ირაკლი გოჩალეიშვილი: „თბილისში ახლა რომ წაიქცე – გაგთელავენ“
დღეს წარმოგიდგენთ ქართულენოვან თბილისურ ჯგუფს „პარალელი“, რომლის მიერ გასულ წელს გამოსული მაგნიტოალბომის („შორს“) ყდას ამშვენებს ჟურნალ „ვარსკვლავების“ ლოგოტიპი, როგორც ამ ალბომის საინფორმაციო მხარდამჭერი. „პარალელი“ 1998 წელს შეიქმნა და მისი წევრები არიან: ზაზა ხარაზიშვილი (ლიდერ-გიტარა, ვოკალი), ირაკლი გოჩალეიშვილი (ბასი, ვოკალი), დიმიტრი სანიშვილი (რიტმ-გიტარა) და კახა გურასაშვილი (დასარტყამები). კვარტეტი ასრულებს მსუბუქ როკს, მშვენიერ ბალადებს. „შორს“ მოეწონება ყველას, ვისაც მოსწონს მელოდიური როკი. მე ვესაუბრე ჯგუფის ბასგიტარისტს ირაკლი გოჩალეიშვილს, რომელიც პროფესიით ჰიდრომელიორატორია. გარდა ამისა, არის მხატვარი. ირაკლის გამოქვეყნებული აქვს საკუთარი მოთხრობები და ლექსები ჟურნალებში „დროშა“ და „მნათობში“.
ირაკლი გოჩალეიშვილი – „ჯგუფი „პარალელი“ მე და ზაზა ხარაზიშვილმა ჩამოვაყალიბეთ. ზაზა ადრე „ბითლზებს“ უკრავდა. მერე ცოლი მოიყვანა, ბავშვი შეეძინა და მუსიკას თავი დაანება. იმ მომენტისათვის მეც ჩამოვედი ჯარიდან. ზაზას რამდენიმე ჩემი სიმღერა ვაჩვენე. ძალიან მოეწონა და გიტარაზე თავისი სიმღერებიც მიმღერა. მერე შევიძინეთ ინსტრუმენტები. გვქონდა სარეპეტიციო და ბავშვებს ვასწავლიდით. შემდეგ ხელში ჩაგვივარდა 100 დოლარი და ჩავწერეთ სიმღერა „ნახე როგორ თოვს“, რომელიც მივიტანეთ „აუდიენციაში“, კერძოდ ბიბის გადაცემაში Лучшая двадцатка от Биби. ეს მოხდა შემთხვევით. სიმღერამ რამდენიმე კვირაში საპრიზო ადგილზე გადაინაცვლა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობდა და ჩავწერეთ ეს შარშან გამოსული ალბომი „შორს“.
ჩვენ გვიყვარს უფრო როკენროლში მუშაობა, მაგრამ მთლიანობაში ეს არ არის სუფთა როკენროლი, ალბომში შესული ორი სიმღერის გარდა. დანარჩენი არის ბალადები. ადრე გვქონდა ჯაზური ელემენტებიც, რომლებიც შემდეგ ამოვაგდეთ, რადგან ალბომს არ მოუხდებოდა, სხვა იერს მისცემდა.
– ირაკლი, პირადად რომელი უცხოური ჯგუფი მოგწონს და ბოლოს ვისი ალბომი მოგეწონა?
– ძალიან გვიყვარს Oasis, რომელმაც შარშან ორი კარგი ალბომი ჩაწერა. კიდევ მომწონს Red Hot Chili Peppers. მის ბასისტ ფლიზე მართლაც ჭკუას ვკარგავ. ძალიან მომეწონა ამ ჯგუფის ბოლო ალბომი Californication.
– ტექსტს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, მელოდიასაც, რომელიც თვითონ გვიბიძგებს, რა სტილის ლექსი უნდა დაიწეროს ვთქვათ სიყვარულზე, პოლიტიკას საერთოდ არ ვეხებით. მუსიკასა და ტექსტს ზაზა და მე ვწერთ.
– რომელ ქართველ მუსიკოსებს სცემთ პატივს?
– კაკო ვაშალომიძეს. მოგვწონს თემურ ყვითელაშვილიც. განსაკუთრებით მისი ალბომი „ნოსტალგია“. ყველაფერი ბაჩი ქიტიაშვილმა დაიწყო. ძლიერი ახალგაზრდობა წამოვიდა, რომლებიც კარგად უკრავენ როკს. იყო პერიოდი, როდესაც როკენროლს უკრავდა ჯგუფი „ბიჭები როკენროლიდან“, მაგრამ ისინი უფრო კლასიკას მღეროდნენ. ალტერნატივიდან ძალიან მომწონს ირაკლი ჩარკვიანი. გენიალურია მისი პირველი ალბომი Svan Songs და სიმღერები „ქაღალდის ნავი“, მენატრები“... ამ ლამაზი კომპოზიციების შემდეგ გამიკვირდა, როგორ დაწერა მან „შენ აფრენ“, მაგრამ კაცია და გუნება. ალბათ ამ ცხოვრებას შეხედა და თქვა, შენ აფრენო. მე უფრო ბალადების მოყვარული ვარ.
