პირველი ნაწილი: თბილისის როკ ფესტივალი, 17-19 სექტემბერი (ნაწილი I)
18 სექტემბერი. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თბილისური შემადგენლობა თავიანთი პრეტენზიების გამო, ამ დღეს ფესტივალს გამოეთიშა, ვფიქრობ, რომ 18 სექტემბერი შესანიშნავი დღე, უკაცრავად, ღამე იყო. თუკი პირველ დღეს დიდი დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა როგორც ჯგუფებს, ასევე ორგანიზატორებს შორის. ამ დღისათვის ადამიანები ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ და უკვე ერთად სვამდნენ ლუდს. აღარ ნერვიულობდნენ, რომ ბარებში საღამოები თითქმის 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. სხვადასხვა ჯგუფის წევრები ტროტუარების კიდეებზე ისხდნენ და გიტარის თანხლებით ექსპრომტად შეთხზულ სიმღერებს ერთად ასრულებდნენ.
საღამოს ლადო ბურდულმა გვაუწყა, რომ კაფე Earth Wind And Fire-მ უარი განაცხადა ჯგუფების მიღებაზე, რადგან ხმაურიანმა მუსიკამ თურმე მეზობლები შეაწუხა, ამიტომ შემსრულებლები ხელახლა გადანაწილდნენ. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ მოხვდნენ: „ამორალი“, „კონტრაბანდა“, „აუტსაიდერი“ და Best History. დატვირთული იყო კიდევ ორი ღამის ბარი: Metro და Toucan Pub. დროდადრო ვახერხებდი ამ პაბებში შერბენასაც. „ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ კი ფესტივალის მეორე დღე თბილისურმა „ამორალმა“ გახსნა. „ამორალის“ ფიქრიანმა სიმღერებმა ფიქრისმოყვარული, მცირერიცხოვანი მსმენელი ჩააფიქრა და შეზარხოშებულ მაყურებელთა უმრავლესობა აღაგზნო. ღამის ბარში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა. ისინი მაგიდებთან ისხდნენ და კონცერტების მსვლელობისას ახერხებდნენ საუბარსა და საკვებ-სასმელის შეთვისებასაც.
ბესელა („კონტრაბანდა“) |
„უზნეო“ და „ამორალური“ ბიჭები მშობლიური ეკონომიკის „დამაქცევლებმა“, ანუ „კონტრაბანდისტებმა“ შეცვალეს. სცენაზე ბესელა, იგივე ბესო რაზმაძე და მისი ჯგუფი „კონტრაბანდა“ გამოვიდა. მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ბარში, სადაც ფესტივალი მიმდინარეობდა, არ იყო შემაღლებული ადგილი მუსიკოსებისთვის, ე.ი. „სცენა“ ამ შემთხვევაში პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ. არ შემიძლია აღვწერო ენერგიის ის ნიაღვარი, რომელიც ამ ბიჭებიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბესელას და მის ჯგუფს აგერ უკვე 3 წელიწადია ვიცნობ, ამდენს მართლაც არ მოველოდი. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ „კონტრაბანდას“ ალბომს მოვუსმინე. ბესელა ჩემთვის ახალი თაობის შეუპოვარი მებრძოლია, რომელსაც აქვს მძლავრი პროტესტი ყოველგვარი დამყაყებულისა და ზოგადად სიბნელის მიმართ. სამწუხაროდ, ამ ალბომს ვერც ერთ მუსიკალურ მაღაზიაში ვერ შეიძენთ. „კონტრაბანდამ“ ძალზედ ექსპანსიურად იმუშავა. ბესელას, ბესო რაზმაძეს, ქუთაისელი მსმენელი კარგად იცნობს ტელეგადაცემა „ანარეკლიდან“, სადაც იგი ლაპარაკობდა, მღეროდა და ჰყვებოდა საკუთარ ზღაპრებს, „შუაღამის გემის“ კაიუტებში კი, ხშირად გაისმის მისი სიმღერები. „კონტრაბანდას“ ქუთაისში კონცერტი ჯერ არ ჰქონია.
