ქართველებს ცოტა უცნაური
იუმორის გრძნობა გვაქვს ხოლმე. კუთხური ხუმრობები გვიყვარს კახელებზე,
მეგრელებზე, სვანებზე, იმერლებზე... გვეცინება იმ ანეკდოტებზეც, სადაც
მთავარი გმირია სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და ა.შ. დავცინით ერთმანეთს და
ჩვენს მეზობლებს, მაგრამ თუ ვინმე უცხოელი ჩვენზე იხუმრებს, ვიძაბებით და
ყურები დაცქვეტილი გვაქვს, რამე უხეირო არ წამოცდეს, არ დაგვცინოს,
დაგვამციროს. მოკლედ, ისევე ვჭედავთ, როგორც თავის დროზე ყაზახეთმა გაჭედა
„ბორატზე“ და ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი პერსონა ნონ გრატად
გამოაცხადა.
1990-იან წლებში, როცა ქართველები სრულ სიბნელეში,
გაუგებრობაში, ქაოსში, ომში და მთელ უბედურებაში ვცხოვრობდით, თანამედროვე
ქართულ მუსიკაში ნამდვილი რევოლუცია მოხდა და ალტერნატიულ შემსრულებელთა
მთელი კოჰორტა გამოჩნდა, რომელიც ძალიან კარგად ასახავდა იმ ყოფას, რაშიც
გვიხდებოდა არსებობა. მუსიკოსები ზუსტად გადმოსცემდნენ ჩვენი რეალობის მთელ
ტრაგიზმს, თუმცა, ამავე დროს, ვერ ვაცნობიერებდით, თუ რა კომიკურ
სიტუაციაში ვცხოვრობდით მე-20 საუკუნის მიწურულს. ეს არც ისე მარტივი იყო,
რადგან ჩვენ არ გვიყვარს, „გვიტყდებასავით“ საკუთარ თავზე სიცილი.
სწორედ
იმ პირქუშ 1990-იანებში საქართველოში ფრანგი ფრედერიკ პაიანი ჩამოვიდა.
იგი თბილისში ერთ-ერთ საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა და
ბევრი სხვა უცხოელისგან განსხვავებით, ქართულიც ისწავლა და აქაური
მეგობრებიც შეიძინა. სწორედ მათთან ერთად ჯგუფი ჩამოაყალიბა და ქართულ
ენაზე სიმღერაც დაიწყო. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე
მას საფრანგეთში უკვე ყავდა პანკჯგუფი.
ფრედი პაიანს საოცრად
მახვილი თვალი, იუმორის გრძნობა და დახვეწილი გემოვნება აქვს. მის მიერ
დანახული საქართველოს მაშინდელი ყოფა საკმაოდ სასაცილოა, როცა ქვეყანაში
ყველაზე მაგარ მანქანად „ჟიგული“ ითვლებოდა, როცა თბოელექტროსადგურის
მითიური სულგაფუჭებული მე-9 ბლოკი არსებობდა, როცა უსახსრობის და
გაჭირვების გამო, დღეში რამდენჯერმე უნდა გეჭამა ქუჩაში ნაყიდი ხაჭაპური,
როცა ქალაქში გადაადგილება მხოლოდ მარშრუტკით (მინიბუსით) იყო შესაძლებელი,
როცა ზაფხულის ხვატში მხოლოდ „თბილისის ზღვაზე“ შეგეძლო დასვენება და
„მაროჟნით“ ყელის გაგრილება, როცა მთელი ქვეყანა ნავთქურა „ტურბოთი“
თბებოდა, როცა შუქის მოსვლა ამქვეყნად ლამის ყველაზე მეტად გვახარებდა...
ფრანგმა
მუსიკოსმა და მისმა მეგობრებმა, გიტარისტმა დავით ხოსიტაშვილმა, ბასისტმა
გიორგი გობეჯიშვილმა და ასევე ფრანგმა დრამერმა ივონ კაბაკოვმა თავიანთ
ჯგუფს სწორედ ეს ბლომად ენდორფინებიანი შეძახილი „შუქი მოვიდა“ დაარქვეს და
ფრედიმ დაიწყო იმ ყველაფერზე ირონიით სიმღერა, რაზეც ჩვენ მაშინ არც კი
გვეღიმებოდა. როცა ამ ქართულ-ფრანგული ჯგუფის რამდენიმე სიმღერას პირველად
მოვუსმინეთ, მაშინვე სიცილი აგვიტყდა და გავაცნობიერეთ, რომ ჩვენ არა მარტო
ტრაგიკულ, არამედ კომიკურ, ძალიან სასაცილო რეალობაში ვცხოვრობდით. თუმცა
ბევრმა ფრედის სიმღერები შეურაცხყოფად და პირადი პატრიოტული გრძნობების
შებღალვად მიიღო. „დაცინოს ფრანგებს, თუ კარგია!“ – ნიშნისმოგებით
იმეორებდნენ მავანნი. ეს კატეგორია დღესაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში,
რომელიც მტრულად უყურებს ნებისმიერ უცხოელს და სულ ეშინია, რომ
„ქართველობას წაართმევენ“. იგი ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს დაცინვას,
სარკაზმს და ირონიას, იუმორს.
