საერთოდ, თანამედროვე მუსიკაში ყველაზე სერიოზულები, ნაკლებად ენაწყლიანები და ნაკლებად პრეტენზიულები, მაგრამ ამავე დროს, გონებამახვილები, დაკვირვებულები უმრავლეს შემთხვევაში ბას-გიტარისტები არიან. ამ შემთხვევაში, გამონაკლისებად უნდა მივიჩნიოთ სიდ ვიშეზი, პოლ მაკარტნი, როჯერ უოტერსი. ძირითადად, ბას-გიტარისტებს მუსიკის გარდა სხვა გატაცებაც გააჩნიათ, მაგრამ მათ სამართლიანად ჯგუფის ძრავებს (გულს) უწოდებენ, რომელთა პულსაციაზეც დამოკიდებულია ნებისმიერი მუსიკალური კოლექტივის წინსვლა და წარმატება. სწორედ, ასეთ დიდ ბასისტებად როკში არიან აღიარებულები: ჯონ პოლ ჯონსი (Led Zeppelin), როჯერ გლოვერი (Deep Purple), ტერი ბატლერი (Black Sabbath), ქრის სქუაიერი (Yes), ჯონ დიკონი (Queen), ქრის ნოვოსელიჩი (Nirvana) და მრავალი სხვა. ამ და სხვა, კიდევ უკეთესი ადამიანური თვისებებით უხვად დაჯილდოებულია ის პიროვნება, რომელსაც დღეს მე თქვენ გაგაცნობთ.
სახელი, გვარი: საბა კუპრაშვილი.
ზედმეტსახელი: ბასა.
მოკლე ბიოგრაფია: დაიბადა 1972 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის მე-3 სამშობიაროში. სტაბილურად სწავლობდა ქალაქის პირველ საშუალო სკოლაში (დღეს კლასიკური გიმნაზია). 11 წლისამ დაიწყო ხალხური სიმღერების შესწავლა. 12 წლისა 7-სიმიანი გიტარის რამდენიმე აკორდს დაეუფლა. 14 წლისამ კი სკოლის ორკესტრ „გაზაფხულში“ შეისწავლა 6-სიმიან გიტარაზე დაკვრა, მაგრამ მალე იძულებული შეიქნა, გადასულიყო ბას-გიტარაზე დათო ჯანელიძის ბიგ-ბენდ „აისში.“ ბენდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის ფესტივალში „შირე კრუგ“. 1989 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. დაამთავრა უკვე ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით, ელექტროტექნიკის ინჟინერი.
1994 წელს მუშაობდა ეროვნულ ბანკში ინკასატორად და უფროს პროგრამისტად (ეკონომისტად), ნამუშევარი აქვს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში. მუშაობს საქართველოს ტელეკომსა და ჩვენს რედაქციაში კომპიუტერულ დიზაინერად.
ჰო, კიდევ ერთი აუცილებელი შტრიხი (საკმაოდ სქელი) – უნივერსიტეტში სწავლისას, I კურსის I სემესტრის მიწურულს ფიზკულტურის დარბაზში მან გაიცნო „სტრადივარი“ (ვატო ნებიერიძე), რომელმაც ის მიიყვანა „მელომანში.“ ასე მოხვდა ქუთაისის ლეგენდარულ როკ-ტუსოვკაში და მოგვიანებით ჯგუფ „აუტსაიდერში“, რომლის უცვლელი ბას-გიტარისტია დღემდე.
მთავარი ღირსებები: აქვს შესანიშნავი იუმორის გრძნობა. „იუმორის გრძნობა კარგი გრძნობაა“ – ამბობს იგი. აქვს ბევრი პროფესია: არის ე.წ. კომპიუტერშჩიკი (პროგრამისტი), მის ხელში გამოვლილია თითქმის ყველა კომპიუტერი, რაც ქალაქში შემოსულა და შემოდის. არის, აგრეთვე, ზემოთაღნიშნული მოაზროვნე მანქანების შესანიშნავი დასტაქარი. ესმის ტელეოპერატორობა და ტელემონტაჟი. ამ უკანასკნელის უმწიკვლოდ მცოდნეა. ქალაქში პირველი ტელე-კომპიუტერული გრაფიკა, სწორედ, მისი ნახელავია.
