© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
I ნაწილი იხილეთ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი I)
II ნაწილი იხილეთ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი II)
ლაშა: – ჩვენი სტატიის ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ ვუდსტოკის ფესტივალზე და მასზე გადაღებულ ფილმზეც. ორივე ფენომენის გარშემო არსებობს მრავალი ლამაზი მითი, ლეგენდა და სინამდვილე, რომლებიც, როგორც სუფთა ჰიპურ ტრადიციებს შეეფერება, გადახლართულია ერთმანეთში.
გაგა: – სცენაზე გამოჩნდა მაქს იასგური და თქვა: „თქვენ წინ გართობის და მუსიკის სამი დღე გაქვთ და იმედი მაქვს, მეტი აქ არაფერი მოხდება“. და ამ ყველაფერზე, რაც მოხდა და რაც არ მოხდა ბეტელში, რეჟისორმა მაიკლ უორდლიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი (სხვათა შორის, ფილმის მემონტაჟე ახალგაზრდა მარტინ სკორსეზე იყო).
ლაშა: – უორდლი მერე ჰყვებოდა, რომ ფესტივალზე თითქმის შემთხვევით მოხვდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ყოფილა, რომ ეს უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი როკფესტივალი. არც შემცდარა, ფილმმა „ოსკარი“ აიღო, ხოლო 1994 წელს კი (ვუდსტოკის 25 წლისთავზე) ფილმს დაემატა კიდევ 45-წუთიანი მასალა, რომელიც ორიგინალში არ იყო შესული, ფილმი საიუბილეოდ თავიდან გამოიცა, ტრადიციული ქვესათაურით „რეჟისორის ვერსია“.
სამი დღის განმავლობაში „ბეტელ-ვუდსტოკის“ იმპროვიზირებულ სცენაზე გამოვიდნენ (თანამიმდევრობა დაცულია): რიჩი ჰევენსი, სვამი საჩიდანანდა (ოფიციალურად გახსნა ფესტივალი), Sweetwater, The Incredible String Band, ბერტ სომერი, ტიმ ჰარდინი, რავი შანკარი, მელანი, არლო გატრი (დიდი ფოლკსინგერ ვუდი გატრის ვაჟი), ჯოან ბაეზი (ერთი სიმღერა ჯეფრი შართლეფთან ერთად შეასრულა), Sweetwater, The Incredible String Band, ქანთრი ჯო მაკდონალდი (ერთი სიმღერა ჯერი გარსიასთან დუეტში შეასრულა), ჯონ სებასტიანი, კარლოს სანტანა თავის ბენდით, Canned Heat, Mountain, Grateful Dead, Creedence Clearwater Revival, ჯენის ჯოპლინი, Sly And The Family Stone, ები ჰოფმანის პოლიტიკური გამოსვლა, The Who, Jefferson Airplane, The Grease Band, ჯო კოკერი, Country Joe & The Fish, Ten Years After, The Band, Blood Sweat & Tears, ჯონი ვინტერი (წარადგინა ძმა ედგარ ვინტერი), ქროსბი სტილზი ნეში და იანგი, Butterfield Blues Band, Sha Na Na და ჯიმი ჰენდრიქსი.
შთამბეჭდავი სიაა! როგორც იტყვიან, „მისი უდიდებულესობა როკ-ენ-როლის მთელი სამეფო ამალა“. თითოეულ „მოქმედ გმირზე“ ცალკე წერილის, ნაშრომის თუ მონოგრაფიის გაკეთება შეიძლება.
