Monday, July 14, 2003

მატყუარა მუსიკა


ბევრი ქართველი მელომანი, დღეს, იწუნებს არა მარტო თანამედროვე როკ თუ ჯაზ კოლექტივებს – ადანაშაულებს რა მათ აბსოლუტურ კომერციალიზაციაში, – არამედ ამ შემსრულებელთა მიერ გაკეთებულ ჩანაწერებსაც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კომპაქტ-დისკებზე არსებული ციფრული ჩანაწერები უმაღლესი ხარისხისაა, მათ, მაინც რაღაც აკლიათ, – ამტკიცებს „ძველი გვარდია“. მელომანები, ხშირად, იმ დროს იხსენებენ, როდესაც მუსიკას დიდ ვინილის ფირფიტებზე უსმენდნენ. ბევრ მათგანს, დღემდე შემოუნახავს ასეთი ფირფიტების კოლექცია და ამაყობს ამით. ზოგიერთს მათი ახირება, შესაძლოა წარსულისადმი ნოსტალგიად მოეჩვენოს და დასცინოს კიდეც, მაგრამ ხმაზე მომუშავე თანამედროვე მეცნიერების გარკვეული ნაწილი, მათ მოსაზრებებს აბსოლუტურად იზიარებს და ამტკიცებს კიდეც, ანალოგური (არ აგერიოთ ანალოგიურში) ჩანაწერის ციფრულზე უპირატესობას.

ამ საკითხზე, დღეს, დაუსრულებლად შეგვიძლია ვიკამათოთ და ვარკვიოთ, რატომ უნდა ჯობდეს ფხაჭუნა ვინილის დისკებზე დატანილი მუსიკა ციფრულ კომპაქტ-დისკზე გაკეთებულ უსუფთავეს ჩანაწერს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ამდენმა ადამიანმა ასე თავზეხელაღებით დაგმოს ტექნიკური პროგრესის შედეგი? საინტერესოა, ამ სფეროში მომუშავე ერთ-ერთი მეცნიერის განმარტებები. პირველ რიგში, ის ამტკიცებს, რომ ვინილის დისკზე ადამიანის მიერ დატანილი მუსიკა გაცილებით თბილად ჟღერს, ვიდრე კომპიუტერის მიერ ციფრებით აწყობილი ხმა. მეორეს მხრივ, ის ყურადღებას ამახვილებს მუსიკის მოსმენის კულტურაზეც. ხაზს უსვამს, რომ ვინილის დისკის აღწარმოებისას ადამიანი უშუალოდ, ფიზიკურად მონაწილეობს მოსმენის პროცესში. მოგეხსენებათ, ძველ ფირფიტებზე მუსიკა მის ორივე მხარეს იწერებოდა და ერთი გვერდის ჩათავებისას – 15-25 წუთის შემდეგ – მსმენელი იძულებული იყო, ფირსაკრავთან მისულიყო და დისკი მეორე მხარეს გადაებრუნებინა.

ბევრი არცთუ შორეული წარსულის მელომანის აზრით, ფირფიტის კონვერტის გაფორმებას, მისი სიდიდის გამო, მუსიკოსები ადრე უფრო მეტ ყურადღებას უთმობდნენ და მათი თვალიერება გარკვეულ ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებდა მუსიკის, და საერთოდ, ხელოვნების თაყვანისმცემელს. კონვერტის გაფორმება მართლაც მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი როკ-მუსიკოსისთვის. როკ-მუსიკის მცირე ისტორიის განმავლობაში კონვერტის მხატვრულად გაფორმებაში გარკვეული ხელწერით აუცილებლად გამოირჩეოდნენ სერიოზული ჯგუფები – „პინკ ფლოიდი“, „ლედ ზეპელინი“, „კინგ ქრიმსონი“, „იესი“, „ელპი“ და მრავალი სხვა. ბევრი მელომანი კონვერტზე დატანილ ფოტოსა თუ ნახატს კედელზე პოსტერივით აკრავდა.

