Friday, November 5, 2010

პინკ ფლოიდი (ნაწილი III)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

I ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი I)
II ნაწილი იხილეთ აქ: პინკ ფლოიდი (ნაწილი II)

გაგა: – Dark Side-ის ტრიუმფიდან განვლილ ორ წელიწადს ჯგუფისთვის თავის ტკივილის მეტი არაფერი მოუტანია. ჩაფიქრებული ექსპერიმენტული ალბომი არ შედგა. გაურკვეველი დროით თაროზე შემოიდო ორი კომპოზიციური იდეაც. მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ჯგუფმა ბოლო ალბომით თითქმის ყველა ამბიცია დაიკმაყოფილა.

მან თითქოს მიაღწია თავისი შესაძლებლობების პიკს, რის ქვემოთაც ჩამოსვლას მომავალში მათ უკვე აღარავინ აპატიებდა. შედეგად ჯგუფში გაიზარდა როჯერის ამბიციები, რომელმაც ერთპიროვნულად ჯგუფის შემოქმედებითი მხარის სადავეები ხელში ჩაიგდო, მაგრამ ძველი ინერციით ბიჭები მაინც ერთად იყვნენ.

ამ ყველაფერს დაემატა ერთი არასასიამოვნო ისტორიაც – ჯგუფის ფანებმა 1974 წელს გამალებით დაიწყეს „ფლოიდების“ „ახალი ალბომის“ შეძენა, რომელიც ამ ხუმრობა-ხუმრობაში საკმაოდ დიდი ტირაჟით გავრცელდა. სინამდვილეში კი ეს საკმაოდ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული და შეფუთული ჯგუფის საკონცერტო ჩანაწერი გახლდათ, რომელსაც მეკობრული წესით უკანონოდ ავრცელებდნენ.

ლაშა: – ამ არასასიამოვნო ინციდენტის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა მარადიული სიბრძნე, რომ ადამიანმა ნებისმიერ ნეგატიურ ამბავში პოზიტივიც უნდა ეძებოს და შესაძლოა იპოვოს კიდეც. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეკობრულად გავრცელებულ British Winter Tour' 74-ის მასალებით შეკოწიწებულ „ახალ ალბომში“ ერთი ექსპერიმენტული კომპოზიციაც შევიდა, რომელსაც ბენდი იმ წელს კონცერტებზე პერიოდულად უკრავდა. იმ უკანონო დისკზე სწორედ ეს საკმაოდ გაწელილი შესრულება აღმოჩნდა მსმენელისთვის ყველაზე მოსაწონი. აღნიშნული ფაქტი ჯგუფში განსჯის საგანიც გახდა და ისინი სტუდიაში შეიკრიბნენ. მუშაობის პროცესში ზემოთ აღნიშნული კომპოზიცია დაიხვეწა და გალამაზდა. მის დამუშავებაში ოთხივემ მიიღო მონაწილეობა და როჯერის მიერ ტექსტის საბოლოო კორექტირების შემდეგ ჯგუფმა მიიღო სიმღერა, რომელიც მოგვიანებით მთლიანი ალბომის კონცეფცია აღმოჩნდა.

გაგა: – დარწმუნებული ვარ „ათიანშის“ მკითხველი ეგრევე მიხვდა თუ რაზეცაა საუბარი. დიახ, Shine On You Crazy Diamond აღმოჩნდა ის კომპოზიცია, რომელმაც ბიძგი მისცა „ფლოიდებს“ ახალი იდეებისა და ალბომის შესაქმნელად. ბიჭებმა ეს საქმე უცხოს არავის ანდეს და თავად გაუკეთეს პროდიუსირება ალბომს, რომელიც 1975 წლის 15 სექტემბერს გამოვიდა და მას დღეისათვის უკვე ძალიან ნაცნობი Wish You Were Here ჰქვია. ფირფიტა მითურ სტუდია Abbey Road-ში ჩაიწერა. მასზე მუშაობის პროცესი ადვილი ნამდვილად არ იყო. „პინკებს“ აშკარად მოწყენილობა, დაღლილობა და გარკვეული აპათია ეტყობოდათ. ნიკ მეისონს საერთოდ ძლივს სვამდნენ დასარტყმელ ინსტრუმენტთან, მას ყველა სიკეთესთან ერთად უთანხმოებები ჰქონდა თავის მეორე ნახევართან. იგივე პრობლემა აწუხებდა როჯერსაც, რომელიც მეუღლეს დაშორდა. თავისი ცხოვრების იმ ეტაპზე გათამაშებული პირადი დრამა მან მოგვიანებით დიდ ალბომში ძალზედ ნაყოფიერად გამოიყენა.

