Friday, August 23, 2013

სუპერსტარი პოლიტიკოსები და კონტროლირებადი მუსიკა

მე ვარ სენტიმენტური, თუ თქვენ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ;
მე მიყვარს ქვეყანა და ვერ ვიტან, რაც აქ ხდება.
მე არც მემარცხენე ვარ და არც მემარჯვენე.
უბრალოდ, დღეს სახლში ვზივარ,
ამ უიმედო, პატარა ეკრანში ჩაკარგული.
ლეონარდ კოენი

შესავალი

სახელგანთქმული ამერიკელი პოლიტიკოსი ჰენრი კისინჯერი თავის მემუარებში წერს, რომ ამერიკას აქვს ოთხი მიზეზი, რომელიც პლანეტაზე მის დომინირებას განაპირობებს. პირველი, ესაა არმია, მეორე – მეცნიერება, მესამე – მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი მასკულტურა და მხოლოდ მეოთხე ადგილზე დაასახელა ეკონომიკა. ეს მართლაც ასეა, რადგან მასობრივი მუსიკა პოლიტიკური გავლენის გიგანტური ინსტრუმენტია. მასში უზარმაზარი ენერგია დევს. სტალინი, რომელიც თვლიდა, რომ „ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, მართალი აღმოჩნდა, რადგან დასავლურმა ფასეულობებმა, რომელიც საბჭოთა კავშირში ჯერ ჯაზის და მერე უკვე როკ-ენ-როლის სახით შემოაღწია, მთლიანად შეცვალა ამ უტოპიური ქვეყნის ხელოვნურად დამკვიდრებული ფასეულობები. რუსი როკმუსიკოსი და პროდიუსერი ბარი ალიბასოვი „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი სწორედ როკ-ენ-როლმა დაშალა, თუმცა შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოედგინათ.

ნამდვილად არაა მარტივი დაწერო სტატია პოლიტიკის, მუსიკისა და მედიის ურთიერთობაზე ისეთ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიური პოლიტიკით აბსოლუტურად ყველაფერია გაჯერებული, – ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები, სოციალური მედია, ტრანსპორტი, სამზარეულო და საძინებელიც კი... ამიტომ, აღარ იცი, საიდან და როგორ დაიწყო წერა. აქ ხომ ნებისმიერი ცნობადი სახე (ე.წ. სელებრითი), აკადემიური მუსიკოსიც კი საზოგადოების თვალში რომელიმე პოლიტიკურ ბანაკს უკავშირდება, ან შეგნებულად მიაკუთვნებს თავს. საქართველო ამ ურთიერთობების მხრივ თავისებურად უნიკალური ქვეყანაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაფერს ახლავე მოგახსენებთ.

კონტროლი უკან, წარსულში

კომუნისტი მმართველები სსრკ-ის არსებობის პირველ წლებშიც კი მუსიკასა და კულტურას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ამიტომ 1920-იანი წლების დასაწყისში უკვე შეიქმნა „ფილარმონია“, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა მუსიკა და მუსიკოსები. ეს ორგანიზაცია მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე თანამედროვე მუსიკას. ფილარმონია ერთგვარ საპროდიუსერო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. იგი პროპაგანდირებდა საბჭოთა მუსიკას. როცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დამკვრელური შრომის ფერხულში იყო ჩაბმული, მშრომელთა გასამხნევებლად იქმნებოდა მომღერალ კომუნისტ კოლმეურნეთა ჩანაწერები, რომელიც ჯერ კიდევ 1930-იან წლებში დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა გრამოფონის ფირფიტებით. მათში ქებას ასხამდნენ სოციალისტურ ქვეყანას, შრომას, პარტიას. ასეთი სიმღერები რეჟისორმა ოთარ იოსელიანმაც გამოიყენა თავის ფილმში „გიორგობისთვე“, სადაც ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩართულ რადიოში სწორედ კოლმეურნეთა მომაბეზრებელი სიმღერები ისმის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფილარმონია კიდევ უფრო გააქტიურდა უკვე თანამედროვე მუსიკის მიმართულებით. მაშინ, როდესაც მსოფლიო როკ-ენ-როლის რიტმებზე ყირაზე გადადიოდა, სსრკ-ში, როგორც იქნა, ჯაზორკესტრების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდა. ზოგადად კი, მთელი თანამედროვე მუსიკა მოექცა ერთ სიტყვაში – ესტრადა, რომელიც საქართველოში ტერმინის სახით დღემდე შემორჩა. ფილარმონია განაგებდა მუსიკალურ, საცეკვაო თუ მხატვრული კითხვის შემსრულებლებს, გეგმავდა მათ კონცერტებს, ხოლო გასტროლებს საბჭოთა კავშირსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში „სოიუზკონცერტი“ და „გოსკონცერტი“ უკეთებდნენ ორგანიზებას, ამიტომ ქვეყანასა და უცხოეთში შემსრულებლის კონცერტზე მიღებული ჰონორარის უმეტესობა ამ ორგანიზაციებს მიჰქონდა.

