Tuesday, June 5, 2012

მე-20 საუკუნის ყველაზე თავისუფალი ქალები – გურული მოჯირითე ქალები

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე


გაგა: – დღეს მეტად უცნაურ ქალებზე უნდა ვისაუბროთ. შეიძლება ახლა არავის გაუკვირდეს, რასაც ეს ქალები აკეთებდნენ, რადგან 21-ე საუკუნეში თითქმის აღარ არსებობს მამაკაცური პროფესია ან სპორტის სახეობა. ქალებმა ძალოსნობაში, ჰოკეისა და რაგბიშიც კი მოსინჯეს ძალები და საკმაოდ წარმატებითაც. თუმცა, დღეს ჩვენ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში ვიმოგზაურებთ, როცა ქალები არ იყვნენ ისე თავისუფალნი, როგორც დღეს არიან.

ლაშა: – ჩვენი მკითხველისთვის ალბათ სიურპრიზი იქნება ის, რომ ჩვენ ძირითადად ქართველ, კონკრეტულად კი გურულ ქალებზე ვისაუბრებთ. დავაკონკრეტებ და ვიტყვი, რომ ისინი მოჯირითეები იყვნენ და საქართველოდან ძალიან შორს, ამერიკაში ქართველი მამაკაცების მხარდამხარ, სხვადასხვა საცხენოსნო შოუებში იღებდნენ მონაწილეობას.

მარო ზაქარეიშვილი
გაგა: – მოგეხსენებათ, მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბევრი გურული ცხენოსანი მოღვაწეობდა შორეულ შტატებში, კერძოდ ბუფალო ბილის შოუში და სხვებში. ამის შესახებ არაერთი მასალა გამოქვეყნებულა ქართულ პრესაში. რამდენიმე წიგნიც კი გამოიცა, რომლის ავტორი ირაკლი მახარაძეა.

ლაშა: – საიტიც არსებობს გურული უაილდ-ვესტის შესახებ. ირაკლი მახარაძის წიგნები სხვა ენებზეც გამოიცა. თუმცა, ამ შესანიშნავი ისტორიებიდან ჩვენი ყურადღება ქართველმა მხედარმა ქალებმა მიიპყრეს.

გაგა: – საინტერესო ქალი ბრძანდებოდა თურმე ქრისტინე ნოდია-ცინცაძე, რომელიც მხედრული ნიჭით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ჯირითის დროს მას ცხენი წაექცა, მიწას ყბა დაჰკრა და კბილები ჩაემტვრა. მაგრამ უმალ წამოიჭრა, მოახტა ცხენს და ჭენება განაგრძო. ქრისტინე ვაჟკაცური საქციელისთვის შოუს მეპატრონემ ძვირფასი სამოსით, ოქროს საათით და ბეჭდით დააჯილდოვა.

ქრისტინე ნოდია-ცინცაძე
ლაშა: – საინტერესოა ქალბატონი ქრისტინეს ბიოგრაფიაც. დაბადებულა 1869 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნში. ლანჩხუთში უფროს დას წამოუყვანია გასაზრდელად. ძმას, მიხეილ ნოდიას ბავშვობისას ჯირითი უსწავლებია. 14 წლისა გათხოვილა. შეეძინა სამი შვილი – ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი. 1903 წელს, როცა ამერიკაში წაიყვანეს, ქრისტინეს უკვე შვილები ჰყავდა. 1912 წლიდან ჯირითობდა შოუებში. ხოლო 1920-იან წლებში, როცა საქართველო გაასაბჭოვეს და ამერიკის ხსენებაც კი საშიში გახდა, ქრისტინეს დაუწვავს ყველაფერი – ტანსაცმელი, სამკაულები, სურათები, რაც კი ამერიკის შოუებთან აკავშირებდა.

გაგა: – ქრისტინე ნოდია-ცინცაძე თვითნასწავლი მკურნალი ყოფილა, ამზადებდა სხვადასხვა მალამოებს, ჰქონდა სამკურნალო წიგნი „კარაბადინი“, რომლითაც ხელმძღვანელობდა. გარდაიცვალა 87 წლის. მსგავს შოუებში სხვა ქალებიც მონაწილეობდნენ. მაგალითად, გამორჩეულად ჯირითობდნენ დები – მარო და ბარბარე (ბაბო) ზაქარეიშვილები. დიდ ინტერესს იწვევდა მაროს „ცალი ფეხის ყაბარდული“, „მაკრატელა“, „მხარყირა“, „დგომი“. მონაწილეობდა დოღ მარულაშიც. ასევე გამოირჩეოდა მისი და, მომხიბვლელი გარეგნობის ქალი, ქართული ცხენოსნობის ბრწყინვალე ილეთების მცოდე, ბარბარე ზაქარეიშვილი, რომელმაც თავისი ბედი დაუკავშირა ქრისტეფორე იმნაძეს და ამის შემდეგ ქმრის გვარით იხსენიებდნენ.

წინა რიგში – დები ზაქარეიშვილები
ლაშა: – გარკვეული დროის შემდეგ, ბევრი ქართველი ქალი დაუბრუნდა სამშობლოს. თუმცა ბარბარე ზაქარეიშვილი-იმნაძე ქმართან ერთად ჩიკაგოში საცხოვრებლად დარჩენილა. 60-იან წლებში მან სამშობლოში წერილი გამოგზავნა, რომელშიც ყვებოდა საკუთარ ისტორიას, წუხდა, რომ მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული არ იცოდნენ და აღნიშნავდა, რომ ძალიან ენატრებოდა საქართველო. 1969 წელს მან მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, თბილისის, ბათუმისა და ლანჩხუთის მონახულება, სადაც ძალიან თბილად დახვდნენ. იგი 1988 წელს 90 წლის ასაკში ჩიკაგოში გარდაიცვალა.

