Monday, January 24, 2000

მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი

ის, რაც გია სალაღიშვილს და მე ყველაზე მეტად ერთმანეთთან გვაახლოებს, – ჩვენი საერთო დაბადების დღეა, დაბადების წლები კი სხვადასხვა გვაქვს. მაშ ასე, გია სალაღიშვილი დაიბადა 1963 წლის 27 იანვარს. მე-4 კლასიდან დაიწყო დასარტყამების შესწავლა გია წკეპლაძესთან. მერე ნიკოლოზ ედგარიძის ორკესტრში მოხვდა. დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი და კონსერვატორია. ამ პერიოდში უკრავდა ვიტალი სამხარაძესთან. თბილისში გადასვლის შემდეგ, როგორც გია ამბობს, გაუმართლა, რომ ყველანაირ სტილსა და მიმართულებაში მოუწია მუშაობა. გიას მრავალ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მას კარგად იცნობენ ევროპის ქვეყნების სოლიდურ ჯაზურ წრეებში. ქუთაისელი გია სალაღიშვილი მშობლიურ ქალაქში იშვიათად ჩამოდის. ბოლოს 29 დეკემბერს ჩამოვიდა დათო ევგენიძესთან ერთად და კონცერტის შემდეგ ახალწლებზე ქალაქს შემორჩა. ჩვენი საუბარი ლუდის ბარში გაიმართა, რა თქმა უნდა, კათხა ლუდის თანხლებით. გია, ჩვეულებისამებრ, სასიამოვნო მოსაუბრეა, რომელიც ყოველთვის გასაგებად ამბობს თავის სათქმელს.

– ის, რომ ბავშვობიდან მუსიკით ვცოცხლობ, ალბათ, უფრო გენის ბრალია. ჩემი გვარის წარმომადგენლები უმეტესად მუსიკოსები იყვნენ. ბაბუაჩემის ერთი ბიძა ვირტუოზულად, ცხვირის ნესტოებითაც კი უკრავდა სალამურზე, მეორე – აკორდეონზე, მესამე – დუდუკზე, თვითონ ბაბუაჩემი კი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მედოლე იყო, სუხიშვილებშიც უკრავდა. 

1973 წლიდან ვუკრავ და ამ საქმით პურსა ვჭამ, რადგან სხვა ბიზნესი არა მაქვს, თუმცა, მქონია სურვილიც, თავი დამენებებინა მუსიკისთვის, ვინაიდან ორი პატარა ბიჭი მყავს და ხომ იცი, შვილებს რამდენი რამ სჭირდება? მივხვდი, რომ ასეთ საქმიანობაში ვერ ვივარგებდი. მე არ მესმის ბუღალტერია და ეკონომიკური მომენტები. მუსიკოსი ბოჰემაში, მისტერიაში ცხოვრობს, ხოლო ბიზნესი სულ სხვა გარემოა. ამიტომ მარტო მუსიკალური ბიზნესის გაკეთება მსურს: საკუთარი კლუბის შექმნა, ჯგუფების ჩამოყვანა და ა.შ.

ჩვენთან, საქართველოში, არიან პიროვნებები, რომელთა იდეებიც არ ჩამოუვარდება იდეებს. როკშიც არიან საინტერესო, ნიჭიერი შემსრულებლები. მთავარია აზროვნება, თორემ 7 ნოტს, შეგიძლია, ტექნიკურად კარგად დაეუფლო, იმეცადინებ და მორჩა. მთავარია, რა აზრებით მოდიხარ და რისი თქმა გსურს. დიდი მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციასა და არანჟირებას, მაგრამ ეს ნიჭიერი მუსიკოსები ნათლად არ ჩანან. მე, მაგალითად, გამიმართლა, რადგან მქონდა საშუალება, მეკეთებინა ის, რისი კეთებაც მსურდა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობებიც მქონდა. ამ მუსიკოსების აღიარებასა და მუშაობას ხელს უშლის ქართული მენტალიტეტი, რომ ჩემზე წინ არავინ არ უნდა წავიდეს. მე კარგად მახსოვს პიანისტებს შორის შეხლა-შემოხლა, რომ მე უნდა ვიყო და არა შენო... აი, ამას უნდა გავექცეთ მუსიკის კეთება თუ გვინდა. მაგ. ჩიკ კორეა და კიტ ჯარეტი ნიუ-იორკში ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთი არ დაუჭამიათ. ჩვენ ხომ სუყველანი სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. მე ჩემი აზროვნება მაქვს, შენ – შენი. ჩვენ ერთმანეთს ვერ დავემგვანებით. ჩვენ თუ ერთმანეთს დავემსგავსებით ერთფეროვან სამყაროს შევქმნით. როდესაც ერთად დაკვრას ვიწყებთ, ვამბობ ხოლმე, მოდით, ყველა ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ. 

