საქართველო დღეს მშენებლობადაუმთავრებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჰგავს, სადაც ყველას უკვე საკუთარი ბინა და ოთახი აქვს. მაგრამ მისი ყოველი ბინადარი ცდილობს ბინის თუ ოთახის თავის ჭკუაზე, საკუთარი დიზაინით მოწყობას. ამაში ცუდი თითქოს არაფერია, თუმცა ეს ადამიანები პროფესიონალების დაუკითხავად ცდილობენ კედლების მონგრევას, ოთახების საკუთარი შეხედულებისამებრ გაერთიანებას თუ გატიხვრას. ამ დროს ვერავინ გრძნობს, რომ შენობის საყრდენი კედლები ამდენი ნგრევის შემდეგ ისეა დასუსტებული, შეიძლება ჩამოინგრეს და ყველანი ნანგრევების ქვეშ მოიყოლოს.
ეს შესავალი თითქოს გადატანითი მნიშვნელობით დავწერე, მაგრამ მსგავსი რეალური ფაქტები ჩვენს ქვეყანაში ისედაც მრავლადაა. ქართველებს გვიყვარს ყველაფრის ჩვენს ჭკუაზე გაკეთება და არად ვაგდებთ პროფესიონალის რჩევას.
პროფესიონალების ნაკლებობა იგრძნობა მედიაშიც, ამიტომ არაპროფესიონალი „ტელევიზიონშიკები“ ეკრანებზე ასევე არაპროფესიონალ ადამიანებს იწვევენ. ჩვენში დამკვიდრდა ახალი ტერმინი – „ცნობადი სახე“. ეს უკანასკნელი კი თავისუფლად შეიძლება იყოს პოლიტიკოსი, მუსიკოსი, მწერალი, სპორტსმენი, მოდელი ან მსახიობი.
„ცნობად სახეებზე“ ყველაზე დიდი წილი მაინც პოლიტიკოსებზე მოდის, რომელთა მონაწილეობის გარეშე, არც ერთი სადღესასწაულო გადაცემა არ გადის ეთერში. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვუწოდე ცნობად სახეთა დიდ ნაწილს არაპროფესიონალი? ტელეეკრანებზე და უბრალო საუბრებშიც კი ამ ადამიანების უმრავლესობას ერთი უცნაური ფრაზა აქვს აკვიატებული, რომელსაც ხშირად იმეორებს – „მე პრეტენზია არა მაქვს“...
რას უნდა გულისხმობდეს მწერალი, როდესაც ამბობს, რომ მას პრეტენზია არა აქვს მწერლობაზე? ამ დროს იგი წიგნებს ბეჭდავს, ყიდის და ტელეეკრანზე მისი გამოჩენისას ჩნდება წარწერა „მწერალი“. ხშირად მოისმენთ სხვა იდენტურ განცხადებებსაც – მე პრეტენზია არა მაქვს, რომ ჟურნალისტი ან ტელეჟურნალისტი ვარ და მაინც ვწერ სტატიებს ან რიხით მიმყავს გადაცემები; პრეტენზია არა მაქვს, რომ პოეტი ვარ და ლექსებს მაინც ვწერ, გამოვცემ კიდეც; პრეტენზია არ მაქვს პოლიტიკოსობაზე, მაგრამ პარტიული სიით ჩემი კანდიდატურა არჩევნებზე წარვადგინე. შესაძლოა ადამიანი არ იყოს შესაბამისი დიპლომის მქონე ჟურნალისტი, მწერალი, ტელეჟურნალისტი და ა.შ. მაგრამ პროფესიონალურად ასრულებდეს თავის საქმეს. ისტორიას ახსოვს ექიმი მწერლები, მუსიკოსი ინჟინრები, ბიოლოგი ჟურნალისტები და ა.შ. ამიტომ აქ საქმე დიპლომში ნამდვილად არაა.
რამდენიმე წლის წინ მუსიკოსები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები იმაზე წუწუნებდნენ, – საქართველოში კრიტიკა არ არსებობსო. ამაზე სერიოზულად წუხდნენ. ხოლო როდესაც კრიტიკას გაზეთში წაიკითხავდნენ, ან ბრაზობდნენ, როგორ გაგვიბედესო, ან... სწორედ მაშინ წამოსცდა პირველად ვიღაცას – მე პრეტენზია არა მაქვს მუსიკოსობაზე, წერონ და იკითხონო.
გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ მოხერხებული პოზაა, რომელსაც მხოლოდ ზარმაც, მაგრამ გამჭრიახ ნაცარქექიას ზღაპარზე გაზრდილი ქართველი თუ მოიფიქრებდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი წინადადების ავტორი მის მიერ ჩადენილ სიბრიყვეზე პასუხსაც არ აგებს, რადგან თავი უკვე დაიზღვია და პროფესიონალიზმზე პრეტენზია არა აქვს.
თანამედროვე მუსიკის წარმომადგენელთაგან ბევრჯერ მომისმენია, რომ ისინი მხოლოდ თავისთვის ან ახლო მეგობრებისთვის უკრავენ. ასეთი თითქოს უამბიციო ადამიანები ნიჭნაკლულ ყვარყვარეს ჰგვანან, რომელიც თავდაპირველად თავს ისაწყლებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება და „ხალხში გამოვა“, ისეთი ამბიცია უჩნდება, რომ დროთა განმავლობაში ჭკუის დამრიგებლადაც კი გვევლინება. წარმოიდგინეთ, მოცარტს ან ფრენკ ზაპას რომ ეთქვა, მუსიკოსობაზე პრეტენზია არა მაქვსო... თანამედროვე მუსიკის ისტორიას ახსოვს პანკ-მოძრაობაც, რომელიც ანარქიასა და ნიჰილიზმზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ამ სფეროს არაპროფესიონალი და გაუნათლებელი მუსიკოსებიც კი ბევრს შრომობდნენ ფირფიტების ჩაწერისას და კონცერტებზე. მათ არასოდეს უთქვამთ, რომ მუსიკოსობაზე პრეტენზია არ ჰქონდათ.
ნიჭიერ ადამიანს პოზა არ სჭირდება. ნიჭის დამფასებლები ყველა ეპოქაში არსებობდნენ და დღესაც არსებობენ. ზოგიერთი შეიძლება იმიჯს და პოზას ერთმანეთში ურევს. ხელოვანისთვის ან ჟურნალისტისთვის იმიჯი საკუთარი სათქმელის მიწოდებისთვის დამხმარე საშუალებაა, პოზა კი ხელოვნურია და ეგრევე იგრძნობა.
ამ მედროვე, თითქოს „უპრეტენზიო“ არსებებმა წალეკეს ტელეეკრანები. ნუთუ ამათ გარდა საქართველოში მწერალი, მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი ან ჟურნალისტი არ არსებობს? რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათ ტელეეთერში არ იწვევენ.
ალბათ ამის ბრალია ისიც, რომ მავანი ქართველისთვის მიტინგი და საპროტესტო აქცია თვითიდენტიფიკაციის მოსახერხებელი საშუალებაა, რადგან პასუხს არავინ ითხოვს, არც იმაზე აგებს პასუხს, რასაც ცხოვრებაში წარმოადგენს და რაღა თქმა უნდა, „პრეტენზიაც არა აქვს“. ყველაზე კომფორტულად თავს მასაში ამიტომაც გრძნობს.
ფიქრი, აზროვნება და ანალიზის გაკეთება ეზარება და პლუს ამას, „პატრიოტის“ იარლიყსაც იწებებს და თავდაჯერებული კმაყოფილებით ღამით მშვიდად სძინავს.
ჰოდა, თუ პრეტენზია არა გაქვთ და არაკომპეტენტურები ხართ, რატომ გვიბურღავთ ტვინს თქვენი უნიჭობით? რატომ გვაწუხებთ საკონცერტო დარბაზების სცენებიდან და ტელეგადაცემებიდან? თუ პრეტენზია არა გაქვთ და თქვენთვის წერთ ან მღერით, წერეთ ან იმღერეთ თქვენთვის. მით უმეტეს, ამისთვის ინტერნეტში ათასნაირი საშუალება არსებობს.
ჩვენ კი თავი დაგვანებეთ!
ჟურნალი „ათიანში“ #7, ივნისი, 2010 წელი
როგორც მარკეტოლოგები ამბობენ - პროდუქტი, რომლის შესახებაც არ იცი - არ არსებობს.
ReplyDelete