ერთ მშვენიერ საღამოს მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილი საპირფარეშოში განმარტოებით იჯდა და ფიქრობდა. ოჰ, რომ იცოდეთ, რა ნაზი და ფაქიზი ფიქრები ჰქონდა მას! „ჩემი სიცოცხლე“! – დროდადრო გულში იმეორებდა ქალიშვილი. ამ სიტყვებით ის წარმოსახვით ერთ-ერთ პოპულარულ მომღერალ ბიჭუნას მიმართავდა, რომელიც ასევე პოპულარულ ბოიბენდში სოულს იმღერდა. მათი შეხვედრა ხანმოკლე, მაგრამ ქალიშვილის აზრით, შინაარსიანი იყო, თუმცა სევდიანი, ანუ „ტასკა“ დასასრული ჰქონდა. ქალიშვილი ოცნებამ წარიტაცა.
„იცოდე, მაინც მიყვარხარ, ერთხელ გაკოცებ და წავალ“, – კიდევ ერთხელ გაუმეორა ქალიშვილს ყურებპარტყუნა, მაგრამ ვარსკვლავ-ბიჭუნა მომღერალმა, აკოცა და სიზმარში გაუჩინარდა, სადაც მას სველი ოცნებების წვიმა ელოდა. „იცოდე, სიზმარშიც მიყვარხარ“ – წაიწკმუტუნა ბიჭუნამ და შავი ქოლგა გაშალა, მაგრამ სველი ოცნებების წვიმის წვეთები ისეთი მძიმე აღმოჩნდა, რომ ქოლგა ნაფლეთებად იქცა, ამიტომ საოცნებო ესტრადის მომღერალი სულ მთლად გაილუმპა. სიზმარში შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა და სველ ყურებპარტყუნას ისე შესცივდა, რომ მთელი ტანით აძაგძაგდა.
„ხომ არ შეგცივდა, სიცოცხლეო?“ – განწირულის ხმით იკივლა მეოცნებე თინეიჯერმა გოგონამ და ბიჭუნას სიზმარში აედევნა. თუმცა, ადევნება რა საჭირო იყო, ესტრადის ვარსკვლავი სიცივისაგან გაშეშებული იდგა. მას ყურებზე სციოდა. „არ მინდა, რომ გული გატკინო“, – შეიცხადა მეოცნებე ქალიშვილმა და ძეგლივით გაყინულ ბიჭუნას ჩაეხუტა. ამ მშვენიერ, მაგრამ სუსხიან რომანტიკულ საღამოს სადღაც ვაგონი მიჰქროდა და სიყვარულიც დაფრინავდა. ამ სიზმარში საიდანღაც მეეზოვე კლიპმეიკერმა შემოაბიჯა და სიყვარულით გაწუწულ წყვილს რატომღაც „გიხაროდენო“, მიაძახა. მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილის თმებიდან სველი ოცნების წვიმა წყაროსავით მორაკრაკებდა. მან მეეზოვეს გამოხედა და მიუგო: მე ხომ პატარა ნაკადული ვარო. ამ სიტყვებზე კლიპმეიკერი მეეზოვე მიხვდა, რომ წყვილი ამჯერად გამოგვის საშუალებას არ მისცემდა, თანაც ტერარიუმში ჩამწყვდეული მელოტი კუ გაახსენდა, რომელსაც, უკვე მეხუთე დღეა, აშიმშილებდა, ამიტომ მეეზოვემ ცოცხი სიზმარში დატოვა და სახლში გავარდა. „ვერ შეგელევი ჩემო სიცოცხლე, ვერა!“ – ყველაფრის თავიდან გახსენება დაიწყო მეოცნებე ქალიშვილმა.
