Monday, September 24, 2001

ფრედი პაიანი: „საქართველოს ტერიტორია შვეიცარიული ყველივითაა დაჭრილი“

„შუქი მოვიდა“ მღერის ჟიგულის კაცზე, ხაჭაპურზე, უშუქობაზე, მაგრამ საქართველოზე არ ღადაობს

ქართულ-ფრანგული ჯგუფის „შუქი მოვიდას“ ქართულ სცენაზე გამოჩენას ხალხი არაერთგვაროვნად შეხვდა. ცოცხალი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ ჯგუფის ფრანგი ფრონტმენის, ფრედი პაიანის მიერ ქართულ ენაზე შესრულებულმა სიმღერებმა ბევრი მსმენელი გააღიზიანა. მსმენელის გაღიზიანების მიზეზი „შუქი მოვიდას“ სოციალურ თემებზე დაწერილი ტექსტები გახდა, რომელიც მსუბუქი იუმორით ასახავს დღევანდელი ქართველების ყოფა-ცხოვრებას. ზოგიერთმა ეს უწყინარი სიმღერები რატომღაც ქართველი ხალხის შეურაცხყოფად აღიქვა.



















როგორც ჩანს, მასაში სერიოზულად დამკვიდრდა სტერეოტიპი, რომ სიმღერა აუცილებლად სიყვარულზე, მონატრებაზე, განშორებაზე და დაბრუნებაზე უნდა იყოს. სოციალურ თემებზე დაწერილი სიმღერები კი იმავე სოციალურ გარემოში მცხოვრებ ხალხს რატომღაც ეუცხოება. თავად ფრედის მიაჩნია, რომ „შუქი მოვიდა“ არ მღერის რაღაც პრობლემატურ სიმღერებს. მისი აზრით, ეს სიმღერები უბრალოდ საქართველოს ერთგვარი სურათია, რომელსაც თითოეული ქართველი ყოველდღიურად უყურებს.

როკ-ჯგუფი „შუქი მოვიდა“ თბილისში ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი შემადგენლობაა: ფრედი პაიანი (ვოკალი, გიტარა); დათო ხოსიტაშვილი (სოლო გიტარა); გიორგი გობეჯიშვილი (ბასი) და ივონ კაბაკოვი (დასარტყამები). ფრედიმ გიტარაზე დაკვრა თავად ისწავლა. მას მოსწონს ჯგუფები: The Rolling Stones, AC/DC. უყვარს ბლუზი და არტ–ჯაზი. ფრედერიკს საოცარი იუმორის გრძნობა აქვს, რაც ნათლად აისახა კიდეც მის შემოქმედებაში. ბევრი მელომანის შეხედულებით, „შუქი მოვიდა“ პანკური ელემენტებით მდიდარ როკს უკრავს, თუმცა ფრედი ასე არ ფიქრობს და ღიმილით მიხსნის, რომ ისინი პანკებზე უფრო პატიოსანი მუსიკოსები არიან.

ჯგუფის სოლო გიტარისტს, დათო ხოსიტაშვილს მიაჩნია, რომ ფრედიმ ძალიან კარგად ასახა დღევანდელი ქართული რეალობა და იმღერა ის, რაც დიდი ხანია, ქართველს უნდა ემღერა: „ბევრი ფიქრობს, რომ ფრედი ღადაობს საქართველოზე, რადგან ის შუქზე, ჟიგულის კაცზე, მინიბუსებზე (მარშრუტკებზე) თუ ხაჭაპურზე მღერის, მაგრამ ის კი არ ღადაობს, რეალობას ხატავს. მისი შემოქმედება მუქ ფერებში კი არა, სადა, იუმორისტულ ტონშია დახატული“.

ფრედერიკს საფრანგეთშიც ჰყოლია ჯგუფი, რომელმაც ორი წელი იარსება. „ჩემი სიმღერები ხუმრობაა, თანაც სერიოზული ხუმრობა“, – ამბობს ის. ქართულ ჯგუფებს ნაკლებად იცნობს, გამონაკლისია: ნიაზ დიასამიძე, „ზუმბა“, „ვაკის პარკი“, დათო ხოსიტაშვილის პროექტი „სახლი“.

