„ეს ნამდვილად ღვთის შემწეობა, სასწაულია“, – აცხადებს პროფესორი რევაზ გაგუა
სულ მალე ლისის ტბასთან, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ეკლესიის მშენებლობა დაიწყება. რა თქმა უნდა, ტაძრის მშენებლობის წამოწყება სამკურნალო დაწესებულებაში არავის გაოცებას არ იწვევს, მაგრამ აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ სასწაული უსწრებდა, რომელიც ქვაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტ სოგრატს უკავშირდება.
გასულ წელს „ახალმა ვერსიამ“ მამა სოგრატის სასწაულებზე მკითხველს უკვე მოუთხრო. ორი კვირის წინ კი ახალი სასწაული მოხდა, რაზედაც ამ სტატიაში გიამბობთ.
46 წლის ბაადურ გიგიაძეს კომპიუტერული ტომოგრამის გაკეთების შემდეგ ავთვისებიანი წარმონაქმნი დაუდგინდა, რომელიც ისე მოსდებოდა შინაგან ორგანოებს, რომ საჭირო გახდა გადაუდებელი ურთულესი ოპერაციის გაკეთება. ოპერაციის წინ მამა სოგრატმა ბაადურს რამდენჯერმე წაუკითხა ლოცვა. ამის შემდეგ პაციენტს ჯერ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილები გაუყუჩდა, ხოლო ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა, რომ იგი მთლიანად განიკურნა.
ჩვენ თავდაპირველად ვეწვიეთ ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრს და კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ქირურგს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, პროფესორ რევაზ გაგუას.
რევაზ გაგუა: „ორიოდე კვირის წინ ამ დაწესებულებაში გაკეთდა ურთულესი ოპერაცია. ბაადურის დაავადებას ისეთი ადგილმდებარეობა ჰქონდა, რომელთან მიდგომაც კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ეს წარმონაქმნი მდებარეობდა გულის წინ, საიდანაც უამრავი დიდი, სასიცოცხლო, უაღრესად მნიშვნელოვანი სისხლძარღვი გამოდის. იქვეა უამრავი ნერვული წნული, ფილტვი, სასუნთქი და საყლაპავი მილები. საჭირო იყო ამ ორგანოებზე შეხება, ზემოქმედება და ამის შემდეგ წარმონაქმნის ამოღება. დიაგნოზი საბოლოოდ დასტურდება მაშინ, როცა მას აღმოაჩენ და მიკროსკოპულად გამოიკვლევ. დღეს ტექნიკა ისე განვითარდა, რომ უკვე მილიმეტრებში შეიძლება გაიგო სად მდებარეობს ესა თუ ის წარმონაქმნი და რა კავშირი აქვს მას სასიცოცხლო ორგანოებთან. ბაადურმა გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა, რითაც დაზუსტდა ამ წარმონაქმნის ადგილმდებარეობა. ისე მოხდა, რომ მოსკოვში წასვლა მომიწია და ეს ტომოგრამები იქაურ ცნობილ სპეციალისტებს ვანახე. იმათაც დაადასტურეს ბაადურის უმძიმესი მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას, რომელიც ურთულეს ოპერაციათა კატეგორიას განეკუთვნება. ამიტომ ამ ოპერაციის გასაკეთებლად ორ ბრიგადას უნდა ემუშავა – ჩემსა და ბრწყინვალე მეცნიერისა და ქირურგის კოტე მარდალეიშვილის ბრიგადას.
ოპერაცია კისრიდან უნდა დაწყებულიყო. ის გაგრძელდებოდა გულმკერდზე. ამის შემდეგ გავხსნიდით მკერდის ძვალს და გულიდან და დიდი სისხლძარღვებიდან ეს წარმონაქმნი უნდა აგვეცალა. თუმცა მამა სოგრატის ლოცვის წყალობით ამ წარმონაქმნმა ერთ პატარა ადგილას მოიყარა თავი და მისი ამოღება ძალიან იოლი გახდა მხოლოდ კისრის განაკვეთიდან. აღარ დაგვჭირდა მკერდის ძვლის გახერხვა.ძალიან მეშინოდა, თუმცა ოპერაცია ძალზედ მარტივად დასრულდა და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ჩვენს ყოფილ პაციენტის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე აღარ ემუქრება – იგი აბსოლუტურად განიკურნა. ეს ნამდვილად ღვთის შემწეობა, სასწაულია. მამა სოგრატმა, ამ უდიდესმა რელიგიურმა და საზოგადო მოღვაწემ, ოპერაციის წინ დალოცა ბაადური და ჩვენც, ქირურგებიც გვაკურთხა. საოპერაციოში მაცოცხლებელი ხატები შევიტანეთ. ბაადურმა და მამა სოგრატმა ონკოცენტრის ეზოში შეარჩიეს ადგილი, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია აშენდება. ამ ტაძარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენს დაწესებულებაში“.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით „ახალ ვერსიას“ ესაუბრება მამა სოგრატი: „მაცხოვარი ამბობს „უფალი სწყლავს და კურნავს მონასა თვისსა“. იოანეში (ბაადურის ნათლობის სახელია) ძალიან დიდი სარწმუნოება დავინახე. მაშინ ისიც კი ვთქვი, რომ ოპერაცია არ დასჭირდება მეთქი. აი, ქირურგიც დამემოწმება. ლოცვითა და რწმენით ღმერთმა დაუშვა, რომ სატკივარი ერთ პატარა პარკში შეეკრიბა, რომელიც ქირურგმა სხეულიდან იოლად ამოიღო. სანამ იოანე აქ დაწვებოდა, ვლოცულობდი მასზე. ერთ დღეს რატომღაც მომინდა იოანესთვის ჩემი ხელები (ალბათ იცით, რომ ერთი ხელი მტკივა) მომეხვია და ჰაერში ამეწია. სამჯერ ავწიე და მისი სხეულით ჯვარი გამოვსახე. მგონი, სწორედ მაშინ შეიკრიბა მისი სატკივარი ერთ პატარა პარკში. თუმცა მთავარია, ღმერთი ექიმს შეეწიოს, თორემ ის უძლური იქნება“.
