Friday, December 24, 1999

ყურადღება! ნახშირის ორმოები და მფრინავი ხვლიკები მოედო ქალაქს!

თუკი ჩვენი გაზეთის წინა ნომერში „L.G. სტენდის“ მკითხველები სრულიად ახალბედა როკ-ჯგუფებს გაეცანით, დღეს წარმოგიდგენთ ჯგუფ „ბუნკერს“, ქუთაისური როკის ერთგვარ ვეტერანს და „არქეოპტერ X“-ს, ჩემი აზრით, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, ახალგაზრდა ჯგუფს. ეს საუბრები შალვა ცხვედიანთან („ბუნკერი“-დან) და ტატო გრძელიძესთან („არქეოპტერ X“-დან) ჩავიწერე ქუთაისის სამხატვრო გალერეის ახალგაზრდულ ბარ „ათინათში“, რომლის თანამშრომლებსაც დიდ მადლობას ვუხდი.

„ბუნკერი“

„ბუნკერია“: შალვა ცხვედიანი – რითმ-გიტარა, ვოკალი; თამაზ ლეპერტი – ბასი და დათო ძიძიგური – დასარტყამები. ვესაუბრები ჯგუფის ფრონტმენს შალვას.

– ჯგუფი „ბუნკერი“ შევქმენით მე, ზური ახვლედიანმა და ჩვენმა ტყიბულელმა მეგობარმა, ვალერი მასლომ 1990 წლის 5 დეკემბერს. პირველი რეპეტიციები ზურის სარდაფში ტარდებოდა და 8-9 თვე გაგრძელდა. შემდეგ რკინიგზის კლუბში გადავბარგდით, სადაც ვალერი მასლოს ნაცვლად ვალერი კეთილაძე და დათო შალამბერიძე მოვიდნენ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა წლებში ჩემს ჯგუფში უკრავდნენ: ირაკლი ჩხეტია, გივი ამაღლობელი, დათო „ვადილა“ არწივიძე, ალეკო „სოფლის გიჟი“ გაგუა.

– რატომ შექმენი ჯგუფი? ხომ შეგეძლო, გამხდარიყავი, ვთქვათ, მევენახე, ზეინკალი ან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი?

– ჯგუფის შექმნა არ იყო ჩემი აზრი, ავყევი მეგობრებს. ისე ბავშვობიდან, 11 წლის ასაკიდან ვუსმენ როკს – Pink Floyd-ით დაწყებული, თანამედროვე მუსიკით დამთავრებული. ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი იყო Sweet, რომლის დაკვრაც მე ყოველთვის მინდოდა. წლების განმავლობაში თითქოს რაღაც ვისწავლე. მართალი რომ გითხრა, დაკვრა ჩვენ არც ერთმა არ ვიცით. მხოლოდ დათო სწავლობს ქსილოფონზე დაკვრას. 

– რატომ დაარქვით ჯგუფს „ბუნკერი“? რას ნიშნავს ეს სიტყვა?


– ეს არ არის ჩემი შერჩეული სახელწოდება. ჩემმა წინა დრამერმა შეარქვა ჯგუფს, რადგან ყველა ენაზე ერთნაირად ჟღერსო. სიტყვა ბუნკერი განიმარტება, როგორც ნახშირის ორმო, აგრეთვე, თავშესაფარი, ნაგვის ბუნკერი და ა.შ., მაგრამ ჩვენ არ ვართ ნაგვის ბუნკერი, უფრო ნახშირის ორმო ვართ.

– თითქმის ყველა ძველ ქუთაისურ როკ-ჯგუფს ვიცნობ. ადრე „ბუნკერი“ საერთოდ არ ჩანდა. რა არის ამის მიზეზი?

– მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ არასოდეს მყოლია მდგრადი შემადგენლობა. პირველ შემადგენლობებში გაკეთებული გვქონდა 9-10 სიმღერა და რაღაც ეპიზოდები. მე ისეთი პიროვნება არა ვარ, რომ გაუკეთებელი რამეები სცენაზე გამოვიტანო. როდესაც დავრწმუნდი, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანე, მაშინ ავედი სცენაზე.

– ვიცი, რომ „ბუნკერში“ ამინდს შენ ქმნი. რამდენად მონაწილეობენ ჯგუფის დანარჩენი წევრები სიმღერების არანჟირებასა და შექმნაში? ვინ წერს მუსიკასა და ტექსტს შენს გარდა?

– ვერაფერს მივაღწევ, გვერდშიმყოფები რომ არ მყავდეს. სიმღერათა უმრავლესობა ჩემია, თუმცა 3 მათგანი სხვისია. მე ამ სიმღერების კოვერ-ვერსიები შევასრულე, რა  თქმა უნდა, უარესად (სხვათა შორის, ამ სიმღერებს შალვამ საკუთარი ტექსტები მოარგო, საკმაოდ წარმატებულად, რადგან მსმენელს ძალზე მოეწონა, განსაკუთრებით Iggy Pop-ის კომპოზიცია. ლ.გ.). 


რაც შეეხება ტექსტებს. მხოლოდ ორი ლექსი გვაქვს სხვისი. ერთის ავტორია ედგარ ალან პო (ჩემი საყვარელი პოეტია), მეორესი – პერსი ბიში შელი. სიმღერების 90% საკუთრივ ჩვენია. ჩემი ტექსტები ცხოვრებისეულია, უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. დღეს ირგვლივ ბევრი უსამართლობა ხდება. ძირითადი აქცენტი კი მაინც მუსიკაზე მაქვს გადატანილი, თუმცა ბოლო დროს მივხვდი, რომ კარგი ტექსტებიც აუცილებელია, ოღონდ ფილოსოფიური კი არა, – უბრალო, ადვილად აღსაქმელი.