სამოციანებში პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები, ე.წ. „ვია“-ები გაჩნდა. სსრკ-ში პირველი ასეთი კოლექტივი ქართული „ორერა“ იყო, რომლის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, რობერტ ბარძიმაშვილმა ადრე საუბრისას მომიყვა, მკაცრი საბჭოთა ცენზურის პირობებში როგორ შეჰყავდა შეცდომაში „გოსკონცერტის“ ხელმძღვანელობა. როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი პარტიას, ხალხთა მეგობრობას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. მან გაიხსენა: „საზღვარგარეთ გასტროლებისას ანსამბლს შემოსული თანხის მხოლოდ 5-10%-ს გვაძლევდნენ, დანარჩენს „გოსკონცერტს“ ან საელჩოს ვაბარებდით. მართალია კონცერტებს სახელმწიფოს ხარჯით ვმართავდით, მაგრამ ბევრი უსამართლობა იყო. ცუდიც და კარგიც რატომღაც თანაბარ მდგომარეობაში ვიყავით, ანუ მნიშვნელობა არ ჰქონდა წარმატებებს, დარბაზების „დალაშქვრას“ და ა.შ.“.

როგორც ვხედავთ, სახელმწიფო საგრძნობლად ერეოდა მუსიკასა და მუსიკოსების ცხოვრებაშიც კი. მაგალითად, კომუნისტ მუსიკოსს უფრო მეტი გაქანება ჰქონდა, ვიდრე უპარტიოს. ეს გავლენა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო თანამედროვე მუსიკაში. თუნდაც ის რად ღირს, რომ ესტრადაც გარკვეულწილად გაააკადემიურეს, რადგან არსებობდა წოდება „პროფესიონალი მუსიკოსი“, რომელიც აუცილებლად ფილარმონიული გახლდათ და, ნიჭის მიუხედავად, მას გზა ხსნილი ჰქონდა ესტრადის სცენაზე. თუმცა არსებობდნენ საეჭვო პერსპექტივის „არაპროფესიონალი“ (ანუ „მოყვარული“) მუსიკოსებიც. ამ უკანასკნელთა მოღვაწეობას მხოლოდ თვითშემოქმედება ერქვა. ხოლო ყოველივე დასავლური მუსიკა (როკ-ენ-როლი და ა.შ.) „მავნებლურ“ მუსიკად მოინათლა და ასეთი ფირფიტების შემოტანა კონტრაბანდად ითვლებოდა.