„ვუდსტოკზე“ გადაღებულ ფილმში ამბობენ, რომ The Doors მიწვეული არ იყო, თითქოს მორისონის ტრადიციულ სკანდალს მოერიდნენ და ამით თავი დაიზღვიეს (სხვათა შორის, ეს ლეგენდა თუ ეპიზოდი ოლივერ სტოუნის ცნობილ ფილმ The Doors-შიც საკმაოდ მძაფრად არის გაჟღერებული). სინამდვილეში კი თავად ჯიმ მორისონმა განაცხადა უარი ფესტივალში მონაწილეობაზე, რადგან ეშინოდა, რომ მოკლავდნენ. იმ პერიოდისთვის მას უკვე მწვავედ განუვითარდა სხვადასხვა მანია და სამწუხაროდ, მათ შორის, ერთ-ერთი „დევნის მანიაც“ იყო. ამავე დროს, ბეტელ-ვუდსტოკის ორგანიზატორები ჯონ ლენონსაც დაუკავშირდნენ და The Beatles-ის ჩამოყვანა სთხოვეს. ლენონმა უარი შეუთვალა – The Beatles-თან ერთად არ დავუკრავო. სამაგიეროდ ჯონმა ტრადიციულად თავისი და მისი მეუღლის, იოკო ონოს იმჟამინდელი პროექტი The Plastic Ono Band შესთავაზა, მაგრამ ამაზე უკვე უარი თავად ორგანიზატორებმა თქვეს.
აბა, ახლა წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა „ბითლზი“ და „დორზი“ ვუდსტოკზე რომ ჩასულიყვნენ და იასგურების ფერმაში დაეკრათ! და კიდევ ერთი „კაზუსი“ – იმ პერიოდის ერთ-ერთი საკულტო ჯგუფია „აირონ ბათერფლაი“. ისინი იყვნენ მოწვეულები, მათ გარეშე არც შეიძლებოდა. აი, მერე იწყება გაურკვეველი ისტორია – მათი თვითმფრინავი სადღაც, რომელიღაც აეროპორტში გაიჩხირა და მათ ჩამოსვლა ვეღარ მოასწრეს. ჩამოსვლა მოასწრო Creedence Clearwater Revival-მა, მაგრამ სცენაზე ისინი პირდაპირ გზიდან მოხვდნენ, თანაც გვიან ღამით, როცა მაყურებლების უმეტეს ნაწილს უბრალოდ ეძინა ან სხვა „საქმით“ იყო დაკავებული და „ქრიდენსის“ გამოსვლაც ამ ყველაფრის ფონზე, მაპატიონ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ბენდის ფანებმა, ოდნავ უღიმღამო იყო. მიწვეულები იყვნენ Led Zeppelin და Jethro Tull. ორივე ლეგენდარული ბენდი უკვე ერთი წელიწადია არსებობს და სერიოზული განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს. მაგრამ ესენიც სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული, ფესტივალზე ვერ ან არ ჩავიდნენ. როდესაც ვუყურებ ფილმს ან ვუდსტოკის ჩანაწერებს ვუსმენ, ეს მუსიკოსები ძალიან მაკლია.
ლაშა: – კიდევ ერთი ფენომენი გამოგრჩა, ყველა დროის მეამბოხეები „როლინგ სთოუნზი“, პლიუს „პინკ ფლოიდიც“ რომ გამოსულიყო ფესტივალზე, პირადად ჩემთვის ფანტასტიკური მოვლენა იქნებოდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგანი ფესტივალზე რომ მოხვედრილიყო, იგი აღარ იქნებოდა ის ვუდსტოკი, როგორიც დარჩა ისტორიაში. ვუდსტოკი აღარ იქნებოდა მარტო ჰიპების, რადგან ბევრი სულ სხვა ესთეტიკის ბრიტანელი მოხვდებოდა სცენაზე, რომელთაც აგრეთვე, თავისი უდიდესი წვლილი (ოღონდ არა ჰიპური) შეიტანეს 60-იანი და 70-იანი წლების კულტურულ რევოლუციაში.
ვუდსტოკზე მართლაც დიდი ოსტატობით გადაღებულ ფილმში კარგადაა ნაჩვენები ადამიანების ერთობა, მათი ამაღლებული განწყობა, უდიდესი რომანტიკა თავსხმა წვიმასა და ტალახში. ეს ადამიანები თითქოს მართლაც უდიდესი სიყვარულის მატარებლები იყვნენ, რომლებიც სცენაზე გამოსულ მუსიკოსთან ერთად მღეროდნენ, ექსტაზის ქვეშ და ექსტაზის გარეშეც თავდავიწყებით ცეკვავდნენ. ბედნიერების და თავისუფლების ის მუხტი, რაც ეკრანზე ჩანს, სხვა არც ერთ კონცერტზე არ შემინიშნავს.