***
– ბესელა, რა ხდება დღეს თბილისის მუსიკალურ სამყაროში?
– თბილისში ამ მხრივ საქმე არის хреново, მაგრამ მაგის გამო თავს არ ვიკლავთ, ჩვენი პატარა ფინანსებით ვახერხებთ დაკვრას. ცოტას ვხერხავთ კიდეც და გვაქვს ორი პროგრამა: მძიმე და აკუსტიკური. როგორი სიტუაციაც იქნება ბარში, შესაბამის პროგრამას შევასრულებთ. მთლიანობაში თბილისში მუსიკა იკვრება და როკმოძრაობა ნელ-ნელა ქვემოთ ჩადის სარდაფებში.
ლაშა გაბუნია და ბესელა |
– ე.ი. ანდერგრაუნდში მიდის იმის ნაცვლად, რომ ზემოთ ამოვიდეს?
– ჰო! იმიტომ, რომ მიწის ზემოთ წამოვიდნენ ისეთი საზიზღარი ე.წ. ჯგუფები, რომელთა სახელწოდებების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ, ღირსადაც არ ჩავთვლი. მაგათ გამო ის ადამიანები, რომლებიც ნამდვილ, ნაღდ მუსიკას უკრავენ და გულსა და სულს აჩვენებენ მსმენელს, ჩაეშვნენ ქვემოთ. ესენი, სამწუხაროდ, ძალიან ვიწრო წრისთვის არსებობენ და მეგობრებისთვის ატარებენ კონცერტებს. ახლა, რა თქმა უნდა, უცხოელების ჩარევით, ეს 3 დღე ისეთი იქნება, როგორზეც ჩვენ, მუსიკოსები ვოცნებობდით. კარგია, რომ საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსული შემსრულებლები და ისინი ჩვენთან ერთად დაუკრავენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ყოველთვის არა გვაქვს საშუალება წავიდეთ იქ და დავესწროთ მათ კონცერტებს, მითუმეტეს დავუკრათ მათთან ერთად. ეს 3 დღე თბილისში დიდი ზეიმია და ყველანი ერთად ვზეიმობთ.
– რა ხდება შენს ჯგუფში? მას ისევ „ნეოკონტრაბანდა“ თუ ძველი, პირვანდელი სახელწოდება „კონტრაბანდა“ ჰქვია?
– ჩემს ჯგუფს კვლავ „კონტრაბანდა“ ჰქვია. მისი შემადგენლობაა: ბესელა – ვოკალი (აკუსტიკურ პროექტში – გიტარა, ვოკალი), კახა გულიაშვილი – გიტარა, კოტე კალანდაძე – ბასი და რითმ-სექცია და გოგა სამხარაძე – დრამი. წელიწადზე მეტია, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სხვათა შორის, არასოდეს მყოლია ერთი და იგივე შემადგენლობა წელიწადზე მეტხანს (აქ ბესელამ სამჯერ ზედიზედ გადააფურთხა, აქაოდა, არ გავითვალოო. ლ.გ.). 6 წლის განმავლობაში, რაც ჯგუფი არსებობს, მხოლოდ მე ვარ ერთადერთი ძველი და უცვლელი. თბილისში ვინც კი ინსტრუმენტს ხელი შეახო, ყველამ ჩემთან დაუკრა. ბოლო შემადგენლობა კი, კარგა ხანია, ერთმანეთს ვიტანთ. მე იმიტომაც ვუკრავ ამ ბიჭებთან ერთად, რომ, პირველ რიგში, ჩემი მაგარი ძმები არიან. კაცი თუ შენს გვერდით არ დგას, მისი დაკრულის დედა ვატირე!
