(2000-იანი წლები)
ქართული ალტერნატიული როკმუსიკის ისტორიისთვის 2000-იანების დასაწყისი ყველაზე უფრო მწირი და მშრალი პერიოდია. მუსიკაში ისე საგრძნობლად შეიჭრნენ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, რომ ალტერნატივის ადგილი პრაქტიკულად აღარ დარჩა. პოლიტიკოსებმა დაინახეს, რომ მუსიკით ამომრჩეველთა ხმების მონადირება შეეძლოთ. მათ მიერ დაფინანსებულ ნაირნაირ ღონისძიებებზე სხვადასხვა ყაიდისა და ჟანრის შემსრულებლები გამოდიოდნენ. დაიწერა მაშინდელი მმართველი პოლიტიკური პარტიის რამდენიმე ჰიმნი, რომელშიც ე.წ. ესტრადის მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
ამ დეკადის დასაწყისში ჯგუფ „სახეს“ დამსახურებით განსაკუთრებით პოპულარული გახდა სოული და ბოიბენდებიც, შესაბამისად, საკმაოდ დიდ პატივში იყვნენ. 90-იანებიდან საქართველოში შემორჩენილ ალტერნატიულ მუსიკოსებს ახალი ათასწლეულის პირველივე წლებში მეინსტრიმში გადასვლის სურვილი გაუჩნდათ, მაგრამ ეს უკანასკნელი არ არსებობდა და ამიტომ, ისინი დარჩნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ. თუმცა ასეთ მუსიკოსთაგან ირაკლი ჩარკვიანმა – „მეფემ“ მეტ-ნაკლებად მაინც მოახერხა ეს გარღვევა და შექმნა გემოვნებიანი თანამედროვე ქართული პოპის მშვენიერი ნიმუშები.
საკმაოდ აგრესიული და საინტერესო იყო ათ(ას)წლეულის დასაწყისის ქართველი რეპერების შემოქმედებაც. თუმცა ბოლომდე სიმწვავის შენარჩუნება თითქმის ვერავინ შეძლო.
2000-ების ყველაზე გამორჩეულ ალტერნატივად ელექტრონული მუსიკა იქცა. ნიკა მაჩაიძე (ნიკაკოი), გოგი ძოძუაშვილი, ტუსია ბერიძე (ტბა), ნიკა წერეთელი და სხვები მეტად ფასეულ ალტერნატიულ ელექტრონულ მუსიკას ქმნიდნენ, რომელიც უცხოელმა მსმენელმა სათანადოდ დააფასა. ასევე, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2007 წელს პირველი ქართული ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია „ელექტრონავტი“, რომელიც ტრადიციული გახდა. ტრადიციული გახდა ასევე „ალტერვიჟენ გრუპის“ მიერ 2009 წელს დაარსებული ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი Tbilisi Open Air, რომელიც ყოველ წელს ტარდება.
და კიდევ ერთი: ამ ათწლეულის მიწურულს საქართველოში აღმოცენებულ ახალ მუსიკალურ კოლექტივებში განსაკუთრებით პრესტიჟული გახდა ინგლისურ ენაზე სიმღერა. ინგლისურად სიმღერა მოდად იქცა, რაც დღემდე გრძელდება. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული ჯგუფების თემატიკა აღარ იყო იმდენად მწვავე. ნარკოტიკზე, სექსსა და აბსურდულ თემებზე უცხო ენაზე სიმღერა ზოგს ახლაც ძალზე აქტუალური ჰგონია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის რამდენიმე ჯგუფს ენერგეტიკა თავის ადგილზე აქვს, თუმცა არის თუ არა ეს ალტერნატიული მუსიკა – უკვე სხვა თემაა...
ჟურნალი „თბილისი Out“ #22, ივლისი, 2012 წელი
No comments:
Post a Comment