძიმე არტილერიის“ ვირტუოზი გიტარისტია, რომელსაც, აწ უკვე დაშლილი Guns’N’Roses-იდან მოყოლებული, თვალყურს უამრავი მუსიკისმოყვარული ადევნებს. სლეში, იგივე საულ ჰადსონი, „განსების“ დაშლის შემდეგ ცოტ-ცოტა ხნით უამრავ პროექტში ვიხილეთ, ორიოდე სინგლის გამოცემაც მოასწრო, თუმცა, ოფიციალური სოლო ალბომით გულშემატკივარი მხოლოდ ახლახან გაახარა. მუსიკისმოყვარულთ მოეხსენებათ, რომ სლეშს თავად სიმღერა არ შეუძლია (ან არ მღერის), ამიტომ მისი სიმღერების შესასრულებლად 14 სახელგანთქმული მომღერალი მიიწვია – ოზი ოსბორნითა და ლემი კილმისტერით დაწყებული, იგი პოპით დამთავრებული. ამ ფირფიტამდე გამოცემულ ორ სინგლში სლეშმა უკვე მოასწრო დუეტების ჩაწერა თვით ელის კუპერთან და ლეგენდარულ რეპ-ჯგუფ „საიპრეს ჰილთან“ ერთად.
რაღა თქმა უნდა, აღნიშნული დისკი აუცილებლად მოეწონება ტრადიციული, კლასიკური მძიმე როკის მოყვარულს, რომელიც ალბომის მოსმენისას ძალიან ნაცნობ და მშობლიურ გარემოში ამოყოფს თავს, სადაც სლეშმა „ჰაი“ კლასის ვოკალისტები და მუსიკოსები შეკრიბა. რომელი ერთი ვახსენო? – საკულტო ჯგუფის „ქალტის“ ფრონტმენი იან ესტბური, „საუნდგარდენელი“ ქრის კორნელი, ქიდ როკი, „ნირვანას“ დრამერი დევიდ გროლი, ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდ „ვოლფმოზერის“ გიტარისტი ენდრიუ სთოქდეილი და სხვები. თუმცა საულ ჰადსონმა თანამედროვე სოფთ-როკის მოყვარულთა ინტერესებიც კი გაითვალისწინა, როდესაც თინეიჯერების საყვარელი ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის ვოკალისტს ადამ ლივაინს საკუთარი ბალადა Gotten შეასრულებინა. მართალია, ამ ფირფიტაში რამე განსაკუთრებულ და ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტს ვერ წააწყდებით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: დიდებული ნამუშევარია!
შეფასება: ********* (9/10)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Unkle – Where Did The Night Fall © 2010
ამ შესანიშნავმა ბრიტანულმა პროექტმა რიგით მეხუთე ალბომი გამოსცა. „ანკლის“ მსმენელს კარგად მოეხსენება, რაოდენ მდიდარი და მუსიკალურად მრავალფეროვანია ჯეიმს ლაველის ეს პროექტი. ალბომებში „ანკლის“ სიმღერებს ხშირად მოწვეული მომღერლები ასრულებენ და უმეტესწილად, მსოფლიოს ვარსკვლავები არიან. საერთოდ, „ანკლის“ მუსიკას ტრიპ-ჰოპს მიაკუთვნებენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მრავალფეროვან და მრავალწახნაგოვან შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. 1998 წლიდან ჯეიმს ლაველი საკუთარ პროექტში იწვევდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ტომ იორკი („რადიოჰედი“), ჯეისონ ნიუსტვიდი („მეტალიკის“ ბასისტი), რიჩარდ აშკროფტი (ჯგუფიდან The Verve), ბრაიან ინო, იან ბრაუნი, ოზი ოსბორნი, იან ესტბური და სხვები.
ახალი დისკი ტრიპ-ჰოპზე მეტად ალბათ უფრო ფსიქ-ჰოპია (თუ შეიძლება ასე განვმარტოთ), რადგან დისკში შესული მუსიკალური მასალის უმრავლესობა უფრო ფსიქოდელიურ ხასიათს ატარებს, ვიდრე „ანკლის“ ადრინდელი ფირფიტები. ალბომში მოწვეული მუსიკოსების ნაწილიც ფსიქოდელიური როკის წარმომადგენლები უფრო არიან. ალბომის მეორე ტრეკში ახალი კალიფორნიული ფსიქოდელიური ჯგუფი Sleepy Sun-ია მოწვეული. ასევე ფსიქოდელიური როკის წარმომადგენელია The Black Angels-იც. გარდა ამისა, ყველაზე წონიან მუსიკოსებს შორის ალბომში ალბათ Queens Of The Stone Age-ის სახელგანთქმული ვოკალისტი მარკ ლანეგანია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტში პოსტ-პანკ და ინდი შემსრულებლებიც მონაწილეობენ, ფირფიტას მაინც ექსტაზნარევი ფსიქოდელიის გემო აქვს. თავად „ანკლის“ შესრულებული სიმღერა Ablivion ნამდვილი ჰიტია. მშვენიერი ფირფიტაა და აუცილებლად დააგემოვნეთ.
