ცოტა რამ ახალი ქართველი წმინდანის შესახებ
1995 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II თავმჯდომარეობდა, ბერი ალექსი (შუშანია) წმინდანთა დასში ჩარიცხა. მისი ხსენების დღედ 31 იანვარი (გრიგორიანული კალენდრით) გამოცხადდა. მკითხველთა თხოვნით, ამ ახალი ქართველი წმინდანის შესახებ მოგითხრობთ.
ღირსი მამა ალექსი (ალექსი ლევანის ძე შუშანია) 1852 წლის 23 სექტემბერს სოფელ ნოქალაქევში (სენაკის მაზრა) დაიბადა. ალექსი ბერს მეფის დროის რუსული სკოლა არ გაუვლია. ის ძველ და ახალ ქართულ წიგნებზე აღიზარდა. მამის გარდაცვალების შემდეგ 16 წლისა სტამბულში გაემგზავრა, სადაც სავაჭრო საქმიანობას მისი ბიძა ეწეოდა. იქ მან ერთი წელი დაჰყო და მის მსოფლმხედველობაში დიდი გარდატეხა მოხდა. ის სარწმუნოებრივი განწყობით სამშობლოში დაბრუნდა. ერთხანს სალოსულ ცხოვრებას ეწეოდა. სოფლიდან სოფელში ფეხშიშველი დადიოდა, გაჭირვებულებს ეხმარებოდა, ემსახურებოდა გადამდები სენით შეპყრობილ უჭირისუფლო ადამიანებს (ცნობილია, რომ იგი ხშირად ასეთ ავადმყოფებს ფეხსაც კი ჰბანდა და მერე ნაბან წყალს სვამდა). სასწაული იყო, რომ ის ამ გადამდები სენით არ ავადდებოდა. მისი სიტყვა და საქმე მრავალ მიმდევარს პოულობდა. ზოგი მას დაჰყვებოდა და მასთან ერთად სოფლებში მსგავს საქმიანობას ეწეოდა, ზოგიერთი კი მონაზვნად დგებოდა.
ცხოვრება და მოღვაწეობა
წმ. ალექსიმ რამდენიმე თვე ათონის მთაზე დაჰყო. მისი გავლენით მთელი მისი ოჯახი – ძმა, დები და დედა მონაზვნად შედგა. თავად ალექსი ბერი მღვდელმონაზვნად ხელდასხმულია 1888 წელს. ერთ ხანს იგი ხობის მონასტერში ცხოვრობდა. შემდეგ, 1892 წლის ივნისის თვეში, რამდენიმე მოსწავლესთან ერთად მთავარანგელოზის სავანეში დაბინავდა. იქ არსებული ძველი ეკლესია თავისი ხარჯებით გადახურა, კედლები გამოაშენა და საწირველად მოაწყო. ალექსი ბერი, წინააღმდეგ მონასტრისათვის მიღებული წესისა, საეკლესიო მთავრობისაგან არავითარ ფულად დახმარებას არ იღებდა. იგი თავის მოწაფეებთან ერთად პირადი შრომით ცხოვრობდა. 1898 წლიდან იგი საერთოდ ჩაიკეტა თავის სავანეში (რომელსაც დღეს შუშანიების სავანე ჰქვია) და სიკვდილამდე საეკლესიო დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, თუმცა შაბათ-კვირას მნახველებსაც იღებდა. ჭამდა დღეში ერთხელ, თავის ოთახში მარტო ლოცულობდა.
უბრალოდ და სადად ცხოვრობდა. ეცვა ძაძის ანაფორა. მის ოთახში იდგა ერთი ჭილოფგადაფარებული ტახტი, უბრალო დაბალი მაგიდა, ორიოდე სკამი და პატარა კარადა. მასზე ესვენა მხოლოდ ერთი, ათონის მთიდან წამოღებული ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც გარშემო ედგნენ იოანე ნათლისმცემელი და ალექსი ღვთისკაცი. ზოგჯერ მხარზე დიდ, საგანგებოდ გაკეთებულ კაცის სიმაღლის ჯვარს გაიდებდა. გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს მაერთებსო, – იტყოდა ხოლმე. როგორც ამბობენ, მას შემდეგ, რაც წმ. ალექსი სენაკში დასახლდა, სარკეში ერთხელაც არ ჩაუხედავს.
