Friday, March 5, 2010

ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი II)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე



ლაშა: – გამოჩნდა „ბითლზიც“ და ამ პერიოდში ევროპაში უკვე ხეტიალის მოყვარულმა გრძელთმიანმა ჰიპებმაც დაიწყეს ჩასვლა.

გაგა: – ერთი საინტერესო სქემა აღვიდგინოთ. ყველამ ვიცით 60-იან წლების ტერმინი „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში (British Invasion), ანუ როცა ბრიტანული თანამედროვე მუსიკა მასობრივად შეიჭრა შტატებში და ფეხზე დააყენა მთელი ამერიკა, მაგრამ მანამდე ევროპაში „ამერიკული შეჭრაც“ მოხდა, ანუ 50-იანებში რადიოების საშუალებით ამერიკული როკ-ენ-როლი გავრცელდა, რამაც მოხიბლა და საერთოდ გადარია ომის შემდგომი ევროპელი ახალგაზრდობა. ამის შემდეგ ევროპამ, განსაკუთრებით კი ბრიტანეთმა ეს ყველაფერი კარგად გადახარშა და იწყება ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული მასირებული „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში მძიმე არტილერიით: – The Beatles, The Rolling Stones, The Who, The Kinks, The Yardbirds, Cream, The Animals და სხვები... ამერიკულმა პასუხმაც არ დააყოვნა – ეგრევე იწყება „ამერიკული შემოჭრა“ ბრიტანეთში – ჰიპებისა და ფსიქოდელიური მუსიკის (The Byrds, The Doors, Grateful Dead, Jefferson Airplane, Jimi Hendrix და სხვების) სახით. საინტერესო სამკუთხედია, არა?