გაგა: – კიდევ ერთი გურული, ამჯერად ოზურგეთელი მოჯირითე ქალი ფრიდა მგალობლიშვილი შეგვიძლია გავიხსენოთ. იგი ამერიკაში 1893 წელს ჩასულა. 1894 წელს „მორნინგ ჯორნალმა“ მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ფრიდა, – „ნამდვილი ლედი“ სამშობლოდან თავდაპირველად მოხვედრილა პარიზში, სადაც მას შესანიშნავად შეუსწავლია ფრანგული, გერმანული, იტალიური და ინგლისური ენები. იგი ინტერვიუში ამბობდა, რომ ცხენის ზურგი მისთვის სკამი და აკვანიც კი იყო.

შუაში – ფრიდა მგალობლიშვილი
ლაშა: – ყველაზე საგულისხმო ამ ინტერვიუში ისაა, რომ ფრიდა ჟურნალისტს უხსნიდა თუ როგორი თავისუფალი ქალები არიან მის სამშობლოში თუნდაც ამერიკელ ბანოვანებთან შედარებით. იგი აღნიშნავდა: – „ჩვენი ქვეყნის ქალებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რასაც კაცები აკეთებენ; მაგალითად, ვეწევით თამბაქოს, ვსვამთ ღვინოს, თუმცა, თუნდაც რუსებთან შედარებით, ზედმეტად ფხიზლები ვართ და გამოთრობა ჩვენთვის უცხო ხილია. ქართული ჰარმონიული კლიმატი საშუალებას გვაძლევს ჯანმრთელები ვიყოთ. ჩვენ შესანიშნავი მხედრები ვართ და ჩვენს ქვეყანაში მსუქან ადამიანს სანთლითაც ვერ იპოვით“. ამის შემდეგ მხედარი ქალი გამოცემას ქართულ ეკლესიასა და ქართული ცეკვების სპეციფიკურობაზე ესაუბრა.

გაგა: – ამერიკული პრესის მიხედვით, ფრიდა მგალობლიშვილი ერთი ან ზედიზედ ოთხი ცხენითაც ჯირითობდა. ვისაც მისი შთამბეჭდავი გამოსვლა უნახავს მედისონ სკვერ გარდენში, დარწმუნდებოდა, რომ ეს ქალი მხედრად იყო დაბადებული. ფრიდა მგალობლიშვილი მხოლოდ ორი წელი მონაწილეობდა შოუებში. შემდეგ კი მოულოდნელად გაქრა თვალსაწიერიდან.

ლაშა: – გაგა, მოდი ბონუსად ჩვენს მკითხველს კიდევ ერთი ქალის შესახებ მოვუთხროთ, რომელიც ბუფალო ბილის შოუს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ის ამერიკელი ქალბატონი ენი ოქლი გახლდათ, რომლის შესახებაც იგივე შოუს მონაწილე გურული მხედარი აი, რას წერდა: „ერთი ციცაი (ანუ ქალი ლ.გ.) იყო ენ ოქლი, იმისანა მსროლელი მე მისდღემჩი არ მინახავს. მისი ქმარი ჩაიდობდა პირში სიგარეტს... ოქლი შორიდან დუუმიზნებდა, თოფიდან გეისვრიდა და გააგდებინებდა პირიდან... მიზანს ერთჯერ არ ააცილებდა“.

Annie Oakley (ენი ოქლი)
გაგა: – ენი ოქლი შესანიშნავი ჩუბინი იყო და ამ ქალის შესახებ ძალიან ბევრი მასალაა ინტერნეტსა და თუ პრესაში. ეს ქალი ამერიკის ლეგენდაა. მისი სახელი სიცოცხლეშივე ისეთი პოპულარული გახდა, რომ ევროპის ქვეყნებშიც იწვევდნენ. ოქლი საკუთარ წარმოდგენებს მართავდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასთან, იტალიის მეფე უმბერტო პირველთან და სხვა მრავალ ადგილას. დაჟინებული თხოვნის შემდეგ, მან გერმანიის იმპერიის ახლად გვირგვინდადგმული კაიზერის, ვილჰელმ მეორის ანთებულ სიგარას ესროლა და ფერფლი ჩამოყარა.

ლაშა:
– აი, ასეთები იყვნენ ქალები, განსაკუთრებით ქართველი მხედარი მანდილოსნები გასული საუკუნის დასაწყისში, – თამამები, ვაჟკაცურები, შეუპოვრები და უშიშრები. ამავე დროს, ქალურები და შესანიშნავი დედები.

გაგა: – ლაშა, ისე ძალიან მაინტერესებს, რას დაწერენ დღევანდელ ქართველ გოგონებზე მომავალში, რადგან მსგავსი რისკიანი შოუები დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალები არც ერთ სფეროში ტოლს აღარ გვიდებენ. ჰოდა, საინტერესოა, რით შეიძლება მათი გამორჩევა?

ლაშა:
– საინტერესო კითხვაა, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის მასზე შესანიშნავი პასუხი გასცა ცხენოსანმა ქალმა ფრიდა მგალობლიშვილმა. ჯერი თანამედროვე გოგონებზეა.

ჟურნალი „... და ქალი“ #6, ივნისი 2012 წელი

3 comments: