ამას წინათ, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ვნახე გადაცემა „ჯემი“, რომელშიც ცოცხლად დაუკრა ქუთაისურმა არტ-როკ ჯგუფმა ARE-მ. გადავწყვიტე, ამ ჯგუფის ჩემთვის კარგად ნაცნობი პიროვნებებიდან, ამჯერად გავსაუბრებოდი გიტარისტსა და ჩელისტს ვახტანგ კიკალეიშვილს. ჩვენ ახლობლები ვართ, ამიტომ საუბრისას კითხვის ნიშნები საერთოდ გამოვრიცხე. აი, ეს საუბარიც, რომელიც რადიო „ძველი ქალაქის“ მიტოვებულ გამშვებ სტუდიაში შედგა.
შენ და ავტობიოგრაფია. – დავიბადე 1971 წლის 22 იანვარს. მერე გამზარდეს და დიდი ბიჭი გავხდი. ამის გარდა მუსიკოსიც გავხდი. სხვათა შორის, ეს 8 თვის უკან ვიგრძენი, როდესაც ჩამწერი სტუდიის კაბინაში დავდექი. 7 წლისა მე-2 სამუსიკო სკოლაში ვეზიარე მუსიკას. ჩემს მშობლებს სურდათ მევიოლინე გამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი დიდი ფიზიკური მონაცემების გამო ჩელოს მასწავლებელს მოვწონებივარ და მშობლები დაურწმუნებია კარგ მუსიკოსად აღვზრდიო. არ ვიცი, მართლაც კარგი ვარ თუ არა, მაგრამ მუსიკოსი დავდექი (იცინის).
შენ და გიტარა. – 18 წლის ასაკში შევეხე გიტარას პირველად, თუმცა, მანამდე ეს ინსტრუმენტი უკვე 2 წელიწადი იყო, გასული, რაც სახლში მქონდა. ბიძაჩემმა მიყიდა 33 მანეთიანი პიაზოებიანი, ნახევრად ელექტრო გიტარა. როკის მოსმენა 6 წლის ასაკიდან დავიწყე და პირველად Bad Company-ს მოვუსმინე. სათამაშო ფარ-ხმალი მქონდა. ხმალს ფარში ვუყრიდი და მუსიკის ფონზე გიტარაზე დაკვრის იმიტაციას ვაკეთებდი. ჩემზე დიდი გავლენა იქონია ევგენი მაჭავარიანის ტელეგადაცემამ „ეს ესტრადაა“. გადაცემას ჩემი ფარითა და ხმლით ვუყურებდი. ვერ ვხვდებოდი, მაგრამ, თურმე, ვმეცადინეობდი, როდესაც გიტარას ათასგვარი საშინელ ხმებს გამოვაცემინებდი, – რკინებით ვუკრავდი, მაგნიტოფონში ვაერთებდი. თავიდანვე მქონდა მიდრეკილება დისტორშენიან ჟღერადობაზე და როგორც შემეძლო, გიტარის ხმას ისევ ვამახინჯებდი. ისე გაუთვითცნობიერებელი ვიყავი ელექტროინსტრუმენტებში, პირველ ჯგუფში, რომელშიც დაკვრა დავიწყე, დავიჯინე ბასზე უნდა დავუკრა მეთქი, რადგან მეგონა, როკში საგიტარო მუსიკის სიმძიმეს ბას-გიტარა გამოსცემდა.
შენ და ჩელო. – ჩემი ეტალონი იტალიელი ჩელისტი პაბლო კაზანსი იყო, რომელსაც ბევრს ვუსმენდი ჩემს ფირსაკრავზე. ვცდილობდი მისი დაკვრის ტექნოლოგია გამეთავისებინა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რასტრაპოვიჩი შემოვიდა. ვერც თბილისის, ვერც ქუთაისის კონსერვატორია ვერ დავამთავრე. თბილისის კონსერვატორიიდან ფრიად ორიგინალურად წამოვედი. რამდენიმე პროფესორს ჩემი ჩელო ვესროლე, მაგრამ არც ერთს არ მოხვდა თავში, რაზეც ახლაც ვნანობ. ვისაც წესით უნდა მოხვედროდა, ის გასული იყო. ახლა არ მინდა ვისაუბრო ამ საქციელის გასამართლებელ მიზეზზე. ჩელოს ჩემი ოჯახის წევრად ვთვლი, გიტარისგან განსხვავებით, რომელთანაც დღემდე თითქმის არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა. მხოლოდ გია სალაღიშვილთან ერთად სტუდიაში მუშაობისას მივხვდი, გიტარისტი რომ გავხდი. მანამ კი ვერ ვიჯერებდი ვინმეს თუ ჭირდებოდა ჩემი დაკრული, რადგან გიტარასთან ურთიერთობა, თითქმის, თამაშის დონეზე იყო. აწი ვნახოთ, როგორ მოიქცევა (იცინის), იქნებ ოჯახის წევრობის კანდიდატი გახდეს.