სინამდვილეში კი აი, რა მოხდა. მეოცნებე ქალიშვილი თავის დაქალებთან ერთად სპორტის სასახლეში გრანდიოზულ შოუ-კონცერტზე წავიდა. დაქალებმა თავიდანვე დაიჭირეს თადარიგი, ამიტომ სცენასთან სულ ახლოს მოხვედრაც იზეიმეს. კონცერტი რამდენიმე ცირკის მაიმუნს მიჰყავდა, რომლებიც სცენაზე ოთხზე დარბოდნენ და მიკროფონებში მომღერლებივით ყმუოდნენ. ამის შემდეგ მაყურებელთა წინაშე, მათივე ოვაციებში დამხრჩვალი ვარსკვლავები გამოდიოდნენ და ხელ-ფეხს იქნეოდნენ. მათი ტანისამოსები განათების შუქზე მნახველთა თვალს სჭრიდა. როდესაც ლურჯ შარვალში გამოწყობილმა ცირკის ერთ-ერთმა წამყვანმა მაიმუნმა კანფეტი თავისი ხელით გაფცქვნა, შეჭამა, თვალზე ხელი აიფარა და მიკროფონში რაღაც „უჰ, უჰ, უუს“ მსგავსი წარმოთქვა, მეოცნებე თინეიჯერ ქალიშვილს და დაქალებს გულმა უკარნახა, რომ სწორედ ახლა გამოვიდოდა სცენაზე მათი საყვარელი ბენდი. მათ შინაგანმა ხმამ არ უღალატათ და კიბეებიდან სცენაზე სოულ-ბოიბენდის ბიჭუნები ჩამოიკვანწნენ ტანის ნარნარი რხევით. მათ შორის ყურებპარტყუნაც იყო.
„აუუუ, იე-იეეეჰ“ – წაიყმუვლეს ბიჭუნებმა და ჩაირთო მინი-დისკ პლეერი. დატრიალდა დარბაზი, ვიღაცა კიოდა, ვიღაცას ციოდა, ვიღაცა იგინებოდა. ყველანი ბედნიერები იყვნენ. მეოცნებე თინეიჯერი ქალიშვილი ექსტაზში ჩავარდა და გული წაუვიდა. მისმა საყვარელმა ყურპარტყუნა ესტრადის მომღერალმა ბიჭუნამ მიკროფონს ჩასძახა „ხმა მიეცით გიხაროდენს! ეს ლამაზი გოგონა კი სცენაზე ამოვიდეს ჩემთან“! – საჩვენებელი თითი მეოცნებე ქალიშვილისკენ შემოატრიალა. თინეიჯერს კიდევ ერთხელ შეუწუხდა გული, მაგრამ დაქალებმა ძირს დავარდნის საშუალება არ მისცეს, მაყურებელი ბიჭების დახმარებით ის ციმციმ მაღლა ასწიეს და სცენაზე დაასვენეს. ქალიშვილი მაშინათვე ყურპარტყუნა ბიჭუნას ჩაეხუტა.
„ჩემო სიცოცხლეო!“ – ცრემლებად დაიღვარა ქალიშვილი. ვარსკვლავბიჭუნამ „სიცოცხლეობა“ შეიშნო და დარბაზს ამაყად გადახედა. მერე მათ წყნარ, გულისდამწველ მელოდიაზე იცეკვეს. ერთ მომენტში ქალიშვილს კინაღამ ერთხელაც შეუღონდა გული, როდესაც ყურპარტყუნას ცხელი, ვნებიანი სუნთქვა იგრძნო...
უცბად საპირფარეშოში მჯდარი მეოცნებე ქალიშვილი სიბრაზემ შეიპყრო. მას გაახსენდა, რომ მისი სათაყვანებელი ყურებპარტყუნა საყვარელი ბიჭუნა სხვა მაღალ ქუსლებზე მდგარ გოგონასაც ეცეკვა. ოჰ, ეს მაღალქუსლიანი მოდური ფეხსაცმელი რომელ ბაზრობაზე იყიდება და რა ღირს ნეტავ? თავად როდისღა შეიძენს?
მოულოდნელად მეოცნებე ქალიშვილი ფიქრებიდან გამოერკვა და აღმოაჩინა, რომ სახლში ტუალეტის ქაღალდი გათავებოდა. მეოცნებე ქალიშვილის დღეს, კონცერტის შემდეგ მისი ყიდვა დაავიწყდა.
No comments:
Post a Comment