გაგა: – ები ჰოფმანი ამბობდა: „ჩვენ ვართ ვუდსტოკის ნაცია. ამ ყველაფერს თან ისე ვატარებთ, როგორც სიუს ტომის ინდიელი ატარებს თავის წარმომავლობას. და თუ სადმე ერთი ჩვენგანი იმყოფება, ესე იგი, მთელი ვუდსტოკის ნაციაც იქვეა“. ამ დროს კი ეს „ნაცია“ ჯერ ბოლომდე დაბადებულიც არ იყო, როცა უკვე გარდაცვალების ფაზაში შეაბიჯა ფეხი. უბრალო ენაზე კი ეს ნიშნავდა ერთ რამეს – ჰიპური ნონკოფორმზი ნელნელა გადაიზარდა თავისსავე საწინააღმდეგო ფენომენში. ახლა 2010 წელს, როდესაც ვუყურებ ფილმს, მუდამ ერთი უსიამოვნო გრძნობა მსდევს: ლამაზი ეპოქის დასასრულის, რადგანაც ეპოქა, რომელიც თითქოს ალალად სავსეა მუსიკით, ყვავილებითა და სიყვარულით, ჩემს თვალწინ ჩერდება, იხლიჩება და იმსხვრევა. ეს მსხვრევა, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეს, ზუსტად იმავე ეპოქაში, იმავე „ყვავილების და სიყვარულის“ წიაღშია დაწყებული. ეს ყველაფერი, ახლა ძალიან მძაფრად იგრძნობა.
ლაშა: – წერილის პირველ ნაწილშიც აღვნიშნე და ახლაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ 60-იანების მეორე ნახევრის ლონდონის გარემო გაცილებით „სიმპათიურია“, ვიდრე „დაბოლილი კალიფორნია“. ალბათ, იმიტომ, რომ ლონდონი ჯერ არ იყო მოწამლული იდეოლოგიით, ოკულტიზმით, სხვადასხვა აღმოსავლური რელიგიების ელემენტებით, ეგზისტენციალიზმით. ლონდონი უბრალოდ ტკბებოდა ომის შემდგომი თავისუფლებით, ეს მაშინ, როდესაც ოკეანისგადაღმა თავისუფლება თავისუფლებას შთანთქავდა და ანადგურებდა. გავიხსენებ ჰიპების საყვარელ მწერალს – ჰერმან ჰესეს, რომელმაც ძალიან კარგად თქვა „ტრამალის მგელში“, რომ ჰარი ჰალერს („ტრამალის მგელის“ გმირს) მისივე თავისუფლება ღუპავდაო და ეს სიტყვები ახდა კიდეც. ეს იყო თავისუფლება, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ იჯდა. მსგავს ანარქისტულ თავისუფლებას კი რაიმე შედეგი დღემდე არ ჰქონია.
ჰიპური მოძრაობა უფრო იმ რელიგიურ სექტას ჰგავდა, რომელსაც დედამიწაზე სამოთხის ჩამოტანა სურს, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაუფერულდა და მარიხუანის ბოლში გაიფანტა, ხოლო ჰიპების ფრაზების და ლოზუნგების უმეტესობა, თუნდაც Make Love და სხვა მსგავსი, ნელ-ნელა იმდენად გაუბრალოვდა, რომ დღემდე პაპსავიკების ყოველ მეორე სიმღერაში გვხვდება ან პერიოდულად პოპულისტი პოლიტიკანები თუ გამოიყენებენ თავიანთ წინასაარჩევნო სიტყვებში. ეს მაინც უფრო უტოპია იყო... და მომენტებში, არც ისე უწყინარი უტოპია.
გაგა: – ცხოვრება სულ სხვა ლოგიკით და სხვა რეალობაში განვითარდა. ხოლო ამ „რელიგიის“ თითქმის ყველა გურუმ (მუსიკოსებმა) გაითვალისწინეს რა ეს რეალობა, თავიანთ მრევლს უღალატეს და განზე გადგნენ.