კურიოზი: ქუთაისში I პირდაპირ სატელევიზიო საკონცერტო ცოცხალ ჩართვაზე საბა ასრულებდა შემდეგ ფუნქციებს: 1. წინასწარი გადაღებები, 2. მონტაჟი, 3. სატელევიზიო ხმის რეჟისორი, 4. ცოცხალი, პირდაპირი ტელეეთერის ტრანსლაციის რეჟისორი, 5. ხარვეზების აღმომფხვრელი, 6. მუსიკოსი (დაუკრა ჯგუფ „აუტსაიდერთან“ ერთად). არის ხმის რეჟისორი – ქუთაისში პირველმა ჩაწერა კომპიუტერში ცოცხალი ჯგუფი (დასარტყამების ჩათვლით). შეუძლია შესანიშნავად წაიყვანოს რადიოგადაცემაც (ერთ დროს „შუაღამის გემში“ პროგრამა მიჰყავდა, მას „DJ გვირილა“ ერქვა). ესმის ტიპოგრაფია, აკეთებს შესანიშნავ ლიმონათის ეტიკეტებსა და სხვა სასუსნავების აქსესუარებს. შესანიშნავი დიზაინერია და კლიპმეიკერი. წინასაარჩევნო გაწამაწიისას მის მიერ დამზადებული სხვადასხვა დეპუტატობის კანდიდატისა და პარტიის რეკლამა თვალშისაცემად ბრუნავდა ჩვენი ქალაქის ლეგენდარული ტელევიზიების ეკრანებზე. კარგად ერკვევა კაბელებსა თუ ჯეკებში, შეუძლია დაზიანებული საყოფაცხოვრებო ნივთების შეკეთებაც.
უკრავს სხვადასხვა სიმებიან გიტარებზე, მათ შორის ბასზე და ფორტეპიანოზე. ერკვევა ფიჭურ ტელეფონებში. ძალიან (ნამეტნავად) უყვარს ლუდი და მეგობრები (სიმეგობრიზმობადობის გრძნობა უყვარს). ის უყვართ.
ნაკლოვანი მხარეები: მეჩვენება, რომ ზოგჯერ იცის უადგილოდ დამთქნარება. მეტს ვერაფერს ვამჩნევ, რომ კეთილი გულით ასე ხმამაღლა განვაცხადო...
ჩვენს რედაქციაში დიდსა და პატარას ძალიან უყვარს საბა, ამიტომ, გადავწყვიტე, კითხვები ჩვენი საერთო კოლეგებისგანაც შემეგროვებინა და მისთვის დამესვა. ეს ინტერვიუ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. პირველში საბა ჩვენი რედაქციის თანამშრომელთა კითხვებს უპასუხებს, მეორეში – ჩემსას.
ნაწილი I
– მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ერთ სპეციალობას ფლობ, ბევრ პროფესიაში გათვითცნობიერებული ხარ. ჩვენს მეგობრებს აინტერესებთ, რომელი მათგანი უფრო მოგწონს, რომელს უფრო დიდი ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
– მე, საერთოდ, ელექტრობის სპეციალისტი ვარ, ვერკვევი სამრეწველო ელექტრონიკაში. ყველაზე მეტად მაგ ელექტრონიკა მომწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დღეს არავის ჭირდება, – ქარხნები არ მუშაობს, საპროექტო ბიურო დახურულია და ქე მაქვს ეს პროფესია ისე, ჩემთვის. დიდი ადგილი უჭირავს კომპიუტერს, მაგრამ აქაც სამომხმარებლო საქმეებს ვაკეთებ, რადგან პროგრამების წერა (პროგრამისტობა) არავის ჭირდება, ამიტომ, ტიპური ოპერატორი ვარ. ქუთაისში მომხმარებლებს პროგრამისტებს უწოდებენ რატომღაც...