---------------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
---------------------------------------
ფრედერიკ პაიანი დაიბადა 1971 წლის 6 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ლილში.
საფრანგეთშივე დაამთავრა უნივერსიტეტი და პროფესიით ისტორიკოსია. 1995 წლის აპრილში ჩამოვიდა საქართველოში. ჩამოსვლამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ასეთი ქვეყანა რუკაზე მაინც თუ არსებობდა. მუშაობს ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში. ამ 6 წლის განმავლობაში ფრედიმ კარგად შეისწავლა ქართული სალაპარაკო ენა და 6 თვის წინ თბილისში დაოჯახდა კიდეც. მისი მეუღლე მარია თბილისელია – პოლონელი ებრაელია. ფრედი პაიანი კათოლიკედაა მონათლული, თუმცა ამბობს, რომ ათეისტია. მან გაგვიმხილა, რომ მისი ოჯახი რევოლუციური ხასიათისაა. არის ჯგუფ „შუქი მოვიდას“ სოლისტი. ახლახან გამოვიდა ამ ჯგუფის სადებიუტო ალბომი როგორც კომპაქტ–დისკებზე, ასევე, კასეტებზე. 
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბლიც–ინტერვიუ

– ფრედი მოგწონს საქართველოში?

– ძალიან. ხალხი მომწონს, მაგრამ აქ არ არის კარგი ღვინო... ფრანგი ვარ და ვხუმრობ. არ მიყვარს ცუდი ტიპები, მაგრამ ასეთები ყველგან არიან. ფრანგებსა და ქართველებს შორის არ არის დიდი განსხვავება.

– იჩხუბე სადმე?

– არა, წყნარად დავდივარ, ჩხუბის მოყვარული კაცი არ გახლავართ. ისე კი ძალიან არ მიყვარს დებილები, მაგრამ მოსახლეობის 60 % ყველგან დებილია. მგონი მეც ამ 60 %–ში შევდივარ.

– კონცერტებს როდის გააკეთებთ? 

– არ ვიცი, გვინდა კონცერტი გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ სექტემბერია – მკვდარი სეზონია. ოქტომბერში მატარებლის ფესტივალია დაგეგმილი, სადაც ჩვენ დავუკრავთ, а потом...

– а потом დალევა არა?

– კახეთში, ზემო ბოდბეში მიმაჩვიეს ამას, თუმცა საფრანგეთშიც ვსვამდი, ოღონდ ძვირიან არაყს. მე საქართველოს ბევრი კუთხე ვნახე. სამწუხაროდ, არ ვყოფილვარ სვანეთში, აფხაზეთში, ზუგდიდში. ძალიან მომეწონა ხევსურეთი – შატილი. იქ დილაობით ოთ–ოთხ ჭიქა არაყს გვალევინებდნენ და მერე მთებში без проблем დავდიოდით. სადღეგრძელოები სუფთა კავკასიური მოვლენაა.

– „შუქი მოვიდა“ ქართული ჯგუფი უფროა თუ ფრანგული?

– მიქსია, ორივეა, ინტერნაციონალურია. მე ბელგიელი ფრანგი ვარ, დათო სპარსი ქართველია (აბა, სახეზე შეხედე – რა შავია), გიორგი არაბი ქართველია (აგრეთვე, გარეგნობის გამო), ხოლო ივონი რუსია.

– თბილისს პარიზს ადარებენ ხოლმე...

– ერთი ეიფელის კოშკი აკლია რა (იცინის).

– გაერკვიე აქაურ პოლიტიკაში?

– მთლად კარგად არ ვიცი, რა ხდება. მესმის, რომ არსებობს კორუფცია, მაფია – ბევრი პრობლემაა. საქართველო ძველი კულტურის ქვეყანაა.

საბჭოთა კავშირის დაშლა ისტორიული პროცესია. მთავარია, გაირკვეს, ვინ არიან ქართველები, რა ფუნქცია ექნებათ მათ მსოფლიოში. აუცილებელია ხალხი გაერთიანდეს.

– ფრედი, როგორც ისტორიკოსი, როგორ შეაფასებ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ სიტუაციას?

– ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ვაკვირდები. ადამიანები აქედან მიდიან, არც ერთი იდეის არ სჯერათ. ჩემი აზრით, მშიერი ადამიანი პოლიტიკაზე არ ფიქრობს. როგორც ჩანს, ქართველებს არ სჯერათ, რომ არსებობს საქართველო, როგორც ქვეყანა. არადა, ფაქტია – საქართველო ახალი თავისუფალი ქვეყანაა, ხოლო ხალხი აქედან უკვე გარბის.

ყველამ უნდა დაინახოს, რომ საქართველო არის კულტურა, ტერიტორია, რომელიც შვეიცარიული ყველივითაა დაჭრილი ანუ – აფხაზეთი მიდის, ოსეთი მიდის, პანკისი მიდის და ქვეყანა იშლება. აქ ძალიან მაგარი კულტურაა და ადამიანებს ძალიან მაგარი იდეები აქვთ. მე კარგი ხელფასი მაქვს და ნორმალურად ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს ქართველ ძმაკაცებს ყოველდღე ბევრი პრობლემა აქვთ. მიუხედავად ამისა, მათი ენერგია უშრეტია და ისინი არ იღლებიან.

No comments:

Post a Comment