– მსოფლიოში გავრცელდა აზრი, რომ სხვა მუსიკალურმა მიმდინარეობებმა, თუნდაც ელექტრონულმა ტალღამ, რეივმა შეჭამა როკენროლი და აქედან გამომდინარე როკენროლი მოკვდა. ასეთი აზრი, ჩვენშიც არსებობს.
– როკენროლი მე-20 საუკუნის კლასიკაა. კლასიკა კი, თავის მხრივ, უკვდავია. უბრალოდ, დღეს როკმუსიკა განიცდის ევოლუციას. ის უფრო ძლიერი ხდება, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება მისი კვდომა. როკენროლი მწვერვალია, თანაც ეს მთა უფრო და უფრო მაღლდება, ამიტომ, მას კენწეროში ვერასოდეს მოექცევი. ბევრმა სცადა ასვლა, მაგრამ რაღაც 2 მეტრი აიარა და მოკვდა, – დრომ შეჭამა. როკენროლი მაშინ მოკვდება, როცა კაცობრიობა ამოწყდება და პირიქით, კაცობრიობა მაშინ დაიღუპება, როცა როკენროლი მოკვდება. ხოლო ვინც ყვირის მოკვდაო, მაგრად უნდა იჩალიჩოს, რომ როკი არ მოკვდეს, თორემ თვითონაც მოკვდება, ხვდები ალბათ, რატომ. ასეთი ადამიანი ჩემთვის ცოცხლად მკვდარია. მუსიკა პროგრესს განიცდის ყოველდღე და ყოველ საათში ვითარდება. მომავალ საუკუნეში საოცარი მუსიკა იჟღერებს.
– შენი აზრით, რომელი ჯგუფი იქნება კარგ ფორმაში მომავალ საუკუნეში?
– 21-ე საუკუნეში საუკეთესო ფორმაში იქნებიან ჯგუფები „კონტრაბანდა“ თბილისში და „აუტსაიდერი“ ქუთაისში და საერთოდ, მსოფლიოში. ისე ჩემთვის ყოველთვის აქტუალური იყო და აქტუალური იქნება Nine Inch Nails, Pantera, – ამ ჯგუფს იმდენად აღარ ვუსმენ, რამდენადაც ვაფასებ, რადგან ჩემში რაღაც დათესა და კიდევ Korn, რომელიც უფრო მასობრივი, პოპულარული ჯგუფია. ამ სამეულიდან მე ვთვლი, რომ მომავლის მუსიკას უფრო Nine Inch Nails დაუკრავს. ასეთ მძიმე, ინდუსტრიულ როკს კიდევ Ministry ასრულებს და ვფიქრობ, ეს ჯგუფები როკენროლის ევოლუციურ მუსიკას ასრულებენ და მომავალშიც შეასრულებენ.
ბესელა („კონტრაბანდა“) |
– თანამედროვე მუსიკაში ხდება როკის დაყოფა კეთილ, ანუ ქრისტიანულ და ბოროტ, ანუ სატანისტურ ნაწილებად. შენ როგორ უყურებ ამას ყოველივეს?
– მე მართლმადიდებლად მომნათლეს, ამიტომ, რაც ქრისტიანულია, ის ჩემთვის მისაღებია. Black Metal ჯგუფებს მე პატივს არ ვცემ აზროვნების გამო. მათი თვალთახედვა ვიწროა, ისინი რაღაც ჩარჩოებში არიან, იკეტებიან და რადგან ეს Black-ია, მაშასადამე უნდა იკივლონ და იწივლონ. ეს ერთგვარი რეკლამაა, პოპულარობისთვის ამბობენ, რომ სატანისტები არიან. ისინი, ვინც არ ჩანს, იმას უწყებენ გინებას. ქუჩაში ჩვეულებრივ მოკვდავს ვერ შეაგინებენ. ლანძღავენ, რადგან გალახვის ეშინიათ. თბილისში არიან ასეთი ჯგუფები, მათ პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ უცხოელი თანამოაზრეებიც ასეთები იქნებიან. რადგან ღმერთი ფიზიკურად არ ჩანს, მაგათ შეუძლიათ დაგმონ და აგინონ. რადგან ხატი ფიზიკურად ხისაა, შეუძლიათ მასზე ცუდი თქვან, ან შეაფურთხონ, რადგან ხატი მათ ხელს არ გაარტყამს, არ დაჭრის. მათ არ ესმით, რა არის სულიერება, მუსიკის დაკვრისათვის რა საჭიროა რაღაც საზღვრებში მოქცევა? „სატანისტური მუსიკა“ – ეს სულელური ცნებაა.