განმარტოებული მონაზვნური მოღვაწეობის მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო და საზოგადოებრივი საკითხებისადმი დიდ ინტერესს იჩენდა. საქართველოს ყოველი კუთხიდან სამეგრელოში – შუშანიების სავანეში მასთან დადიოდნენ როგორც მორწმუნეები, ასევე, მისი მოღვაწეობით დაინტერესებული ათეისტები. დადიოდა ახალგაზრდობა, სტუდენტობა და ხშირად ამ უბრალო სენაკში საზოგადოებრივ-სარწმუნოებრივ საკითხებზე საინტერესო საუბრები და კამათები იმართებოდა. ალექსი ბერი უმთავრესად ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ნაწარმოებები და ფილოსოფიური ნაშრომები ცალკე წიგნებად (18 დასახელების წიგნია გამოცემული) გამოდიოდა. იგი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალებთან – „მწყემსი“ და „შინაური საქმეები“.
1903 წელს მეფის რუსეთის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელი ეგზარქოსი ალექსი, ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლის ამოღებას შეეცადა. ალექსი ბერი თავისი დიდი ხის ჯვრით სენაკიდან დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოსს გზაზე დახვდა და რუსულად თარგმნილი საპროტესტო წერილი გადასცა. ეგზარქოსი შეშფოთებულა, ხალხში დიდი პატივისცემით შემოსილი მოღვაწე ბერის ასე საჯარო პროტესტმა იგი დააფიქრა და გადაწყვეტილება შეცვალა.
სიცოცხლის განმავლობაში წმ. ალექსი ხშირად იყო წარდგენილი საეკლესიო ჯილდოებზე, მაგრამ მას ისინი არასოდეს მიუღია. ალექსის აზრით, სამსახურეობრივი ჯილდოები არამც თუ საეკლესიო პირთათვის, ერისკაცთათვისაც „ფრიად დაბალი მხედველობაა“. სამსახურეობრივი დაწინაურებით გატაცებულ ქართველებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ მეფის მთავრობის რუსიფიკატორულ პოლიტიკას ან უმოქმედოდ დუმდნენ, ალექსი დაუნდობლად ამხელდა. ალექსი ბერი 1923 წლის 31 იანვარს აღესრულა და დაკრძალულია მისივე სავანეში. სიცოცხლის ბოლოს იგი მალარიითა და გულით იყო დაავადებული. საფლავს, მისივე ანდერძის მიხედვით, გაკეთებული აქვს შემდეგი წარწერა: „ვაი კაცისა მის, რომლისა სახელი უფროს არის საქმისა და ესე შემემთხვია მე“.
წმინდა ალექსის შეხედულება ქალწულობის შესახებ
მამა ალექსის თავისი შეხედულება ჰქონდა ოჯახზე, ქორწინებასა და ქალწულობაზე. იგი აკრიტიკებდა ლევ ტოლსტოის, რომელის ქორწინებას და ოჯახს უარყოფდა. თუმცა ალექსი ბერი არც იმ საეკლესიო და საერო პირებს ეთანხმებოდა, რომლებიც სქესობრივ აქტს მხოლოდ „ხორციელ გემოვნებად“ თვლიდნენ, რომელთაც გამოთქვეს კურიოზული აზრი სქესობრივი აქტიდან ამ გრძნობის ამოღებისა და ცოლისადმი და-ძმური განწყობილების დამყარების შესახებ. ალექსი ბერი კი, უაღრესად ასკეტი, სრულიად საღად მსჯელობს ამ საკითხის ირგვლივ. მისი აზრით, ხორციელი გრძნობა კი არ არის ბიწიერი, არამედ ამ ელემენტის გათვითმიზნება. როცა ადამიანი სქესობრივ კავშირს გამრავლების საშუალებიდან კმაყოფილების მიზნად აქცევს, იგი ამ შემთხვევაში ბუნების საზღვარს არღვევს, თვრება ამ გრძნობით. მისი აზრით, სწორედ ეს არის ბიწიერება – გემოს მიდევნება, ბუნების გადამეტებულობა, სიმთვრალე, განუძღომლობა. მამა ალექსი საშინლად ილაშქრებდა საროსკიპოების წინააღმდეგ, რაც მეფის რუსეთში ნებადართული იყო. ხოლო ქალწულობაზე წერდა: „ქალწულება არ არის ქვეყნის ბუნებისაგანი, არცა ნაშობი სისხლთა და ხორცთა, არამედ, ნათელი ნათლისაგან მამისა გამოსული“. მისი აზრით, ადამიანს შეუძლია ქალწულებრივი მდგომარეობა შეინარჩუნოს, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ფასი, როცა იგი ზნეობრივ-სულიერი აღმავლობის მიზანთანაა დაკავშირებული.