ფრედის სიმღერების უმრავლესობა
აბსოლუტურად უწყინარი ირონიაა და 100%-იანი რეალობაა. თავის სიმღერაში
„ჟიგულის კაცი“ მან ნათლად გადმოსცა თუ რას ნიშნავდა გასული საუკუნის
90-იანი წლების ქართველებისთვის „ჟიგული“: „ჩემს ჟიგულში ეტევა 24 კაცი:
ჩემი ბებია, ჩემი ცოლი, ჩემი ძმაკაცები და პატარა შემწვარი გოჭი. ჩემს
ჟიგულში ეტევა 1 ტონა კიტრი, 1 ტონა პამიდორი, 1 ტონა ხახვი“... სიმღერის
მოსმენისას მაშინვე ცოცხლდება მაშინდელი ყოფა, როგორ ამბობდა ხალხი, რომ
ჩვენს დანგრეულ გზებზე ცოდოა „მერსედესი“ ან „ტოიოტა“ და „ჟიგულიზე“ კარგი
მანქანა ჯერ არ გამოსულა. ისიც გაგვახსენდება, რომ სათადარიგო ნაწილების
არარსებობის და სიძვირის გამო მართლაც დასკოჩილი პარპრიზებით დადიოდნენ
მანქანები.
საგულისხმოა, რომ მაშინ მომღერალი ზუსტად ჩვენსავით
ცხოვრობდა უშუქობაში, სიბნელესა და გაჭირვებაში, თუმცა, ჩვენგან
განსხვავებით, ამ მანკიერებებს დასცინოდა და ჩვენც გვაცინებდა. მას თავისი
ფრანგული აქცენტით და შესანიშნავი სიმღერებით შეუძლია საოცრად ცხადად
აღგვიწეროს მაშინდელი ყოფა და გულწრფელად გვაცინოს საკუთარ თავსა და
ყოფაზე. 2000-იანების დასაწყისში ფრედი საფრანგეთში წავიდა. ზუსტად 11 წლის
შემდეგ კი საქართველომონატრებული მუსიკოსი თბილისში ორი კვირით
დაგვიბრუნდა, „შუქი მოვიდა“ კლასიკური შემადგენლობით შეკრიბა და 4 საკლუბო
კონცერტიც გამართა, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაყურებელი დაესწრო. მსმენელი
კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებითა და სიცილით უსმენდა „შუქი მოვიდას“ ძველ
სიმღერებს. ამ კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს ფრედის მეგობრებმა – რობი
კუხიანიძემ („აუტსაიდერი“) და ლევან ქუმსიაშვილმა („მთვარის კლუბი“)...
ფრედი
პაიანმა და მთელმა „შუქი მოვიდამ“ ცხოვრებისგან დამძიმებულ ქართველ
„ალტერნატივშიკ“ მუსიკოსებზე უკეთესად დაგვანახა და გვაცინა საკუთარ
აუტანელ ყოველდღიურობაზე, რომელიც ჩვენ, მადლობა ღმერთს, უკვე გამოვიარეთ
და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ბნელი წარსულისკენ აღარასოდეს
დავბრუნდებით. თუმცა ზოგიერთი პრობლემა (თუნდაც მარშრუტკების) დარჩა და
სხვებიც დაგვემატა, ამიტომ „შუქი მოვიდა“ ისევ აქტუალურია და ფრედის
მახვილი თვალი კიდევ საჭიროა. ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში ჯგუფის
გიტარისტმა დავით ხოსიტაშვილმა, ისიც თქვა, რომ შესაძლოა ფრედი უფრო
ხანგრძლივად ჩამოვიდეს, თბილისში დარჩეს და ახალი ალბომისთვის მუშაობას
შეუდგნენ. იმედს ვიტოვებ, ასეც მოხდება.
ფოტოების ავტორი: © ფიქრია გოგინაშვილი
2001 წელს გამოქვეყნებული ჩემი წერილი „შუქი მოვიდას“ შესახებ და ბლიც-ინტერვიუ ფრედი პაიანთან აქაა.
მოუსმინე:
No comments:
Post a Comment