საუბარი პოლიტტექნოლოგებთან, პოლიტკონსულტანტთან, „სარკე-კვლევების“ გენერალურ დირექტორთან, ვალერიან (ვაკა) გორგილაძესა და მედიაანალიტიკოს ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილთან
ვაკა გორგილაძე: პიარი ეფექტური კომუნიკაციაა. პროპაგანდაც ურთიერთობაა, მაგრამ ამ უკანასკნელსა და პიარს შორის დიდი და კონცეპტუალური განსხვავებაა. პროპაგანდა არაკონკურენტულ გარემოში კომუნიკაციაა, სადაც ინფორმაციის მიწოდებაზე ექსკლუზივი მხოლოდ ერთ ჯგუფს აქვს. პროპაგანდა ეფექტურია მხოლოდ დახურული საზოგადოების შემთხვევაში. დახურულად მიიჩნევა ტოტალიტარული საზოგადოება და იგი თავისი სტრუქტურით ძალიან მარტივია. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი. იყო ძალაუფლების მქონე ელიტა და ხალხი. დახურულ საზოგადოებაში ძალაუფლების მქონე კასტა საკუთარი სოციალური სტატუსის გასაკანონიერებლად პროპაგანდას იშველიებდა. ეს ლოგიკურია, რადგან ალტერნატიული საინფორმაციო წყაროები არ არსებობდა. მასა ერთგვაროვანი გახლდათ. მართალია, პროფესიული და სოციალური რანჟირება არსებობდა – მასწავლებელი, ინჟინერი, ეკონომისტი, ბუღალტერი და ა. შ., მაგრამ ამ ფენებს დამახასიათებელი ატრიბუტიკა არ გააჩნდა. ღირებულებების სისტემა საბჭოთა კავშირში ერთი იყო. მის მანიფესტაციას სახელმწიფოს სათავეში მყოფი კლანი ახდენდა და ამ ღირებულებებით მანიპულირებდა კიდეც.

პიარი ის ურთიერთობაა, რომელიც მხოლოდ ღია საზოგადოებაში ცოცხლობს, სადაც შენი სერვისის, შენი პროდუქტის გაყიდვა გჭირდება. პოლიტიკური ბრენდიც მარკეტინგული პროდუქტია. ღია საზოგადოება რთული აგებულებისაა. ლუმანის თეორიის მიხედვით, ღია საზოგადოებაში უამრავი ელიტა არსებობს, მაგალითად, ექიმების, იურისტების, შოუბიზნესის, მასმედიის და სხვა, მათ შორის, პოლიტიკოსების ელიტაც. მისი აზრით, თითოეულს ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს. ექიმები ყველას კურნავენ, იურისტები ყველას იცავენ, ამავე დროს, ექიმი, ვთქვათ, ოპერაციის დროს არ დაუშვებს იურისტის საქმეში ჩარევას, ასევე, იურისტი თავის საქმეში ექიმს არ ჩარევს. ამ ელიტებს შორის არსებობს კომუნიკაცია. ანუ, თუ მე ვარ იურისტი, ჩემს კონსულტაციებს ვყიდი და ამიტომ ჩემი კონსულტაცია შეიძლება დასჭირდეს ისტორიკოსს, ექიმს და ა. შ. ასევე ექიმიც ყიდის საკუთარ საქმიანობას. პოლიტიკოსები დილეტანტური ელიტის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პოლიტიკური მეცნიერებები – სოციოლოგია, პოლიტოლოგია და ა. შ., პოლიტიკა მეცნიერება არ არის. პოლიტიკოსი არ ამთავრებს პოლიტიკურ სასწავლებელს. რაკი პოლიტიკური ელიტა უზარმაზარ ძალაუფლებას ფლობს და სოციუმზე უდიდეს გავლენას ახდენს, აუცილებელია მისი განუწყვეტლივ შემოწმება, თუნდაც მასმედიის, იურისტების, სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით.
ლაურა კუტუბიძე-ზუბაშვილი: პიარისა და პოლიტტექნოლოგიების სამშობლოდ ამერიკის შეერთებული შტატებია აღიარებული, მაგრამ იქაც ჯერ კიდევ არ ითვლება პოლიტიკური კონსულტანტის მომსახურება ისეთივე აუცილებელ პროდუქტად, როგორიცაა, თუნდაც იურისტის მომსახურება. პოლიტკონსულტაციის ვეტერანი, პრეზიდენტ კენედისა და ბევრი ცნობილი პოლიტიკური ლიდერის მრჩეველი ჯოზეფ ნაპოლიტანი თავის წიგნს „ელექტორალური თამაში“ იმის ახსნით იწყებს, თუ რისთვის სჭირდება მისი ბიზნესი უფრო დიდ ბიზნესს – პოლიტიკას. იგი ამბობდა: თუ ვინმე ძვირადღირებული სახლის აშენებას წამოიწყებს, არქიტექტორს თუ არა, ინჟინერს მაინც დაიქირავებს, კომპეტენტური პროექტის გარეშე არც ერთი მუნიციპალიტეტი ამ მშენებლობის ნებართვას არ გასცემს; როცა თუნდაც აპენდიციტის ოპერაცია გვჭირდება, გოლფის მეგობარს ან ნათესავს კი არ მივმართავთ, ექიმს მოვძებნით, და რაც შეიძლება უფრო საიმედოსა და გამოცდილს... ავეჯის გადაზიდვა რომ დაგჭირდეთ, იმასაც არ ანდობთ პირველივე შემხვედრს და ავეჯის გადაზიდვის სერვისს გამოიძახებთ... პოლიტიკა დიდი ბიზნესია, რომელშიც საარჩევნოდ უზარმაზარი თანხა იდება და მათი დიდი ნაწილი გადამხდელთა ჯიბიდანაა გაღებული. პოლიტტექნოლოგია ამომრჩეველთან პოლიტიკოსის კომუნიკაციის საშუალებაა, პოლიტტექნოლოგი კი ამ საქმის სპეციალისტი. ამერიკაში გადამხდელი, მით უფრო ამომრჩეველი, ცდილობს, ამ თანხების გზა-კვალი გააკონტროლოს. ჩვენც ვიხდით, მაგრამ ჯერ ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ჩვენი საზოგადოება პოსტსაბჭოთა სინდრომით ჯერ კიდევ სახელმწიფოზეა მიბმული, ანუ თავს სახელმწიფოს დანამატად აღვიქვამთ; დასავლეთში კი პირიქითაა, სახელმწიფო და ხელისუფლებაა დაშენებული ხალხის არჩევანზე.