Thursday, November 3, 2016

ინგლისური მუსიკა

გაერთიანებული სამეფოს ინგლისი აშშ-სთან ერთად თანამედროვე მუსიკალური შოუბიზნესის ერთ-ერთი ცენტრია, ისევე როგორც პარიზი და საფრანგეთი – მოდის, ან ჰოლივუდი – კინემატოგრაფიისა. თანამედროვე ინგლისური მუსიკის აღმასვლის და ლიდერობის ისტორია გასული საუკუნის 1960-იანი წლებიდან იწყება, როდესაც „ბრიტანული შეჭრა“ მოხდა ჯერ ამერიკაში, მერე – მთელ მსოფლიოში. იმ პერიოდში ინგლისურმა (და არა მარტო ინგლისურენოვანმა) მუსიკამ ფირსაკრავებიდან, რადიოებიდან, მაგნიტოფონებიდან, ტელევიზიებიდან, თეატრებიდან და კინოთეატრებიდან მსოფლიოს შეუტია. ამ წარმატებული შტურმის შემდეგ ინგლისელ შემსრულებლებს პლანეტის ყველაზე მოშორებულ წერტილებშიც კი მოუსმენდით. საერთოდ, ამერიკული ჩარტები საკმაოდ მკაცრია უცხო ქვეყნის შემსრულებლების მიმართ (არაამერიკელისთვის ამერიკულ ჩარტებში მოხვედრა დღესაც საკმაოდ რთულია), თუმცა 1960-იანებში The Beatles-ის, The Rolling Stones-ის, The Who-ს, Cream-ის და სხვა ინგლისელთა შემოტევას ვეღარ გაუძლო: ამერიკელებმა საკუთარ ქვეყანაში ინგლისელებს დაუთმეს ლიდერობა. ევროპაში ეს უფრო უმტკივნეულოდ მოხდა და დღესაც ასეა.

ინგლისის დროშა
მუსიკალური ხელოვნება ინგლისში ყოველთვის მაღალ დონეზე იყო, თუმცა ევროპის სხვა მუსიკალურ ქვეყნებთან შედარებით მან მსოფლიოს კლასიკურ მუსიკას უფრო ნაკლები გამოჩენილი კომპოზიტორი და მუსიკოსი მისცა. მე-17 საუკუნემ ინგლისს და, ზოგადად, ბრიტანეთს მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცვლილებები მოუტანა. რევოლუციების და ომების შედეგად საუკუნის ნახევრისთვის მონარქია დაემხო და რესპუბლიკა შეიქმნა. ხელისუფლებაში მოსული პროტესტანტები (პურიტანები) არ აღიარებდნენ საეკლესიო მუსიკას და წვავდნენ ნოტებს, ანადგურებდნენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ზეპური ხელოვნება ცოდვად შეირაცხა, თუმცა 1660 წელს ინგლისში მონარქია აღდგა და ტახტზე კარლ II სტიუარტი ავიდა. მისი ბრძანებით მეფის კარზე მხატვრული და მუსიკალური ცხოვრება გაცოცხლდა, შეიქმნა სამეფო კაპელა, სტუმრად იწვევდნენ იტალიურ საოპერო დასებს. ამ პერიოდიდან დაიწყო მუსიკოსების, მომღერლების, ინსტრუმენტალისტების კონცერტები. ქვეყანაში მუსიკალური ცხოვრება განახლდა და მუსიკოსებს უკვე საშუალება ჰქონდათ სხვა ქვეყნების ოსტატთა ნამუშევრებს გაცნობოდნენ. კლასიკურ მუსიკაში საქვეყნოდ აღიარებული ინგლისელი კომპოზიტორები იყვნენ: ჰენრი პერსელი (1659 – 1695), ჯორჯ ფრედერიკ ჰენდელი (1685 – 1759), უილიამ ბოისი (1711 – 1779), ჯონ სტენლი (1712 – 1786), სერ ედუარდ ელგარი (1857 – 1934), რალფ ვოან უილიამსი (1872 – 1958), გუსტავ ჰოლსტი (1874 – 1934) და ედუარდ ბენჯამენ ბრიტენი (1913 – 1976)... არ უნდა დაგვავიწყდეს მენესტრელთა, – მოხეტიალე პოეტ მუსიკოსთა (მათ შორის იყვნენ ქალებიც) შემოქმედებაც, რომელიც შუა საუკუნეებში მთელ ევროპაში და, რა თქმა უნდა, ინგლისშიც კარგად იყო განვითარებული. ამ ტიპის მუსიკოსთა უმეტესობის სახელები არ შემორჩენილა. თუმცა მათ დიდი გავლენა მოახდინეს ფოლკმუსიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ინგლისში დღემდე ძალიან პოპულარულია.

კომპოზიტორი George Frideric Handel, მხატვარი: Balthasar Denner
სწორედ კლასიკის, ფოლკის, ჯაზის და კიდევ ამერიკაში ჩასახული ახალი მუსიკალური სტილის – როკენროლის შერწყმის შემდეგ, მე-20 საუკუნის 1950-იანი წლებიდან დიდ ბრიტანეთში თანამედროვე მუსიკის მძლავრი ტალღა აგორდა, რომელმაც  ქვეყნის ყველა ქალაქი და სოფელი მოიცვა. ამ მიმართულების მთავარი სიმბოლო ელექტროგიტარა გახდა, რომელსაც მოზარდები და მოზრდილებიც ყიდულობდნენ. როკენროლის და ბლუზის შესრულება „კაიტიპობის“ ერთგვარი საზომიც კი იყო. 1960-იანი წლების ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის პოლიციის უფროსმა ინტერვიუში აღნიშნა: „ჩემი ნება რომ იყოს, მთელ ქვეყანაში ყველა მოზარდს გიტარას ჩამოვურიგებდი და დაკვრას ვასწავლიდი, რადგან ახალი მუსიკის შემოსვლის შემდეგ ქალაქში ბევრად იკლო უსაქმურთა და დამნაშავეთა რიცხვმა“.

ახალი მუსიკა ახალგაზრდებისთვის მარტოოდენ გართობის საშუალება არ იყო. იგი გაცილებით მეტ რამეს ნიშნავდა – ის იყო ცხოვრების სტილი, ამავე დროს, პროტესტიც წინა თაობების მიმართ, რომელთაც მე-2 მსოფლიო ომი თავიდან ვერ აიცილეს. ლონდონი 1950-60-იანი წლების ომგამოვლილი ევროპელი ახალგაზრდების კულტურულ ცენტრად, დედაქალაქად იქცა, სადაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა. ახალგაზრდები ტკბებოდნენ ნანატრი მშვიდობით. ოღონდ ის მთავარი მუსიკალური მოვლენა, რომელმაც გადატრიალება, რევოლუცია მოახდინა თანამედროვე მუსიკაში და ზოგადად აზროვნებაში, ლონდონიდან მოშორებით, ერთ პროვინციულ მეზღვაურთა ქალაქ ლივერპულში გაჩნდა 1960-იანი წლების დასაწყისში. ამ მოვლენას The Beatles ერქვა.

ქართველები ვამბობთ, „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“ და ეს გამოთქმა ინგლისელებსაც ერგება, რადგან „ბითლზის“ პირველი სერიოზული დამფასებელი გერმანელი, კერძოდ, ჰამბურგელი მსმენელი იყო. დიდი გერმანული წარმატების შემდეგ ჯგუფს სამშობლოშიც მიაქციეს ყურადღება. თავს უფლებას მივცემ, „ბითლზთან“ ერთად კიდევ ერთი ლეგენდა, The Rolling Stones ვახსენო, რადგან ბრიტანული მუსიკის აღზევების ეპოქის დასაწყისი ამ ორი, აბსოლუტურად განსხვავებული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მუსიკალური ჯგუფის გარეშე წარმოუდგენელია. სხვათა შორის, „როლინგები“ დედაქალაქელები – ლონდონელები არიან. ბითლზი ოდნავ უფრო ადრე შეიქმნა. ამ ორმა ჯგუფმა თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო. მათ ძლიერ შეცვალეს კულტურაც, აზროვნებაც; უზარმაზარი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე – როკში, პოპში, მეტალში, პანკში და ა.შ. მათ შემოქმედებაში ნებსით თუ უნებლიეთ, თითქოს ყველაფერმა მოიყარა თავი.
The Beatles ამერიკის დროშის ფონზე
კარიერის დასაწყისში ორივე ჯგუფს კარგად გამოკვეთილი იმიჯი ჰქონდა. „ბითლზის“ ბიჭები მსმენელს უყვარდა, მათ დანახვაზე ჭკუას კარგავდნენ ფანატი გოგონები, რაც არ ითქმის „როლინგების“ წევრებზე, რომლებიც აშკარად ანტიგმირები იყვნენ. შესაბამისად, „ბითლზები“ ხალხისა და პრესის საყვარელი მუსიკოსები იყვნენ, რომელთა მისამართითაც არავინ იშურებდა კნინობით სიტყვებს; როლინგები კი იმ ეპოქის „ცუდი ბიჭების“, ანტიგმირების ერთგვარ ეტალონადაც კი იქცნენ, რომლებიც, მართალია თავისებურად, მაგრამ მაინც უყვარდათ, თუმცა მათ მოფერებით არავინ მიმართავდა. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა საკულტო მნიშვნელობა აქვს ინგლისში ჩაის სმის რიტუალს. ჰოდა, ერთ-ერთმა გაზეთმა გააკეთა გამოკითხვა – ჩაიზე რომელ ჯგუფს მიიწვევდით, „ბითლზს“ თუ „როლინგებსო“? მკითხველის აბსოლუტურმა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა ჩაიზე მხოლოდ „ბითლზის“ წევრები მიეპატიჟებინა. საშუალო ბრიტანელი არც თავისი ქალიშვილის გაშვებას აპირებდა კინოთეატრში „როლინგების“ რომელიმე წევრთან ერთად. დიახ, ასეთი უაზრო გამოკითხვებიც ტარდებოდა, სადაც, რა თქმა უნდა, „საყვარელი“ ლენონი, მაკარტნი, რინგო სტარი და ჰარისონი „იმარჯვებდნენ“.

„ბრიტანული შეჭრა“
ამ ორი ჯგუფის ამერიკაში გასტროლს, ოკეანისგაღმა მათ წარმოუდგენელ წარმატებას მოჰყვა სწორედ იმ კულტურული ფენომენის დაბადება თანამედროვე მუსიკაში, რასაც „ბრიტანული შეჭრა“ (The British Invasion) ეწოდა. ამ დიდებულ აქტში, რასაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის და შემდეგ უკვე მთელი მსოფლიოს მუსიკალური ჩარტების და საკონცერტო დარბაზების წარმატებული დალაშქვრა მოჰყვა, „ბითლზის“ და „როლინგების“ გარდა, მონაწილეობდნენ 1960-იანი წლების ისეთი ლეგენდარული ინგლისური ჯგუფები, როგორებიც იყვნენ: The Who, The Kinks, The Yardbirds, Cream, The Animals, The Zombies და სხვები. ამ შესანიშნავ ჯგუფებს ახლა ცალ-ცალკე არ განვიხილავ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ მსოფლიოში პირველი როკოპერა სწორედ The Who-მ დაწერა 1969 წელს და მას Tommy ერქვა. შემდეგ ისევ და ისევ ინგლისელმა თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა კომპოზიტორმა, ენდრიუ ლლოიდ უებერმა როკ-ოპერის კლასიკური ნიმუში, Jesus Christ Superstar დაწერა და ის ეპოქალურ ნაწარმოებად იქცა.

David Bowie
მომდევნო ათწლეულებშიც ინგლისში რამდენიმე მუსიკალური სტილი ჩამოყალიბდა. სცენაზე უდიდესი შემსრულებლები გამოჩდნენ, რომელთაც უზარმაზარი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე. არ შეიძლება არ ვახსენოთ: Pink Floyd, Led Zeppelin, Black Sabbath, Queen, Jethro Tull, David Bowie, King Crimson, Emerson Lake and Palmer, Alan Price, Yes, Genesis, Uriah Heep, Deep Purple, Iron Maiden, Judas Priest, Brian Eno, Elton John, Electric Light Orchestra, Nick Drake, Slade, Sweet, The Police, Depeche Mode, The Buggles, The Smiths, Kate Bush, Eurythmics, Talk Talk, Joy Division (შემდეგში New Order), The Clash, The Stranglers, The Cure, Nick Cave And The Bad Seeds, Pet Shop Boys, Gary Numan, Duran Duran, Radiohead, Underworld, Chemical Brothers, Massive Attack, Coldplay, Muse, PJ Harvey, Blur, The Verve და კიდევ უამრავი სხვა, რომლებზეც დღეს დგას თანამედროვე მუსიკა. ინგლისში რამდენიმე მუსიკალური სტილი განვითარდა და შეიქმნა კიდეც, რომელთა შორისაც შეიძლება ვახსენოთ: ჰევი მეტალი, პროგრესივ როკი, ჰარდროკი, ფსიქოდელიური როკი, პოსტპანკი, სინთპოპი, ტრიპჰოპი, ახალი ტალღა, პოსტროკი, ბრიტპოპი, ელექტრონული მუსიკის ჟანრები და სხვები.

1970-იანების მეორე ნაწილში მსოფლიო შეძრა ახალმა საპროტესტო მუსიკალურმა ტალღამ, რომელიც მართალია, ამერიკაში ჩაისახა, მაგრამ პროდიუსერ მალკოლმ მაკლარენის დამსახურებით, სწორედ ინგლისიდან მოედო სამყაროს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური სტილი, თუ მოძრაობა (შემდგომში კულტურად წოდებული), რომელსაც პანკი ერქვა და ჯგუფ Sex Pistols-ის დაბადებისთანავე ყველა დანარჩენ არსებულ მუსიკალურ სტილთან ერთგვარ წინააღმდეგობაში მოვიდა. პანკების აბსოლუტური უმრავლესობა უპირისპირდებოდა უფროს თაობას, მონარქიასაც კი. ისინი დიდი მუსიკალური ოსტატობით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა უზარმაზარ დრაივს, მუხტს ატარებდნენ და კარგი დეკლამატორები იყვნენ. მე-2 „ბრიტანული შეჭრა“ მსოფლიოში 1981 წელს დაიწყო, როდესაც საერთაშორისო მუსიკალური ტელეარხი MTv გავიდა ეთერში.

Sex Pistols
ზოგადად, ინგლისურმა მუსიკამ მსოფლიო მასშტაბით დიდი გავლენა იქონია ადამიანების მოდაზე, ქცევაზე; საერთოდ მსოფლიოს კულტურაზე. 1970-იან წლებში თუნდაც პანკების ჩაცმულობა თავისით არ გაჩენილა. მისი ავტორი ცნობილი ინგლისელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდია, ზემოხსენებული მალკოლმ მაკლარენის ცოლი. მანამდე, გავიხსენოთ თუნდაც სათვალეები: „ლენონები“, „მაკარტნები“, ყელიანი სვიტერები, რომელსაც დღემდე „როლინგებს“ ვეძახით და კიდევ ბევრი რამ შედიოდა ყოველდღიურ მოდასა თუ კულტურაში. ხოლო ბრიტანეთის დროშა ერთგვარად ხარისხიანი მუსიკის სიმბოლო გახდა და ბევრ მელომანს აქვს. 

ინგლისი ცნობილია მუსიკალური ფესტივალებით, თუმცა, მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული „ბრიტანულ ვუდსტოკად“ წოდებული გლასტონბერის ფესტივალია, რომლის სრული სახელი ასე წარმოითქმის: Glastonbury Festival of Contemporary Performing Arts (გლასტონბერის თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი). მას შემოკლებით გლასტონბერის ან გლასტოსაც ეძახიან. ეს რამდენიმედღიანი ზეიმი 1970 წელს ფერმერმა მაიკლ ივისმა დააარსა და მისივე რძის ფერმის ტერიტორიაზე ტარდება, რომელიც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით, სომერსეტის საგრაფოში მდებარეობს და იგი რამდენიმე კილომეტრითაა დაცილებული ქალაქ გლასტონბერიდან. რამდენიმე სცენაზე მიმდინარე კონცერტების გარდა, ფესტივალზე საცეკვაო ფოლკლორული კოლექტივები და საცირკო დასებიც გამოდიან, ეწყობა სამხატვრო ექსპოზიციებიც. ფესტივალზე მოსახვედრი ბილეთი საკმაოდ ძვირია, თუმცა მასზე დამსწრე აუდიტორიის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მუსიკის ახალი სტილების ერთი ნაწილი ამერიკაში ჩაისახა, ინგლისმა ისინი მეტად ორიგინალურად გადაამუშავა და სრულიად ახალი, ერთგვარად „დაწმენდილი“ სახით დაუბრუნა მსოფლიოს. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისმა ჯაზის შემდეგ გაჩენილ საცეკვაო მუსიკას დიდი შარმი, დრაივი, სიმძიმე, ექსპერიმენტულობა და ინტელექტი შესძინა. წლებთან ერთად თანამედროვე ინგლისური მუსიკის მაღალი დონე ძირს არ ეცემა და სწორედ ამიტომ, ინგლისურ სცენას და „ბრიტ-ევარდის“ დაჯილდოებებს მთელი მსოფლიო ისევ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს.

ჟურნალი Voyager (by SOLO) #4, 2016

No comments:

Post a Comment