შეფასება: ******** (8/10)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Gogol Bordello – Trans-Continental Hustle © 2010
ამ ციგნური ფოლკ-პანკის წამომადგენელი ჯგუფის შემქმნელი ევგენი ჰუძი წარმოშობით უკრაინელია და „ბორდელო“ ნიუ-იორკში შექმნა 1999 წელს. მისი წევრები რუსი, უკრაინელი და ებრაელი ემიგრანტები არიან. ჯგუფი უკრავს კარპატულ უკრაინულ ფოლკს, რომელიც შერწყმულია რუმინულ-ბოშურსა და ზოგჯერ ლათინურ-ამერიკულ მუსიკასთან. თავად კოლექტივის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკრავენ „ჯიფსი პანკს“, ანუ ბოშურ პანკს. „ბორდელომ“ წარმატებას 2007 წელს მიაღწია, როცა ბიბისის „მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე“ პრემია დაიმსახურეს. იმავე წელს მათ უემბლის სტადიონზე მადონასთან ერთად იმღერეს და საოცრად პოპულარულები გახდნენ. დღეს ჯგუფის პროდიუსერი თვით რიკ რუბინია, რომელიც თავის დროზე განაგებდა ჯონი კეშის, „მეტალიკის“, „სლეიერის“, „რედ ჰოთ ჩილი პეპერსისა“ და კიდევ სხვების მუსიკალურ ბედს.
ალბომში პირველი სიმღერა ბოშური Pala Tute-ა, რომელიც ჯგუფმა ზემოთ ხსენებულ კონცერტზე მადონასთან ერთად შეასრულა. ფირფიტაზე სიმღერა მადონას გარეშე ჟღერს, მაგრამ ენერგეტიკით არანაირად არ ჩამოუვარდება საკონცერტო ვარიანტს. ევგენი ჰუძის მულტინაციონალური მხიარული აურზაური ტრადიციულად ადგილზეა. კარგად იგრძნობა მისი აღმოსავლეთევროპული აქცენტი, პანკური შემართება და ვიოლინოების ხმებიც. ის, რომ ჰუძი ბოლო დროს ძირითადად ბრაზილიაში ატარებს, დისკს მკვეთრად არ დასტყობია, თუმცა რიო-დე-ჟანეირული ბაილე ფანკის ელემენტებს ორიოდე სიმღერაში მაინც ამოიცნობთ. მიუხედავად რიკ რუბინის ძალისხმევისა, „ტრანს-კონტინენტული ჭყლეტა“, თუნდაც ენერგეტიკულად, სამი წლის წინანდელ დისკ Super Taranta-ს მაინც ჩამოუვარდება.
შეფასება: ******* (7/10)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
The National – High Violet © 2010
ბოლო დროს პირადად ჩემთვის The National ერთერთი ყველაზე მომხიბლავი ინდი ჯგუფია, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვუსმენ, ამიტომ ძალიან გამიხარდა, როცა ახალი დისკის ჩანაწერი ვიშოვე. „ნაციონალს“ თავისი არსებობის 11 წლის განმავლობაში ჯერ ჩავარდნა არ ჰქონია. ამავე დროს, ამ ამერიკული ჯგუფის წევრები არასოდეს გახვეულან სკანდალში, არც დიდაქტიკოსებად მოაქვთ თავები, რომლებიც მსმენელებს „ჭეშმარიტ გზას“ აჩვენებენ. არც უკიდურესობებში ვარდებიან, თუმცა თითქმის ყოველთვის ბრძნულ, ფრთხილ, გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს მათ მუსიკას აშკარად ეტყობა. ჯგუფი ალბომიდან ალბომამდე ევოლუციურად ვითარდება. პირველ დიდ წარმატებას „ნაციონალმა“ 2005 წელს Aligator-ის გამოსვლის შემდეგ მიაღწია. ხოლო 2007 წლის Boxer უკვე მომწიფებული და ღრმა ფირფიტაა, რომელმაც თაყვანისმცემელთა რიცხვი მკვეთრად გაზარდა.
ბოლო დისკი კიდევ ერთი ნაბიჯია „ნაციონალის“ ევოლუციურ გზაზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ დისკში ჯგუფის წევრები კიდევ უფრო ფაქიზად გრძნობენ საკუთარ სტილს. თუმცა ეს არ შეიძლება რაიმე გარდამტეხ ეტაპად ჩაითვალოს მათ შემოქმედებაში, რადგან მუსიკოსები პატიოსნად აგრძელებენ იგივე ინდი-მუსიკის შესრულებას, როგორსაც წინა ფირფიტებზე უკრავდნენ. ადრინდელებთან შედარებით High Violet მუსიკოსთა მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ისინი ნებისმიერი მუსიკალური ფრაზის გამოსახატავად ეფექტურად იყენებენ საკუთარ ძლიერ მხარეს და ენერგიას უკვალოდ არ ხარჯავენ. პირადად ჩემი ფავორიტი კომპოზიცია Sorrow-ია. რაც მთავარია, ჯგუფის ახალი ნამუშევარი იმედს იძლევა, რომ იგი კვლავ განვითარდება და მომავალში ისევ ძალიან კარგ და ტრადიციულად გემოვნებიან მელოდიურ მუსიკას შემოგვთავაზებს.
შეფასება: ********* (9/10)
ჟურნალი „ათიანში“ #7, ივნისი, 2010 წელი
მიხარია პოსტები. ალბომებს რაც შეეხება, მხოლოდ ბოლო მაქვს მოსმენილი და მომწონს ფრიად, სლეშის მოსმენას არ ვაპირებ და დანარჩენებს დავაგემოვნებ აუცილებლად :)
ReplyDeleteai Ablivion momewona mec yvelaze metad : ))
ReplyDeletenati kuda
ReplyDeleteUnkle მოგეწონება შენ, ვიცი... .)
Nina Gorecki
:)
სლეში <3
ReplyDelete