შენ და საინტერესო ქართული ჯგუფი, შემსრულებელი. – (მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ღიმილით ამბობს) ასეთი ჯგუფია „სახე“. ჩემთვის ის დაკვირვების ობიექტია, რადგან მაინტერესებს, საერთოდ რატომ არსებობს ასეთი ჯგუფი საქართველოში? ვერ გავარკვიე რატომ... ჩემთვის მუსიკალურად, მართლაც საინტერესო ჯგუფია „აუტსაიდერი“. შემიძლია იგივე კითხვა დავსვა – რატომ? „აუტსაიდერი“ ქუჩაშიც და სცენაზეც საქმეს აკეთებს. „სახეც“ აკეთებს, მაგრამ არც ქუჩაში, არც სცენაზე, არამედ სხვაგან... ჩემთვის საინტერესო მუსიკოსი იყო რუსთაველი გიტარისტი ავთო ნაცარაშვილი, ახლა არ ვიცი რას აკეთებს. ვთვლი, რომ ასეთი გიტარისტი საქართველოს არ ჰყოლია. კეთილადა ვარ განწყობილი თბილისური „კონტრაბანდა“-სა და ბესელას, როგორც პიროვნების მიმართ. მიმაჩნია, რომ მთელი „კონტრაბანდა“ ბესელაა. გიტარისტთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მიმაჩნია, პატარა ასაკის მიუხედავად, საინტერესოდ აზროვნებს.
შენ და გია სალაღიშვილი. – ჩვენს ჯგუფს ARE (Art Rock Experiment) ეწოდება და მისი სახელწოდება ორივე, – ინგლისურ და ქართულ ენებზე ჟღერს. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვჭირდები გია სალაღიშვილს, მაგრამ მასთან ყოფნისას ჩემს მუსიკალურ კარიერაში 5-6 წელი მოვიგე. ამ გამოთქმას სწორად უნდა გაგება, რადგან შესაძლოა გიას ეწყინოს. აქ ჩემს გაზრდაზეა ლაპარაკი და არა იმაზე, რომ ტელევიზორში ერთად დავუკრათ. უბრალოდ, სხვა ვიყავი და ბოლოს, სხვა შევრჩი ხელში. მე გემოვნება არ შემცვლია, უბრალოდ, დიდი პრაქტიკა მივიღე – ვისწავლე, როგორ უნდა ავიღო ბგერა, ვიყო ზრდილობიანი სცენაზე. მუსიკოსები ამას დაკვრის ეთიკას ეძახიან. მე დღემდე ისეთ მუსიკოსად მიმაჩნდა თავი, რომ ყველაზე ცუდ პირობებში შემეძლო დაკვრა, მაგრამ „არეში“ ექსტრემალურ სიტუაციაში მომიწია გამოსვლა, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი ინსტრუმენტი მქონდა, ტელევიზიაში ჩაწერისას, ისეთი ჟღერადობა დამიყენეს, ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ ხმაზე ოდესმე თუ მომიწევდა დაკვრა. წარმოიდგინე, ერთ დროს მეტალისტს კაცს აკვრევინებენ თითქმის ჯორჯ ბენსონისეულ (ჯაზ-როკის ცნობილი გიტარისტი ლ.გ.) ტემბრში (!) მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ განაცხადეს, რომ ტელევიზიისთვის სხვაგვარ ხმას ვერ ჩაიწერდნენ.
შენ და „აუტსაიდერი“. – „აუტსაიდერი“ ჩემთვის პირველი ჯგუფი იყო, სადაც მისვლისას დაწყობილი სიტუაცია დამხვდა, – ვიცოდი, ვინ რას აკეთებდა. წესრიგი პირველად ამ ჯგუფში დაკვრისას ვიგრძენი. თითქმის ნახევარი ჩემი შეგნებული მუსიკალური ცხოვრება „აუტსაიდერში“ გავატარე, რამაც დიდი დაღი დამაჩნია. ამ ჯგუფში დიდ თავისუფლებას ვგრძნობ. მიუხედავად იმისა, სცენაზე ვარ, რეპეტიციაზე, თუ ჩაწერაზე, შემიძლია ჩემი პარტიის შესრულებისას ყველაფერზე ვიფიქრო, ვთქვათ, ოჯახურ პრობლემებზე, ჩემი მეზობლის კარგ მანქანაზე, ჩემს გაფუჭებულ ტელეფონზე და ა.შ. გია სალაღიშვილთან ამას ვერ მოახერხებ, მაგრამ ეს ნამდილად არაა თავისუფლების შეზღუდვა, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც დაკვრისას მხოლოდ მუსიკაზე ფიქრობ.