სსრკ-ის დაშლამდე რამდენიმე წლით ადრე, ე.წ. „პერესტროიკის“ დროს, საესტრადო მუსიკამ უკან გადაინაცვლა და პოპულარული გახდა ანდერგრაუნდ მუსიკა, როკმუსიკა, რომელიც ამ პერიოდში თითქოს არ იყო კონტროლირებადი. მაგრამ საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში (მოსკოვში, ლენინგრადში, სვერდლოვსკში) არსებობდა ე.წ. „როკკლუბები“, სადაც თავს იყრიდნენ როკისა და ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლები. ეს კლუბები ოაზისი იყო არასაბჭოთა მენტალობის მქონე მუსიკოსებისათვის, რადგან თანამოაზრეები ერთად შეკრებას ახერხებდნენ. ამასთანავე, როკკლუბებში მათ სამართალდამცავები ნაკლებად ავიწროვებდნენ. ისინი გეგმავდნენ კონცერტებს, მაგნიტოფირებზე კუსტარულად იწერდნენ მუსიკას და უშვებდნენ მაგნიტოალბომებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს გაერთიანებები დამოუკიდებლად არ შექმნილა. ისინი სახელმწიფოს ნებართვით არსებობდნენ და, ამიტომ, კონტროლის აჩრდილი, ავად თუ კარგად, იქაც დააბიჯებდა.

დასავლური ცივილიზაციის ფანჯარაზე ჩამოფარებული „რკინის ფარდის“ გამო, საბჭოთა კავშირმა გამოტოვა მსოფლიოს მუსიკალური კულტურის მეტად მძლავრი ეტაპები, რომელშიც შედიოდა, თუნდაც ბიტნიკებისა და ჰიპების ამბოხი, როკ-ენ-როლი, ბიტლომანია, 70-იანების პანკმოძრაობა და ა.შ. ამ მეტად მძიმე ფარდის მიღმიდან ქართულენოვანი რადიოს, „ამერიკის ხმით“ შემოღწეული ეს კულტურული ნაფლეთები ბევრი ადამიანისთვის სულიერი საზრდო და თავისუფლების სიმბოლო გახდა. თუმცა ეს ჩავარდნები, რომელსაც ემატებოდა საბჭოეთისთვის დამახასიათებელი პიროვნების კულტი, პოსტჰომოსოვიეტიკუსის მსოფლმხედველობაზე პირდაპირ აისახა.

პოლიტიკოსი – Super Star

მაშინ, როცა დასავლეთში (გნებავთ, აღმოსავლეთშიც) ელვისის, ფრენკ სინატრას თუ „ბიტლზის“ კონცერტზე რიგით თინეიჯერს ემოციური ექსტაზისგან გული მისდიოდა და მისი სიყვარულის ობიექტი შოუბიზნესის ვარსკვლავი იყო, სსრკ-ში ნებისმიერ ბავშვს ტვინში უნერგავდნენ კომუნისტური ბელადების, – მარქსის, ენგელსის, ლენინის და ცეკას მდივნების სიყვარულს. მათი სურათები და ლოზუნგები იყო გაკრული ყველგან, ბენზოგასამართი სადგურებიდან დაწყებული, საწყობებით, სტადიონებით თუ კოსმოსური სადგურებით დასრულებული. თუ დასავლეთში თინეიჯერს ვინმეს ფანობის ასაკი უმთავრდებოდა და იგი მუსიკის მოსმენას განაგრძობდა როგორც მელომანი, სოციალისტურ სინამდვილეში მთელი ცხოვრება ერთი და იგივე პოლიტიკოსების სიფათებისთვის უნდა გეცქირა.

არადა, ადამიანების უმრავლესობას ყველა ქვეყანაში სიყმაწვილისას ერთი და იგივე მისწრაფებები აქვს. მათ მომღერლები და მსახიობები ზოგჯერ ოჯახის წევრებზე მეტადაც კი უყვართ. პოსტსაბჭოთა საქართველოში შოუბიზნესის ვარსკვლავების როლი პოლიტიკოსებმა შეითავსეს და აგერ უკვე 22 წელზე მეტია, ასე გრძელდება რამდენიმე მიზეზის გამო:


