ჟურნალისტი ბიძინა მაყაშვილი ალბათ, ერთადერთი როკ-მიმომხილველი იყო და არის ქართულ პრესაში. ბევრი თქვენგანი, სავარაუდოდ, უკვე იცნობს მას, წაუკითხავს მისი სტატიები ქართველ და უცხოელ შემსრულებელთა შესახებ გაზეთებში: „ახალგაზრდა კომუნისტი“ (შემდგომში „ახალგაზრდა ივერიელი“), „7 დღე“, „საქართველოს გაზეთი“, „ეკოდაიჯესტი“. ჩვენ უკვე 6 წელია, რაც ვმეგობრობთ. ამ ხნის განმავლობაში მხიბლავდა და მხიბლავს მისი წერილების მართალი, ზოგჯერ ირონიული, მაგრამ არა გესლიანი ტონი. ამჯერად ბიძინა კომპანია „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგის“ რედაქტორია, არის ჟურნალ „სტუდიას“ რედკოლეგიის წევრი. მას დიდ პატივს სცემენ ქართველი როკმუსიკოსები, ჟურნალისტები და, რა თქმა უნდა, მეგობრები. ჰყავს მეუღლე და 15 წლის ქალიშვილი.
ბიძინა მაყაშვილი: – დავიბადე 1955 წელს თბილისში. დავამთავრე 24-ე საშუალო სკოლა. ჩავაბარე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. მაქვს ფიზიკის დიპლომი, თუ გინდა, გაჩვენებ. ჩემი სპეციალობით ცოტა ხანს ვიმუშავე ენერგეტიკის ინსტიტუტში. მერე ძმაკაცმა ჯანმრთელობის სამინისტროს ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში წამიყვანა ჩემს მეგობარ მუსიკოს ზურა კაკაბაძესთან ერთად. ჩვენ მელომანები ვიყავით. ერთმანეთთან დაგვქონდა ფირფიტები, ვუსმენდით დასავლურ კლასიკურ როკს. თანაც ხელში გვივარდებოდა ცნობილი მუსიკალური ჟურნალები Rolling Stone და Q. ამას ყველაფერს, ანუ ჩვენს ასეთ გატაცებას კვლევით ცენტრში ხედავდა ერთი კაცი, რომელმაც გვირჩია, ამდენ დაგროვილ ინფორმაციას რაღაც რეალიზაცია გაუკეთეთო. ამ პიროვნების მეუღლე მუშაობდა იმჟამად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გაზეთ „7 დღეში“. მან თითქმის ძალით მიმიყვანა ამ გაზეთში და დამაწერინა სტატია როკზე. ასე მოვხვდი ჟურნალისტიკაში, თუმცა მანამდე, კომუნისტების დროს, იშვიათად ვწერდი „ახალგაზრდა კომუნისტში“, სადაც პირველად გამოვაქვეყნე პატარა სტატია ჯონ ლენონის სიკვდილზე, რომელმაც ჩემზე ძლიერ იმოქმედა.
– ბიძინა, რატომ აირჩიე როკ-ჟურნალისტის, ერთი მხრივ, წამგებიანი პროფესია, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყველა რიგით ჟურნალისტს საკმაოდ უჭირს?
– არ ვიცი. ეტყობა, მართლაც ძალიან მომეწონა ეს საქმე. მოგეხსენება, ამ საქმიანობით თავს ვერ შევინახავდი, ამიტომ თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროს ერთ პროექტში ვმონაწილეობდი, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. ვიყავი ამ პროექტის კოორდინატორი. მაშინ 150 დოლარს მიხდიდნენ და ეს კარგი ფული იყო. თანაც ამ საქმეს ბევრი დრო არ მიჰქონდა – ამერიკელები ჩამოდიოდნენ ატლანტიდან და მხოლოდ მათი ჩამოსვლის პერიოდში მქონდა ძირითადად დაძაბული მუშაობა, ხოლო დანარჩენ დროს მთლიანად „7 დღეზე“ ვიყავი გადართული.