როგორც წერილის მეორე ნაწილში აღვნიშნეთ, უმრავლესობის თანდათანობით „გაბურჟუება“ მოხდა. სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ ეს „მრევლის“ ნაწილმაც შეძლო და ძალიან ბევრი იმ „გაბურჟუებული ჰიპებიდან“ ამჟამად საკმაოდ რესპექტაბელურნი და წარმატებულნი არიან. მილიარდერ ბილ გეიტსის და გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის იოშკა ფიშერის დასახელებაც საკმარისი იქნება. აი, ვინც „დარჩა“, მათთვის ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. იმიტომ, რომ სასტიკი რეალობის და იმ Make Love-ს გზები ბოლო-ბოლო უნდა გადაკვეთილიყო და ერთხელაც ისინი დადგნენ პირისპირ. ალბათ აი, აქ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. „სამოთხემ მიწაზე“ კი მხოლოდ სამი დღე იარსება.
ლაშა: – გეთანხმები, პირისპირ დადგნენ და თან ძალიან მძაფრად. იმავე წელს გამოჩნდა, როდესაც ვუდსტოკი ჩატარდა, თმამოშვებულმა ჰიპმა ჩარლზ მენსონმა გასცა სასტიკი ბრძანება, რომელსაც უსიტყვოდ დაემორჩილნენ მისი ჰიპური კომუნის წევრები. მათ სადისტურად მოკლეს ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე შარონ ტეიტი და პოლანსკების სახლის კიდევ რამდენიმე სტუმარი. ერთ-ერთმა მკვლელმა კედელზე შარონის სისხლით წარწერაც გააკეთა – „ღორებო!“. მენსონი დღემდე ციხეში ზის, სინანულის გრძნობაც არა აქვს, შუბლზე სვასტიკა ამოიტვიფრა და იქ სიმღერებსაც იწერს, რომლის გამოქვეყნების მცდელობები პერიოდულად აქვს. მაშინდელმა „მოსიყვარულე“ საზოგადოების ნაწილმა კი ამ შიზოფრენიკს რატომღაც „ქრისტეს სახიანი და რასპუტინის თვალებიანი“ თავისუფლებისთვის მებრძოლი უწოდა.
გაგა: – იმავე წელს კიდევ ერთი საზიზღარი ფაქტი მოხდა. ქალაქ ალტამონტეში, „როლინგების“ კონცერტზე, ბაიკერთა ბანდის წევრებმა „ჯოჯოხეთის ანგელოზებმა“, რომლებსაც კონცერტზე წესრიგი უნდა დაეცვათ, დანით აუღელვებლად მოკლეს შავკანიანი მაყურებელი. მერე თავს იმართლებდნენ, თითქოს ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით მიკ ჯაგერის მოკვლა უნდოდა. ამ კონცერტზე უამრავი „მზისა და ყვავილების შვილი“ იყო თავმოყრილი, მაგრამ ეს მკვლელობა მაინც მოხდა. მთლიანობაში „როლინგების“ ეს ცნობილი კონცერტი ზუსტად იქ მყოფი პუბლიკის გამო, საკმაოდ აგრესიული გამოვიდა. The Rolling Stones-ის ბიოგრაფიაში, როცა ჯგუფის ჩავარდნაზე თუ დეპრესიულ პერიოდზე საუბრობენ, აუცილებლად ბრაიან ჯონსის ტრაგიკული სიკვდილი და ზემოთ აღნიშნული კონცერტით გამოწვეული ნიჰილიზმი ახსენდებათ. ამ ფაქტის შემდეგ ჯგუფი დროის რაღაც მონაკვეთში მართლაც დეპრესიაში ჩავარდა.
იმ წელსვე მომღერალი Iggy Pop გამოჩნდა, რომელსაც თავიდანვე ერთი მისწრაფება ჰქონდა – არ მოსწონებოდა არავის. ყველა კონცერტზე ბოთლის ნამსხვრევებით სხეულს ისერავდა და დარბაზში მყოფ მაყურებელში კონკრეტულად „ჰიპობისთვის“ უაღრესად მკრეხელურ და უწმაწური ტექსტების დახეულ ქაღალდის ნაკუწებს ისროდა. Iggy Pop-ი ვერ იტანდა ჰიპებს და მუდამ ფარისევლებს ეძახდა. XXI საუკუნის გადმოსახედიდან როცა ვუყურებ იმას, რაც ჰიპური მოძრაობიდან საბოლოოდ მივიღეთ, მგონია, რომ ბებერი Iggy სადღაც მართალიც იყო...