1) ქვეყანამ უახლესი ისტორიის განმავლობაში მთავრობათა რამდენიმე ძალადობრივი ცვლა, ომები და დიდი გაჭირვება გადაიტანა. რიგითი ჰომოსოვიეტიკუსები ძველი ინერციით ხსნას ხედავენ ვინმე მხსნელ პოლიტიკოსში, რომელიც მოსესავით მოგვევლინება, „ტერიტორიებს“ დაგვიბრუნებს, გაგვაერთიანებს, გაგვამდიდრებს („ფულებს“ დაგვირიგებს), დასავლეთთან ინტეგრაციასაც გაგვიხერხებს და ა.შ. ამ საკითხზე ადრე მუსიკოსმა ირაკლი ჩარკვიანმა ინტერვიუში მითხრა: „ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების მუსიკალური პროტესტი იმ თვალსაზრისით ჩაკლა, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს მხოლოდ ერთი დასკვნა – მათი პოლიტიკური აქტივობის შედეგად შესაძლებელი იყო ისინი პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ამით ფინანსური მომავალი გასჩენოდათ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებასთან პრაგმატული დამოკიდებულებაა. დასავლეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანს ერთადერთი შანსი აქვს – გახდეს პოლიტიკოსი. მხოლოდ მაშინ ექნება ფინანსური დივიდენდები და შეძლებს ცხოვრებას. ეს, საუბედუროდ, ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატული, ვიწრო და აღმოსავლური მიდგომაა“. ანუ პოლიტიკოსობა (და არა მუსიკოსობა, მხატვრობა, მწერლობა და ა.შ.) პრაგმატული ახალგაზრდისთვის თვითგადარჩენის ერთგვარი საშუალებაც იყო;

2) ჩაკეტილი სივრცისა და გაუნათლებლობის გამო. როგორც მოგვეხსენება, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში უნიჭო რუსი „ესტრადნიკების“ გარდა, ხარისხიანი მუსიკოსები ვერ ჩამოჰყავდათ, ამისი არც სახსრები იყო და არც დიდი მოთხოვნილება. ამასთან, ამ კონცერტებზე, ჩვენებური საზომით, საშუალო შეძლების მუსიკის მოყვარულს დასწრება ბილეთის სიძვირის გამო არ შეეძლო. ვერც ქართველი მუსიკოსები ახერხებდნენ დასავლეთში გასვლას. ან, თუ ახერხებდნენ, შემდეგ იქვე რჩებოდნენ. ამავე დროს, ახალ ინფორმაციებსა და ხარისხიან მუსიკალურ ლიტერატურაზე წვდომა, ინტერნეტის არარსებობის დროს, ძალიან ჭირდა. ორმაგად რთული გახლდათ ამ ყველაფრის მშობლიურ ენაზე წაკითხვა;

3) მედიის დამსახურებით. მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ დღევანდელ ქართული მედია, მისი გამოცემები თუ გადაცემები. გასაგებია, რომ სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებზე სასაუბროდ ტელე- და რადიოსტუდიებში იწვევენ პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებს და ეკონომისტებს, მაგრამ გადავხედოთ გასართობ გადაცემებს, თოქშოუებს, მუსიკალურ თუ გასართობ არხებს, განსაკუთრებით სადღესასწაულო პროგრამებს. სტუდიაში აქაც პოლიტიკოსები სხედან და წამყვანი არკვევს, თუ როგორ აკეთებს მავანი პოლიტიკოსი საახალწლო საცივს ან გოზინაყს, როგორ ღებავს სააღდგომო კვერცხს, მოსახლეობამ უნდა შეიტყოს მისი სანუკვარი ოცნება როგორ ახდა და ა.შ. ამას, ყველაფერს, ტელეწამყვანები თუ ტელებოსები საზოგადოებრივი დაკვეთით ხსნიან. თუმცა არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან მედიასივრცეც პოლიტიზებულია და პოლიტიკოსების წამდაუწუმ ეკრანზე გამოჩენა გარკვეულ მიზნებს ემსახურება. იმავეს აკეთებს ბეჭდური მედიაც. ჟურნალ-გაზეთები გასართობ გვერდებზეც კი დიდ ადგილს უთმობენ სხვადასხვა პოლიტიკოსის ინტიმური ცხოვრების დეტალებს. მახსოვს, წელს, საახალწლოდ, ერთმა პოპულარულმა საინფორმაციო საიტმა გამოკითხვაც კი ჩაატარა, თუ რომელ პოლიტიკოსს ვისურვებდით ოჯახში მეკვლედ.