ბაადურ გიგიაძე: „არ ვიცი, რა უნდა გითხრათ... დიდი მადლობა უფალს და მამა სოგრატს. ისე მძიმედ ვიყავი, რომ მიმალავდნენ ჩემს მდგომარეობას. თუმცა, ყველა მეუბნებოდა, რომ რთული ოპერაცია მქონდა გადასატანი. ლოცვითა და მამა სოგრატის კურთხევით შევედი საოპერაციოში. მამა სოგრატი მაიმედებდა, რომ დიდი ოპერაცია, ღრმა გაკვეთა არ დამჭირდებოდა. ამაში ისე მარწმუნებდა, რომ ექიმებს ეღიმებოდათ. შესვლის წინ ვხედავდი, რომ ყველანი პირჯვარს იწერდნენ. როდესაც რეანიმაციაში აზრზე მოვედი, მითხრეს, მეორედ დაბადებას გილოცავთო. ვიფიქრე, რომ ეს ჩემი სიცოცხლის კიდევ ორი წლით გაგრძელებას ნიშნავდა. დღესაც გაოგნებული ვარ. ბოლომდე ვერ ვიჯერებ, რომ რწმენამ და მამა სოგრატის ლოცვამ გადამარჩინა. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ მამა სოგრატის ლოცვამ სრულიად განკურნა ჩემი დაც, რომელიც ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული. დიდი მადლობა ყველა ექიმს, განსაკუთრებით ქირურგებს – ბატონ რეზოსა და ბატონ კოტე მარდალეიშვილს, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ჩემს გადასარჩენად. მინდა რწმენა ჩემში უფრო გავაძლიერო, რადგან ჯერ კიდევ მაკლია“.
რუსუდან ქემოკლიძე, ექიმი თერაპევტი: „როდესაც ბაადურის ჩახლეჩილ ხმას მოვუსმინე, მივხვდი, რომ რეკურენსზე რაღაც ზეწოლა იყო. ბატონმა რეზომ მითხრა: ძალიან რთული შემთხვევაა, არ ვიცი, ამისგან რა გამოვაო. მინდა ისიც ვთქვა, რომ თავად ბაადური სიკეთის განსახიერებაა. როცა გავიგე, რომ საოპერაციოში ყველაფერი ასე მშვიდობიანად დამთავრდა, უდიდესი სიხარული ვიგრძენი. მთელმა ონკოცენტრმა ბაადურის სახით დიდი მორწმუნე და მეგობარი შეიძინა. მამა სოგრატი ოპერაციის წინ ბაადურს ეუბნებოდა – ყველაფერი კარგად იქნებაო. მაშინ ვფიქრობდი, მოძღვარმა რა უნდა უთხრას ასეთ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს-მეთქი“.
დალი თუშიშვილი, ციტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი: „მამა სოგრატს არაერთი სასწაული მოუხდენია და ამის თვითმხილველი თავადაც გახლავართ. უკვე გამოსულია წიგნი, სადაც თავმოყრილია მამა სოგრატის სასწაულები. მაგრამ ის სასწაული, რაც ჩვენს ონკოლოგიის ცენტრში მოხდა, განსაკუთრებით სასიხარულო იყო. ასეთი დიდი დონის ქირურგებსაც კი, როგორებიც ბატონები, რეზო გაგუა და კოტე მარდალეიშვილი ბრძანდებიან, ფიქრობდნენ, რომ ეს იყო არასასურველი ონკოლოგიური დაავადება. ასეთი დონის სპეციალისტები დიაგნოზის დასმაში თითქმის არასოდეს სცდებიან. ოპერაციის დაწყებამდე მობრძანდა მამა სოგრატი, რომელმაც ჩაატარა წირვა-ლოცვა, აკურთხა განყოფილება, პალატა, საოპერაციო და მართლაც დიდი საოცრება მოხდა. ოპერაციის შედეგად ბაადურს საერთოდ არ აღმოაჩნდა საშიში წარმონაქმნი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. უფალმა იცის, ვის უნდა დაეხმაროს. თავად ბადური იმდენად შინაგანად სუფთა და მორწმუნე ადამიანია, ღმერთმა მასზე დაუშვა ეს დიდი წყალობა. ეკლესიის მშენებლობაც სწორედ ბაადურს უნდა დავუკავშიროთ. დიდი მადლობა მამა სოგრატს“.
სხვათა შორის, მამა სოგრატის თაოსნობით პირველ რესპუბლიკურ (ე.წ. „არამიანცის“) საავადმყოფოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი შენდება. მამა სოგრატი ერთ-ერთი ქართველი მოძღვარია, რომელსაც შეუძლია „კვეთებულის“ ლოცვის წაკითხვა, რომლის შედეგადაც არაერთი ბოროტი სულით შეპყრობილი განკურნებულა. ასე რომ, ილოცეთ და გჯეროდეთ სასწაულის.
დიდება უფალო შენდა...
ReplyDelete