– სხვა რომელ ჟურნალ-გაზეთებთან თანამშრომლობდი?
– „7 დღეში“ მუშაობისას ყოველთვის უარს ვამბობდი სხვა გაზეთებთან თანამშრომლობაზე, სანამ ზემოთ ნახსენებ გაზეთს ძალიან არ გაუჭირდა და სანამ თავად „7 დღის“ დამფუძნებლისგან არ მივიღე წინადადება ახალ გაზეთთან თანამშრომლობისა. 1992-1998 წლებში „7 დღიდან“ ფეხი არ გამიდგამს. მერე გაზეთ „საქართველოს გაზეთში“ ვიყავი რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთმა მცირე ხნით იარსება. ამის შემდეგ ვიმუშავე „ეკოდაიჯესტში“. ვთანამშრომლობდი რადიო „მწვანე ტალღასთან“. ახლა აქ ვარ „ჯეოსელის“ ჟურნალ „დიALOგში“ და ოფიციალურად ვარ ჟურნალ „სტუდიაში“. ეს ჟურნალი უკვე ოთხი წელია, რაც არსებობს, მაგრამ დღემდე გამოცემული აქვს მხოლოდ 8 ნომერი. მე-9 ახლა გამოდის. ამ ჟურნალს არარეგულარული ხასიათი აქვს.
– ბიძინა, სხვა სფეროში თუ მოგისინჯავს ძალები?
– სხვათა შორის, უკვე „7 დღეში“ ყოფნისას დასავლურიდან ქართულ როკზე გადმოვერთე. პარალელურად მქონდა პატარა რუბრიკები. მაგალითად, ერთ ასეთს Weekend ერქვა, რომელშიც მკითხველს ვუთხრობდი. როგორ გავატარე შაბათ-კვირა, მაგრამ ეს არ იყო პირადი ცხოვრების ეპიზოდები. არამედ ვაფიქსირებდი, რა ხდებოდა კულტურულ ცხოვრებაში. ამის შედეგად ჩემი სფერო ერთგვარად გავიფართოვე.
– მე ძალიან ვაფასებ გემოვნებიან ჟურნალისტს, რომელსაც წერის კულტურა აქვს. ვინმეს გინება ადვილი შესაძლებელია. არ მიყვარს, გახსნილი ტექსტით ვინმეს რომ აგინებენ ან აქებენ. ჟურნალისტს შინაგანი ცენზურა უნდა ჰქონდეს. ცინიზმი კარგია, მაგრამ გადამეტებული არ ვარგა.
– ალბათ, ირონია ჯობს, არა?
– ჰო, ირონია ჯობს, მაგრამ ჩვენთან ზოგი რადიკალური შეხედულებებით და სკანდალებით იკეთებს კარიერას. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტს გემოვნებიანი წერის მანერა უნდა ჰქონდეს.
– პაპარაცებზე რას იტყვი?
– იმ პაპარაცებს თავიანთი გაზეთები აქვთ. მე პირადად კლასიკური ტიპის გაზეთები მირჩევნია, ბულვარულ და ყვითელ პრესას.
– ბიძინა, ბოლოს რომელი ჯგუფის ალბომი მოგეწონა?
– Red Hot Chili Peppers-ის Californication მომეწონა ძალიან თავისი ბალადით.
– მიუხედავად იმისა, რომ ქართული როკის არსებობა-არარსებობის ირგვლივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი, როგორ ფიქრობ, არსებობს ქართული როკის ფენომენი?
– ავად თუ კარგად, ის მაინც არსებობს, თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს ლადო ბურდული, რომელიც ქართულად მღერის და შესრულების თავისი მანერა აქვს. Soft Eject სულ სხვა სტილში მოღვაწეობს და ინგლისურენოვანი ჯგუფია. შესაძლოა, ამ ჯგუფს არ ვუწოდოთ ქართული როკის ფენომენი, მათი შემოქმედება უფრო საერთაშორისო როკის ნაწილია. თბილისსა და ქუთაისში არიან ახალგაზრდა ჯგუფები, რომლებიც ქართულ ენაზე მღერიან. ჩვენში ახლა რეპსაც მღერიან ქართულად, მაგრამ მათი შემოქმედება არ არის ქართული. რა თქმა უნდა, ეს ჩემი პირადი აზრია და თავზე არავის ვახვევ.