რა თქმა უნდა, ყველაზე უკონკურენტო პოპულარობით ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა. იგი დიდხანს ითავსებდა პოპიდოლის მისიასაც. „ვარდების რევოლუციის“ მეორე დღიდანვე ქვეყნის მეთაური თითქმის ყველა დიდ კონცერტზე ჩნდებოდა, მუსიკოსების თუ მოცეკვავეების კონცერტებზე სცენაზე უცერემონიოდ იჭრებოდა და იქიდან მიმართავდა შეკრებილ ახალგაზრდებს, რომლებიც ისე რეაგირებდნენ მის ენერგიულ სიტყვებზე, როგორც პოპვარსკვლავის ნამღერ-ნაცეკვზე. ამ ყველაფრის მთელი საქართველოს მასშტაბით ტირაჟირებას კი ისევ და ისევ მედია ახდენდა. სხვებთან ერთად, ჩვენი პრეზიდენტი იყო ნამდვილი პოლიტიკოსი Super Star-ი.

პოლიტიზებული მუსიკა

ამ ყველაფრის ფონზე, რთული არაა წარმოვიდგინოთ, რამდენად პოლიტიზებულია დღევანდელი ქართული მუსიკა. ქვეყანაში, მგონი, არ არსებობს სცენაზე მყოფი მოქმედი მუსიკოსი, რომელსაც რიგითი მსმენელი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან არ აკავშირებდეს. თავიდანვე შევთანხმდეთ, რას ვუწოდებთ პოლიტიზებულ მუსიკას. თუ შემსრულებელს რომელიმე პოლიტიკური ძალის რწმენა აქვს და იგი ან მემარცხენეა, ან მემარჯვენე, ან, გნებავთ, ცენტრისტი და თავის შემოქმედებაში ამას გამოხატავს, გულწრფელობისთვის ნუ დავძრახავთ; მაგრამ თუ მუსიკოსი თავისი შემოქმედების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდებში მომთაბარეობს და მისი შემოქმედების დიდ ნაწილს სწორედ პოლიტიკოსები აფინანსებენ, თავისუფლად შეგვიძლია პოლიტიზებულად შევრაცხოთ.


ახალი საუკუნის დასაწყისში, როცა ჯგუფმა „სახემ“ ყველას დაანახვა, რომ უზარმაზარი აუდიტორიის შეკრება შეეძლო, პოლიტიკოსებს სურვილი გაუჩნდათ, ეს აუდიტორია თავიანთ მხარდამჭერ ელექტორატად გარდაექმნათ. თავდაპირველად მათ სხვადასხვა მუსიკოსის ფარული მხარდაჭერა გადაწყვიტეს და საკუთარ ვინაობას არსად ახმაურებდნენ, – დააკვირდნენ, რა ხეირის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ეს საქმე. როცა დაინახეს, რომ ექსპერიმენტი ამართლებდა, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად უკვე ღიად ჩაითრიეს მუსიკოსები. ამ მხრივ განსაკუთრებით „მოქალაქეთა კავშირი“ გააქტიურდა. ამ პარტიის ხარჯებით ასობით კონცერტი დაფინანსდა, ჩაიწერა ალბომები. მუსიკოსთა პალიტრაც საკმაოდ ჭრელი გახლდათ, – ცნობილი კომპოზიტორებით დაწყებული, რიგითი ბოიბენდებითა და ესტრადის ვარსკვლავებით დამთავრებული.