შენ და ლოთობა. – ვაცხადებ, უკვე 8 თვეა, რაც აღარ ვლოთობ, თუმცა, ლოთი არც მანამდე ვყოფილვარ, უბრალოდ, ხშირად ვსვამდი. არ შეიძლება შემოქმედი ლოთი გახდეს, ის იმდენ ენერგიას ხარჯავს, ალკოჰოლი სადღაც ქრება. ლოთი ისაა, ვინც არაფერს ქმნის, დალევს და მერე მთელი დღე ტომარასავით აგდია.
შენ და სამშობლო. – 2 წელია რაც აღმოვაჩინე, რომ სამშობლო მიყვარს. ამას როდის მივხვდი და რატომ, აღარ მახსოვს, მაგრამ მიყვარს. თანაც ქუთაისი მიყვარს ძაან, – აქ ხალხი არ იგულისხმება – ჩემი ქალაქი მიყვარს.
შენ და ხალხი. – საზოგადოებ ასთან საკმაოდ მძიმე დამოკიდებულება მაქვს. რატომღაც არაორდინარულ, სხვანაირ ტიპად აღმიქვამენ. ამ დროს ვგრძნობ, რომ ძაან ჩვეულებრივი ვარ. ჩემს გრძელ თმაზე ლაპარაკი უკვე მოსწყინდათ, მაგრამ ჩემთან საუბრისას ვერ ეგუებიან ჩემს მსოფლმხედველობას, ქცევების მანერას, ამიტომ აღარ მისმენენ. მერე იმაზე ღიზიანდებიან, რომ მათ აღარაფერს ვუმტკიცებ, ამიტომ, ხვდებიან, რომ ფეხებზე ვიკიდებ საკმაოდ შედეგიანად.
შენ და ბოროტება მუსიკაში. – მიმაჩნია, რომ სატანური როკმუსიკა არ არსებობს. სატანური შეიძლება იყოს მუსიკა, თუ ვინმე ჩათვლის, რომ ბოროტებას რაიმე ხელი აქვს მუსიკასთან. მე არ ვთვლი, რომ ხელოვნება რაიმე სატანურს შეიცავს. ეშმაკის ნამდვილი მსახური არასოდეს გაიძახის სატანისტი ვარო.
შენ და ქალი. – მე და ქალი? მე არ ვარ ქალი (იცინის). ქალები მიყვარს. მეტს ვერაფერს გეტყვი.
შენ და რწმენა. – წელიწადნახევრის წინ ჯვარი ჩამოვიკიდე კისერზე, რომელიც ქობულეთში დავკარგე და მთელი 3 თვის განმავლობაში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. მერე ახლობელმა ახალი ჯვარი მომიტანა და უკვე კარგადა ვარ. მე რწმენისკენ მოვბრუნდი. ისე, საკუთარ თავზე უცნაური ჭორები მომდის. თითქოს, კრიშნას მიმდევარი ვარ(!)... კიდევ კარგი, იეღოველობაც არ შემტენეს. მე კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ.
