Sunday, November 7, 1999

ქართულ კულტურას აღორძინება კი არა, ცხოვრება სჭირდება!

სულ ახლახან გამოვიდა ჯგუფ Outsider-ის ახალი ალბომი, სახელწოდებით „მკვლელი“, რომელშიც შესულია ქ. თბილისში, რუსთაველზე მდებარე „თეატრალურ სარდაფში“ აკუსტიკურ კონცერტზე შესრულებული სიმღერები. კასეტები შეიცავს სიმღერების ტექსტებსაც. ამ ღირსშესანიშნავ მოვლენასთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფ Outsider-ის ფრონტმენი, მისი სული და გული, ჩემი მეგობარი, რობი კუხიანიძე. ჩვენი საუბარი შედგა სამხატვრო გალერეის ეზოში, სადაც მოვახერხეთ თავი დაგვეღწია ჩვენი საერთო მრავალრიცხოვანი მეგობრებისგან.

– რატომ არსებობს ჯგუფი „აუტსაიდერი?“

– ახლა ისეთ პრეტენზიებს განვაცხადებ, ცხოვრებაში რომ არ მითქვამს. მე აუტში ვცხოვრობ, მაგრამ ამ სიტყვებზე არა მაქვს მე ჩემი ცხოვრება აგებული და არც ვაპირებ. უბრალოდ, „აუტსაიდერი“ ცხოვრების წესია. თითოეულ ადამიანს თავისი ცხოვრების წესი აქვს და ამას თავისი სახელი დაარქვეს. მე არ ვიცი, მომატყუეს, თუ მართალი მითხრეს. ბავშვობისას ჩვენ წარმოგვედგინა, რომ შეგვეძლო, რაღაც შეგვეცვალა, სასწაული მოგვეხდინა. სისულელეს გავაკეთებდით, თუ სიკეთეს – მაგის გულისთვის არც ერთ ბავშვს არ დაგვიჭერდნენ და არც ახლა იჭერენ, რომ მიუხედავად იმისა, როგორც ამბობენ, ყველა პოტენციური მკვლელია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ფრიადზე არ დამიმთავრებია, მასწავლეს და ვიცი, თუ რას ვაკეთებ. ძაან მაგრად მინდა, რომ აქედან ყველა გაიქცეს, მიატოვონ აქაურობა, რომ აღარ დაბრუნდნენ და შეიცვალონ აზროვნება. ჯგუფის გაკეთებისკენ საახლობლომ მიბიძგა. 

„აუტსაიდერი“ დღესდღეობით არის საბა, რობერტი და კიდევ „სტრადივარი“, „ბაჯუ“. დანარჩენები – გასკდნენ გულზე, მაგრამ ისინი ჩვენთან დიდ პრაქტიკას გადიან და მაგალითს იღებენ. შესაძლოა ამ სიტყვებით მე რაღაც გავაფუჭე, მაგრამ ვიცი, რასაც ვამბობ. ყველა „საგულაოდ“ მიდის. შენ წარმოიდგინე, საბაც (ჯგუფის ბას-გიტარისტი. ლ.გ.) „საგულაოდ“ მიდის, რადგან, ალბათ, კომპიუტერები მოსწყინდა. ბოლოს და ბოლოს მან იმდენი იწვალა, ამ ჯგუფში საკუთარი ფული ჩადო, მაგრამ საბას გარდა, ზოგიერთმა კარიერას მიხედა და იდეა დაღუპა. აქ არ არის იდეოლოგიაზე ლაპარაკი. „აუტსაიდერი“ და რობერტია კუხიანიძე არანაირ იდეოლოგიას არ ემსახურებიან. ერთი „აუტსაიდერის“ და მაგ მცნების კარგიც... იჯუჯღურა! – ჩემზე ამბობენ ზოგიერთები და ახლა ელოდებიან კარგს როდის ვიტყვი მაგათზე. მე მათზე კარგს არასოდეს ვიტყვი. აქ მარტო გაბრაზება არაფერ შუაშია. ვერ გამიგია რამდენმა პარტიამ უნდა გამომირთოს და ჩამირთოს დენი, თუნდაც იმისთვის, სახლში კვერცხი რომ შევწვა. ვინც „აუტსაიდერი“ გამაკეთებინა, ყველას კაბა ეცვა, თუნდაც, კაცს, მაგრამ მე კაბის ქვეშ არ შემიხედია.