კომპოზიტორებზე გამახსენდა, იმ ეპოქის ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ჰიტი, ალბათ, მაინც „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდამჭერი ჰიმნი „გიხაროდენ“ იყო, რომელიც პოპულარულმა კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა დაწერა. სიმღერის ჩაწერასა და ვიდეოს გადაღებაში კი მაშინდელმა ე.წ. ესტრადის თითქმის ყველა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ასე დაიწყო მუსიკოსების ჩათრევა პოლიტიკაში. სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად უცნობიც, რომლის სიმღერები ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელთან ასოცირდებოდა და ვიდეოების გადაღებას სწორედ ეს პარტია აფინანსებდა. ამასობაში საქართველოში ჩამოსულმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა (რომელიც რამდენიმე წელიწადში პოლიტიკაშიც მოვიდა) შექმნა „არტ-იმედი“, რომელშიც გაერთიანდა უამრავი ესტრადის მუსიკოსი. აღნიშნული ორგანიზაცია, ადრეული საბჭოთა „ფილარმონიისა“ თუ „გოსკონცერტის“ მსგავსად, ერთგვარი საპროდიუსერო ცენტრი გახდა.

შემდეგ მოხდა „ვარდების რევოლუცია“, სადაც ოპოზიციური ძალების მიტინგებზე უამრავი მუსიკოსი მივიდა. მათ ხალხმა „წვიმის მუსიკოსები“ შეარქვა. ეს პროტესტი არ იყო პოლიტიზებული. ეს იყო მაშინდელ როკმუსიკოსთა მეტად გულწრფელი პროტესტი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ. თუმცა ახალი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ ქართველი მუსიკოსების დიდი ნაწილი ისევ სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებაში აღმოჩნდა, გასული წლის ოქტომბრის არჩევნებამდე მუსიკოსების ერთი ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის გამტარებლებად მოგვევლინა. ხსენებული „წვიმის მუსიკოსებიდან“ რამდენიმე შემსრულებელი ნაციონალური მოძრაობის იდეების მხურვალე მხარდამჭერად იქცა და ა.შ.

მოგეხსენებათ, ბევრმა მუსიკოსმა ამ დამსახურებებისთვის სახელმწიფო ჯილდოებიც მიიღო. დაიწერა უამრავი ჰიმნისმაგვარი სიმღერა, რამდენჯერმე ჩატარდა პატრიოტულ თემებზე დაწერილი სიმღერების კონკურსი „პატრინოტი“ და ა.შ. როგორც ამბობენ, ერთგვარი კასტაც გაჩნდა, რომლებიც სცენაზე არ აჭაჭანებდა განსხვავებულად მოაზროვნეებს, ან სულაც, თავისუფალ მუსიკოსებს. გაზეთებსა და ჟურნალებში გახშირდა ინტერვიუები იმ მუსიკოსებთან, რომლებიც თვლიდნენ, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ, ანუ მათ სცენაზე არ უშვებდნენ ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები, რომ ეს უკანასკნელები განაგებდნენ შოუბიზნესს და ა.შ.

შარშან, წინასაარჩევნო კამპანიაში, ისევ ზემოხსენებული კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის, ამჯერად „ქართული ოცნებისთვის“ დაწერილი ჰიმნი გუგუნებდა, ხოლო ამ პოლიტიკური მოძრაობის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა, ამავე პოლიტიკური ძალისთვის დიდი მონდომებით რეპავდა. ბუნებრივია, რომ იგი მამის პოლიტიკური პიარკამპანიის სახეა.