შენ და რადიო. – ჩემი გავლენა რადიოზე დამთავრდა წელიწადნახევრის წინ. ამ რადიოში უკვე ისე აეწყო საქმე, რომ ვერანაირ გავლენას ვეღარ მოვახერხებ, რადგან მაუწყებლობის ფორმა შეიცვალა, ამიტომ მხოლოდ საკუთარ მსმენელზე შემიძლია ვიმოქმედო. „ძველ ქალაქს“ ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ჩვენ, რადიოს მესვეურებს, ხშირად გვაქვს კონფლიქტები დიჯეებთან პროგრამის შერჩევის თაობაზე. სასაცილოა, რომ დიჯეებს ჩვენ „პოპსა“ და მჩატე მუსიკაზე გაზრდილები ვგონივართ. ხანდახან, ამის გამო, თავს ვეღარ ვიკავებთ და ჩხუბამდეც კი მივდივართ. საკუთარ თავში მე ვხედავ „გადაგვარებულ“ მსმენელს, რადგან, როდესაც მძიმე მუსიკის ხმა მესმის, ვამბობ, რომ ეს არ ვარგა, ამ დროს მე უკვე რადიოს ეთერს ვითვალისწინებ. თავადაც, როცა გიტარაზე რაღაცებს ვაკეთებ, უკვე რადიოს სპეციფიკას ვუწევ ანგარიშს, ე.ი. ივარგებს თუ არა ეთერში გასაშვებად, ან მოუსმენს კი ამას მსმენელი? ვფიქრობ, რომ ასეთი აზროვნება პროგრესულია და პროფესიონალური. რატომ უნდა ვიმუშაო მარტო ორი კაცისთვის? არ მიყვარს, როდესაც ხელოვანი ამბობს, საქმეს მარტო საკუთარი თავისთვის ვაკეთებო. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ანდერგრაუნდში ყოფნა და ალტერნატივის დაკვრა არის უკან სვლა. ქვეყანაში ისეთი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობაა, არაა ალტერნატივა საჭირო. ხალხს სილამაზე ჭირდება, რადგან ირგვლივ ბევრ სიმახინჯეს უყურებს. მუსიკა მინდა დავუკრა მუსიკისთვის.
ჩემი საყვარელი კომპოზიტორია მოცარტი. იმიტომ კი არა, კლასიკოსი და აღიარებული რომაა, მას, ჩემი აზრით, აქვს ყველაზე უპრობლემო მუსიკა პრობლემატური მუსიკოსებისთვის, რადგან რთული დასაკრავია. შესაძლოა ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ საზოგადოებაში გამლანძღონ, მაგრამ მე მოცარტი მიმაჩნია უიდეო, მაგრამ ყველაზე თავისუფალ მუსიკოსად. ის მუსიკას მუსიკისთვის ქმნიდა, ავითარებდა რა – ლამაზი პასაჟებითა და ნოტებით. მიმაჩნია, რომ მუსიკას დღეისათვის ეს ფუნქცია უნდა ჰქონდეს საქართველოში. ამას ყველაზე მეტად გია სალაღიშვილის ჯგუფში დაკვრისას მივხვდი. იატაკქვეშეთში ყოფნა აღარ მომწონს. მინდა, რომ სცენაზე მდგომმა, მსმენელს სიამოვნება მივანიჭო. შემიძლია დავუკრა მძიმე მუსიკა. ჩემი ოცნებაა ჰარდკორის დაკვრა. ჩემთვის, ამ მიმართულების ზენიტია Sepultura-ს ალბომი Roots. ამ მძიმე მიმდინარეობაში შეიძლება ისეთი მუსიკა და ტექსტი გააკეთო, რომელიც ლამაზი იქნება და არა რევოლუციური მოწოდება. რევოლუციების წინააღმდეგი ვარ.
შენ და მარტოობა, ან შენ და კოლექტივი. – რამეს კეთებისას, თუ ვინმე გვერდით დამიდგება, მაინც მე უნდა გადავხარშო ყველაფერი და იმას უნდა მივაწოდო, ვინც დამეხმარება. ამ შემთხვევაში სხვისი ხელები მჭირდება მხოლოდ. მე კოლექტივის ადამიანი ვარ, მაგრამ დიქტატორი (იცინის).
შენ და მეგობრები. – არ ვიცი, იქნებ დეპრესიულ მდგომარეობაში ვარ? აქედან გამოსვლას, ალბათ, 1-2 წელი დაჭირდება. მერე გავარკვევ, ვინაა ჩემი მეგობარი და ვინ არა. ნურავის ეწყინება, მაგრამ მეგობრობის დამთავრება არ ნიშნავს იქცე ვინმეს მტრად. ჩემი აზრით, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაარკვიო ვინაა შენი მეგობარი და საერთოდ, არის კი მეგობარი საჭირო?