მუსიკა მთელი ჩემი ცხოვრების თანმხლებია. ეს არ არის პროფესია, არც – ჰობი, ჩვეულებრივი ცხოვრებაა. როგორც წყალს ვსვამ, ვსუნთქავ, ისე ვუკრავ მუსიკას. ეს პროფესია კი არა, ცხოვრების წესია.
– კითხვას გისვამენ: სამუდამოდ აპირებს ბებერი ქუთაისის შვილობას, თუ წასვლა სურს სადმეო?
– წასვლაზე არ მიფიქრია. სიმართლე რომ გითხრა, სხვაგან თუ უკეთესად ვიგრძნობ თავს, შესაძლოა წავიდე, მაგრამ ეს ჩემი თვითმიზანი არაა, აქაც მყოფნის საკეთებელი. იქნებ ჯობდეს სხვაგან მუშაობა, მაგრამ მე კონსერვატორი ვარ, მეზარება სადმე გაქცევა და ყველაფრის ხელახლა დაწყება. ამის შესწავლას აქ 15 წელი მოვანდომე, იქ კი, უცხო ტომში, 15 წელს ვინ მომცემს?
– გეკითხებიან: შვილი რომ გყავდეს, რომელ საბავშვო-მუსიკალურ სტუდიაში მიიყვანდი?
– საერთოდ, არც ერთი სტუდიისკენ არც გავახედებდი. რატომ უნდა მივიყვანო სტუდიაში? მუსიკით თუ დაინტერესდება, სტუდიაში მიყვანას აზრი არა აქვს, რადგან, ჩემი აზრით, იქ ისეთს არაფერს ასწავლიან, ეს გართობაა მხოლოდ, მეტი არაფერი. სერიოზულ მუსიკას ბავშვი მუსიკალურ სკოლაში უნდა დაეუფლოს. მე თვითონ მას არაფრისკენ ვუბიძგებ, თავის რეალურ ინტერესს რომ არ ავაცილო. ბავშვი თავად ამჟღავნებს ინტერესს. არ უნდა დააძალო, გინდა თუ არა ეს აკეთეო. მე მგონი, ჩემი შვილი უინტერესო არ იქნება (რაღაცით დაინტერესდება), თუ არა და მაშინ, ბირჟაზე დადგება ქუჩაში.
– კატეგორიულობა რა შუაშია (იღიმება). უბრალოდ, ჯერ სურვილი არ გამჩენია ცოლის მოყვანის, თორემ წინააღმდეგი არა ვარ.
– რატომ არა აქვსო საბას „აუტსაიდერის“ შესაფერისი ჩაცმულობა და ვარცხნილობა?
– საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ „აუტსაიდერის“ შესაბამისი ჩაცმულობა და ვარცხნილობა? თუ პირველ კითხვას გავიხსენებთ, მე რამდენიმე პროფესიას ვფლობ. ჰოდა ყველა პროფესიის შესაფერისად როგორ ჩავიცვა?
– კოლეგას აინტერესებს, ყველაზე ხშირად რომელ სადღეგრძელოს სვამ?
– გაგვიმარჯოს!
– რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში ფილოსოფიას?
– ფილოსოფიას ჩემს ცხოვრებაში ნაკლები ადგილი უკავია. მხოლოდ სიმთვრალეში ვფილოსოფოსობ და ყველაფერს ვლაპარაკობ, რაც თავში მომდის (იცინის). ეს ზოგს სიბრძნედ ეჩვენება, ზოგს – სიშტერედ, მარა, მე ეს ყველაფერი მერე აღარ მახსოვს და ისევ თავიდან ვიწყებ... ფილოსოფია არ მიყვარს. ფილოსოფია სიბერის ნიშანია და, ალბათ, დავბერდი...
– გეკითხებიან, რობი კუხიანიძე ვინ არისო.
– რობი კუხიანიძე ჩემი მეგობარია.
– ასეთი კითხვაც ჩამაწერინეს: ქრონიკულად ქველმოქმედი საბა როდის შეწყვეტს მეგობრების ხელის გამართვასო?
