15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო – ირაკლი ჩარკვიანი / ისტორია გაიმართება.
ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან უკვე 11 წელი შესრულდა. რაც დრო გადის, მისი მუსიკა კიდევ უფრო ღირებული ხდება და, შეიძლება ითქვას, აქტუალურობას არასოდეს კარგავს. მისი დამსახურება ქართული მუსიკის და არა მარტო მუსიკის, არამედ მთლიანად თანამედროვე ქართული კულტურის წინაშე დიდია. ამას მსმენელი კარგად გრძნობს და შეიძლება ითქვას, „მეფე“ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მუსიკოსია, რომლის სიმღერებსაც ახალი თაობაც კარგად იცნობს და ზეპირად მღერის.
ანდერგრაუნდიდან წამოსული მუსიკოსი, რომელიც ცდილობდა საქართველოში ხარისხიანი პოპ-მუსიკის კულტურა დაემკვიდრებინა, ახალი საუკუნის დასაწყისის პირველ წლებში (2000 – 2003) არაერთხელ ჩამიწერია სატელევიზიო თუ საგაზეთო ინტერვიუსთვის, სადაც იგი გულისწყვეტით საუბრობდა იმ რეალობაზე, რომელშიც ყველას გვიხდებოდა ცხოვრება. ბევრი მაშინდელი პრობლემა დღემდე აქტუალურია.
„ჩვენ ანომალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თორემ გიჟი უნდა იყო მუსიკოსი, პოლიტიკოსთან რომ მიხვიდე. კონტრკულტურა, მართალია, ოპოზიციაშია, მაგრამ მისი გამოვლენის საშუალებები დიდ ან მცირე ბიზნესთან მაინც არის დაკავშირებული. კონტრკულტურა იყო ენდი უორჰოლი, პიკასო და დალი, მაგრამ ყველამ თავისი ხელოვნება, გარკვეულწილად ბიზნესს დაუკავშირა. ჩვენთან ადამიანი უარესს მდგომარეობაშია. ჩვენი მუსიკოსი ვერ ახერხებს რაღაც ერთ ხაზს გაჰყვეს, რადგან ჩვენს გაუბედურებულ ყოფაში ჟღერს კითხვა: იარსებებ თუ არა? ყოფილა შემთხვევა, ერთი ნაჭერი პურიც აღარ მქონია და მუსიკა ვერ გამიკეთებია. ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკა და დიდი ბიზნესი ანდერგრაუნდთან წინააღმდეგობაშია, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, სადაც, თუნდაც ჩემი ალბომი „ამო“ არ გამოვიდოდა, რომ არა „მაკდონალდსი“. ჩემი ალბომები შეიძლება მიიღო, როგორც წინააღმდეგობა, აგრეთვე, როგორც მეინსტრიმი, რომელიც მომავალში შესაძლოა პოპი გახდეს. მე ახლა ყველას ვთავაზობ იმას, თუ როგორი უნდა იყოს პოპი. თუკი ადამიანები მიდიან პოლიტიკოსებთან, ეს იმიტომ, რომ ჩვენს სახელმწიფოში მარტო პოლიტიკოსებს აქვთ ფული. შეიძლება საინტერესო ადამიანი ანდერგრაუნდში იყოს, მაგრამ პროდუქციის კეთება აღარ შეეძლოს. საერთოდ, ჯობს, ბაზარმა შექმნას ისეთი პირობები, რომ ალბომის გამოცემას პოლიტიკოსები და მსხვილი ფირმები არ დასჭირდეს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, ჩვენთან არ გამოდის“.
პატრიოტიზმის შესახებ:
„პატრიოტიზმი, ვფიქრობ, ჩვეულებრივი გრძნობაა. უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ეს არის სიყვარული საკუთარი თავისა. ანუ შენ შენივე თავის პატრიოტი ხარ, ხოლო ასე, გლობალურად, პატრიოტიზმი ცოტა სასაცილოდ ჟღერს.“
კულტურისა და კონტრკულტურის შესახებ:
„საქართველოში არ არსებობს თვით კულტურა, რომლის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული კონტრკულტურა. არსებობს პოპი და არსებობს მისი საწინააღმდეგო კონტრკულტურა, მაგრამ პოპი ჩანს და კონტრკულტურა – არა. არსებობს უსახური პოპსა, რომლის წინააღმდეგაც კონტრკულტურა ვერ გამოვა, რადგან თავად პოპსა არ არის კულტურა. როცა არ იცი, ვის უნდა ებრძოლო და იბრძვი, ეს უკვე სიგიჟეა. საერთოდ, ებრძვი მას, რაც არსებობს და არა იმას, რაც არ არსებობს. კომუნისტების დროს კონტრკულტურა ჩვენ ვიყავით. არსებობდა კომუნისტური ფასეულობები, კულტურა, რომელსაც ვებრძოდით და ამიტომ ვჩანდით. ახლა, ძველ კონტრკულტურას შანსი აქვს, თავისი გემოვნებით მეინსტრიმი გახდეს. თუ ეს ოფიციალური კულტურა გახდა, მერე ვინც ამას დაუპირისპირდება, ის იქნება კონტრკულტურა. დასავლეთში კონტრკულტურა ბურჟუებს, კაპიტალისტებს ებრძოდა, ამიტომ დასავლეთელი კონტრკულტურის წარმომადგენლები მემარცხენეები იყვნენ. ჩვენთან არ არსებობს არც კაპიტალიზმი, აღარც სოციალიზმი. ხოლო თუ იმას შეებრძოლები, რასაც იქ ეწინააღმდეგებიან, აბსურდს მივიღებთ. ჩვენ კომუნიზმს ვებრძოდით და მაშინ დასავლურ პოპსას ვუკრავდით. ხოლო დღევანდელი პოპსა ის კულტურა არ არის, რომელსაც კონტრკულტურა უნდა შეებრძოლოს. თუკი ჩამოყალიბდება რაღაც ფასეულობა, კულტურული მონსტრი, მაშინ მის წინააღმდეგ გაილაშქრებენ“.