ლაშა: – მართლაც ეს პერიოდი „პინკებისთვის“ მეორე კრიზისის დასაწყისი აღმოჩნდა. ბენდი კინაღამ დაიშალა, მაგრამ ალბომზე მუშაობამ და მიღებულმა ფანტასტიკურმა შედეგმა მაინც თავისი გაიტანა. ჯგუფი რაღაც პერიოდი კიდევ ერთად არის, ხოლო გილმორი და რაიტი მოგვიანებით ალბომ Wish You Were Here-ს თავიანთ საყვარელ ალბომს უწოდებენ. მიუხედავად ამისა, ყმაწვილკაცობაში დაწყებულ მეგობრობას და თანამშროლობას სერიოზული ბზარი გაუჩნდა. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ახლო მომავალში მაინც სერიოზულმა უთანხმოებებმა ბენდის არსებობას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა. ჩვენ ორიოდე სიტყვა იმაზეც ვთქვათ, საიდანაც დაიწყო აღნიშნულ ალბომზე ფიქრი. კომპოზიცია, რომელიც ამჟამად მილიონობით მელომანმა და არა მარტო მელომანმა იცის, ბიჭებმა სიდ ბარეტს მიუძღვნეს. მათ, როგორც იქნა, დასძლიეს მეგობრისადმი ადრე გაჩენილი კომპლექსი. რაღა თქმა უნდა, ალბომის პირველ კომპოზიციას – 13-წუთიან Shine On You Crazy Diamond (Part 1)-ს ვგულისხმობ.

გაგა: – საკმაოდ უცნაური და სევდიანი ამბავი მოხდა სტუდიაში 1975 წლის 5 ივნისს. ალბომი პრინციპში მზად იყო და მუსიკოსები ამერიკაში მეორე ტურს გეგმავდნენ, ხოლო „ები როუდში“ ზუსტად Shine On...-ის დასკვნითი ნაწილზე სამუშაოდ შეიკრიბნენ. იმავე საღამოს გილმორის ქორწილიც იყო დაგეგმილი და ყველა ჩქარობდა. ამ დროს სტუდიაში ჩუმად შემოვიდა მსუქანი მამაკაცი, რომელსაც თავიც და წარბებიც აეპარსა, ხოლო ხელში რაღაც პოლიეთილენის პაკეტი ეჭირა. როჯერმა შემოსულს ყურადღება საერთოდ არ მიაქცია. გილმორს სტუმარი სტუდიის ტექნიკური პერსონალი ეგონა. რაიტმა მამაკაცი ჯერ რატომღაც როჯერის მეგობრად ჩათვალა და მერე მოულოდნელად „ოთხეულიდან“ სიდ ბარეტი პირველმა ამოიცნო. დიახ, ეს უცნაური სტუმარი სიდი გახლდათ, რომლის გარეგნობამ და იერმა ნიკ მეისონი, რომელმაც ყველაზე გვიან გაიგო მომხდარის არსი (მოშორობით დრამზე მჯდომს, გილმორმა ამცნო), პირდაპირ შოკში ჩააგდო.