შენ და კონცერტები. – ჩვენს მუსიკაში არაფერი არ ხდება! მუსიკოსები სცენაზე თავს მხოლოდ ერთმანეთს აწონებენ და არა მსმენელებს. საქართველოში მომუშავე არც ერთ როკ-ჯგუფს დღეს არ გააჩნია რკინისებური კონცეფცია ან ლოგიკა. არავინ არაფერს არ ამტკიცებს. სცენაზე გამოსასვლელი ჯგუფი ითვალისწინებს წინა ჯგუფის გამოსვლას და ისე მოქმედებს. თბილისის როკ-აქციის შემდეგ დიდი შეხლა-შემოხლა მქონდა „აუტსაიდერთან“, რა თქმა უნდა, ადამიანური ხერხებით და არა გინებით, თუ მუშტი-კრივით. ეს უკანასკნელი ჩვენს შორის არასოდეს ყოფილა და არც მოხდება. ერთმანეთს არასოდეს დავენდურებით, რადგან ერთად დიდხანს გვიცხოვრია, ამიტომ, ერთმანეთში ასეთი ჩხუბის უფლებაც გვაქვს. თბილისის კონცერტებზე ჩვენი ნარეპეტიციები პროგრამიდან მხოლოდ 1 სიმღერა გავიდა, სადაც მე უნდა დამეკრა. რობის მთელი ნაწვალები პროგრამა სცენაზე რომ გაეტანა, თბილისი ახალ „აუტსაიდერს“ აღმოაჩენდა და ეს იქნებოდა ამ ჯგუფის ახალი აღმავლობა.
სულის კუნჭულში სოლიდარობას ვუცხადებ ჯგუფ Best History-ს, რომელიც მე და გიომ (იგულისხმება გიო „ჟორა“ ხონელიძე. ლ.გ.) გავაკეთეთ. თავდაპირველად, ეს იყო კაიფის (არ გეგონოთ ნარკოტიკული კაიფი) ნიადაგზე, ანუ თამაშ-თამაშით შექმნილი ჯგუფი, რომელიც შემდეგ სერიოზულ საქმედ გადაგვექცა. მე მახსოვს შენს ერთ-ერთ ტელეგადაცემაში აღნიშნე, რომ ვატულის ჯგუფები მალ-მალე იშლებიანო. შენს სიტყვებში ცოტა დაცინვაც ამოვიკითხე, არ მწყენია და ყურადაც მივიღე. მართლაც, ძაან მალ-მალე მბეზრდება ყველაფერი, თუ პროგრესს არ ვხედავ. ავდექი და წამოვედი. აქ ცოტა ასაკობრივი სხვაობა იყო, თანაც, ჩემნაირი გიტარისტი აღარ ჭირდებოდათ. პრობლემებს ვქმნიდი, რადგან თითო პასაჟზე ნახევარსაათიან რეპეტიციას მაინც მოვითხოვდი, თანაც მინდოდა ყველას თავ-თავისი პარტი ზეპირად ესწავლა. დღევანდელ ჯგუფებში არ მომწონს ის, რომ ძალიან ადვილად აკეთებენ ყველაფერს, ამიტომ, როკ-მუსიკაში არაფერი არ ხდება. არ მეცადინეობენ. ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მართლა მეცადინეობს, არის „ბუნკერი“, მაგრამ უახლოეს თვეებში 5 კონცერტი მაინც თუ არ ჩაატარა, ეს ჯგუფი მოკვდება.
შენ და მე. – ჩვენ ერთმანეთთან ბავშვობა გვაკავშირებს და არასოდეს ურთიერთობაში პრობლემები არ გვქონია. ეს 14-15 წელიწადი, რაც ერთმანეთს ვიცნობთ, ჩვენ სიცილში გავატარეთ (ვიცინით). დაცინვაში კი არა, – სიცილში.
შენ და ეპილოგი. – მომწყინდა, ვიყო ექსტრემისტი მუსიკოსი. მუსიკოსებს ვთხოვ თავიანთი მუსიკოსობით ნუ მომაყენებენ შეურაცხყოფას და ეცადონ სულით მუსიკოსები გახდნენ. არ მომწონს, როცა ყველა სცენაზე ადის. ყოველთვის გავამწარებ იმ ადამიანს, რომელიც 2-ჯერაა ნამყოფი სცენაზე და რაღაცეების ახსნას დამიწყებს, რადგან ამ საქმეში მასეთ ადამიანებზე მეტი ოფლი მაქვს ჩაქცეული. მოკლედ, ყველასგან ზრდილობას მოვითხოვ. მე ვისურვებდი ქუთაისელებს ცხოვრების წესი შეეცვალოთ. მაინც საზოგადო მოღვაწე ვხდები (იცინის). ჩემი სურვილია: ჩვენი თანაქალაქელებმა სხვის ცხოვრებაში ძაან ცოტა იჩიჩქნონ, ნაკლებად იცინიკოსონ, მეტი იაზროვნონ, იფიქრონ, ერთმანეთს გაგებით მოეკიდონ და ა.შ.
გაზეთი P.S. #60, 1999 წლის 13 – 19 ნოემბერი
No comments:
Post a Comment