– ბესელა, მე მგონი, საქართველოში ვერც ერთი ჯგუფი ვერ იტყვის, რომ ისინი სატანისტები არიან.
– ჩვენს რელიგიაში მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი ხმამაღლა იტყვის რამეს, თუ ჩუმად გაიფიქრებს. ვერ იტყვიან კი არა, უფრო არ იტყვიან, რადგან ქართველები ვართ. მე ქართველი რომ ვარ, თუნდაც იმიტომ მიხარია, რომ ჩემში წინაპრებიდან და მშობლებიდან იმდენად მძლავრად დევს ღვთის შიში და სიყვარული, საკუთარ თავს ვერ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ეჭვი შემეპაროს ღვთის არსებობაში და დავემორჩილო, რაღაც სხვა ძალას. ღმერთის მესახებ ყველა ადამიანს მხოლოდ ზედაპირული ცოდნა არ უნდა ჰქონდეს. არსებობს უზღვავი მართლმადიდებლური ლიტერატურა და არა ის წიგნები, რომელსაც სექტანტები ავრცელებენ ქუჩებში. ადამიანმა რომ სახარება გადაშალოს და ორი სიტყვა წაიკითხოს, ის თვითონ მიხვდება რა არის კარგი და რა – ცუდი. ყველაზე ძნელი შესასრულებელია 10 მცნება.
– ახლა „კონტრაბანდას“ უახლოეს გეგმებზე მითხარი რამე.
– ერთი ალბომი ჩაწერილი მაქვს და ფინანსების არქონის გამო, ვერ ვახერხებ მის გამრავლებას. ჩვენ გვინდა მუსიკის დაკვრა. ამას გარდა, გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმეებიც. ჩვენი გიტარისტი კახა არქიტექტორია, – სწავლობს, გოგა – პროფესიონალი ფლეიტისტია, მაგრამ ჩვენთან დასარტყამებზე უკრავს, კოტე – „გეპეიში“ ინგლისურ ენას სწავლობს, მე თვითონ ადვოკატი ვარ. ვინმეს თუ დავიცავ სასამართლო პროცესზე და ფულს ავიღებ, იმით გიტარის სიმებს ვყიდულობ, ან ახალ ინსტრუმენტს. ვმუშაობ იმისთვის, რომ ჯგუფმა იცოცხლოს. მე ვალდებული ვარ, არც ერთ ჯგუფის წევრს რამე არ მოაკლდეს, – სიმი იქნება ეს, მედიატორი და სხვა რამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს გიტარების გაყიდვა და თითის წოვა, ანუ მთელი დღე ქუჩაში უნდა ვიდგეთ, ვიღაცას ვატკინოთ, ვაწყენინოთ, ვიფურთხოთ და ვიმაიმუნოთ. ამის გაკეთება კი ნაღდად არ გვინდა.
***
გიორგი ჟორა ხონელიძე (Best History) |
„ჩობას ჯაზ-როკ კაფეში“ „კონტრაბანდა“ შეცვალა „აუტსაიდერმა“. მან მსმენელებს იმედები არ გაუცრუა. ბევრი რობისთან ერთად მღეროდა. მთელი საზოგადოება დიდი აღტაცებით შეხვდა ჯგუფ Best History-ს, რომელიც მოგვიანებით ფესტივალის აღმოჩენად აღიარეს.