ლაშა: – ბიჭებს სიდი მთელი ხუთი წელი არ ენახათ. იმ მომენტს სტუდიაში მყოფი ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი სტორმ ტორგერსონი ასე იხსენებს: „ორი თუ სამი ატირდა, ახლა აღარ მახსოვს რომლები. სიდი ჩამოჯდა და მეგობრებთან საუბარი გააბა. იმდენად არაადექვატური იყო მისი ფრაზები, ნალაპარაკებიდან მივხდი, რომ სიდი სადღაც სხვაგან იყო“. შემდეგ მან აბსოლუტურად გაუნძრევლად ჯგუფთან ერთად თავიდან ბოლომდე მოუსმინა Shine On You Crazy Diamond-ს. ბარეტმა ბიჭებს საჭიროების შემთხვევაში, დახმარება შესთავაზა. მოგვიანებით სიდი გილმორის ქორწილსაც დაესწრო, საიდანაც უჩუმრად აორთქლდა. მას შემდეგ სიდი მეგობრებს 2006 წლამდე აღარ უნახავთ.

გაგა: – ამ წერილის პირველი ნაწილიდან გვახსოვს, რომ სიდმა „პინკ ფლოიდი“ 1970 წელს დატოვა და უკან, კემბრიჯში დაბრუნდა, ისე, რომ არც კი დაელოდა მეორე ალბომის გამოსვლას. განდეგილური ცხოვრების შემდეგ, მას მცდელობა ჰქონდა მუსიკას დაბრუნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არსებობს მოსაზრება, რომ სიდი გარკვეული ეტაპი ანონიმურად მაინც მოღვაწეობდა. მაგალითად, ჯგუფების T-Rex-ისა და Twink-ის იმ პერიოდის ალბომებში, სიმღერების თანაავტორად დღემდე გასაიდუმლოებული ვინმე A. Syd და Crazy Diamond-ი არიან მოხსენიებულები. გამორიცხული არაა, რომ სიდი 1972-1974 წლებში როგორც სესიური მუსიკოსი მუშაობდა. ოფიციალურად ცნობილია, რომ 1974 წელს პიტერ ჯენერმა (იმ დროისთვის „პინკ ფლოიდის“ ყოფილი და მომავალში The Clash-ის მენეჯერი და საკმაოდ ცნობილი მუსიკოსიც) მოახერხა და სიდი სტუდიაში მიიწვია. რაღაც პროექტიც მოხაზეს, მაგრამ რამდენიმე დღეში ჩანაწერზე მუშაობა შეწყდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო – სიდი უბრალოდ სტუდიაში აღარ გამოჩენილა. იგი დედის სახლში იზოლირებულად ცხოვრობდა, ხატავდა და მებაღეობას მისდევდა. ეს ყველაფერი 2006 წლამდე გაგრძელდა, რადგან ამ წელს სიდი გარდაიცვალა. ასეთია ეს ნაღვლიანი ისტორია...

ლაშა: – Wish You Were Here-ს შემდეგ დგება ის პერიოდი, რომელიც დღემდე ჯგუფის თაყვანისმცემლებს ყველაზე უფრო სწყინთ. „ფლოიდებს“ შორის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა. მეისონს, როგორც არქიტექტორს, პერიოდულად „ხაზვის“ ნოსტალგიები ჰქონდა. მეუღლესთან უთანხმოებებზე უკვე ვილაპარაკეთ. დევიდ გილმორს დღემდე იცნობენ, როგორც საკმაოდ პოზიტიურ, დამთმობ და თბილ ადამიანს, მაგრამ მაშინ მანაც გამოთქვა თავისი პრეტენზიები და გარკვეული პროტესტიც გამოხატა როჯერის დიქტატურის წინააღმდეგ. დევიდს უბრალოდ სურდა, არ მოეხდინათ მისი იდეების იგნორირება, რასაც როჯერი ხშირად აკეთებდა. ამ ყველაფრის საბაბი ალბათ, ისიც იყო, რომ დევიდმა 1978-ში თავისი სოლო ალბომი გამოუშვა, რომელსაც საკუთარი სახელი დაარქვა. სხვათა შორის, მეისონმაც ჩაიწერა და გამოუშვა ალბომი. როჯერმა კი ჯგუფის ლირიკის ფაქტობრივი „მონოპოლიზირება“ მოახდინა.