– რომელ ენაზე უნდა შეასრულოს ქართველმა მუსიკოსმა სიმღერა?
– გააჩნია შემთხვევას. მაგალითად ავიღოთ ჯგუფი Soft Eject-ის სიმღერა Just Carry On, რომელიც ქართულ ენაზე ისე არ იჟღერებს, როგორც ინგლისურად. ხოლო ნიაზ დიასამიძის სიმღერებში ქართულ ენას სხვა ვერ აჯობებს. ახლა უმეტეს ქართულ სიმღერაში ისმის საზოგადოდ თითქმის ერთი და იგივე უკვე გაცვეთილი სასიყვარულო ფრაზები. თუ გაქვს ნორმალური, კარგი ტექსტი და მელოდია ქართულს მოითხოვს, რატომ უნდა იმღერო ინგლისურად?
– ირაკლი, როგორ უყურებ მსოფლიოს თანამედროვე პოპულარულ მუსიკას?
– თუნდაც ისეთ პოპულარულ ჯგუფებს, როგორებიცაა BSB (ანუ Backstreet Boys) და Spice Girls. არა აქვთ ჩავარდნილი სიმღერები, თანაც ისინი კონცერტებზე აბსოლუტურად ცოცხლად ასრულებენ. თუნდაც რეპერები დგამენ დიდ შოუებს. სოულში ცოცხლად მღერიან. აგრეთვე, იწვევენ დიდ ორკესტრებს. აქ ამას, უბრალოდ, ვერ გააკეთებ, რადგან იმხელა თანხაა საჭირო, ეს ფული რომ მოგცა, შეიძლება საქართველოდან გაიქცე. მე შეიძლება არ მომწონდეს BSB, მაგრამ მომწონს მათი სიმღერების შესრულების მანერა ცოცხალ კონცერტებზე.
– თუ აქვს თქვენს მუსიკას თქვენივე ცხოვრებაზე ზეგავლენა, თუ პირიქითაა, თქვენს მუსიკას აქვს ზეგავლენა თქვენს მუსიკაზე?
– ორივე შემთხვევა დასაშვებია. როდესაც გენიალურ ხასიათზე ხარ, ალბათ, მაშინ მოდის მუზა. ან პირიქით, როდესაც კარგ მელოდიას გააკეთებ, მაშინ დადგები კარგ ხასიათზე. გარდა ამისა, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემს ოთახში ვიკეტები და გიტარაზე საკუთარ სიმღერებს ვმღერი. მერე სულ სხვა განწყობით გამოვდივარ იმ ოთახში, სადაც გამაბრაზეს.
– მზად არ არის, მაგრამ იდეაში გვაქვს unplugged. ეს ჩვენი დიდი ნატვრაა. ამას ფილარმონიაში ვერ გააკეთებ. ერთი კლიპი მაინც გინდა, რომ მსმენელს ჯგუფი ეკრანებიდან დაამახსოვრდეს. ჩვენ შევცდით, რომ ალბომი უკლიპოდ გამოვუშვით. მარტო ალბომი და რადიოში სიმღერების დატრიალება [„პარალელის“ სიმღერა „დათოვლილ ქუჩებში“ ხშირად ჟღერს რადიო „ფორტუნას“ ეთერით – ლ.გ.] არ არის საკმარისი. ისეთი ვიდეო უნდა გაკეთდეს, თვალი ვერ მოწყვიტო. ყველაზე კარგ კლიპებს, ჩემი აზრით, ბასა ფოცხიშვილი აკეთებს. ჩვენ ალბათ, მასთან მივალთ.
– თუ გიფიქრიათ, რომ ჯგუფი წავიდეს საზღვარგარეთ, თუ გსურთ, რომ „პარალელი“ მხოლოდ საქართველოს საზღვრებში დარჩეს?
– ჩვენ ვუკრავთ როკს, ბალადებს, რომელიც დასავლეთიდანაა შემოსული. იქ ჩვენ საერთოდ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, რომ წავიდეთ ქართული ხმებით და ქართული სიმღერა შევასრულოთ. შესაძლოა ვინმე დავაინტერესოთ. წარმოიდგინე, ვთქვათ, ბობ დილანი თბილისში რომ ჩამოვიდეს და „წინწყარო“ იმღეროს. ჩვენთვის მართალია, ეფექტური იქნება, მაგრამ შემდეგ გავიღიმებთ და ვიტყვით, როგორ უნდა იმღეროს ბობ დილანმა „წინწყარო“? ეს ხომ ჩვენია?! როკი კი მათი მუსიკაა.
მე აქედან გაქცევას მართლა ვაპირებ, რაოდენ ცუდად უნდა ჟღერდეს. შესაძლოა ამის გამო მისაყვედურონ, შენ არა ხარ ნამდვილი ქართველი და თბილისელიო, მაგრამ კარი რომ გამიღონ, დიდი სიამოვნებით გავიქცეოდი. აქაურობა არის ტალახი, რომლიდან ამოსვლაც ძალზე რთულია და მე რამდენიმე წლით მაინც წავიდოდი. ალბათ ნახევარი თბილისი იგივეს გააკეთებს.