ლაშა: – ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნახსენები იგი პოპი, იგივე იგი სტუჯი, იგივე ჯეიმს ნიუველ ოსტემბერგი-უმცროსი ერთ-ერთი პირველი პანკი გახლდათ. პანკებს კი ორგანულად სძულდათ უკვე კლიშეებში მოქცეული პოსტ-ჰიპების იდეოლოგია და თავისებურად სძულდათ ფარისევლობა.
პანკკულტურა რაღაცით საკმაოდ მჭიდროდ იკვეთება ბიტნიკებთანაც. სადაც იგი პოპი ვახსენეთ, მინდა კიდევ ერთი ამერიკელი საკულტო მუსიკოსი და ანდერგრაუნდისტი ტომ უეიტსი გავიხსენო, რომელმაც ერთ თავის სიმღერაში თქვა, რომ 60-იანი წლების განმავლობაში მეძინაო. ეს ერთგვარი პროტესტი იყო ჰიპების მიმართ. ტომი არ ცნობდა მათ. სულიერად ტომ უეიტსიც ბიტნიკებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე სხვებთან, თუნდაც ჰიპებთან. იგი ახლაც განმარტოებით ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და ეზიზღება კომუნები, ჰოლივუდი... ცხოვრობს სოფლად, აქვს საკუთარი ფერმა.
გაგა: – ნამდვილი ბიტნიკური სულისკვეთებაა. საკუთარ თავში, ამ შემთხვევაში, ოჯახში, სახლში ჩაკეტვა და დიდი მეგაპოლისებიდან მოშორებით ცხოვრება. დროა, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გავლენა ჰქონდა ზოგადად მუსიკაზე ბიტნიკებისა და ჰიპების მოძრაობებს.
ლაშა: – მაშინ ახლა ასე დავსვათ კითხვა: რა მოგვიტანა ამ ყველაფერმა? ვუდსტოკის შესახებ საქართველოში პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი. ის ინფორმაცია, რაც მაშინ შემოდიოდა, უფრო საბავშვო თამაშს – „გაფუჭებულ ტელეფონს“ წააგავდა და კაცი ვერ გაიგებდა, რა იყო მართალი და რა – ტყუილი...
გაგა: – გავიხსენოთ, 70-იან წლებში საქართველოში რას უსმენდნენ მელომანები. პოპულარული იყო: „ბითლზი“, „როლინგ სთოუნზი“, „დიფ ფარფლი“, „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“, „ბლექ საბათი“... და ამ ჯგუფთაგან არც ერთი ვუდსტოკის მონაწილე არ არის. თუმცა ჰენდრიქსი უყვარდათ და უყვართ ჯენის ჯოპლინიც, მაგრამ ქართველი მსმენელი ვუდსტოკს იმ წლებში მაინც არ იცნობდა და გაგებაში არ იყო იმ შემსრულებლებზე, რომელთაც ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს. თუნდაც „გრეითფულ დედზე“, „ჯეფერსონ აირფლეინზე“ და კიდევ ბევრ საკულტო ჯგუფის არსებობის შესახებ ჩვენ ძალზედ გვიან გავიგეთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისები და „ხელდასხმულები“ არ მყავს მხედველობაში.
ლაშა: – ოდნავ მოგვიანებით ჩვენში პანკ-ჯგუფების ჩანაწერებმაც შემოაღწია. ვუდსტოკის ფესტივალი კი ჩვენთვის მერეც ბურუსით იყო მოცული. მსმენელმა ჯგუფ „სექს პისტოლსზე“ უფრო მეტი რამ იცოდა, ვიდრე იგივე „ჯეფერსონ აირფლეინზე“. ეს ყველაფერი მართლაც რომ „გაფუჭებულ ტელეფონს“ წააგავდა. გავიმეორებ ზუსტად იმ პერიოდის ტერმინს, რომელიც ამ წერილის მეორე ნაწილში უკვე ვახსენე: „ჩვენ არ გვიყვარს ვუდსტოკი იმიტომ, რომ ის არ ვიცით, მაგრამ ჩვენ გვიყვარს ფილმი ვუდსტოკზე“. ფილმი კი ჩვენში საკმაოდ გვიან გამოჩნდა.
