Friday, August 6, 2010

მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან (აგვისტო)


Ozzy Osbourne – Scream © 2010

როგორც წესი, ფოლადი და ბევრი სხვა ლითონი დროთა განმავლობაში იჟანგება, ცვდება და იმსხვრევა. თუმცა, ლეგენდარული ოზი ოსბორნის, ბლექსაბატელი Iron Man-ის („რკინის კაცის“) მუსიკა, ეტყობა, უჟანგავი ფოლადივითაა, რომელსაც, მართალია, ჟანგი ვერაფერს აკლებს, მაგრამ წლების შემდეგ მთლად პრიალა ზედაპირიც აღარ აქვს. მიუხედავად ყველაფრისა, 61 წლის ოზის საფირმო, მჟღერი, გამჭოლი ხმა თითქოს ისევ ფორმაშია... „ყვირილი“ პირველი სტუდიური ალბომია, სადაც ზაკ უაილდის გიტარას ვეღარ მოუსმენთ. ეს უკანასკნელი 1988 წლიდან ოზის ყველა სტუდიური დისკის ჩაწერაში მონაწილეობდა. მის ნაცვლად რობ ზომბისთან ნამუშევარი 29 წლის ბერძენი გიტარისტი კოსტას კარამიტროუდისი ანუ გუს ჯი უკრავს. ოზის დისკი ტრადიციულად მძიმეა.

რამდენიმე წლის წინ მუსიკოსს ექიმებმა უამრავი დიაგნოზი დაუსვეს: ალცჰაიმერის სინდრომით დაწყებული, პარკინსონითა და სკლეროზით დამთავრებული. მიუხედავად ამისა, ოზი ნამდვილი კერკეტი კაკალი გამოდგა და მისი შემოქმედება დღესაც ბევრს აცვიფრებს. ახალი ფირფიტის მოსმენისას მე უკმაყოფილება ვიგრძენი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ოზის ხმა შიგადაშიგ კომპიუტერული პროგრამებით იყოს გასწორებული. მიუხედავად იმისა, რომ დისკი გამოსვლისთანავე ამერიკის როკ და ჰარდ-როკ ჩარტების ლიდერი გახდა, რამდენიმე სიმღერის გარდა, ახალი დისკი ნამდვილად ვერ მოვიწონე და ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამი გამახსენდა: „ცხოვრების პირველ ნახევარში ადამიანი თავის სახელზე მუშაობს, მეორე ნახევარში სახელი მუშაობს მასზე“. ოზის ახალ დისკზე სწორედ ეს შეიძლება ითქვას.

შეფასება: ****** (6/10)

მოუსმინე: Ozzy Osbourne - Diggin' Me Down
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Laurie Anderson – Homeland © 2010

63 წლის ლორი ანდერსონი იმ იშვიათ მუსიკოსთაგანია, რომელიც სცენაზე თეატრალიზებულ შოუს წარმოგვიდგენს ხოლმე. თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი ლეგენდის, ლუ რიდის ცოლმა, კომპოზიტორმა, მომღერალმა, მევიოლინემ, ლექტორმა და, საერთოდ, თხემით ტერფამდე ერუდირებულმა ქალბატონმა საკუთარი შემოქმედება 70-იან წლებში დაიწყო. იგი თავის გამოფენებში აერთიანებდა საინტერესო ავეჯს, ცერემონიებსა და მუსიკალურ გარემოს. ამით ბოჰემურ წრეებში საკმაოდ პოპულარული გახდა. 1975 წლიდან მუსიკაში გადაბარგდა. ანდერსონის მხატვრული კრედო ახალი მითების შექმნაა, რომლებშიც ცხოვრებისეულ ამბავს ფანტასტიკურ საბურველში ახვევს. ლორიმ ერთხელ თქვა: „საკუთარ თავს ამბის მთხრობლად ვთვლი. სხვა დანარჩენი – პოლიტიკა, სახეები, მუსიკა, სინამდვილეში მხოლოდ ამბებისთვის სიღრმის მიცემის და მსმენელამდე მისი მიტანის საშუალებებია“.

მისი ფირფიტების ჩაწერაში მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მუსიკოსები, როგორებიც არიან: პიტერ გებრიელი, ბილ ლასუელი, ნილ როჯერსი, მისივე მეუღლე – ლუ რიდი, რომელიც, ამავე დროს, ლორის ბოლო დისკის Homeland-ის („სამშობლო“) თანაპროდიუსერიც გახლავთ. ვიოლინოს გარდა, ანდერსონი შესანიშნავად ფლობს ყველანაირ სინთეზატორს, რაც მის მონათხრობ ამბებს ფანტასტიკურ ელფერს სძენს. ახალი დისკის მე-8 და მე-11 ამბებში საქსოფონისტად, არც მეტი, არც ნაკლები, საკულტო მუსიკოსი ჯონ ზორნია მოწვეული, ხოლო ფირფიტის მე-5 ამბავში (Only An Expert) 33 წლის ლონდონელი ელექტრონისტი კიერან ჰებდენი, იგივე Four Tet, კლავიშებზე უკრავს. ალბომის მე-4 და მე-7 ამბებში ანდერსონთან ერთად ენტონი ჰეგარტი (პროექტიდან Antony And The Johnsons) მღერის. ძალიან კარგი დისკია, არტ-როკისა და ექსპერიმენტული მუსიკის მსმენელებს მოეწონებათ.

