მსოფლიოს მუსიკალური კულტურა იმდენად გამრავალფეროვანდა, რომ უკვე რთულია საკუთარი საყვარელი მიმართულების ამორჩევა. რთულია სწორი შეფასება გააკეთო, როდესაც ყველანაირ პროდუქციას უსასრულო რეკლამა უკეთდება და ტელემაყურებელს თუ ინტერნეტის მომხმარებელს ათასგვარ არჩევანს გვთავაზობს.
თანამედროვე მუსიკა უკვე კომპლექსურად შეგვიძლია განვიხილოთ და თუ ადრე, სულ ცოტა ხნის წინ ახალი ალბომის პრომოუშენი მხოლოდ ალბომის გაფორმებითა და ვიდეოკლიპებით შემოიფარგლებოდა, დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტ-რეკლამასაც.
ხშირად მუსიკოსს უკვე მისი ოფიციალური ვებ-გვერდის დიზაინით აფასებენ (ჩემი აზრით, შესანიშნავი ვებ-გვერდები აქვთ: დევიდ ბოუვის, რობ დოუგანს, მადონას, „რადიოჰედს“). კაცს ხშირად სულ ახალი ალბომი სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეუძლია შეიძინოს და მაღაზიის ფასზე უფრო იაფად. ინტერნეტ-რადიოები სულ ახალი სიმღერების მოსმენის საშუალებას გვაძლევს.
მუსიკა სულ უფრო ვირტუალური ხდება, არა მარტო მისი ელექტრონიზაციით, არამედ, საერთოდ, მოხმარების ფორმით, ანუ ნებისმიერი რამ ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებით შევიტყოთ და მოვისმინოთ. ამის გამო, ზოგჯერ ჩანს, თითქოს კომპიუტერმა თვით მუსიკის აღსაწარმოებელი მაღალტექნოლოგიური საშუალებებიც (სი-დი პლეერები, მაგნიტოფონები) კი შეავიწროვა.
მართალია, სინამდვილეში ეს ასე არ ხდება, მაგრამ კომპიუტერის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ჩანაწერი უმაღლესი ციფრული ხარისხით მოვისმინოთ და კომპაქტ-დისკზე თავად გავაკეთოთ ჩანაწერი. აუდიო ჩანაწერის კონვერტაციის (ზომის შეკუმშვის) გამოგონების შემდეგ კომპიუტერის მახსოვრობაში ძალიან ბევრი მუსიკალური ინფორმაცია ეტევა.
მუსიკალური პროდუქციის პრომოუშენისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მულტიმედიას, რადგან ჩვენ მისი საშუალებით მუსიკის არამარტო მოსმენა, არამედ დანახვაც შეგვიძლია. ბევრ მუსიკოსს კომპაქტ-დისკზე არა მარტო აუდიო, არამედ მულტიმედიური ინფორმაციაც (კლიპები, დოკუმენტური კადრები და ა.შ.) დააქვს.
ხარისხიანი მუსიკალური ინფორმაციის ასე იოლად მოპოვებამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი აუდიომეკობრეობის განვითარებას მთელს მსოფლიოში. ამ მხრივ ტოლს არავის უდებს რუსეთი, რომლის აუდიო მეკობრულმა პროდუქციამ თითქმის მთელი ევროპა დაიპყრო. რუსულმა მეკობრულმა პროდუქციამ კონტრაბადნდის სახით თვით თანამედროვე მუსიკის მექაში, ბრიტანეთშიც კი შეაღწია. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე რუსული მეკობრული პროდუქცია ზეუმაღლესი ხარისხით და გემოვნებითაა გაკეთებული. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი მსოფლიოს თავგადაკლული მელომანები, რომლებიც აგროვებენ თუნდაც ოდნავ მოძველებულ ალბომებს, შავ ბაზარზე სწორედ რუსულ მეკობრულ დისკებს ეძებენ. თუმცა მეკობრეობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული.
დავუბრუნდეთ თანამედროვე მუსიკის პრომოუშენს. ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს დღევანდელ კინემატოგრაფსაც. ბევრი უკვე აკაშკაშებული ვარსკვლავი სწორედ კინემატოგრაფიის წყალობით გახდა პოპულარული. გასული საუკუნის 90-იან წლებში ასეთი დიდი მისია კვენტინ ტარანტინოს და რობერტ როდრიგესის გახმაურებულმა ფილმებმა იტვირთეს. მათი ფილმების საშუალებით ბევრმა ახალბედა თუ უკვე დავიწყებულმა შემსრულებელმა და ჯგუფმა გზა გაიკაფა შოუბიზნესში. საუკუნის მიწურულს კი რევოლუციურმა ფილმმა „მატრიცამ“ ასევე სუპერთანამედროვე, ახლებურად მოაზროვნე მუსიკოსებს გაუხსნა გზა და მის საუნდტრეკს (მუსიკა ფილმისათვის), რომელიც ცალკე დისკად გამოვიდა, ფილმივით წარმატება ხვდა წილად.
რეჟისორ ემილ კუსტურიცას ფილმების წყალობით მთელმა მსოფლიომ შეიტყო შესანიშნავი კომპოზიტორის გორან ბრეგოვიჩის შესახებ. რეჟისორი ჯიმ ჯარმუში თავის ფილმებში ხშირად იყენებს ანდერგრაუნდ მუსიკოსების, ტომ უეიტსის, იგი პოპისა და სხვების შემოქმედებას. მუსიკალურ ბაზარზე სულ უფრო ხშირად გამოაქვთ ამა თუ იმ ფილმში გამოყენებული მუსიკა, რომელსაც საუნდტრეკებს ეძახიან. რა თქმა უნდა, ასეთი ტრადიცია თანამედროვე მუსიკისთვის ახალი ხილი არ არის, მაგრამ დღეს ეს უფრო ინტენსიურად ხდება.
ბევრი ძველი მელომანი ეწინააღმდეგება მუსიკის ამ თავბრუდამხვევ ელექტრონიზაციას (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), თუმცა, ასეთებს მინდა გავაცნო გენიალური კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სიტყვები, რომელიც დღეს ისე თანამედროვედ ჟღერს, როგორც არასდროს: „მუსიკა ელექტრონით დამუხტული ველია, რომელზედაც სული ცხოვრობს, აზროვნებს, ქმნის; ფილოსოფია ნალექია ელექტრონული სულისა... ყოველივე ელექტრონული მუსიკალურ სულს აღძრავს გულიდან გამომდინარე ზეიმისაკენ. მე ელექტრონული ბუნების ადამიანი ვარ“.
როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.
No comments:
Post a Comment