გაგა: – ფილმი „ვუდსტოკი“ თბილისში უჩვენებიათ სადღაც 70-იანი წლების პირველ ნახევარში. მაშინდელ „კინოს სახლში“.
თურმე ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყიდებოდა ბილეთი, ვისაც სურდა, შედიოდა და უყურებდა „ვუდსტოკს“... ასე რომ, „დააკაკუნეთ და გაგეღებათ“. თუმცა შენი ნათქვამის არ იყოს, „გაფუჭებული ტელეფონის“ შესახებ, ეგეც სრული სიმართლეა. მარტო ზღაპარი „ფარფლების“ და ჯონ ლენონის ინციდენტზე რად ღირს.
ლაშა: – ლენონმა „ფარფლების“ კონცერტის ყველა ბილეთი რომ იყიდა და დამცინავად უთხრა ჯგუფის წევრებს, აბა, ჰე! დაუკარით ბიჭებოო არა? მაგარი იყო!
გაგა: – ლაშა, ისიც ხომ გახსოვს, მერე „ფარფლებმა“ სამაგიერო როგორ გადაუხადეს და ერთი სიმღერა (რეალობაში Fireball) თითქოს ლენონის გინებით რომ იწყებოდა... საოცარი ისტორიები და ლეგენდები დადიოდა, თუმცა რა გასაკვირია? ინფორმაცია ხომ პრაქტიკულად არ შემოდიოდა...
ბობ დილანი და ალან გინსბერგი ჯეკ კერუაკის საფლავთან, 1975 წელი |
დიახ, იცნობდნენ, მეგობრობდნენ და ერთმანეთს ხელსაც უმართავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის პერსონაჟები ერთმანეთისგან აბსოლუტურად გასხვავებული პიროვნებები იყვნენ, ჰქონდათ სხვადასხვა მიდრეკილება, მათ ერთი და იგივე იდეალები აერთიანებდათ. ესაა მთავარი.
ლაშა: – ჰიპებზე, ვუდსტოკის გმირებზე ყველას რაღაც სმენია და ეს უკვე კარგი ბმულია, მაგრამ ბიტნიკების გავლენა მაინც უდიდესია და ძალიან შორს ვრცელდება – ჯონ ლენონი, ბობ დილანი, ჯიმ მორისონი, იგი პოპი, ტომ უეიტსი, ენდი უორჰოლი, ლუ რიდი, ნიკო, ჯონი როტენი, ნინა ჰაგენი, პატი სმიტი, იან კურტისი და სხვები. ძნელია იპოვო XX საუკუნის მეორე ნახევრის ხელოვანი ადამიანი, რომელზეც რაღაც წილი ზემოქმედება არ მოეხდინოს „დამსხვრეულთა თაობას“ და ეს ფაქტია.
90-იანი წლების დასაწყისის რევოლუციური მუსიკალური გმირი, კურტ კობეინიც უდიდეს პატივს სცემდა ბიტნიკებს, იზიარებდა მათ ფილოსოფიას, კითხულობდა მათ ლიტერატურას და ლეგენდარულ ბიტნიკებს სტუმრობდა კიდეც. ჟურნალში ვაქვეყნებთ ერთ იშვიათ ფოტოს, სადაც აღბეჭდილია კურტ კობეინის სტუმრობა უილიამ ბეროუზთან. თანამედროვე მასკულტურაში სწორედ ბიტნიკების იდეური მიმდევრები ქმნიდნენ ყველაზე პროტესტულ მუსიკას.