– შეგიძლია დაასახელო შენთვის საყვარელი შემსრულებლები ჩვენებური როკის პატარა ისტორიიდან?
– მე ჯერ უფროს თაობაზე შევჩერდები. ძალიან მომწონდა „ბლიუზ მობილ ბენდი“ კლასიკური შემადგენლობით (ვოვა, კოკა, გია). მიმაჩნია, რომ გია სალაღიშვილი საუკეთესო დრამერია საქართველოში. ყოველთვის მომწონდა Soft Eject, ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი. აგრეთვე, შედარებით ახლებიდან Afternoon Version. იყვნენ ისეთი ჯგუფები, რომლებიც მალე იშლებოდნენ. ძალიან დიდ პატივს ვცემდი ჯგუფს Double Cross, იმის მიუხედავად, რომ ჰევი მეტალის მსმენელი არასოდეს გყოფილვარ. სხვათა შორის, „7 დღეში“ ზედიზედ 4-5 წელი სულ ვატარებდი გამოკითხვებს ახალგაზრდა ჟურნალისტების დახმარებით სტუდენტებს, მე-10 კლასელებს, მელომანებს შორის (დაახლოებით 300 კაცამდე) და წლის 10 საუკეთესო ჯგუფს ვავლენდი. მაგალითად, 1994 წელს №1 ჯგუფი გახდა „ბლიუზ მობილ ბენდი“. მერე მოდიოდნენ: Soft Eject, Sky End, „სახე“, ირაკლი ჩარკვიანი, Double Cross, „მაილსტრიმი“, დადა დადიანი, „სანდა“ და სერგი გვარჯალაძე. შემდეგ წლებში ამ ათეულში გამოჩნდნენ: ლადო ბურდული, სოსო პავლიაშვილი, „სტილ ჰეილი“, „აუტსაიდერი“ და სხვები.
– თუ ხედავ რაიმე განსხვავებას აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს როკ-სტილებს შორის?
– ამ კითხვაზე ცოტა გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან იმდენად პატარაა საქართველო, ძნელია ამის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ თბილისის გარდა როკი ყველაზე მკაფიოდ ალბათ ქუთაისში არსებობს. იგივე „აუტსაიდერი“ სუფთა ქართული ჯგუფია. მიხარია, რომ ეს ჯგუფი მარტო ქუთაისში არ დარჩა. თუნდაც ბაჯუც გაცდა ერთგვარ „ლივერპულის“ ფარგლებს.
– ნეტავ საერთოდ არ ვუყურებდე. მართალი გითხრა, არ მომწონს. მათ მაშინ ვუსმენ ძალაუნებურად, როდესაც ტელევიზორების პოპ-რეიტინგებს ვუყურებ, რომლებშიც მე სულ სხვა რამეები მაინტერესებს. არა ვარ მათი მტერი, უბრალოდ, ეს მუსიკა არ არის ჩემი.
– ადრე შევჩუკზე, ჯგუფ ДДТ-ს სოლისტზე ამბობდნენ: „არ არის ხმა, არ არის ინსტრუმენტები, მაგრამ არის რუსული როკი!“ თუ მიუსადაგებ იგივე გამოთქმას ქართული ინტერპრეტაციით რომელიმე ჯგუფს?
– ძალიან ბევრზე შეიძლება ამის თქმა. ალბათ, უფრო ბესელას და მის ჯგუფს „კონტრაბანდას“ მოუხდებოდა. მას არა აქვს მუსიკალური ფონი, მაგრამ აქვს პირველყოფილი მეამბოხე სული.
– რომელი ქართული ჯგუფის ბოლო ნამუშევარი მოგეწონა?