ჯგუფმა ჯორჯ ორუელიც გაიხსენა და ერთი მთლიანი კონცეპტუალური ნაწარმოები ჩაწერა, სადაც „ფლოიდებმა“ ფანტასტიკური ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეს. ლაპარაკია ალბომ Animals-ზეა. იგი 1977 წელს გამოვიდა და, მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკა, თავად როკ-მუსიკა და საერთოდ პლანეტა რადიკალურად შეიცვალა (გავიხსენოთ: 1977 წელი ნახევრად-ოფიციალურად პანკ-მუსიკის დაბადების თარიღია) და ჯგუფს თითქმის დეკადენტობაში დასდეს ბრალი, Animals-მა მაინც ღირსეული ადგილი დაიკავა და ათწლეულებსაც გაუძლო. მგონი, ეს ალბომი ახლა კიდევ უფრო აქტუალური და კარგად მოსასმენია, ვიდრე გამოსვლის ეპოქაში. Animals-მა და წინა ორმა ალბომმა, პრაქტიკულად ნიადაგი და პუბლიკა შეამზადეს 1979 წლისთვის, როდესაც ჯგუფმა შედევრი – The Wall გამოუშვა.

გაგა: – „კედელი“ ისეთი ალბომია, იმდენი საინტერესო ფაქტებითა და ამბებითაა გაზავებული, რომ მისი ისტორიის განხილვას ცალკე საუბარი დასჭირდება. აღსანიშნავია მთელი ის ფილოსოფია და კონცეფცია, რაც The Wall-ის მთავარი შემადგენელი ნაწილია. არ არის გამორიცხული, რომ ამ ალბომს და ფენომენს ცალკე დრო და ადგილი დაუთმოს ჩვენმა ჟურნალმა, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ „კედელის“ გარშემო. ამჟამად კი მოკლედ ჩამოვთვლით რამდენიმე ფაქტს, რომელთა ხსენებაც ამ საუბარში უბრალოდ აუცილებელია.

ლაშა: – ალბათ იმის თქმა გინდა, რომ „კედელი“ 23-გზის გახდა „პლატინის“ და აშშ-ში ყველაზე კარგად იყიდებოდა. „კედელის“ ძალიან ძვირადღირებული შოუ სრულფასოვნად მხოლოდ ოთხ ქალაქში დაიდგა: ნიუ იორკსა და ლოს-ანჯელესში (1981 წლის თებერვალში), ლონდონში (იმავე წლის აგვისტოში) და ბოლოს, 1981 წლის ივნისში დორტმუნდში. თუმცა კიდევ ერთი „სპეცლაივი“ ისევ ლონდონში გამართულა. ამ კონცერტიდან კადრების გამოყენებას აპირებდნენ ფილმში, რომლის გადაღებას რეჟისორი ალან პარკერი როჯერის სცენარის მიხედვით შეუდგა. უოტერსის და პარკერის მუდმივი კამათის გამო, ეს კადრები ფილმ The Wall-ში არ მოხვდა და მისი დემოსტრირება ოფიციალურად არ მომხდარა. ამჟამად ეს ვიდეო რარიტეტად ითვლება და ნებისმიერი მელომანი ბედნიერი იქნება, რომ იგი მის კოლექციაში აღმოჩნდეს.

გაგა: – ლაშა, შენ ძალიან ხავერდოვნად გადაგვიყვანე ფილმის თემაზე. ის, რომ ფილმში მთავარი როლი ყოფილმა ირლანდიელმა პანკმა სერ (ამჟამად უკვე) ბობ გელდოფმა ითამაშა, ალბათ, ყველამ იცის. მოგვიანებით გელდოფმა ფესტივალების Live Aid-ის და Live 8-ის ორგანიზებით გამოიჩინა თავი, ხოლო „კედელის“ ანიმაციური მხარე ცნობილმა მულტიპლიკატორმა ჯერალდ სკარფმა ითავა. ფილმშიც და, რა თქმა უნდა, ალბომშიც მონაწილეობა მიიღო არლინგტონის „მწვანე სკოლის“ მოზარდთა გუნდმა. საორკესტრო არანჟირება ბობ ეზრინსა და მაიკლ კეიმენს ეკუთვნით. მოდი, იმ ბექ-ვოკალების გვარებსაც ჩამოვთლი, რომელთა ხმებიც ჟღერს „კედელში“: Bruce Johnston, Toni Tenille, Joe Chemay, John Joyce, Stan Farber, Jim Haa.