„რეაქტიული პოეზიის“ შესახებ:
„რეაქტიულ პოეზიას“ თავიდანვე განსაკუთრებული მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი – თანამედროვე ხელოვანთა რეაქცია იყო „რეაქტიული პოეზია“. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, „ერის აიბოლიტები“ ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიპებს ვებრძოდით, რომელმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა, თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე. „რეაქტიულ კლუბის“ არსებობას, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვა. მაგალითად, მანამდე ინგლისური მუსიკა და რუსული საზიზღარი პოპსა მოდურად ითვლებოდა. მიაჩნდათ, რომ ქართულად შეუძლებელია როკ-ენ-როლის სიმღერა. მიაჩნდათ, რომ ქართული თანამედროვე ენა რუსულს და ინგლისურს ჩამოუვარდებოდა. ჩვენმა კლუბმა გარდატეხები შეიტანა ცნობიერებაში. მოხდა პატარა, ლოკალური რევოლუცია, რომელმაც მერე თავისი შედეგები გამოიღო და ქართული იმდენად მოდური გახდა, რომ დაიბადა შოუ-ბიზნესი. ჩვენ წავაწყდით მძლავრ წინააღმდეგობებს. ჩვენი შემოქმედების შედეგად ეს სტაგნატური გარსი, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა ფსევდოპოეზიის სახით, გამოუსადეგარი გახდა. მისი მიმდევრები დღესაც ვერ წერენ თანამედროვე პოეზიას. მათი სახელები კომუნისტებმა გაბერეს. მათთვის ყოველნაირი სიცოცხლის გამოვლინება გამაღიზიანებელია, რადგან ადრე, საკუთარ გარემოცვაში თავს კარგად გრძნობდნენ. კოტე და მე – „რეაქტიული კლუბი“ კი ხელს ვუშლიდით ამ ადამიანებს. მათი პოპულარობა იმ დროისთვის დაეცა, ჩვენი – ამაღლდა“.
სოციალური მუსიკის და მუსიკოსების შესახებ:
„საქართველოში სოციალური მუსიკა არ ჩამოყალიბებულა. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანი აქ არ მღერის იმას, რასაც ფიქრობს. ესაა ქართველის უბედურება. სახლში ლაპარაკობს სოციალურ პრობლემებზე, აგინებს ვიღაცებს. მერე კი სცენაზე გამოდის და ვიღაც დებილი კომპოზიტორის სიმღერას მღერის დათუნებზე და ხათუნებზე. ტიპი გიჟია, გესმის? რასაც გრძნობს, იმას არ მღერის. ეს უკულტურობაა. ფაშის ან მეფის კარზე უნდა ქართველს ყოფნა, დამოუკიდებლობა არ შეუძლია ამ ჩემისას. ჩვენ რაღაცები ვცადეთ, ახლაც ვცდილობთ, მაგრამ ხომ ხედავ, თუ ფაშა არ იქნება, რუსი იქნება... მას ვიღაცის ქვეშ უნდა ყოფნა. აქაურ მომღერალს დამოუკიდებლობა ფსიქოლოგიურად არ შეუძლია. ფაშა სჭირდება, რომ ვიღაცის კარზე იყოს, იქ მღეროდეს, – პარტია იქნება ეს თუ რა იქნება, ჩორტ ევო ზნაეტ“.
კომპრომისული და შემგუებლური მუსიკის შესახებ:
„თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს ნაკლებად პრობლემატურია. არადა, მეტი სოციალური მუხტი უნდა იყოს, რადგან ირგვლივ ბევრი სიმწვავეა. ახალგაზრდები ამას არ გამოხატავენ თავიანთი შემოქმედებით. მათი მიდგომა მუსიკის მიმართ ძალიან კომპრომისულია, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელიცაა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონი, ეს ჩვენი კულტურული ჩაკეტილობის ბრალია. დასავლურ კულტურებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ახალგაზრდები აქტიურები არიან. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ, საუბედუროდ, საქართველოში არ განვითარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და როკ-ენ-როლი – დემოკრატიის მუსიკა. სამწუხაროდ, სოციალურად აქტიურ მუსიკაში მე დღეისათვის ვერავის ვხედავ. ეს ცუდია. ჩვენი ახალგაზრდები ნაცადი, უკვე განვლილი გზებით მიდიან და ეთნოგრაფიულ მუსიკას ეჭიდებიან... არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოხატოს საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია... ჩვენთან რევოლუცია ყოველთვის ელიტურია. არასოდეს ხდება ნორმალური სვლა, რადგან ეს არ არის მასობრივი. ჩემი აზრით, ეს დამღუპველია საერთოდ ქვეყნისთვის. ახალგაზრდები იმ საკითხებში ერთიანდებიან, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი და კონსერვატორულია და არა იმ საკითხებში, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს. ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების მუსიკალური პროტესტი იმ თვალსაზრისით ჩაკლა, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს მხოლოდ ერთი დასკვნა – მათი პოლიტიკურ აქტივობის შედეგად შესაძლებელი იყო ისინი პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ამით ფინანსური მომავალი გასჩენოდათ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებასთან პრაგმატული დამოკიდებულებაა. დასავლეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანს ერთადერთი შანსი აქვს – გახდეს პოლიტიკოსი. მხოლოდ მაშინ ექნება ფინანსური დივიდენდები და შეძლებს ცხოვრებას. ეს, საუბედუროდ, ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატული, ვიწრო და აღმოსავლური მიდგომაა“.
No comments:
Post a Comment