მაღალი დონის ხელოვანი თავისი
კარიერის განმავლობაში ზოგჯერ დიდი ხნით უჩინარდება ხოლმე. გარკვეული დროის
შემდეგ, რაღაც მოვლენის ან შემთხვევის წყალობით, საზოგადოება ხელახლა
აღიარებს მას. 1960-იანი და 1970-იანი წლების პოპულარული ქართველი
ჯაზმომღერალი ქალი გიული ჩოხელი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში
ჩრდილში იყო და მსმენელს მისი არსებობა თითქმის მიავიწყდა, თუმცა რამდენიმე
თვის წინათ საზოგადოებრივ არხზე გასული ბიძინა მაყაშვილისა და ლევან
კიტიას დოკუმენტური ფილმის, „ეს იყო სიზმარი“ წყალობით, რომელშიც ჩოხელის
დღევანდელი ცხოვრებაა ასახული, ქართველმა მსმენელმა უნიჭიერესი მუსიკოსი
ხელახლა აღმოაჩინა და მისი მოსმენა დაიწყო.
გიული ჩოხელი მეუღლესთან, მუსიკოს ბორის რიჩკოვთან ერთად |
გიული ჩოხელი სცენაზე
1960-იან წლებში გამოჩნდა და უდიდეს საერთაშორისო აღიარებას და პოპულარობას
მიაღწია, განსაკუთრებით 1978 წელს, როცა ფესტივალ „სოპოტის“ გრან-პრის
მფლობელი გახდა. ამერიკაში მას „ჯაზის ლეგენდაც“ კი უწოდეს და რამდენიმე
კომპაქტ-დისკიც გამოსცეს. კარნეგი ჰოლში, სადაც გიული ჩოხელი საერთაშორისო
ჯაზფესტივალის საპატიო სტუმარი იყო, მას ჯაზმენ უილის კანოვერის მიკროფონი
გადასცეს. სსრკ-ში სუფთა ჯაზკარიერის გაკეთების უფლებას ბოლომდე ვერავის
აძლევდნენ და სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული
ადამიანებისთვისაც კი ერთგვარად სავალდებულოც იყო, ხარკი გადაეხადათ ე.წ.
ესტრადისთვის, ანუ პოპულარული სცენისთვის. გიული ჩოხელი, როგორც
ჯაზმომღერალი, ევროპის ესტრადის მომღერალთა საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა.
მას რამდენიმე ფირფიტა აქვს გამოცემული. მისი შემოქმედების ყველაზე
საინტერესო სიმღერებია: „პაემანზე“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ეს იყო
სიზმარი“, „სიყვარულის ვალსი“ და სხვები, რომელთაც მომღერალი განუმეორებლად
თბილი და, ამავე დროს, ძლიერი ხმით, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი
სტილით ასრულებს.
გიული ჩოხელი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული
ხელოვანია. იგი წერს ლექსებს და გამოსაცემად ამზადებს პოეტურ კრებულს,
ხატავს პოლიეთილენის პარკებით (ჰქონდა რამდენიმე გამოფენა აშშ-ში და
საქართველოში), ამავე დროს, რეჟისორიც გახლავთ და 17 მხატვრულ-დოკუმენტური
ფილმის ავტორია. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სასცენო კოსტიუმი, მის მიერაა
შექმნილი. გიული ჩოხელმა ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ შემოქმედებაზე ასე
განაცხადა: „ჩემი ცხოვრების გზა – ჯაზის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულია.
მე ამ სამყაროში დავიბადე და მომწონს მასში ცხოვრება. მე მაქვს სიყვარულის
ფორმულა, რომლითაც ვცოცხლობ. ეს არის: ადამიანების სიყვარული, ერთგულება
და გულწრფელობა. თუ ეს სამი რამ ადამიანს შეუძლია, მას ცხოვრებაში ვერავინ
და ვერაფერი დააბრკოლებს! ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში ძალას, რომელიც
მაიძულებდა ვყოფილიყავი მუსიკოსი“.
ჟურნალი „თბილისი Out“ #41, ივნისი, 2014 წელი
მოუსმინე:
No comments:
Post a Comment