„კედელი“ კი ჯგუფის „ოქროს“ შემადგენლობისთვის ერთგვარი „გედის სიმღერა“ აღმოჩნდა. სტუდიური სამუშაოები ჯერ არც კი იყო დასრულებული, რომ რაიტმა „პინკ ფლოიდი“ დატოვა და საბერძნეთში გაემგზავრა. დანარჩენები ერთმანეთს თითქმის აღარ ხვდებოდნენ და მხოლოდ თავიანთი სოლო-პროექტებით ან სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობით იყვნენ დაკავებულები.

ლაშა: – მომიწევს „დაღმასვლის ქრონიკების“ გაგრძელება. ჯგუფმა ამ შემადგენლობით კიდევ ერთხელ „გაიბრძოლა“ და ალბომი The Final Cut ჩაწერა, რომელსაც მუსიკალური კრიტიკა საკმაოდ თავშეკავებულად შეხვდა. თუმცა ისიც აღვნიშნოთ, რომ ალბომი მილიონახევარიანი ტირაჟით გაიყიდა, ხოლო კომპოზიცია The Gunners Dream სხვადასხვა ჰიტ-აღლუმებში საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა. თუმცა ეს უკვე აღარ იყო ძველებური „პინკ ფლოიდი“. The Final Cut ფაქტობრივად როჯერის სოლო ალბომი უფროა. ყველა კომპოზიციაში მხოლოდ როჯერი დომინირებს. ტექსტიც მისია და მუსიკაც. ცოტა ხანში კი ჯგუფი მეისონმაც დატოვა. მან მუსიკა საერთოდ მიატოვა. ხაზვის ნოსტალგიასთან ერთად ნიკ მეისონს კიდევ ერთი ჰობი ჰქონდა – ავტომანქანები და ავტორბოლები. მან მოულოდნელად გადაწყვიტა მუსიკისგან დაესვენა და მთელი თავისი დრო საყვარელი გატაცებებისთვის დაეთმო. ეს ალბათ ჯგუფიდან წასვლის საბაბი უფრო იყო, ვიდრე რეალური მიზეზი. ორთოდოქსი მელომანები ალბათ იტყვიან, რომ ზუსტად აქ დაასრულა როკის ლეგენდამ Pink Floyd-მა არსებობა, მაგრამ პირადად ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები.