– როგორ უყურებენ თქვენი ოჯახის წევრები თქვენს არამომგებიან საქმიანობას?
– ერთი პერიოდი მეგონა, სახლიდან გამაგდებდნენ, როცა ვიტყოდი, ჩაწერაზე მივდივარ მეთქი. ამის გამო, მე, უმუშევარ ბიჭს, ოჯახში ფულის თხოვნა მიხდებოდა. მერე, ჩვენი ალბომი რომ ნახეს, დაწყნარდნენ. თუმცა გაუჩნდათ კითხვა, ამან რა ხეირი მოგიტანათო. ეს ალბომი იყო ჩვენი ხეირი, რომელიც, პრინციპში, ჩვენით ჩავწერეთ. რაღაც ხომ გავაკეთეთ? მერე რა, რომ ვერავინ გავაკვირვეთ. ვფიქრობ, მთლიანად ალბომის მოსმენის შემდეგ, ალბათ, არავინ დარჩება ნაწყენი. დაწყებული გვაქვს ახალ ალბომზე მუშაობა. გაკეთებული გვაქვს რამდენიმე სიმღერა და მისი ჩაწერა ამ წლის ბოლომდე გვინდა მოვახერხოთ. ალბათ, ნიაზის სტუდიაში ჩავწერთ, რადგან მის ხმის რეჟისორთან ახლოს ვართ და საერთოდ, კარგია, შენი მეგობარი რომ ზის პულტთან.
– ახლა რომ დრო უკან შემოვაბრუნოთ, ოღონდ ამ ასაკის გონება გქონდეს, მაინც იგივე გზას გაჰყვებოდი თუ სხვა მიმართულებით აიწყობდი ცხოვრებას?
– მუსიკალურად იგივე გზას გავყვებოდი და იგივე ალბომს ჩავწერდი, ოღონდ ერთი-ორ სიმღერას ამოვაგდებდი, უფრო უკეთესების ჩასასმელად.
– პირველ რიგში, ცხოვრების გამოსწორებას. კაცს უკვე არავითარი სურვილი აღარ აქვს, რაიმე აკეთოს, რადგან ყველაფერი ჩახშულია და ერთადერთი გასაქანი მხოლოდ დიდი ფულის შემთხვევაში გაქვს. დიდი ფულის გარეშე აქ შეიძლება, კაცადაც არ ჩაგთვალონ. ყველას თავისი საყვარელი საქმე ეკეთებინოს. აქ გართობის საშუალებაც კი არა აქვს ადამიანს, ამიტომ მთელი დღეები ზიხარ სახლში და ელოდები დენს. იცი, რომ შენი ასაკის ადამიანები სადღაც ცხოვრობენ, შენ კი ლპები საქართველოში. დრო ტყუილად გადის. ვფიქრობ ხოლმე, დღეს რა საქმე მაქვს მეთქი. არაფერი. რატომ ვარსებობ? ვინ ვარ მე, ირაკლი გოჩალეიშვილი? არაფერიც არა ხარ, რადგან დილიდან საღამომდე უნდა ელოდო, დენი როდის მოვა, იქნებ ტელევიზორში ნახო რამე. მერე კი იძინებ. ასე გადიან დღეები. რა კარგია, არა? რა მაგრად გავატარე, არა, დღე? თუ არადა, შესაძლოა, თავი სასმელში ჩავიხრჩო და რას ველოდები? ხვალ, ზეგ, იგივე იქნება, შესაძლოა უარესიც. დასავლეთში გაქცევაზე კი არა, იმაზე უნდა იოცნებო, იქ მყოფი ჩვენი ძმაკაცები დაბრუნებულიყვნენ და ერთად საქმე გვეკეთებინოს. ერთმანეთისთვის ხელი ჩაგვეჭიდოს. სამწუხაროა, რომ ხელის მოკიდების იმედიც აღარ არსებობს. თბილისში რომ წაიქცე, შესაძლოა, არავინ აგაყენოს. ადრე ვინ წააქცევდა ბებიასა და ბაბუას? მათ წაქცევამდე დაეგებოდი ძირს. ახლა რომ წაიქცე – გაგთელავენ. ჩვენ თვითონ გავფუჭდით.
„ვარსკვლავებში“ ჯიგრები ხართ. საერთოდ, მაგრად მიყვარხართ, შეიძლება ითქვას, რომ პირველებმა გაგვქაჩეთ, როგორც იტყვიან. პირველი კონცერტიც თქვენ ჩაგვატარებინეთ. დიდ სიყვარულს ვუსურვებ ბესოს და გისურვებ შენ, ლაშა.
გამახსენდა ))
ReplyDeleteKari gamixe zaan magaria!
ReplyDeleteDa saertod mshvrnieri albomia
რა პატარები ხართ აქ იკა...
ReplyDeleteზაზა <3