Katie Melua – The House © 2010
სამი წელი ველოდით ქეთი მელუას ახალ ფირფიტას. თუმცა ამ წლების განმავლობაში ქეთიმ მოასწრო უამრავი კონცერტის გამართვა, მათ შორის სამშობლოშიც. ამავე დროს, იგი დასცილდა მის პირველ პროდიუსერს მაიკ ბატს და თანამშრომლობა დაიწყო უილიამ ორბიტთან. ამ ინგლისელმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა თავის დროზე იმუშავა მადონას ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ალბომზე Ray Of Light და ჯგუფებთან „13“ და Blur. ორბიტის ხელი ქეთის ახალ დისკს ნამდვილად დაეტყო, ამიტომ მისი სიმღერები უმეტესწილად განსხვავდება მისი ადრინდელი ნამუშევრებისგან. თუმცა ეს ცვლილებები ძალიან მკვეთრიც არაა. ორბიტის გავლენით ქეთის ახალი სიმღერები უფრო თანამედროვე და ელექტრონულიც კი გახდა.
The House წინა სამ ალბომთან შედარებით ოდნავ უფრო პირქუშიცაა. მსმენელს ფირფიტის პირველივე ძალზე მელოდიური სიმღერა I'd Love To Kill You ავტორის იდუმალ კრიმინალურ სურვილებს გვამცნობს, რომლის მსგავსი მელუასგან მანამდე ნამდვილად არ მოგვისმენია. The Flood მართლა წარღვნასავით სიმღერაა, რომელშიც თავმოყრილია ქეთის შესანიშნავი ვოკალური მონაცემები, თანამედროვე რიტმი და ძალზედ დახვეწილი არანჟირება. ქეთის ადრინდელი შემოქმედების მოყვარულებიც იპოვიან დისკში მათთვის სასიამოვნო სიმღერებს. ასეთია თუნდაც „წითელი ბუშტები“ Red Balloons, უმშვენიერესი კაბარე-სიმღერა A Moment Of Madness და სხვა. მიუხედავად თემატური მრავალფეროვნებისა, ქეთის სიმღერები მსუბუქად აღსაქმელი რჩება. ალბომმა უკვე დაიპყრო ევროპული მუსიკალური ჩარტები. კატეგორიულად ვუწევ რეკომენდაციას ამ მომხიბლავ და მეტად საინტერესო ფირფიტას.
შეფასება: ********* (9 / 10)
მოუსმინე: Katie Melua - A Moment Of Madness
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Faithless – The Dance © 2010
მთელი 4 წელი ელოდა ელექტრონული მუსიკის მოყვარული ბრიტანული ტრიოს რიგით მეექვსე ნამუშევარს. ალბომის სახელი The Dance („ცეკვა“) ერთგვარი მინიშნებაცაა, რომ დისკი ძირითადად საცეკვაო კომპოზიციებისგან შედგება. „ფეისლესი“ წლების განმავლობაში საცეკვაო ელექტრონულ მუსიკაში მოდის დამამკვიდრებლად მიიჩნევა. პროექტის კომპოზიციები სხვა მუსიკოსთა ტრეკებისგან გამოირჩევა თავისებური რიტმით, ჟღერადობითა და ვოკალისტთა ხმებით. მსმენელი არ გაწბილდება, ახალ დისკში ჯგუფის წევრებმა – მაქსი ჯაზმა, სისთერ ბლისმა და როლო არმსტრონგმა, როგორც იტყვიან, საკუთარ შესაძლებლობებს გადააჭარბეს.
ახალ დისკზე პრაქტიკულად ვერ იპოვით განწყობის დამამძიმებელ ტრიპ-ჰოპურ ჩანართებს, მაგრამ მსმენელი ძალზე კმაყოფილი დარჩება უენერგიულესი კომპოზიციების ზეგავლენით, რომელთა მოსმენისას ცეკვისგან თავის შეკავება ცოტა არ იყოს, რთულია. საოცრებაა Feel Me. ის სინთ-პოპ ჯგუფის Blancmange-ს 1982 წლის ანალოგიური სიმღერის გადამღერებული ვერსიაა. დისკის ჩაწერაში ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო როლო არმსტრონგის დამ, ცნობილმა ვარსკვლავმა დაიდომ (Dido). მან ფირფიტაზე ორი სიმღერა შეასრულა. ჯგუფს არც რეგეი დავიწყნია და ლეგენდარული ბობ მარლის სიმღერა Crazy Bal'Heads ახლებურად გადააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ „ფეისლესი“ აგერ უკვე 15 წელია არსებობს, ახალმა ალბომმა დაამტკიცა, რომ იგი ჯერ კიდევ შორსაა შემოქმედებითი კრიზისისგან და ეს ფირფიტა ნამდვილად გაგილამაზებთ გამოსასვლელი დღეების წვეულებებს და მგზავრობას.