გაგა: – რა თქმა უნდა, შეიძლებოდა აქ წერტილიც კი დაგვესვა, თუნდაც იმიტომ, რომ შემდგომში რაც დაიწყო, თან აქვს კავშირი ფენომენ Pink Floyd-თან და თან თითქოს – არა. როჯერი დარწმუნებულიც იყო, რომ მის გარეშე არავინ არაფრის მაქნისი იყო. უფრო მეტიც, მან ბრენდ „პინკ ფლოიდთან“ საკუთარი თავის გაიგივება დაიწყო. მაგრამ ოდნავ მოგვიანებით გილმორმა და მეისონმა ყველას დაუმტკიცეს, რომ მათაც მშვენივრად შეეძლოთ მუზიცირება და შემოქმედების გარძელება. მიუხედავად როჯერის დიდი პროტესტისა, გილმორმა და მეისონმა ბენდი მაინც აღადგინეს. სასამართლომ მათ საფირმო სახელის ტარების უფლება მისცა, რომელიც ასე ბევრს ნიშნავს მილიონობით ადამიანისთვის. მათ მალე რიკ რაიტიც შეურთდა, რომელიც მეგობრებს თავდაპირველად მოწვეული მუსიკოსის სტატუსით დაუდგა გვერდით, რადგან ბენდის ოფიციალურ წევრად აღარ ითვლებოდა. ჯგუფმა უკვე როჯერის გარეშე 1987 წელს საკმაოდ სიმპატიური A Momentary Lapse Of Reason ჩაწერა. აი, ამ ალბომის შემდეგ, როგორც იტყვიან, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო...
ლაშა: – როჯერმა სასამართლო პროცესი წამოიწყო, რომლის თითოეული დღე მას 5000 გირვანქა სტერლინგი უჯდებოდა. ამ საჩივრით იგი მხოლოდ ერთს ითხოვდა – დევიდსა და ნიკს (რაიტი, როგორც ვთქვით, ჯგუფის ოფიციალურ წევრად აღარ ითვლებოდა) აღარ ჰქონოდათ „პინკ ფლოიდის“ საფირმო ნიშნის გამოყენების უფლება. უოტერსმა ჯგუფის ბოლო დისკს „კარგად გაკეთებული სიყალბე“, ხოლო დევიდს საერთოდ უნიჭო უწოდა. აქ უკვე დევიდსაც ნერვებმა უმტყუნა და მან დაიწყო დიდი ტირაჟით მაისურების წარმოება, რომელსაც ჰქონდა წარწერა: „და ვინ არის ეს უოტერსი?“. შემდეგ როჯერის იმავე წელს გამოშვებული ალბომი Radio K.A.O.S საერთოდ არარაობად მოიხსენია და მსოფლიოს ისეთი ტურნეთი დაემუქრა, რომლის ბადალიც როკ-სამყაროს ჯერ არ ენახა. სხვათა შორის, „პინკებს“ ბოლო დრომდე მართლაც უძლიერესი ტურები და შოუები ჰქონდათ.

გაგა: – ეს მსოფლიო ტური რეანიმირებულმა „ფლოიდმა“ 1987 წლის 9 სექტემბერს დაიწყო და ორ წელიწადს გასტანა. ევროპის მარტო 45 ქალაქში მათი დიდი შოუები მოეწყო. ჯგუფს ამ მეგა-ტურში ორი დიდი მუსიკოსი, ბასისტი ტონი ლევინი და საქსაფონისტი სკოტ პეიჯი ახლდნენ. მათთან ერთად „ფლოიდებმა“ 100-მდე კონცერტი ჩაატარეს. 1988 წელს გამოვიდა ორმაგი ალბომი, რომლის ფლეილისტის პირველი ნაწილი აღნიშნული ტურის ახალი სიმღერების მასალებით ააწყვეს, ხოლო მეორე ნახევარი კი ძველი ჰიტების ლაივ-შესრულებებით. უსაქმოდ არც როჯერი გახლდათ. მშვენიერი ალბომები და პროექტები შექმნა. მაგრამ ის, რაც ბერლინში 1990 წელს მოხდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ.

ლაშა: – დიახ, გრანდიოზულ შოუკონცერტზე, რომელიც ბერლინის კედლის ნგრევას მიეძღვნა, უოტერსმა მთლიანი The Wall-ის რეპერტუარი გამოიტანა. უამრავ მეგავარსკვლავთან ერთად (რომლებსაც პარტიები დანაწილებული ჰქონდათ) კონცერტში ბერლინის ფილარმონიის ორკესტრმა, ბერლინის რადიოს გუნდმა და საბჭოთა არმიის სამხედრო ორკესტრმაც კი მიიღეს მონაწილეობა. ორმაგი ალბომიც ჩაწერეს.