მუსიკისა და ჩანაწერის გაკომერციულებაზე გარკვეული მკვეთრი შეხედულება აქვს ამერიკელ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და ერთ-ერთი სტუდიის მფლობელს უოლტერ სერს. ის თანამედროვე მუსიკაში თავსდატეხილ ყველანაირ უბედურებას, პირველ რიგში, ხმის ინჟინერის ფუნქციების შევიწროებას აბრალებს, რომელიც კომპიუტერიზაციის ეპოქამ მოიტანა. „იყო დრო, როდესაც ხმის ინჟინრები სტუდიების შტატში ირიცხებოდნენ. შტატგარეშეები იმ დროს იშვიათად შეგხვდებოდათ. შტატში მყოფი ხმის ინჟინრები კი მუსიკის ჩაწერაში, მთელ ფილოსოფიას აქსოვდნენ და არც დროში იყვნენ შეზღუდულები. ყოველმა მათგანმა, კარგად იცოდა, აპარატურის ხასიათი, ხაზების გაყვანილობა, მონიტორებთან ურთიერთობა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყავის მოდუღებაც კი. დღეს კი შტატგარეშე ინჟინერი შედის უცნაურ სადისპეჩეროში, უნდა წარმოიდგინოს, სავარაუდოდ როგორი ხმა ექნება მონიტორებს, უნდა იმუშაოს ასევე, შტატგარეშე ინჟინრის თანაშემწესთან ერთად და არკვიოს, რატომ აქვს ყავას ასეთი უცნაური გემო. რა თქმა უნდა, ამით, პირველ რიგში, მუსიკა ზარალდება“ – წერს უოლტერ სერი.

მუსიკოსი ინტერნეტში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში „რა უქნეს მათ ჩემს ხელოვნებას?“ ქვეპუნქტებად განიხილავს თანამედროვე ტექნიკის დანარჩენ სისუსტეებსაც. მისი აზრით, ხმის ჩაწერის ანალოგური ტექნოლოგია ბევრად აღემატება იაფფასიან ციფრულს, რომელსაც არ სჭირდება ხმის ინჟინრის სკრუპულოზური და გულითადი მუშაობა. დღევანდელი მუსიკის საბოლოოდ სახის მიცემაში სულ უფრო ნაკლები ადამიანური ფაქტორი იდება, რადგან ძირითად სამუშაოს კომპიუტერი ასრულებს. უოლტერ სერი იხსენებს 60-იან წლებს, როდესაც ახალი შექმნილი იყო სინთეზატორი „მუგი“. ერთ-ერთმა გაოცებულმა მუსიკოსმა, როდესაც ტექნიკის პირმშო იხილა, დასვა კითხვა: „შეგვიძლია მას ვიოლინოს ჟღერადობა მივცეთ“? უოლტერ სერი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მუსიკაში სწორედ ამ კითხვის შემდეგ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ფატალური დარტყმა მუსიკას „მი-დი“ სისტემის სინთეზატორებმა და სახლის კომპაქტურმა ციფრულმა სტუდიებმა მიაყენეს. კომპოზიტორი საკუთარ სტატიას ასე ასრულებს: „დღეს, ჩვენ, ხშირად გვესმის სინთეზირებული მუსიკა. ამ მონსტრის შექმნაში მეც ვმონაწილეობდი და კარგად მომეხსენება მისი უარყოფითი მხარეები. სიმთეზატორში რაც არ უნდა კარგი ვიოლინოს ხმა იყოს ჩატვირთული, თქვენ ვერაფრით შექმნით ისეთ ფაქიზ მუსიკალურ ხაზს, როგორიც შეუძლია მევიოლინემ გამოხატოს თავისი ტონალური ხასიათების და დინამიზმის მერყეობით... სამწუხაროდ, სწორედ ამ ფაქიზ ელემენტებში შეიძლება მოგვატყუოს მუსიკამ“.

No comments:

Post a Comment