შეფასება: ******** (8 / 10)
მოუსმინე: Faithless - Feel Me
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Kula Shaker – Pilgrim's Progress © 2010
მომწონს შემსრულებელი, როცა იგი გემრიელად აზავებს ეპოქასა და წარსულს. „კულა შეიკერი“ 90-იან წლების შუაში გამოჩნდა და ბრიტ-პოპისა და ინდური მუსიკის ნაზავს უკრავდა. 1999 წლის ჩავარდნის შემდეგ პრაქტიკულად გაქრა და 2007 წელს მშვენიერი ალბომით დაგვიბრუნდა. იგი იმ იშვიათ ჯგუფებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც 90-იანი წლებიდან არა მარტო დიდებული მოგონებანი, ძვირფასი გამოცდილებაც თან წამოიღეს. სწორედ ამ გამოცდილების და დახვეწილობის გამო შეიძლება ეს ჯგუფი იმ უამრავ დამწყებ კოლექტივს შორის გამოვარჩიოთ, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა ცდილობენ თანამედროვე ინდი-სცენაზე დამკვიდრებას.
ამის დამამტკიცებელი საბუთია სულ ახალი ნამუშევარი Pilgrim's Progress, რომელმაც მომხიბლა და არა მარტო 90-იანი წლები გამახსენა. პირველივე სიმღერიდან Peter Pan R.I.P ჯგუფმა საკუთარი თავი საკმაოდ მკვეთრად და თვითდაჯერებულად შეგვახსენა. ამ ულამაზეს სიმღერას ძალზედ უხდება რიტმის მიმცემი ხემებიანი საკრავები. ტრადიციულად მელოდიური, ბრიტანული ხასიათის სიმღერები თანამედროვედ ჟღერს და ინდი-მუსიკის მოყვარულთათვის მეტად სასიამოვნო მოსასმენი იქნება. როგორც პირველი სიმღერა, ასევე ძალზედ შთამბეჭდავი და ლამაზია 6 წუთნახევრიანი Winter's Call, რომელიც, ამავე დროს, საკმაოდ მასშტაბურიცაა. მისმა ფინალმა „ბითლზის“ I Want You (She's So Heavy)-ის დასარული მომაგონა. დისკში შესული 12 კომპოზიციას შორის საკმაოდაა რომანტიკული ლირიკის მქონე სიმღერა, ამავე დროს, ფირფიტა შეიცავს რამდენიმე შესანიშნავ ბალადას, რიტმ-ენდ-ბლიუზს და თქვენ წარმოიდგინეთ, მუსიკას ვესტერნისთვისაც. მოკლედ, მშვენიერი ნამუშევარია...
შეფასება: ******** (8 / 10)
მოუსმინე: Kula Shaker - Peter Pan R.I.P
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Stone Temple Pilots – Stone Temple Pilots © 2010
მიუხედავად იმისა, რომ ეს შესანიშნავი კალიფორნიული ალტერნატივ-როკ ჯგუფი 1986 წელს ჩამოყალიბდა, მთელი 6 წელი ფირფიტა არ ჩაუწერიათ, ამიტომ მათი სახელის გაგონებაზე მელომანებს 90-იანი წლები ახსენდებათ, როცა ჯგუფის ალბომები „პლატინის“ გახდა და 1994 წელს „გრემის“ ნომინაციაში „საუკეთესო ჰარდ-როკ ჯგუფი“ გაიმარჯვა. დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჯგუფი 2008 წელს აღდგა და ამ დისკის ჩაწერას ერთი წელი მოანდომა. ჩაწერილი 18 სიმღერიდან ფირფიტისთვის მხოლოდ 12 შეირჩა. ძველ ნამუშევრებთან შედარებით, ახალი ალბომის განწყობა უფრო პოზიტიურია. „პილოტებს“ ერთი ძვირფასი თვისება ჰქონდათ ყოველთვის – მათ ისეთი შემსრულებლების გავლენა, როგორებიცა არიან დევიდ ბოუვი, „ბითლზი“, „ლედ ზეპელინი“ და „ნირვანა“ (არც მალავენ ამ გავლენებს), ძალიან საინტერესო და კაშკაშა პოპსიმაღლეებზე აჰქონდათ. ახალ ნამუშევრებშიც ეს მშვენივრად იგრძნობა.
დისკის პირველივე სიმღერა Between The Lines კლასიკური გლემ-როკის შესანიშნავ ტრადიციებშია ჩაწერილი. Huckleberry Crumble-ს ადრინდელი „აეროსმიტის“ გავლენა აქვს, Dare If You Dare კი ლენონის დაწერილი გეგონებათ. გამოკვეთილად დევიდ ბოუვისეული სული ტრიალებს Hickory Dichotomy -სა და First Kiss On Mars-ში. მაგრამ ამ პოპ-კულტურულ პოპურს ჯგუფი ისეთი ხალისითა და მოჭარბებული ენერგიით წარმოგვიდგენს, თითქოს ჯგუფის წევრებს ცხრაწლიანი განშორების შემდეგ საოცრად მოენატრათ ერთად მუზიცირება. ეს ყველაფერი კი მსმენელმა ძლიერ დააფასა და ალბომი გამოსვლისთანავე, მაისის ბოლოს, „ბილბორდის“ ჩარტში მეორე ადგილზე ავიდა, პირადად მე პლეერში საკმაოდ ხშირად ვუსმენ.
შეფასება: ******** (8 / 10)
მოუსმინე: Stone Temple Pilots - Dare If You Dare
ჟურნალი „ათიანში“ #8, ივლისი, 2010 წელი
No comments:
Post a Comment