შემდგომში, მიუხედავად ჯგუფის წევრების საკმაო აქტიურობისა, „ფლოიდები“ ე. წ. „ოქროს შემადგენლობით“ აღარასოდეს აღმდგარა, თუმცა ეს ბედნიერება ერთხელ მაინც მოხდა, სანამ რიჩარდ (რიკ) რაიტი ცოცხალი იყო. 2005 წლის 2 ივნისს მთელი პლანეტა სულგანაბული ელოდა. ამ ისტორიულ დღეს ოთხივემ ერთმანეთის მიმართ არსებული ყველანაირი წყენა დაივიწყა. ლონდონში საქველმოქმედო ფესტივალ Live 8-ზე შეყრილი პუბლიკის წინ ბენდი კლასიკური შემადგენლობით წარსდგა – როჯერი, დევიდი, ნიკი და რიჩარდი პუბლიკის ტაშის გრიალში სცენაზე ავიდნენ და ოთხი კომპოზიცია შეასრულეს: Breathe, Money, Wish You Were Here და Comfortably Numb. დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა ამბები ტრიალებდა სცენის მიღმა. ყველაფერ ამას მე ცოცხლად, ინტერნეტით ვუყურე და საოცარი შეგრძნება დამეუფლა: ჩემი ბავშვობის და მთელი ცხოვრების უსაყვარლესი ხალხი კვლავ ერთად იყო და ჩემთვის უახლოეს მუსიკას ისევ ერთად უკრავდა.

გაგა: – „ფლოიდების“ ეს გამოსვლა ერთი კვირის თავზე თურქეთში ტელევიზიით ვნახე. მოგვიანებით დევიდმა Live 8-ზე როჯერთან ერთად გამოსვლის ფაქტზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩემსა და როჯერს შორის არსებულ ცუდ ურთიერთობებს უდიდესი ენერგია მიჰქონდა. ეს ყველაფერი უბრალოდ მორალურად მფიტავდა. ამიტომაც უცებ გადაწყდა, რომ ამ გამოსვლით ყველაფერი ცუდი უკან დაგვეტოვებინა. არ ვიცი, ამით რა მივიღეთ, მაგრამ პირადად მე ძალიან ვინანებდი, რომ უარი მეთქვა ამ წინადადებაზე“.

ლაშა: – თუმცა ჯგუფმა უარი თქვა ერთ ფანტასტიურ შემოთავაზებაზე. Live 8-ის კონცერტის შემდეგ „ფლოიდებს“ 150 მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის შესთავაზეს, რომ ორიგინალური შემადგენლობით ამერიკაში ტური ჩაეტარებინათ, მაგრამ ამაოდ, ჯგუფმა არ მიიღო ეს ძალზედ სარფიანი წინადადება.

გაგა: – ალბათ არც შემცდარან. ამით ის მაინც შესძლეს, რომ, ასე თუ ისე ლამაზად დაამთავრებინათ ის დიდი ისტორია, რომელსაც Pink Floyd-ი ჰქვია...

ლაშა: – Goodbye Cruel World…


ჟურნალი „ათიანში“ #12, ნოემბერი 2010 წელი

13 comments:

  1. ძალიან მაგარია :)

    ReplyDelete
  2. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!

    ReplyDelete
  3. dzalian visiamovne..:)madloba avtorebs..: )

    ReplyDelete
  4. Dzalian didi madloba am statiis wakitxvis bedniereba rom mogvanichet:)))

    ReplyDelete
  5. რა კარგი ადამიანები ხართ <3

    ReplyDelete
  6. სიტყვები არ მყოფნის,,ძალიან მაგარი იყო, თვალწინ გადამეშალა "ფლოიდების" განვლილი გზა...მადლობა თქვენ, რომ ასთი გემოვნებინები ხრთ..<3

    ReplyDelete
  7. დიდი მადლობა ყველას! :))

    ReplyDelete
  8. cremlebi momadga bolo sityvebze :'( :'(

    ReplyDelete
  9. madloba avtorebs da makunas am linkistvis :))))

    ReplyDelete
  10. ბრავო თქვენ რა <3 ყველაფერი თვალწინ დამიდგა და უფრო სხვა კუთხით დავინახე ყველაფერი, დიდი მადლობა ამ სტატიას შევინახავ

    ReplyDelete
  11. ძალიან მაგარია, სრულყოფილი და საინტერესოდ დაწერილი. სიამოვნება იყო ამის წაკითხვა.

    ReplyDelete