Sunday, May 20, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი IV)


(1980-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17, #18 და #19

როდესაც 1980-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე ვიწყებთ საუბარს, პირველ რიგში ევგენი მაჭავარიანის მუსიკალური ტელეგადაცემები უნდა გავიხსენოთ (ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულს „ეს ესტრადაა“ ერქვა). ეს გადაცემები ქართველ მაყურებელს მისთვის აკრძალულ დასავლურ მუსიკალურ სამყაროში უწევდა მეგზურობას.

BB King და ევგენი მაჭავარიანი - თბილისი, 1979წ.
80-იანები შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ: ათწლეულის პირველ ნახევარი, როცა კომუნისტური ცენზურა ჯერ კიდევ ძლიერი იყო და მეორე ნახევარი, როცა სსრკ-ში პრეზიდენტმა გორბაჩოვმა გარდაქმნის ეპოქა დაიწყო. სწორედ მაშინ დასრულდა ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებისა და მიმდევრების დევნა. ყველა მუსიკოსს განვითარების თანაბარი პირობები მიეცა. „პერესტროიკამდე“ საქართველოში ჩვეულებისამებრ ფილარმონიული მუსიკა ჟღერდა. რამდენიმე საინტერესო პროექტიც არსებობდა „ჯორჯიასა“ და „ნატვრის ხის“ სახით.

ეროვნული მოძრაობის აღზევებამდე ქართულ მუსიკაში ახალი ეტაპი დაიწყო. სცენაზე მკვეთრად ინდივიდუალური შემსრულებლები გამოჩდნენ და, რაც საყურადღებოა, ამ მოვლენას მოძრაობის სახე მიეცა. როკში მისთვის დამახასიათებელი სოციალური მუხტი, შინაგანი პროტესტი გაჩნდა.

ამ ათწლეულისთვის 1988 წელს განსაკუთრებული მოვლენა თსუ-ის დარბაზში ჩატარებული როკფესტივალი იყო, რომელმაც ძალზე საინტერესო შემსრულებლები გამოავლინა: „პრიზი“, „ჯუკ-ბოქსი“, „ბიჭები როკ-ენ-როლიდან“ და სხვები. მთავარი აღმოჩენა დადა დადიანის ჯგუფი „ტაქსი“ იყო, მწვავე, პირდაპირი ტექსტებით, რომელიც „ახალი ტალღის“ რიტმებს ქართულენოვან მელოდიას შესანიშნავად უხამებდა. ამ პერიოდშივე გამოჩნდა ლადო ბურდულიც. სტატიის წინა ნაწილში ნახსენებმა რუსმა კრიტიკოსმა არტიომ ტროიცკიმ აღნიშნა, რომ ქართულ როკთან, ეთნიკური გაგებით, ყველაზე ახლოს სწორედ ბურდულის შემოქმედება იდგა.

ლადო ბურდული

80-იანებში ალეკო ცაბაძის ფილმი „ლაქა“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლი ქართველმა ალტერნატიულმა მუსიკოსმა, ქიშო გლუნჩაძემ შეასრულა. ბაჩი ქიტიაშვილმა და კაკო ვაშალომიძემ სპორტის სასახლეში გრაფიკული როკის საღამო „დებიუტი“ მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობდნენ: კახა კიკაბიძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი, ქიშო და სხვები. საღამო როკმუსიკოს ირაკლი გიგაურის ხსოვნას მიეძღვნა.

დასავლეთ საქართველოში ქუთაისი აქტიურობდა. იმ პერიოდში შექმნილ ჯგუფებს შორის უნდა გამოვყოთ „აუტსაიდერი“, რომელმაც ჯერ კიდევ სსრკ-ის არსებობისას მოიპოვა აღიარება რუსეთსა და ბალტიისპირეთში, მოსკოვში კი ფირფიტა ჩაწერა. ქუთაისში ოპერის თეატრთან თემურ ჯოხაძემ და ვახტანგ ნებიერიძემ ერთგვარი როკკლუბი „მელომანი“ დააარსეს, სადაც სხვადასხვა შემსრულებელი გაერთიანდა.

80-იანების მიწურულს საქართველოში ნაციონალური გამოღვიძების ეტაპი დაიწყო, რომელიც საყოველთაო ეროვნულ მოძრაობაში გადაიზარდა. ეს განწყობა მუსიკასაც შეეხო და პატრიოტული როკმუსიკაც გაჩნდა, რომლის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ჯგუფად გიტარისტ კაკო ვაშალომიძის „ოკეანე“ შეგვიძლია დავასახელოთ. ამ პროექტმა და მისმა ვოკალისტმა – ნიჭიერმა მომღერალმა ვახტანგ მაკალათიამ საბოლოოდ გააქარწყლა სტერეოტიპი ქართული ენისა და მძიმე როკის შეუთავსებლობის შესახებ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჟურნალი „თბილისი Out“ #20, მაისი, 2012 წელი

No comments:

Post a Comment