– ამ 13 წლის განმავლობაში რაც ჯგუფი არსებობს, გაიხსენე შენთვის ყველაზე ბედნიერი წუთები.

– აი, დღეს რეპეტიცია რომ მქონდეს, ბედნიერი ვიქნებოდი, – არ დავლევდი, არც მოვწევდი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მე რომ რეპეტიციებს გავუძელი, საქართველოს არც ერთ ჯგუფს არ ექნება განაძლები, მაგრამ დიდი შეცდომაც დავუშვი – ჯერ არ უნდა გამეკეთებინა აკუსტიკური პროექტი. ჩვენს ქვეყანას დროთა განმავლობაში რაღაც ნაწილს, ტერიტორიას აჭრიან, ამიტომ ჩვენ ძლიერ შევვიწროვდით. როგორც გვასწავლეს, თურმე, მხოლოდ ოჯახში უნდა ვისხდეთ კარგად და ერთ ოჯახში არ შეიძლება სხვადასხვა ადამიანების ყოფნა. წარმოიდგინეთ, რომ სამოთახიან ბინაში ვცხოვრობთ და ოჯახის წევრებმა სხვადასხვა ოთახებში შესვლისას უნდა ვაკაკუნოთ, თუნდაც, ტუალეტის კარზე, აქ შესასვლელად, ალბათ, პაროლის ცოდნაა საჭირო. ასეთი ოჯახის არ მესმის, ეს სახელმწიფო კი არა, რაღაც დებილიზმი, იდიოტიზმი, „იზმები“ და „ისტებია“, როგორც ზვიადისტები და შევარნაძისტები. მე ზვიადისტიც და შევარდნაძისტიც ვიყავი. ახლა მზად ვარ ვიყო მალხაზისტი (ჩემი შვილის სახელია). მზადა ვარ ჩემს შვილს პირველი ტერორისტული აქტი მე მოვუწყო, თუ მაგ სიტუაციაში გაერევა. თუკი ადამიანი საკუთარ თავში შემოქმედს ვერ პოულობ ს, მაშინ არც მუსიკაა საჭირო, არც ლექსები, არც საერთოდ, ხელოვნება. აქედან გასვლაა საჭირო. ჩემი აზრით, საქართველო ყველაზე თავისუფალი ციხეა. სადაც გინდა იქ იბორიალე, გარეთ ვერ გახვალ, არ გაგიშვებენ და იმიტომ.

მე „აუტსაიდერში“ იმიტომ კი არ მომიწია ცხოვრება, აუტში რომ ვარ და რაღაცა... ქართულ ენაზე „აუტს“ უფრო მეტი დატვირთვა აქვს. მე წრეზე ვცხოვრობ. თუ ხაზის რომელიმე მხარეს ხარ, ყველა შემთხვევაში, მაინც გარეთ ცხოვრობ. ამას ყიდულობენ და მე არ მიყიდია. თუ ფული ავიღე, საკუთარ თავს მივხედავ, რადგან ხელფასს არავინ მიხდის. ფულს მაშინ მომცემენ, როცა დავჭირდები, ერთი მაგათი დედაც... სადაც უნდა წავიდე, ჩემს ფუნქციას შევასრულებ. თუ საკუთარ „მე“-ში სასრული არ გაგაჩნია, მაშინ ღმერთთან მართალი ხარ.

– რობი, შენი აზრით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა?

– ძალიან მძლავრი რეფორმებია საჭირო. ძაან მაგარ ისტორიულ მონაკვეთში ვიმყოფებით. ჩვენ კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ. ამას წინათ, მუზეუმიდან რელიგიური სიმდიდრეები გაჰქონდათ. დედას გეფიცები, მართლა გაყიდიდნენ. რელიგია სულის კულტურაა. ქართულ კულტურას აღორძინება კი არა, ცხოვრება სჭირდება! ერთი ენა დაგვრჩა და აქაც კუთხურობას ებრძვიან. მეგრელები მეგრულად რატომ ლაპარაკობენო, ისინი აფხაზები კი არა, აფსუები არიანო, კახელები კახურად რატომ უქცევენო და ა.შ. ამ დროს ტელევიზიით ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე საუბრობენ. ახლა უკვე ქართული კულტურის სიკვდილზე მსჯელობენ. ტერიტორიებთან ერთად ჩვენი კულტურაც იკარგება. ბოლოს, ალბათ, იმ ტუალეტიდანაც გამოგვყრიან, ზემოთ რომ ვახსენე. ჩვენ ქუჩაში ლოთებს გვეძახიან, მაგრამ ვიცით, რომ ოჯახში ლოთობა არ შეიძლება. სახლში წესრიგი უნდა იყოს, მაგრამ გვაქვს კი ჩვენ სახლი? რაც უნდა მიყვარდეს ადამიანი, ძალიან ახლობელი თუ არაა, სახლში ვერ მივიღებ. მიუხედავად იმისა, რომ თეატრს დიდ პატივს ვცემ, მაგარ იდიოტიზმს ვხედავ მაგაში. უყურონ მთელი ცხოვრება რობერტ სტურუას და დადგან მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ შექსპირი. კონსტანტინე გამსახურდიას ჩემს ფეხებს შეეხებიან, რადგან მათთვის ის ძალზედ თანამედროვეა. ისინი კი სიძველეში ეძებენ თანამედროვეობას! მე თურმე, ამერიკელისგან და ინგლისელისგან უნდა ავიღო მაგალითი და ყველას დაავიწყდა, რომ ხორუმი ქართული ცეკვაა, – აქ ნაწარმოებს არ ვგულისხმობ. 

კულტურა მაშინ ვითარდება, როცა მუსიკოსი მუსიკოსის, პოლიტიკოსი პოლიტიკოსის გვერდით დადგება და ერთმანეთს დაუახლოვდებიან, ერთად დალევენ, ერთად შეჭამენ, ერთად დაუკრავენ, ან პოლიტიკაზე ისაუბრებენ, ამიტომ მე ვეცდები, რომ აქედან გავძვრე. საქართველოში ბევრი რევოლუცია მოხდა, მაგრამ არც ერთხელ – ევოლუცია, განსაკუთრებით კულტურაში. ქართველი, რატომღაც თოფით ცდილობს რაღაცის კეთებას.

– დღეს ახალგაზრდების უმრავლესობა ჩვენს ირგვლივ, მუდამდღე დასალევის ფულის ძიების „დვიჟენიებშია“. სამწუხაროდ, ამაში ჩართულები არიან 13-14 წლის ახალგაზრდებიც. როგორ აღიქვამ ამას ყველაფერს?

– ჰოო, ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ ხდება. როგორც ვიცით, სპირტიანი სასმელი თავს აბრუებს. ბევრ სახელმწიფოში, თუნდაც, აშშ-ში და ჩვენთანაც ერთი პერიოდი შემოიღეს ე.წ. „მშრალი კანონი“, ამ რეფორმებისას ადამიანებს ალკოჰოლი მძლავრად მოანდომეს და მხოლოდ ამის შემდეგ მისცენ. „მშრალი კანონის“ დროს ჭირდებოდათ ფხიზელი, ანუ გაღიზიანებული ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში ლოთები არიან. ამ ქვეყნებმა სხვა სახელმწიფოების დასანახად თავიანთ ტერიტორიებზე დიდი გამოსაფხიზლებელი გააკეთეს. ამას წინათ, ჩემს თვალწინ პოლიციელმა დაიჭირა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მეგობრები ახლდა. დაიჭირა იმიტომ, რომ მოტვინა, მოსაწევი ექნებაო. დანარჩენები ისე მაგრად ელაპარაკნენ პოლიციელს, ბავშვი გააშვებინეს, მაგრამ იმ პირობით, რომ პოლიციელი, ანუ „ძაღლი“ ე.წ. ჰაშიშის წილში ჩაუჯდებოდა მათ. ცუდია, რომ პატარა ბიჭს, რომელიც დასაჭერადაც არ ვარგა, არც იმხელა ასაკი ჰქონდა, რომ „ძაღლს“, – ადამიანს, რომელიც უხელფასოდ მუშაობს, – მისთვის „პლანი“ წაერთმია. საქართველოში პოლიციელები არ არსებობენ. არსებობენ „ძაღლები“, რადგან სახელმწიფომ შექმნა აზროვნება, რომ სათავეში მოსულმა ჩვენი ხელიდან უნდა შეჭამოს. თუ ასე გაგრძელდა, 20-30 წელიწადში საქართველოში ყველანი „ძაღლობაში“ დაასრულებენ სიცოცხლეს. ეს მალე უნდა დამთავრდეს, რადგან სატანისტური აზროვნებაა. სამწუხაროა, რომ საქართველოში ადამიანის სიცოცხლის ღირებულება 2000 დოლარია ამ ფასად შეიძლება ნებისმიერი ადამიანის განადგურება და ეს უკვე დაკანონებულია. კიდევ 20 წლის განმავლობაში ჩვენთან არაფერი შეიცვლება, რადგან ვინც ახლა ხელისუფლებაში მოდის, ისინი იმ მდიდარი მამიკოების გაზრდილები არიან, რომლებიც შვილებს ყოველ წუთში აგინებენ. ერთ მშვენიერ დღეს შვილები აჯანყდებიან და კითხავენ, რატომ გაქვს შენ ამდენი ფული? ამდენი რომ გაქვს, იმიტომ მოვკალი მე ვიღაც. მამის პასუხი ფილმ „მონანიებაშია“, – მე ამას იმიტომ ვაკეთებ, შენ რომ კარგად იყო, ოჯახი არ შერცხვეს და ა.შ. ამ აზროვნებას ატარებს ქართველი ერის ველური ნაწილი, მაგრამ ჩვენი ერის პოტენციაში დევს იმხელა სიკეთე, რომელიც საუკუნეების სიღრმიდანაა წამოსული. მიმიფურთხებია მსოფლიოს ყველა აზროვნებისათვის, განსაკუთრებით, ვინც ჩვენ ჭკუას გვარიგებს. გვასწავლიან როგორ უნდა ვიცხოვროთ. მე ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო: როცა მომშივდება, უნდა ვიმუშაო, და ვიშოვო იმდენი, სხვას რომ არ დააკლდეს. ჩვენი მილიონრები ფულის გოიმები არიან, თითო ქალაქში – 5-5 სახლი აქვთ. საბოლოოდ კი, ერთმანეთს რესტორნებში პატიჟებენ და ყველაფერი გასროლებითა და სისხლით მთავრდება ასეთი სუფრების დედაც...

– რობი, ძალიან ბევრი რამ არ მოგწონს. რა არის საქართველოში შენი მოსაწონი?

– ეს ადგილი, ეს მიწა მიყვარს. სიგიჟემდე მიყვარს ბუნება. იმდენი კარგი რამ ავითვისე,
რომ უკვე აღარ მომწონს, აქ ვიღაცები – ოხრები, ღვთის პირიდან გადავარდნილები და ჩათლახები რომ დაბორიალობენ. 

– რობი შენი აზრით, რა ხდება მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში?