– ქრონიკული თუა, ე.ი. აღარ განვიკურნები, მაგრამ ეს ქველმოქმედებაც არაა. ამას სხვისთვის კი არ ვაკეთებ, არამედ – ჩემთვის, მსიამოვნებს და იმიტომ. ალტრუიზმისაგან შორს ვარ, არც ეგოისტი ვარ. უბრალოდ, გამიმართლა, რომ ჩემი სურვილები ხშირად ემთხვევა მასების კეთილდღეობისათვის საკეთებელ საქმეებს.
მე და ბასა კარგი მეგობრები ვართ. ჩვენს საერთო ანგარიშზეა სატელევიზიო, თუ რადიო სტუდიებში მუშაობისას თავზე დათენებული ღამეები და ძალიან ბევრი, ბევრი ბოთლი, თუ კათხა ლუდი. ჩვენ ერთმანეთს უკვე სადღაც 10 წელია ვიცნობთ. ძალიან რთულია გააკეთო ინტერვიუ, ან წერილი ნაცნობ ადამიანზე, რადგან შესაძლოა ისეთი ინფორმაცია გაგეპაროს, სხვისთვის რომ გაუგებარია. უცნობისაგან ინტერვიუს აღებას 1 საათზე მეტ ხანს ვანდომებ, რათა ინტერვიუს გარეშე ინფორმაცია არ დამრჩეს დაუფიქსირებელი – ბიოგრაფიული მომენტები, ადამიანის სახასიათო შტრიხები, რესპონდენტის ფიქრებიც კი. ბასასთან ინტერვიუ (ორივე ნაწილი) 15 წუთში ჩაიწერა. ჩვენთვის ესეც საკმარისია.
ნაწილი II
– ადამიანის სრული ბედნიერებისათვის რა არის საჭირო ჩვენთან?
– ლუდი.
– საერთოდ?
– ფული. ფული არა აქვს ყველას, სხვა არაფერი გვაკლია.
– რომელ მომღერალზე შეგიძლია თქვა, „რა სასიამოვნო ხმას გამოსცემს ეს ადამიანი“?
– ჯგუფ AC/DC-ის ვოკალისტ ბრაიან ჯონსონზე, თუმცა ბონ სკოტსაც სასიამოვნო ხმა ჰქონდა ადრე.
– ჩემი აზრით, როკენროლში მხოლოდ მაშინ ცხოვრობ, როდესაც უსმენ ან უკრავ როკენროლს. საერთოდ, ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, ზოგიერთი – საქმეში, ზოგი – როკენროლში, ზოგიც არაფერში ცხოვრობს. კონკრეტულად თქმა იმისა, რომ როკენროლში ვცხოვრობო, მარიაჟი (კოხტაპრუწობა ლ.გ.) გამოდის. მოდური გამოთქმაა: აი, შემხედეთ, მე როკენროლში ვცხოვრობ. ეს ყველაფერი ხელოვნურია, ჩაცმულობაც ხელოვნურია თუ სხვის დასანახავად იცვამ. თუ გეძინება და ამ გამოთქმისთვის და იმისათვის, რომ მერე სხვებთან თქვა, – იატაკზე იძინებ – ესეც ფარსია.
– როგორი მუსიკა იჟღერებს ახალ, მომავალ საუკუნეში?