– Soft Eject-ის 25 დეკემბრის კონცერტი მომეწონა, ამასწინათ მოვუსმინე ჯგუფ „მწვანე ოთახის“ მომავალი ალბომის ფრაგმენტებს, რომელსაც ისინი იწერენ გიორგი ასანიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სტუდია „ქართულ ჩანაწერებში“. ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა „მწვანე ოთახი“. სხვა არაფერი მომისმენია ახალი.
– ბიძინა, როკმუსიკაში უფრო ტრადიციული კლასიკური სტილის მიმდევარი ხარ თუ თანამედროვე ჟანრებიც მოგწონს?
– უფრო მეტ კლასიკურ როკს ვუსმენ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს ყველაფერი, რაც ახალია. არ ვიცი Red Hot Chili Peppers რამდენად ახალია, მაგრამ მომწონს. აგრეთვე, მომწონს Oasis, რომლის მუსიკალურ საფუძველს ბლუზი წარმოადგენს. ელექტრონული ალტერნატივაც მაინტერესებს, მაგრამ ჩემი მუსიკა არ არის.
– თუ შეგიძლია, ჩამომითვალო მე-20 საუკუნის ლეგენდარული ქართველი მუსიკოსები?
– პოპულარულ მუსიკაში ნანი ბრეგვაძე მართლაც ლეგენდაა, ყველასაგან გამორჩეულია. ასევე დები იშხნელები, „ორერას“ წევრებს ჰქონდათ თავიანთი განუმეორებელი სახეები. კლასიკურ მუსიკაში ზაქარია ფალიაშვილს გამოვყოფ. შემიძლია ვთქვა, რომ როკში ძალიან დიდი საქმე გააკეთა ბაჩი ქიტიაშვილმა, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. აქ შეგვიძლია კიდევ ვახსენოთ ვალერი კოჩაროვის „ბლიცი“ და სხვები. ფოლკლორში – ჰამლეტ გონაშვილი გვყავდა, რომელიც თავისი რანგით შეგვიძლია ყველაზე მაღლა დავაყენოთ ჩამოთვლილთა შორის. ამ წუთას მეტს ვეღარ ვიხსენებ, თორემ ბევრნი არიან.
– დღეს თანამედროვე პოპულარული მუსიკის თითქმის ყველა სტილს როკის ჩარჩოებში ათავსებენ და პირიქით, როკს – პოპულარული მუსიკის ჩარჩოებში და მე მგონი, ეს ჩარჩოები საერთოდ იმსხვრევა. როგორ ფიქრობ, უახლოეს ათწლეულში მაინც როგორი მუსიკა იჟღერებს?
– თუ ეს ტენდენცია, რაც დღეს ხდება, გლობალურად გაგრძელდა, ანუ მუსიკის გამსუბუქება, გაპოპსება, მაშინ შესაძლოა დარჩეს თუნდაც რიკი მარტინის სტილის მუსიკა. ალბათ, გვექნება შემსუბუქებული როკი, რომლის ერთ-ერთი პირველი პრეცედენტი იყო Bon Jovi. ეს გარეგნულად როკია, მაგრამ შინაგანად – პოპსა. ცხადია, დარჩება ალტერნატივა, მაგრამ ეს არ იქნება მასობრივი. ისეთი მუსიკა იქნება, როგორსაც ჩვენი თინეიჯერული რადიოები უშვებენ ეთერში – უფრო კომერციული. ეს საერთოდ მუსიკაზე უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ძალიან დაბლა იწევს შემოქმედებითი მომენტი, უბრალოვდება გემოვნება. ამ შემთხვევაში მუსიკოსი კი არა, ხმის ჩამწერი სტუდია და პროდიუსერი გვთავაზობს თავის მუსიკას. ანუ როგორი მუსიკაც აწყობს სტუდიას, იმის შეკვეთას გააკეთებს. ამის ერთ-ერთი რბილი მაგალითია მაიკლ ჯექსონი, რომელიც გახადეს ვარსკვლავი. ანუ წინასწარ გათვალეს, რა მუსიკა გაიყიდებოდა.
No comments:
Post a Comment