Sunday, November 6, 2016

ვინილი vs CD

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ, 21-ე საუკუნეში მუსიკაზე წვდომა ისეთი ადვილი გახდა, როგორც არასოდეს კაცობრიობის ისტორიაში. მისი მოსმენა შესაძლებელია ყველგან – საკუთარ სახლში, ტრანსპორტში, ბუნების წიაღში, ქუჩაში... ადამიანს სასურველ მუსიკაზე წვდომა გლობალურ ქსელში, ფაქტობრივად, უფასოდ შეუძლია თუნდაც ყველაზე დიდ ვიდეოპორტალ „იუთუბის“, აუდიოპორტალ „საუნდქლაუდის“ და მსგავსი ინტერნეტსაიტების საშუალებით. გამარტივებულია სასურველი მუსიკის შეძენაც. ციფრულ ტექნოლოგიებამდე, მუსიკალური ჩანაწერის შოვნა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა იყო. ის ბევრ დროსა და თანხას საჭიროებდა. 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულის ნახევარს გავცდით და მუსიკისმოყვარულებს, მუსიკოსებსა და სპეციალისტებს შორის არ ცხრება კამათი, რომელი მუსიკალური ფორმატი სჯობს – ძველი, ტრადიციული, თუ ახალი? დღეს თითქმის ყველაფერი შეიძლება იშოვო ინტერნეტმაღაზიებში. სანამ თანამედროვე მუსიკალური ბაზრის ტენდენციებსაც შევეხები, მუსიკალურ ფორმატებსა და მათ მატარებლებზეც მოკლედ მოგითხრობთ.

დღეისთვის არსებობს ორი მუსიკალური ფორმატი: ანალოგური და ციფრული. ანალოგური – ძველი, ტრადიციული ფორმატია, რომელიც იწერება ასევე ტრადიციულ მუსიკალურ მატარებლებზე – ვინილის ფირფიტებზე და მაგნიტურ ფირებზე (ყოფაცხოვრებაში გავრცელებული კოჭებიანი, ანუ „ბაბინებიანი“ და კასეტების მაგნიტოფონების სახით). ციფრული მუსიკა დააქვთ ჩვეულებრივ კომპაქტ-დისკებსა და სხვა ციფრულ მატარებლებზე (ე.წ. „ფლეშკაზე“, მყარ დისკზე და სხვა). თავის მხრივ, ციფრული ფორმატი საკმაოდ მრავალფეროვანია. არსებობს დანაკარგებით (lossy) და დანაკარგების გარეშე შეკუმშული (lossless) ციფრული მუსიკა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაკარგებით შეკუმშული ციფრული მუსიკის სახესხვაობაა MP3, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალზე ხშირად გვხვდება. ბევრი შემსრულებელი ამ სახით ყიდის ხოლმე თავის ნაშრომს. დანაკარგების გარეშე შეკუმშული მუსიკის ყველაზე გავრცელებული ფორმატებია: FLAC და APE. დიფერენციაცია MP3-შიც გვხვდება, თუმცა მათი ჩამოთვლა და განმარტებები ახლა შორს წაგვიყვანს – ისევე, როგორც ყველა დანაკარგებით თუ დანაკარგების გარეშე შეკუმშული ფორმატის ჩამოთვლა.