გია სალაღიშვილი შესანიშნავი ვიბროფონისტი და დრამერია. მან აზროვნება ახსენა. მე მახსოვს მისი კონცერტები ქუთაისში: „ბითლზების“ მუსიკის კამერული ინტერპრეტაცია. სუფთა, ქართული სულის მქონე დასარტყამების გრანდიოზული შოუ და კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საინტერესოა, საით არის მიმართული დღეს გიას აზროვნება და რას აპირებს უახლოეს მომავალში.


– მზად მაქვს ოთხი საკონცერტო მასალის პარტიტურა. ოთხივე ქუთაისში მსურს განვახორციელო ერთმანეთის მიყოლებით – ერთგვარი მინი-ფესტივალი იქნება. ცოტა ეგოისტურადაც გამომდის 4 საღამო (იცინის). ყველაფერს ფული უნდა. დიდი პრობლემაა სიმფონიური ორკესტრი. მინდა, მოსკოვიდან ჩამოვიყვანო ჩემი მეგობარი საქსოფონისტი, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველოში კარგი ჩასაბერი ინსტრუმენტალისტები, იმპროვიზატორები და არა ნოტებზე დამკვრელები, – არა გვყავს. თბილისიდან ჩასაბერი ორკესტრიც უნდა ჩამოვიყვანო, ქუთაისური გუნდი მეყოლება. დღეისათვის მხოლოდ ტელეპროგრამა „ჯემი“ მაძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას. იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ. 

დიდი ხანია, რაც არტ-როკ ჯგუფის გაკეთება მსურდა. ამის შესახებ ვესაუბრე ჩემს დანიელ მენეჯერ მეგობარს. მას მოეწონა ეს აზრი. ამ როკ-ჯგუფისთვის ვეძებდი არასტანდარტული თვალთახედვის მქონე გიტარისტს, რომელსაც თითქმის ყველაფერი ექნებოდა მოსმენილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ექნებოდა საკუთარი ხელწერა. მე მოვუსმინე ვახტანგ კიკალეიშვილის ჩანაწერს და მასში დავინახე ეს პოტენცია. ჯგუფ ARE-ში კიდევ ბას-გიტარისტი ლევან დეისაძე ავიყვანეთ, ჩავედით თბილისში და ჩავწერეთ კომპაქტი, სადაც ვოკალი საზიზღრად არ მომწონს, რაც ჩემი ბრალია. ყველა ტექნიკურ სირთულეს ბიჭებმა თავი გაართვეს. მინდა ამ ჯგუფსაც ჰქონდეს კონცერტი უახლოეს თვეებში.

საინტერესოა, რას ფიქრობს გია 21-ე საუკუნის მუსიკის შესახებ. 

– ჩემი აზრით, 21-ე საუკუნეში ყველა მუსიკალური ჟანრების სინთეზი მოხდება. ზოგი ამბობს, რომ როკენროლი მოკვდა. მაპატიოს ზოგიერთი სხვა მიმდინარეობების მიმდევრებმა, თუნდაც რეპერებმა, მაგრამ ყველგან საფუძველში როკენროლი დევს. ყველა თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობათა საფუძველია: როკენროლი, სოული და ბლუზი. როკ-მუსიკის კონცეფციის გაგებას სწორი მიდგომა სჭირდება. ჩვენთან ახლა ასეთი ტენდენციაა, რომ ბევრი მუსიკის ნასმენ ადამიანს შეუძლია, ხელში აიღოს გიტარა და მაშინვე დაუკრას. ნელ-ნელა უნდა მიჰყვე საქმეს და მიხვალ იმ ადგილას, როდესაც შეგეძლება იმის გაკეთება, რაც გინდა. ახალ საუკუნეში, რა თქმა უნდა, იარსებებს პოპი, როგორც გასართობი საშუალება და კომპიუტერული მუსიკაც, მაგრამ, როკენროლი არ მოკვდება. ადრე მეგონა როკ-მუსიკის დაკვრა ადვილი იყო, მაგრამ როდესაც დავიწყე, მივხვდი თავისებური ხიბლი და სირთულეები აქვს. 