გაგა: – დღეს, ცოტა გვხვდება ბიტნიკების თუ ჰიპების სულისკვეთების მქონე შემოქმედი. მუსიკოსებს თითქოს აღარ დარჩათ რამე გასაპროტესტებელი. მეამბოხე მუსიკოსები თითქოს მოდაში აღარ არიან და მსოფლიოს შოუბიზნესს რომ გადავხედოთ, ყველაფერი საოცრად დავარცხნილი მოგვეჩვენება.
ლაშა: – დიდმა პროტესტმა უკვე აზრიც დაკარგა. ნებისმიერი მუსიკალური ტელევიზია, რადიოსადგური თუ პერიოდიკა, აუცილებლად კონტროლდება და იგივე 90-იანებისგან განსხვავებით, მხოლოდ მედიაბოსები წყვეტენ, თუ რა უნდა გაუშვან ეთერში. არც ერთ ხელისუფლებას ხელს არ აძლევს პროტესტანტი და მეამბოხე მუსიკოსი. იმავე ჰიპების მოძრაობიდან და ვუდსტოკის ფესტივალიდან ხელისუფლებამ „ჭკუა ისწავლა“ და მსგავსი შეკრებები და კონცერტები დღეს მხოლოდ გართობისთვისაა განკუთვნილი და არანაირი სერიოზული, საპროტესტო, იდეური დატვირთვა მათ აღარ აქვთ.
მეორეს მხრივ, ბევრმა დაინახა, თუ როგორ ტრაგიკულად დასრულდა ბევრი მეამბოხე მუსიკოსის ცხოვრება, რაოდენ მძიმე იყო მათი ყოველდღიური ყოფა. ალბათ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ პროტესტულ მუსიკას დღეს ნაკლებად უკრავენ.
გაგა: – კიდევ ერთხელ გადავინაცვლებ დროში და საერთოდ სხვა ისტორიას გავიხსენებ. 1957 წლის 4 ოქტომბერს მთელი ამერიკა ხანგრძლივი სტრესის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც რუსებმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი ორბიტაზე გაიყვანეს.
ამერიკელებს პანიკურად ეშინოდათ, რადგან ყველა კარგად გრძნობდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ მეტეოროლოგიური თანამგზავრი. „სან-ფრანცისკო ქრონიკლის“ სვეტების ავტორს ჰერბერტ კოენს მკითხველებმა თანამგზავრის და შესაძლო საფრთხეების შესახებ შიშნარევი შეკითხვებით ტვინი გაუბურღეს. ამ ყველაფრით უკვე სერიოზულად შეწუხებულმა და ნერვებაშლილმა კოენმა ერთხელაც თავის პოპულარულ სვეტში ბრაზით დაწერა: – „და მერე რა? ჰყავდეთ რუსებს თავიანთი „სპუტნიკი“! (ინგლისურ ენაში კოსმოსურ „თანამგზავრს“ რუსული „სპუტნიკი“ ჰქვია) სამაგიეროდ, ჩვენ გვყავს ჩვენი beatnik-ი!“.
ესეც ტერმინის შექმნის ისტორია...
ლაშა: – ამ ამბიდან 13 წლით ადრე, 1944 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთმანეთი გაიცნეს სამმა ადამიანმა – ალენ გინსბერგმა, ჯეკ კერუაკმა და უილიამ ბეროუზმა...
გაგა: – „ვუდსტოკამდე“ კი მეოთხედი საუკუნე იყო დარჩენილი...
ჟურნალი „ათიანში“, აპრილი, 2010 წელი
ერთი მეასეთ გადავიკითხე უკვე , მაგრამ ტანში ჟრუანტელმა მეასედაც გამიარა.
ReplyDeleteძალიან მაგარია.. ყველაფერი ამომწურავად არის და მაგრად მომწონს..
ReplyDeleteდიდი მადლობა. :)
ReplyDeleteდიდი მადლობა, სადიპლომოს ვწერ ამ თემაზე და ძალიან დამეხმარეთ. რაც მთავარია საინტერესოდ და გასაგებად საუბრობთ
ReplyDeleteმადლობა, პირიქით! წარმატებებს გისურვებ! :))
Deleteძალიან საინტერესო სტატია იყო, მადლობა
ReplyDeleteგაიხარე, მარიტა! :))
Delete