შეფასება: ******** (8/10)

მოუსმინე: Laurie Anderson - The Beginning Of Memory
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

How To Destroy Angels – How To Destroy Angels (EP) © 2010

ინდასტრიალ-მუსიკის მოყვარულთათვის ტრენტ რეზნორის და მისი ჯგუფის Nine Inch Nails-ის სახელი უცხო ნამდვილად არაა. რეზნორმა თავის ცოლთან, მერიქუინ მაანდიგსა და ატიკუს როსთან ერთად წელს პროექტი How To Destroy Angels ჩამოაყალიბა და მინიალბომი გამოაცხო. პარალელურად რამდენიმე სინგლიც გამოუშვა. პროექტის სახელი აღებულია ერთ-ერთი პირველი ინდასტრიალ-პროექტის „ქოილის“ ამავე სახელწოდების მქონე ალბომიდან. ახალი პროექტიც ძირითადად „ინდასტრიალია“, თუმცა მინიალბომში „დარქ-ემბიენტურ“ ფრაზებსაც მოჰკრავთ ყურს. ტრენტ რეზნორი ბოლო დროს უცნაურად იქცევა. ისევე, როგორც Nine Inch Nails-ის შემთხვევაში, მან მინიალბომის ყველა სიმღერა ინტერნეტსაიტზე განათავსა და მსმენელს უფასოდ გადაწერის საშუალება მისცა. ამის შემდეგ კი იმავე მინიალბომი, იმავე სიმღერებით კომპაქტ დისკად გამოუშვა, ბოლოს კი პირველი ნამუშევრის ვინილის ფირფიტაც გამოიცა.

ალბომზე კარგს ბევრს ვერაფერს ვიტყვი. პირველი ჭაშნიკით თითქოს არა უშავდა, თუმცა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე ისევ მოვუსმინე და უფრო იმედგაცრუებული დავრჩი, ვიდრე მოხიბლული. რეზნორის ხელწერა პირველივე სიმღერიდან იგრძნობა, თუმცა ეს ნამდვილად არაა მძლავრი Nine Inch Nails, მაგრამ არც რამე დიდად განსხვავებული ექსპერიმენტია. ყველაზე მეტად დისკზე ნაზი, ემბიენტური და იდუმალი შვიდწუთიანი A Drowning მომეწონა მერიქუინის სექსუალური ხმით. ჩემი აზრით, ეს პირველ ჯერზე წარუმატებელი ექსპერიმენტია ისეთი მუსიკოსისთვის, როგორც რეზნორია, მაგრამ იმედია, მომავალში იგი აუცილებლად უკეთესს და ბევრად უფრო საინტერესო პროდუქციას შექმნის.

შეფასება: ******* (7/10)

მოუსმინე: How To Destroy Angels - A Drowning
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Keane – Night Train (EP) © 2010

მელოდიური, ტკბილი და მურაბა, ბრიტანული ინდი როკ-ჯგუფი Keane 1997 წლიდან არსებობს, თუმცა პირველ სერიოზულ წარმატებას მხოლოდ 2004 წელს შესანიშნავი სადებიუტო ალბომის Hopes And Fears-ის შემდეგ მიაღწია. აღნიშნულმა დისკმა ჩარტები შტურმით აიღო და ცხრაგზის პლატინის გახდა. იგი შესულია ახალი ათასწლეულის ბრიტანეთის 16 ყველაზე გაყიდვად ალბომს შორის. თუმცა, ამის შემდეგ ყოველი მომდევნო ალბომი პირველთან შედარებით ნაკლებად წარმატებულია. ორი წლის წინანდელი დისკიც ერთგვარი ჩავარდნა იყო ჯგუფის შემოქმედებაში, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ჩარტების ლიდერობას ხელი მაინც გამოჰკრა.

„ღამის მატარებელი“ სხვადასხვა სტუდიაში იწერებოდა. ახალი ფირფიტის ჩაწერაზე მიწვეულები იყვნენ სომალელ-კანადელი მომღერალი K'naan და იაპონელი ჰიპ-ჰოპ მომღერალი Tigarah. ფირფიტამ გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტში უკვე მოახერხა პირველ ადგილზე გასვლა. ამასთანავე, დღეისათვის 100 ათასამდე ასლია გაყიდული. განსაკუთრებული და ახალი დისკზე არაფერია. შეიძლება ითქვას, რომ „ღამის მატარებელში“ მოკალათებული ჯგუფის წევრებისთვის ეს მინიალბომი სატრანზიტო ტრანსპორტივითაა, რომელიც ჯერ დანიშნულების პუნქტამდე არ მისულა. სასურველ სადგურში ჩასული „ქინის“ ბიჭები, ალბათ, უფრო სრულყოფილ ფირფიტას შემოგვთავაზებენ.

შეფასება: ******* (7/10)

მოუსმინე: Keane - Back In Time

ჟურნალი „ათიანში“ #9, აგვისტო, 2010 წელი

No comments:

Post a Comment