ჩვენ საუბარი ძალზე გავრცელებულ თემაზე – რელიგიისა და თანამედროვე მუსიკის ურთიერთობაზეც ჩამოვაგდეთ.

– მე მქონდა ამის შესახებ საუბარი ჩემს მეგობრებთან და სულიერ მოძღვართან. თუ ადამიანი სასულიერო გზას ამოირჩევს, იმას არც როკი, არც ლიტერატურა, არც ხელოვნების სხვა დარგი არ სჭირდება და მიდის სენაკში, რათა იქ დაეყუდოს, ამ სოფლიდან გავიდეს და მთელი თავისი ცხოვრება ლოცვასა და ღვთის სამსახურს მიუძღვნას. ჩვენ ერის ადამიანები ვართ, ერში ვცხოვრობთ, მუსიკა უნდა დავუკრათ, ვხატოთ, ვწეროთ, რადგან, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ჩახვიდე, იკითხავ, სადაა კარგი გამოფენა, რომელ თეატრში წავიდე, ე.ი. გაინტერესებს იმ ქვეყნის კულტურა. თუ ხელოვანი რელიგიურია, ისე მოარგებს თავის ნაფიქრალს შემოქმედებას, რომ საკუთარი თავი და შემფასებელი არ მოატყუოს. მართალი უნდა იყო ღვთის წინაშე და ბოლომდე უნდა დაიხარჯო, დაიწვა სანთელივით იმ შენს ნამუშევარში. 


ბევრი რამ ყოველთვის მუსიკოსზეა დამოკიდებული. ვიცი ისეთი ადამიანები, რომლებმაც სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე ბიბლია წაიკითხეს და სატანისტები გახდნენ. ამაში ხომ ბიბლია და სახარება არაა დამნაშავე? მუსიკასაც ზოგიერთი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, როგორც, მაგალითად, ჰიტლერი იყენებდა ვაგნერის მუსიკას ფაშიზმის პროპაგანდისათვის. ჯაზს სპირიტუალობას აბრალებენ. სპირიტული და წარმართული მომენტები ხომ ქართულ მუსიკაშიც დევს, თუნდაც დოლი რომ უკრავს. თუკი ამას ყველაფერს უარვყოფთ, მაშინ დავრჩეთ მარტო საგალობლებთან და გავიდეთ ამ სოფლიდან. თანამედროვე ცხოვრებამ ეს კულტურა მოიტანა. შენ აკეთე ამ კულტურაში ადამიანური და ნუ გააკეთებ ცუდს. შეიძლება რელიგიური დოგმატიკა გადმოიტანო ხელოვნებაში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მარტო რელიგიურ თემებზე აკეთო ყველაფერი. ეს დოგმატიკა თვითონვე მიგვიყვანს ღვთიურ ჭეშმარიტებასთან.

გიას თურმე ჩვენი გაზეთი P.S. ძალიან მოსწონს და ბოლო სათქმელში ბევრი კარგი სიტყვა გვითხრა. ბოლოს დასძინა:

– დღეს ყველას გაქცევა უნდა, ვინც კი რამეს აკეთებს. მაშინ აქ ვიღა დარჩება? მოდი, ისინი წავიდნენ ვინც ჩვენ ხელს გვიშლიან საქმეში. რაღა ჩვენ, მოდით, ისინი გავყაროთ (იცინის). 

ქუთაისში მომუშავე ჯგუფებს ვუსურვებ, თუკი მართლა მუსიკის კეთება უნდათ, ჩახედონ იმ საფუძვლებს, საიდანაც მოდის მუსიკალური აზროვნება. მერე ინსტრუმენტის ფლობის ტექნიკაც აიმაღლონ. 

კიდევ ვისურვებდი მე, შენ, ყველას ახალ საუკუნეში გვეკეთებინოს ის, რაც გვინდა. არასოდეს გვეთქვას: „ვერ გავაკეთე“, „ვერ მოვახერხე“. 

დამშვიდობების წინ გიამ, აი, ეს სურვილი დაგვიწერა ქაღალდის ნაგლეჯზე, რომელიც მივაწოდე:

– გისურვებთ იყოთ მართალნი თქვენ თავთან და მკითხველთან. ძაან მომწონს, როგორც ფიქრობთ და წერთ.

P.S. ნუ დაწერთ იმას, რაც გულიდან, გონების კარნახით არ მოდის. 




გაზეთი P.S. #70, 2000 წლის 24 – 31 იანვარი

No comments:

Post a Comment