და რატომ აკეთებენ დღეს ასე მუსიკოსები, ანუ რატომ ექცევიან ისინი პოლიტიკოსთა გავლენის ქვეშ და რატომ არიან ისინი პოლიტიზებულები? ახლა ხომ აღარავინ ამოწმებს მათ ტექსტებს და აღარ არსებობს ცენზურა? ამ კითხვებზე პასუხი მარტივია. დღეს ყველას აქვს უფლება იმღეროს იმაზე, რაზეც უნდა და როგორც უნდა, მაგრამ საქართველოს შოუბიზნესის არეალი ძალიან პატარაა და ბაზარიც ღატაკია. შესაბამისად, შემსრულებელთა ფინანსური შემოსავლები ძალიან მწირია, ამიტომ მუსიკოსს ურჩევნია დაფინანსება მიიღოს პოლიტიკოსისგან, ვიდრე არავისგან და საერთოდ ჩაკლას თავისი შემოქმედება.


კონტროლი დღეს

დღეს, როცა მსოფლიოში ბევრს საუბრობენ „ევროვიზიის“ პოლიტიკურ იარაღად გადაქცევასა და უამრავი მუსიკალური კონკურსის პოლიტიზაციაზე, ძალიან საეჭვოც კია საქართველოში ამდენი სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის არსებობა. ქართველი მაყურებელი საინფორმაციოდან საინფორმაციომდე, საპნის ოპერიდან საპნის ოპერამდე „ერთობა“ მუსიკალური კონკურსებით, რომელსაც თითქმის ყველა პოპულარული მსხვილი ქართული ტელეარხი სთავაზობს. თუმცა კონკურსი, როგორც წესი, გართობა არ არის, მას ნერვიულობა და სახსრებიც სჭირდება, რათა მაყურებლის მოწონებულმა მუსიკოსმა კონკურსი არ დატოვოს. ამისთვის მსმენელი თავისი რჩეული კონკურსანტის სახელზე რაც შეიძლება მეტ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის, რაც ყველაზე მეტად ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებს ახეირებს. ამიტომ ამ მრავალრიცხოვან კონკურსებს ძირითადად ეს კომპანიები აწყობენ ხოლმე.

საქართველო არაა დიდი ქვეყანა და აქ შოუბიზნესი სრულფასოვნად დღემდე ვერ განვითარდა, ამიტომ ძალიან ბევრია ერთდროულად სამ ტელეარხზე სხვადასხვა მუსიკალური კონკურსის მოწყობა. თანამედროვე მუსიკას, კლასიკურისგან განსხვავებით, არ სჭირდება კონკურსები. ბევრი ამბობს, რომ ეს კონკურსები ახალი ნიჭის გამოვლენას უწყობს ხელს, მაგრამ ხომ შეიძლება ამისთვის კარგად ორგანიზებული ფესტივალები მოეწყოს? რა საჭიროა ვინმე ან გამარჯვებული, ან დამარცხებული გახდეს? მოდით, მსმენელმა თავად გადაწყვიტოს, ვის მოუსმენს. ეს მესიჯომანია უფრო სპორტული ჟინისა და აზარტის გამოვლინებაა, ვიდრე ხელოვნებით ტკბობა. ისე კი, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ეს კონკურსებიც პოლიტიკოსთა მხრიდან ადამიანთა კონტროლისთვისაა მოგონილი.

მსგავს „შეთქმულების თეორიებს“ საკმაოდ სერიოზული ადამიანები იზიარებენ და მათ შორის მუსიკოსებიც. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მეამბოხე ჯგუფი Muse სიმღერაში „აჯანყება“ მღერის: „ისინი ვერ დაგვაძალებენ, ისინი შეწყვეტენ ჩვენს დეგრადირებას, ისინი ვერ გაგვაკონტროლებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ“. ტექსტის მიხედვით, „ისინი“– ბობოლა მდიდრები არიან, რომლებიც ცდილობენ, მოგვაჩეჩონ გამოსათაყვანებელი წამლები, რათა სიმართლე ვეღარ დავინახოთ. ეს მემარცხენე სულისკვეთების სიმღერა იმ მედიაბოსებისკენაცაა მიმართული, რომელთაც ხელში ჩაიგდეს მუსიკალური ინდუსტრია და მსმენელს თავს ახვევენ საკუთარ მდარე გემოვნების ნაწარმს, სადაც მუსიკის გარდა თითქმის ყველაფერია გათვალისწინებული – ადამიანის ფიზიკური მონაცემები, უკანალის მოხდენილად ქნევა თუ გამაღიზიანებლად მყვირალა ხმა. მსგავსი პროტესტი ადრე პანკებს ჰქონდათ, თუმცა უფრო უხეშ ფორმებში.