– მე მიმაჩნია, თუკი მუსიკაში ადამიანი რამეს აკეთებს, ის საკუთარ გზას უნდა გაჰყვეს და ამას პროგრესი მოჰყვება. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე მსმენელისთვის მუშაობს. ეს ნიშნავს 30 წლის განმავლობაში დაუკრა ერთი და იგივე, ანუ იჯდე რაღაც სტანდარტებში. უნდა შეიცვალო, მაგრამ ეს არ ნიშნავს მსმენელი შეცვალო. როდესაც ადამიანი მუსიკის დაკვრას იწყებს, მას რაღაც სახელმძღვანელო უნდა გააჩნდეს. არიან მიმართულების (იგულისხმება მუსიკალური მიმართულებები ლ.გ.) ადამიანები, რომლებიც აკონკრეტებენ ვის, ან რას ემსახურებიან. ბავშვი იბადება, ჰაერს ნაფაზს დაარტყამს და ტირილს იწყებს. მიმართულების ადამიანები კი პირიქით, სიცილით იბადებიან. ისინი ვინც რაღაცას ემსახურებიან, ჩემთვის ეშმაკის მოციქულები არიან. უფრო სწორედ, მოციქულები კი არა, უბრალოდ, ბანძები არიან. ისინი ქმნიან რაღაც კონკრეტულ იდეოლოგიას და არ ემსახურებიან საკუთარ ღირსებას, რადგან ღირსებაში ფული ვერ იშოვება. მაგალითად, მაიკლ ჯექსონს შეუცვალეს კანის ფერი, – გაათეთრეს. ეს უკანასკნელიც ისეთი „კეთილია“, მის ბავშვს იატაკზე სათამაშო რომ დაუვარდება, სანაგვეში აგდებს. ჯექსონის ბრალი არაა, ასე რომ შვრება. კურტ კობეინის ბრალი არ იყო, ასე უხეშად რომ იცხოვრა. ასეთები იყვნენ კიდევ ჯიმ მორისონი და იან კერტისი მაგათ საშიშ აზროვნებაში მე ვერ ვერევი. იქ ჩაიხედო ნიშნავს, ყველაფერზე უარი თქვა 27 წლის ასაკში (თითქოს მაგიური ასაკია, როდესაც კვდებიან ახალგაზრდა როკ-მუსიკოსები ლ.გ.). ესაა გარე სიტუაციის შედეგი, როდესაც შენ უკვე ხვდები, რომ არაფერს არა აქვს აზრი და უფრო მეტ საშინელებას აკეთებ. მიმართულებების არსებობა მუსიკოსების ბრალი არაა, ეს ყველაფერი შოუბიზნესია, სადაც შენ გცდიან, თუ რამდენ ხანს გაუძლებ „სხვის დაკრულზე ცეკვას“. 


დღეს საქართველოს როკენროლში ხშირად ახსენებენ როკის მამებს და დედებს. უკვე ბაბუები და ბებიებიც კი გახდნენ. საზღვარგარეთ ასეთ სისულელეებზე კარგა ხანია აღარ ლაპარაკობენ. მე არასერიოზულად ვუყურებ ყველას, ვინც მიმართულებას ეძებს. უბრალოდ, შენი სათქმელი უნდა თქვა და მუსიკაში უნდა იცხოვრო, ტკივილი უნდა დააფიქსირო. ღმერთმა ისეთ ადამიანზე მომასმენინოს, ვერც საკუთარ სიკეთეზე და კარგ განწყობილებაზე იმღერებს. არასერიოზულია, როდესაც ხელოვანი ფიქრობს როგორ ვიცხოვროო. როგორც ცხოვრობ, ისე უნდა იცხოვროს ადამიანმა.

კარგა ხანია არაფერი დამიწერია და გამიკეთებია, რადგან რაღაცეები ჯერ ვერ გავარკვიე, ვერ აღვიქვი განვლილი გზა. დღე მეტაიება, მეძუძუება, მაგრამ არასოდეს პორნოგრაფია არ დამიგდია და არც დავაგდებ. ყველაზე საშინელი ბოზი არის ის ადამიანი, რომელიც საკუთა გრძნობას ჟიმავს, მაშინ კაცი უნდა მოკლა, დააყაჩაღო, –სულზეა ლაპარაკი.

– რით განსხვავდება ახალი ალბომი „მკვლელი“ 1992 წელს მოსკოვში ჩაწერილი ფირფიტისაგან Inside?

– Inside კომერციული ალბომი იყო, მაგრამ თავად კაპიკი არ მიშოვია. „მკვლელი“ საკონცერტო, ცოცხალი ჩანაწერია. ამ შემთხვევაში 60 კასეტაზეა საუბარი. ეს ალბომი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, თანაც ის კონცერტი კარგი იყო თბილისში, სადაც მისი ციფრული ჩანაწერი გაკეთდა. მომეწონა, მომწონს და რა ვქნა? Inside-სთვის მე არ ვიყავი მზად, რომ მომწონებოდა. პატარა ვიყავი იმისათვის, რომ გამეგო, რა გავაკეთე.

– ყველაზე მშვიდად სად გრძნობ თავს?

– ყველაზე მშვიდად მინდა სახლში ვიგრძნო თავი ჩემს არანორმალურად გამგებ ოჯახში. ცუდი ბიჭი ვარ მე, მაგრამ არა საზოგადოების შეხედულებით, რომელიც ბევრი უსამართლო ცოდვას მტენის. უფლება არა მაქვს ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია დავკარგო.

– სხვა ჩვენებურ ჯგუფებზე რას მეტყვი?

– მაგრად მინდა ქუთაისიდან „ბუნკერი“ და Best History „დაკატავდეს“. მათ არავითარი მხარდაჭერა არ ექნებათ ჩემგან, მაგრამ ვამბობ ძაან კარგი ბიჭები არიან. სოსოია ივანეიშვილზე აღარაფერს ვამბობ, იმდენად კარგი რამაა „პულსი“. მიკვირს, რომ ამ ადამიანს ვერავინ გაუგო. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე 2000 წლიდან „სტრადივარი“ ძაან ბევრ კარგ რაღაცას გააკეთებს. თუ „ბუნკერი“, „პულსი“ და Best History ერთად იქნებიან, ბევრი რამ გაკეთდება. მაგრამ თუ კი ისინი ცალ-ცალკე დაიწყებენ ფულის შოვნას, არაფერი გამოვა. მომავალში არ იარსებებს „გაპრანჭული“ მუსიკა, – ზოგადად ვამბობ. ერთი ძალიან მაგარი ჯგუფი არსებობს თბილისში – ესაა ბესელა და მისი ჯგუფი „კონტრაბანდა“. ამ ჯგუფს, ალბათ, მალე ექნება კონცერტი ქუთაისში. 

– მე-20 საუკუნის საუკეთესო მუსიკოსი საქართველოში და მსოფლიოში.

– საქართველოში – ჰამლეტ გონაშვილი, მსოფლიოში – ქართველი როკენროლის მამა (იღიმის).

P.S. ყურადღება! ადამიანის უფლებები დაირღვა!...

წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როდესაც ქუთაისის სამივე ტელეკომპანიის ეთერში გადაიცა ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ ტელე-რადიო კომპანია „ივერიონში“ დამზადებული წინასაარჩევნო სარეკლამო გადაცემა. იდეის ავტორებმა გადაცემაში გამოიყენეს რობი კუხიანიძის სიმღერა „მაფია მშია!“ ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ იდეის ავტორმა არ ჩათვალა საჭიროდ, ავტორისგან ნებართვა აეღო კომპოზიციის გაშვებისთვის. როგორც რობიმ აღნიშნა, სიმღერის გამოყენება მასთან შეუთანხმებლად მოხდა, რაც, ელემენტარულად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და უზრდელობაა. რობიმ განაცხადა, რომ ეს სიმღერა არც ერთი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის დაწერილია 10 წლის წინ. ჩვენი მხრივ, დავამატებთ, რომ შეილახა შემოქმედის საავტორო უფლებები. სამართლიანობის აღსადგენად, ვფიქრობთ, აუცილებელია, ჟურნალისტმა ბოდიში მოიხადოს. იმედი გვაქვს, ფეხქვეშ არ გაითელება ადამიანური ღირსებები, მით უმეტეს პიროვნებისა, რომელიც ამ საქმესთან არავითარ კავშირშია. 

ლაშა გაბუნია – ჯგუფ „აუტსაიდერის“ გულშემატკივართა და მსმენელთა სახელით

გაზეთი P.S. #59, 1999 წლის 7 – 12 ნოემბერი

No comments:

Post a Comment