მამა ალექსის შეხედულებით, ადამიანი საზოგადოებრივი არსებაა. ის ამას ადამიანთა წარმოშობისა და მათი მიზნობრივი მისწრაფებების ერთიანობით ხსნიდა. ერთობა კი, მისი აზრით, სიყვარულის ნაშობია. ის ფიქრობდა, რომ ერთობა მექანიკურად არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არ ნიშნავს, ყველამ ერთი საქმე აკეთოს და ყველა ერთნაირი იყოს. ალექსი ერთობაში თანამშრომლობას და არა მექანიკურ გათანასწორებას გულისხმობდა.
წმ. ალექსი ბერი არც ქართულ ლიტერატურასა და ჟურნალისტიკაში მიმდინარე პროცესების მიმართ იყო გულგრილი. „რაოდენ უფრო საგმობია ქართულში უანგაროდ თავ-მოსაწონად ნასესხები სიტყვების არეულობა, რომელიც არამც თუ ხალხისთვის გასაგებია, არამედ გარდა საშვალ განათლებულთა პირთა, ყოვლად უხმარია და უსარგებლო... ბევრჯერ უგემურად გადამიგდია გაზეთი და მითქვამს „ჩვენი სასახელო ძენი, საქართველოს შვილები, რად ასე რყვნიან ჩვენს მდიდარ ენას-მეთქი! კეთილშობილურ თავ-მოყვარეობას როგორ ეკადრება ეს-მეთქი!“ ნუთუ არა გვაქვს ღონე, რათა ავხსნათ და ისე დავწეროთ ქართულად, საქართველოს შვილების გასაგებად და ქართული მწერლობის განსამდიდრებლად! „ობსტრუქცია“, „ემიგრაცია“, „პლებლისტიცია“, „პრინციპალია“ – რა ეშმაკია, რა ვიცი ესენიცა და სხვანიც უანგარიშოდ ჩართულნი ქართულ მწერლობაში“.
ალექსი ბერი თვლიდა, რომ ადამიანის უპირველესი მოვალეობა საკუთარ თავთან ბრძოლაა: „ერთადერთი უმთავრესი სიკეთე ადამიანისთვის არის ბრძოლა თავის თავთან, რომელიც შეიცავს ყოველ ვნებათაგან თავის დაცვას. კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს... ბრძოლა თავის თავთან არის ნამდვილი ბრძოლა ქვეყნის სიბოროტესთან, რამეთუ უკეთუ ყოველი კაცი სულიერის ბრძოლითაა დავამშვიდებთ ჩვენს ცხოვრებას, მაშინ უეჭველად დავამშვიდებთ მთელს მსოფლიოს, შევამცირებთ სიბოროტეს“.
საკუთარ თავზე კი წმ. ალექსი წერდა: „დავიბადე ყოვლადვე უვიცი და რაც შევისწავლე, თუ შევიმეცნე, მით უფრო უვიცად ვხედავ ჩემს თავს ჭეშმარიტებით განცდა-შეგნების წინაშე. გარნა დამრჩენია ერთი გზა, რამეთუ მივდივარ სინამდვილის საუკუნეში, რომლისთვისაც ვიტყვი: დიდ არს და ფრიად საინტერესო გარდაცვალება, რამეთუ მაშინ პირისპირ შევემეცნებით“.
No comments:
Post a Comment