სიტყვამ მოიტანა და, ქართულ მუსიკალურ ტელეკონკურსებს თუ თვალყურს მივადევნებთ, ადამიანის ვოკალურ ღირსებად ჟიურის წევრებს ყველაზე ხშირად კარგი, მოხდენილი ყვირილი მიაჩნიათ. ქართველ სიმღერის შემფასებელთა ნაწილის ერთგვარი ეტალონები არიან: უიტნი ჰიუსტონი, ემი უაინჰაუსი, სტივ უანდერი და მსგავსი ვარსკვლავები. სწორედ მათი ცუდი მიბაძვის შედეგად მიიღება ის საშინლად მყვირალა ხმები, ძლიერი რომ ჰგონია ბარე ორს. ეს რომ არ მეთქვა, არ შემეძლო.

ჩემი თაობის ბევრი მელომანი ხშირად ბუზღუნებს, რომ მსოფლიოს დღევანდელ მუსიკას მელოდიზმი, ჰარმონია, რომანტიზმი და პროტესტი აკლია, რადგან თანამედროვე მუსიკალურ ინდუსტრიას მსხვილ პოლიტიკოსებთან დაახლოებული ადამიანები დაეპატრონნენ, რომელთაც არ სურთ მოაზროვნე და მეამბოხე ახალგაზრდა თაობა, რადგან მორჩილი ადამიანების საარჩევნო ხმების მიღება მარტივია. მათივე აზრით, ამ პოლიტიკოსებმა უდიდესი საპროტესტო მუხტი, რაც მუსიკოსებმა თუნდაც ვუდსტოკის ფესტივალსა და შემდეგ პანკმოძრაობისას ამოაფრქვიეს, კალაპოტში მოაქციეს და ახლა ყოველწლიურად ათას ადგილას ტარდება მსგავსი ფესტივალები, სადაც პროტესტი ნაკლებადაა, ხოლო თანამედროვე კომერციული პანკები თუ ჰიპ-ჰოპერები როლერებზე, სერფინგერებსა და მაგარ ნაშებზე მღერიან. უკანასკნელი მეამბოხე მოჰიკანი კურტ კობეინი იყო. მისი სიკვდილით წერტილი დაესვა მსგავს მუსიკას – გულისწყვეტით აღნიშნავენ ისინი. მსგავსი შეხედულებები მხოლოდ საქართველოში არ არსებობს. ბევრმა შესანიშნავად გააცნობიერა ისიც, რომ კაცობრიობა ვერასდროს გახდება ისეთი უტოპიური, როგორც ლენონს წარმოედგინა სიმღერაში Imagine („წარმოიდგინე“).

შეიძლება ისიც თქვა, რომ მეოცნებე ვარ,
თუმცა ჩემნაირი ბევრია,
იმედია, ერთ დღეს შენც შემოგვიერთდები
და მსოფლიო გაერთიანდება.
ჯონ ლენონი

ყველა ფოტო © გურამ წიბახაშვილი


1 comment:

  1. ძალიან მაგარი და საჭირო სტატიაა, მინდა რომ ყველა მელომანმა, თუ მუსიკოსმა, თუ ხელოვანმა წაიკითხოს ეს :) კიდევ ერთხელ მადლობა ლაშა ;) 4 წელია გასული სტატიიდან და არც არფარერი შეცვლილა სამწუხაროდ -/

    ReplyDelete