– იმდენად მოსაწყენი ხდება ხალხისთვის და თინეიჯერებისთვის თანამედროვე პოპულარული მუსიკა, – ვთქვათ ტექნო ან თუნდაც მძიმე (ასეთი მუსიკაც პოპულარული გახდა), – მომავალში, ალბათ, უფრო კლასიკა და ჯაზი წამოიწევს წინ. ეს ბუნებრივია, რაღაცა რომ მოგწყინდება, ეძებ იმას, რაც ნაკლებად ჩანს. ამ წუთას, მე პირადად ვეძებ ჯაზს, ნაკლებად კლასიკას, რადგან ამდენი განათლება არა მაქვს, რათა კლასიკურ მუსიკას ჩავუღრმავდე. უფრო საინტერესო და სერიოზული მუსიკისკენ გადაიხრება ხალხი, ცარიელა მუსიკა მოსწყინდება. ალბათ, აღარ იარსებებს ცარიელა ტექნო და საქართველოში იმედია რეპი პოპულარული არ გახდება. მე ამათი წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მეჩვენება, რომ ცარიელი, არაფრისმომტანი თემებია. ჩემი სურვილია, მომავლის მუსიკა იყოს სერიოზული. ასეთები კი ჯაზი და კლასიკაა. დაკვრაზე პრეტენზია არა მაქვს (არადა საბა გასაოცარი იმპროვიზატორი და ცოტა კომპოზიტორიცაა ლ.გ.), მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ, რაც ადრე მსიამოვნებდა, დღეს ნაკლებად მიზიდავს. ადრე მთელი დღეები მძიმე მუსიკას ვუსმენდი, ვხერხავდით და ვხერხავდით (იცინის)... ახლაც შემიძლია მოვუსმინო, ძაან შევეჩვიე, მაგრამ უკვე მაინც მაწუხებს...
– ეს ასაკის ბრალი ხომ არაა?
– ეს განვლილი დროის ბრალია. 50 წლის ასაკში როკის მოსმენა რომ დაიწყო, 70 წლისას უკვე მოგწყინდება, 12 წლიდან კი – ალბათ, ჩემს ასაკში. ამ სტილიდან კონკრეტულად მარტო რამდენიმე სიმღერა მომწონს. მთლიანობაში, როკ-მუსიკას უკვე ვეღარ ვუსმენ. საინტერესო მუსიკა ყველა ჟანრში შეიძლება მოისმინო. ერთადერთს, რასაც ვერ ვუსმენ – რეპია, მართლა „ვერ ვგებულობ“.
– ქართველი მუსიკოსებიდან თუ მოგწონს ვინმე თავისი აზროვნებითა და მუსიკით?
– სიმართლე რომ ვთქვა, ზუსტად არ ვიცი. შესაძლოა საქართველოში ასეთი გამოკვეთილი მუსიკოსი იქნებ არის კიდეც, მაგრამ არ ჩანს... შემიძლია ვთქვა, რომ გია სალაღიშვილი არის პროფესიონალი შემსრულებელი და კარგი მუსიკოსი. დანარჩენები, არ ვიცი... ალბათ, აქედან წასულები არიან ან სახლებში სხედან. სერიოზული, პროფესიონალი მუსიკოსი, საერთოდ, დეფიციტია ჩვენს ქვეყანაში. თანაც არავინაა შემფასებელი, რადგან მასა ძირითადად, მდარე ხარისხის მუსიკას უსმენს, – ყველაფერს უსმენს, ამიტომ, როცა მოთხოვნილება არაა, შესაბამისად, პროდუქციაც არ არის. ძლიერი სპეციალისტები, ვთქვათ, ექიმები, აქედან მიდიან. სერიოზული მუსიკოსებიც, რომლებიც მარტო ფულზე კი არ ფიქრობენ, არამედ აღიარებასა და დაფასებაზე, – აქედან მიდიან. მალე აქ აღარავინ დარჩება! მუსიკისთვის ხომ თავი უნდა გადადო და მან ფული თუ არ მოგიტანა, ისე ვერ გაჩერდები. არ გამოვა, მაღაზია გახსნა და თან მუსიკა წერო. ასე რომ, სერიოზულ ქართველ მუსიკოსებს, სამწუხაროდ, ვერ დაგისახელებ.
– იუმორის გრძნობაზე რას იტყვი?
– კაი გრძნობაა (ვიცინით).
საბამ, ინტერვიუს შემდეგ ღიმილით მთხოვა, მასალის დაბეჭდვის შემთხვევაში გაზეთის ერთი ეგზემპლარი შემახვედრეო. ხომ ავასრულე, ბასა, ჩემი პირობა? მოდი, ახლა ლუდი დავლიოთ ერთად. ყველას „თოფაძე“ ჯობია.
გაზეთი P.S. #85, 2000 წლის 8 – 15 მაისი
No comments:
Post a Comment