19 სექტემბერი. ამ დღეს რიყეზე უფასო გალა-კონცერტი ჩატარდა, სადაც გამოვიდა ფესტივალში მონაწილე ყველა ჯგუფი. ეს ერთგვარი როკფორუმი რიყეზე საღამოს 5 საათზე დაიწყო. აი, რა მითხრა კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ გოცაძემ: „გალა-კონცერტზე ყველაფერი კარგად მიდის. ფესტივალმა გადასარევად ჩაიარა. ასეთ კარგ შედეგებს არ მოველოდით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა. შემდეგში უფრო კარგად იქნება ყველაფერი და ერთმანეთს უფრო ჩავეხუტებით. ქუთაისს ჩემგან მოკითხვა!“ კონცერტის მსვლელობისას გავესაუბრე გაზეთ „ეკოდაიჯესტის“ მუსიკალურ რეპორტიორს, ბიძინა მაყაშვილს, რომელმაც თქვა: „ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ყველაზე კარგი ისაა, რომ ეს საერთაშორისო ფესტივალია, თორემ ჩვენ თბილისელები და ქუთაისელები ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ რამ გაგვყო? კარგია, რომ სომხები გვეწვივნენ, ინგლისიდან ჩამოვიდა საინტერესო ჯგუფი, ხოლო რუსმა გოგონებმა (ორივე ჯგუფიდან) ისეთი პანკი დაუკრეს, აქ კაცები ვერ ქაჩავენ. ამ ფესტივალზე კარგი სიტუაციაა. ვფიქრობ, ნოემბერში უფრო უკეთესი იქნება“.
ბიძინას ვეთანხმები, რომ რუსმა გოგონებმა მართლაც ენერგიულად დაუკრეს. ესენი იყვნენ: Бабслей პეტერბურგიდან და Восьмая Марта მოსკოვიდან. მათმა უშრეტმა ენერგიამ სასიამოვნოდ განაცვიფრა ყურადღებიანი, ქართველი მსმენელი. ახლა გავეცნოთ მოსკოვური ჯაუფის წევრს მარინას. საუბარი ჩაწერილია რუსულ ენაზე, მაგრამ თქვენ მას გადმოქართულებულ ვარიანტად გაეცნობით.
***
– რა ჯგუფია Восьмая Марта?
– სამი სუპერმუღამიანი გოგონა ვუკრავთ სუპერმუღამიან მუსიკას. ეს სუპერქერა გალია კოპერნიკი – გიტარისტია, სუპერმელოტი მაშა „კილერი“ – დრამერი და მე, მარინა ღოღობერიძე – ბას-გიტარისტი ვარ. ჩვენ ვცხოვრობთ მოსკოვში, ვარსებობთ 3 წელია და ამ დღეებში დაბადების დღე გვექნება.
ჯგუფი „ლაბირინთი“ |
– გილოცავ! როგორი მუსიკა მოგწონს?
– ყველანაირი, სოულის გარდა. უფრო მეტიც, შემიძლია იაფფასიან „პოპსასაც“ კი მოვუსმინო, მაგრამ სოული ვერ აკმაყოფილებს ჩემს გემოვნებას. ისე კი, არასოდეს რაიმე ერთზე არ ვიციკლები. არიან ჯგუფები, რომელთაც მე ვუსმენ, რადგან მომწონს. ცხოვრებაში კი პირველი ვისი მუსიკაც მომეწონა დევიდ ბოუვი იყო. შემდეგ ჯგუფები: The Clash, Sex Pistols, Blondie, Siouxsie And The Banshees და სხვები. ახლა აღარ ვიცი, ვინ მომწონს და ვინ არა.
ზვიად საკანდელიძე (Best History) |
– ქართულ ჯგუფებს თუ იცნობ?