გრამოფონი
გრამფირფიტა მე-20 საუკუნის მუსიკალური სიმბოლოა. იყო დრო, როცა იგი მუსიკალური ინფორმაციის თითქმის ერთადერთი მატარებლად მიიჩნეოდა. მისი ისტორია 1877 წლიდან იწყება, როცა თომას ედისონმა საკუთარი გამოგონება – ფონოგრაფი დააპატენტა. ის ხმას ნემსით იწერდა ცილინდრის ფორმის ღერძზე და შემდეგ უკრავდა. ამ მოვლენიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ედისონის აღმოჩენაზე დაყრდნობით, ამერიკელმა ემილ ბერლინერმა გრამოფონი და ჩამწერი მოწყობილობა დააპატენტა. სწორედ მისი იდეა იყო, რომ ხმოვან მატარებელს დისკის ფორმა ჰქონოდა. პირველად ფირფიტებს ებონიტისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით დაიწყეს შელაკის (ბუნებრივი ფისი, რომელსაც ზოგიერთი ტროპიკული მცენარე გამოიმუშავებს) დისკების წარმოება. თუმცა ეს ფირფიტები მძიმე, ძალიან სქელი და ადვილად მსხვრევადი იყო. ამავე დროს, ნემსთან შეხების გამო  ხშირად ცვდებოდა. ამიტომ, დისკის ექსპლუატაცია რომ გაეხანგრძლივებინათ, ორივე მხარეს ხშირად ერთსა და იმავე სიმღერას წერდნენ. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს გაჩნდა ვინილისგან დამზადებული ბევრად გამძლე ფირფიტები და თანდათან დისკების ბრუნვის სიჩქარის სტანდარტიზაციაც მოხდა. გრამოფონის ფირფიტების ბრუნვის სიჩქარე იყო: 78 ბრუნი წუთში, შემდეგ RCA-მ 45 ბრ/წთ-ში შემოიღო (შემდეგ ეს სიჩქარე და ზომა იქცა სინგლების სტანდარტად) და ფირფიტის ზომა შეამცირა, ხოლო Columbia Records-ის ინიციატივით სტანდარტული, ყველაზე გავრცელებული ზომის ფირფიტების სიჩქარე 33 1/3-ბრ/წთ-მდე შემცირდა. 1958 წლიდან კი ფირსაკრავების ნემსის განვითარების შემდეგ სტერეოფონური ფირფიტებიც გამოჩნდა. აქედან მოყოლებული დღემდე ჩაწერის ტექნოლოგია საერთოდ არ შეცვლილა, მხოლოდ ჩამწერი აპარატურა დაიხვეწა. ვინილის ფირფიტებზე დღემდე გამოდის შემსრულებელთა ალბომები და სინგლები.

SONY-ს უოქმენი
ანალოგური მუსიკის კიდევ ერთი მსხვილი მატარებელი მაგნიტური ფირი გახდა. მისი ისტორია 1888 წლიდან იწყება და ასევე თომას ედისონს უკავშირდება, რომლის ლაბორატორიაშიც მაგნიტური ჩანაწერი ობერლინ სმიტმა შეიმუშავა. 1925 წელს ჩანაწერები მაგნიტურ მავთულზე გაკეთდა. ზოგადად მაგნიტური ფირი პირველად გერმანულმა ფირმა BASF-მა 1930-იან წლებში შემოიღო. „მაგნიტოფონი“ თავდაპირველად AEG-ის ფირმის მიერ გამოშვებულ ჩამწერს ერქვა. აუდიოკასეტა, რომელსაც ოფიციალურად კომპაქტ-კასეტა ჰქვია, თავის ისტორიას 1962 წლიდან ითვლის, როცა ჰოლანდიურმა ფირმა Philips-მა საზოგადოებას თავისი ახალი გამოგონება წარუდგინა. სტანდარტული კასეტების პირველი მასობრივი წარმოება აღნიშნულმა ფირმამ 1965 წლიდან დაიწყო. 1970-იანების დასაწყისიდან 1990-იან წლებამდე კომპაქტ-კასეტა ლიდერი იყო ინდივიდუალური ჩასაწერი მოწყობილობების ბაზარზე, სანამ იგი ჩამწერმა ციფრულმა კომპაქტ-დისკებმა არ ჩაანაცვლა. კასეტები გამოდიოდა როგორც ჩაწერილი (თავისი გაფორმებით), ასევე ცარიელი, რომელზეც უმაღლესი ხარისხის ჩანაწერის გაკეთება შეიძლებოდა – როგორც ვინილის ფირფიტიდან და კოჭებიანი (ე.წ. „ბაბინებიანი“) ფირიდან, ასევე მეორე კასეტიდანაც. იგი ფირფიტასთან და კოჭასთან შედარებით ძალიან კომპაქტური და ადვილი სატარებელია. მისი დამკვიდრების შემდეგ ადამიანებისთვის საოცრად მოსახერხებელი გახდა აუდიოჩანაწერების გაკეთება, წაღება-წამოღება, განათხოვრება. 1979 წელს კი, როცა SONY-მ კასეტის პირველი მინიაუდიო პლეერი, იგივე „უოქმენი“ შექმნა, მუსიკის „თან ტარება“, ყურსასმენებით მოსმენა გახდა შესაძლებელი. „უოქმენომანია“ მთელ პლანეტას მოედო.

თბილისის გრამფირფიტების ქარხანაში დამზადებული დისკი
საბჭოთა კავშირში მუსიკალურ წარმოებას მხოლოდ კულტურის სამინისტრო განაგებდა. მის განკარგულებაში იყო ჩამწერი სტუდიები, ტექნიკა, ფირფიტების დამამზადებელი ქარხნები. 1964 წელს სამინისტრომ ფირმა „მელოდია“ დააარსა და მხოლოდ მას ჰქონდა სრული მონოპოლია გამოეშვა ვინილის ფირფიტები თუ აუდიოკასეტები. „მელოდიას“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 7 სტუდია და 8 ქარხანა ჰქონდა, მათ შორის – თბილისშიც. ჩვენთან არსებობდა „მელოდიას“ როგორც სტუდია, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიას ემსახურებოდა, ასევე ფირფიტების დამამზადებელი ქარხანა. თბილისის გრამფირფიტების ქარხანაში, რომელიც 1958 წელს დაარსდა, მზადდებოდა როგორც მონო, ისე სტერეო, დრეკადი (ლურჯი ფერის) და ვინილის ფირფიტები. 1972 წელს თბილისის ქარხნისთვის 300 000 დოლარის ღირებულების ახალი აღჭურვილობა შეიძინეს და აუდიოკასეტების წარმოებაც ამუშავდა. 1981 წლიდან ქარხანა კასეტების ცალკეულ კომპონენტებსაც ამზადებდა და ჩანაწერთა ტირაჟირების ხაზიც ჰქონდა.

კომპაქტ-დისკ დამკვრელი
1980 წელს Philips-მა და SONY-მ მომხმარებელს შესთავაზეს პირველი ციფრული მატარებელი – აუდიო კომპაქტ-დისკი, რომელიც მართლაც რევოლუციური გამოგონება აღმოჩნდა და სტანდარტად იქცა. მსოფლიოში ყველაზე მეტი კომპაქტ-დისკი (იგივე CD) ზუსტად XX და XXI საუკუნეების მიჯნაზე, 2000 წელს გაიყიდა. Philips-ის მონაცემებით 15 წლის განმავლობაში 200 მილიარდზე მეტი CD გაიყიდა. ტექნოლოგიურად კომპაქტ-დისკი პოლიკარბონატისგან შედგება, რომლის შუა ნაწილში მოთავსებულია ალუმინის, ვერცხლის, ოქროს ან სხვა მეტალის თხელი ფენა, რომელზეც ინფორმაცია ლაზერის სხივის საშუალებით იწერება და ასევე ლაზერის სხივით იკითხება. აუდიო კომპაქტ-დისკებს მტერი მაშინ გამოუჩნდა, როდესაც მუსიკის მომხმარებლებმა ზემოთნახსენებ დანაკარგებით შეკუმშულ აუდიოფორმატებზე, MP3-ზე (და მსგავსზე) მასობრივად დაიწყეს გადასვლა. MP3 ასევე Philips-ის ლაბორატორიებში მიიღეს. სწორედ ამ ფორმატებში იყიდება დღემდე ონლაინმაღაზიებში მუსიკის დიდი ნაწილი. MP3 ძალიან მოსახერხებელია მუსიკალური პლეერებისთვის, სმარტფონებისთვის – მათი მცირე ვირტუალური „ზომა-წონის“ გამო. ამ თვისების წყალობით, პატარა მოცულობაზე შესაძლებელია საკმაოდ დიდი მუსიკალური არქივის გაკეთება. MP3-ის და სხვა დანაკაგებით, თუ მის გარეშე შეკუმშული ფორმატების გამო, დღეს კომპაქტ-დისკების ბაზარი გაღარიბდა და მთელ მსოფლიოში ბევრი მუსიკალური მაღაზია დაიხურა. მყიდველის ლოგიკა მარტივია: რა საჭიროა, ვთქვათ, რომელიღაც შემსრულებლის მიერ გამოშვებული ყველა ალბომის შესაძენად ცალ-ცალკე კომპაქტ-დისკის ან ვინილის ყიდვა, როცა ბევრად მცირე თანხით შესაძლებელია lossy ფორმატით, ონლაინ, რამდენიმე ათეული ალბომი იყიდო, რომლებიც ოთახში ადგილსაც კი არ დაიკავებს? მუსიკალური მეკობრეობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ MP3 ბაზრის განვითარების შემდეგ გაჩნდა. ამ ფორმატმა 2000-იანების დასაწყისში მინიპლეერების ბაზარი შექმნა, რომლის ლიდერი iPod იყო, თუმცა სმარტფონის განვითარებასთან ერთად შემცირდა მუსიკალური პლეერების გაყიდვაც, რადგან მუსიკის მოსმენის საშუალებას სმარტფონიც შესანიშნავად იძლევა.

ვინილის დამკვრელი
მუსიკალური მატარებლების ბაზარზე ბოლო 3 წელია საოცრებები ხდება, რადგან დაუჯერებლად გაიზარდა მოთხოვნა ანალოგურ ჩანაწერებზე, ანუ ვინილის ფირფიტებსა და თითქოს ყველასგან მივიწყებულ აუდიოკასეტებზე. 2014 და 2015 წლებში ვინილის ფირფიტებზე მოთხოვნილება 29.5%-ით გაიზარდა. უცნაურია ისიც, რომ 2013-2014 წლებში აუდიოკასეტების გაყიდვებმა 20%-ით მოიმატა. 2015 წელს კი მათზე მოთხოვნა მთელი 31%-ით (!) გაიზარდა. ზოგადად, მელომანების აბსოლუტური უმრავლესობა ანალოგურ ფორმატებს, ვინილის ფირფიტებს და კასეტებს უბრუნდება. მელომანები თანხმდებიან, რომ ვინილის ფირფიტის ჟღერადობა კომპაქტ-დისკებისას აღემატება, MP3-ზე რომ საერთოდ აღარაფერი ვთქვათ. მათი აზრით, ვინილის ხმას ბევრად ბუნებრივი, გამორჩეულად ღრმა და სუფთა ბასები ახასიათებს. ზოგიერთი დიჯეი მიიჩნევს, რომ ვინილის ბასი უფრო მოქნილი და ემოციურია. ვინილის ფირფიტის ხმა უფრო მოცულობითი და სივრცითია, მასში არ არის უსულო ციფრული სიგნალები.

ვინილების გაყიდვების დიაგრამა აშშ-სთვის
ახლა ვნახოთ რას ფიქრობენ ამ დაპირისპირებაზე მუსიკოსები. ლეგენდარული King Crimson-ის ერთ-ერთი დამაარსებელი რობერტ ფრიპი ამბობს: „არ წყდება დებატები იმის შესახებ, ვინილი სჯობს თუ კომპაქტ-დისკი, ანალოგური თუ ციფრული. მელომანისთვის ვინილის „მაღლა გაფრენის“ შესაძლებლობებამდე კომპაქტ-დისკი ვერასოდეს მივა. ისინი მიეჩვივნენ ანალოგურ ტექნიკაზე მოსმენას. მეორე მხრივ, ვინილი ზიანდება და არაა ისეთი მოსახერხებელი, როგორც CD. მოკრძალებულ საშინაო ტექნიკაზე მე კომპაქტ-დისკს ვარჩევდი. დღეს ციფრულ სფეროში მიმდინარე  ინოვაციები  შოკისმომგვრელია“.

საკმაოდ წონიანმა ინგლისელმა მუსიკოსმა – რობერტ უაიეტმა, ჟურნალისტის შეკითხვას ვინილი თუ კომპაქტ-დისკი, მოკლედ უპასუხა – აუდიოკასეტა, ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ედი ვედერმა კი უბრალოდ წაიმღერა: „იტრიალე, იტრიალე, შავო წრეო“.

ჟურნალი „ფოკუსი“ #81, აგვისტო-სექტემბერი, 2016 წელი

No comments:

Post a Comment