– „ორერას“ გარდა არაფერი ვიცი. თუმცა, აქ გავიცანი ადგილობრივი ჯგუფები, რაღა თქმა უნდა, ვიცნობ ლადოს, რომელიც ჩემი ოქროს თევზია. დღეს კი ქუთაისურ „აუტსაიდერთან“ ერთად ვიმგზავრეთ.
– რატომ ხარ ამ მუსიკაში და ვთქვათ, რატომ არ ყიდი ღვეზელებს ან ჩებურეკებს?
– დიდი ხანი ვმუშაობდი მდივან-რეფერენტად, მაგრამ 7 წლის ასაკიდან, ზუსტად ვიცოდი, რომ ჯგუფი უნდა მყოლოდა, შემდეგ ვიპოვე გალია, რომელსაც აგრეთვე, უმიზეზოდ უნდოდა დაეკრა, როგორც მე. დაკვრაში ჩემს კაიფს ვნახულობ, მართალი ვარ და საკუთარ თავს ამ მუსიკით გამოვხატავ.
– მარინა, როგორ ფიქრობ, როკმუსიკა მართლა კვდება?
– მე მიმაჩნია, რომ რუსული როკი, ალბათ, მართლაც მოკვდება. ვფიქრობ, რომ კომპიუტერები უფრო მალე განადგურდება დედამიწაზე, ვიდრე როკმუსიკა. არარეალურია, რომ ასეთი გლობალური კულტურა გაქრეს. ჩემის აზრით, მომავალ საუკუნეში, გიტარის მუსიკა განვითარდება. ელექტრონული მუსიკა წარმავალია. განვითარდება ფოლკლორი, კერძოდ, საგიტარო ფოლკი.
– გულახდილად მითხარი, საქართველო თუ მოგეწონა?
– მე გვარად ღოღობერიძე ვარ – ნახევრად ქართველი. მთელი შეგნებული ცხოვრება აქ ჩამოსვლაზე ვოცნებობდი, ამიტომაცაა ლადო ჩემი ოქროს თევზი. ჩვენ უკვე დავათვალიერეთ ჯვრის მონასტერი. ვნახეთ ნატვრის ხე, მას კოლგოტები შევაბით და სურვილები ჩავუთქვით.
***
გია შილაკაძე („აუტსაიდერი“) |
რიყეს სცენას ჩვენი მკითხველი ტელევიზორის ეკრანიდან კარგად იცნობს. ამ სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ მონაწილე ჯგუფები, რომელთა გამოსვლის რეგლამენტი მკაცრად იყო განსაზღვრული მუსიკოსთა სიმრავლის გამო. მაყურებლებმა ღია ცის ქვეშ ნამდვილად სული მოითქვეს და ძალზედ თავისუფლად იქცეოდნენ. სამწუხაროდ, ლადოს ერთხელ მოუწია მათი დამშვიდება, როდესაც მიკროფონიდან ხალხს სთხოვა ბოთლებს სცენაზე ნუ ისვრითო. ამ ბოთლებზე ცარიელი ბოთლების შემგროვებელი ბიჭუნა ფედია გამახსენა, რომელსაც ვკითხე რომელი ჯგუფი მოგეწონა-მეთქი. კითხვაზე მივიღე ასეთი უცნაური პასუხი – „სახე“...
აქ მინდა დავასრულო ჩემი წერილი და ვთქვა, რომ ფესტივალი შედგა. მცირეოდენი ხარვეზები არ იყო დიდად თვალში საცემი, ლადო ბურდულმა კარგი სამი დღე აჩუქა როკის მოყვარულებს. სასიამოვნო ფაქტია, რომ ფესტივალის აღმოჩენად ქუთაისური ჯუფი Best History აღიარეს, რომელიც დღეს სტუდიაში მუშაობს და მალე თბილისში მათი ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყება. თბილისს იმ იმედით დავემშვიდობეთ, რომ ნოემბრის უფრო გრანდიოზულ როკფესტივალზე მოვახერხებთ ჩასვლას. მანამ ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს.
No comments:
Post a Comment