ჩემი საყვარელი ჯგუფია Motorhead და ჩვენი სიმღერების რიტმ-სექციის ძირითადი ელემენტები ამ ჯგუფიდანაა აღებული. მისაღებია თრეშ-მეტალიც, მაგრამ დღეისათვის ტექნიკური შესაძლებლობები არა მაქვს იმისა, რომ ჩემი სასურველი მუსიკა შევასრულო. დღევანდელი საქართველო და ქუთაისი მაინც ალტერნატიული მუსიკის სულს ატარებს. როგორც ამბობ-ხოლმე, ჩემს ჯგუფში Offspring-ის ელემენტებიც ჟღერს. მეც გეთანხმები. ისე, დღემდე ვერ გავერკვიე, ეს ჯგუფი პანკია თუ ალტერნატივა, მაგრამ ძალიან მომწონს, თანაც ადვილია.

– შენი აზრით, რომელი ქუთაისური ჯგუფია პერსპექტიული?

– დღეისათვის ქუთაისში და მთელს საქართველოში ჯგუფ „აუტსაიდერს“ ბადალი არ ჰყავს. ამ ჯგუფს აქვს 4 მსოფლიოს დონის სიმღერა. მიუხედავად ამისა, ჩემი საყვარელი ქუთაისური ჯგუფია „პულსი“, რომელსაც ძალიან კარგი, ჩემთვის ძალზე ახლობელი სიმღერები აქვს. მოსაწონი ჯგუფია Best History, რომელიც ძაან საკაიფოდ მუშაობს სცენაზე, მაგრამ მათი სტილი ჩემთვის მიუღებელია. თბილისური, ძველი ჯგუფებიდან მომწონდა ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხა“ და ჯგუფი „ოკეანე“. ახლებიდან მომწონს „ამორალი“. ვიცნობ ბესელას და მაინტერესებს მისი „კონტრაბანდას“ მოსმენა. 

– ბოლო ორი წლის განმავლობაში, სწორედ შენს მიერ ნახსენები ქუთაისური ჯგუფები, „ბუნკერის“ ჩათვლით, ერთად გამოდიხართ სხვადასხვა აქციებსა თუ კონცერტებზე. შენი აზრით, რატომ ქმნის ეს ოთხი ჯგუფი ქუთაისის როკ-მუსიკალურ ძირითად ამინდს?

– ქუთაისში დაახლოებით 9 ჯგუფს ვიცნობ, მაგრამ ჩვენ, ოთხივე, ცხოვრების ყველა სიტუაციაში ერთადა ვართ. ვფიქრობ, ეს მთავარია.

– თუ გრძნობ, ახალი საუკუნე რომ მოდის?

– მართალი რომ გითხრა მხოლოდ წლების ცვლილებას ვგრძნობ. არა ვარ პესიმისტი, მაგრამ უკეთესობას ვერ ვამჩნევ, უფრო სწორედ, არაფერს არ ვგრძნობ. შესაძლოა, ამაში ხელს გვიშლიან, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვგრძნობდეთ?

– ქალაქის ახალგაზრდების უმრავლესობა უსაქმურობის გამო ან მასობრივად ტოტალიზატორს თამაშობს, ან მასობრივადვე, ლოთობს. შენი აზრით, რატომ არის ასეთ დონეზე ასული ლოთობა?

– ახალ საუკუნეში შევდივართ და იმიტომ.


– როგორ უყურებ სიბნელეს, სატანიზმსა და არაჯანსაღ იდეოლოგიას მუსიკაში?

– ჩემი აზრით, როკ-მუსიკა ხელოვნებაა. სამწუხაროდ, ინგლისურ ენას ვერ ვფლობ და ჯგუფებს მხოლოდ მუსიკალურად ვაფასებ. ამ ბოლო დროს გაჩნდნენ მძიმე ჯგუფები მეტალში, რომელთა შემოქმედებაშიც სატანური ელემენტები ცუდად ჩანს. თუმცა, მაგალითიც მაქვს, რომ ერთ-ერთ death-მეტალ ჯგუფს ტყუილუბრალოდ აბრალებდნენ სატანიზმს, მაგრამ მუსიკაში შესაძლოა იდოს ბოროტებაც და სიკეთეც. მე, პირადად, უფრო სიკეთესა და მრავალფეროვნებას ვხედავ. სატანური ზემოქმედება თუნდაც არასრულწლოვანებზე ძაან საზიზღრობაა და ამავე დროს საშინელი ძალადობა. მე ძალადობას პროტესტს ვუცხადებ. როკ-მუსიკა წმინდა უნდა იყოს. სუფთა უნდა იყოს რეპიც, თუმცა ამ უკანასკნელს მე არ აღვიქვამ როგორც მუსიკას. კლასიკა, ჯაზი, როკი აი, ამათ ვაფასებ.

– რა არის შენი კრედო?

– როდესაც მუსიკას ვუკრავ, ყველა პრობლემა მავიწყდება. მუსიკა არის ჩემი უდიდესი ჰობი. მე უკვე ყველანაირი სტილის მუსიკას ვუსმენ, რადგან თავად მუსიკა მიყვარს, რომელიც ძალიან მამშვიდებს. ძალიან მინდა ჩვენი ქალაქის ჯგუფების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შრომა დაფასდეს, გვქონდეს სარეპეტიციო ოთახები, აპარატურა. ტყუილად შრომა კი საბოლოოდ მაინც მოსაწყენი გახდება, საჭიროა წინსვლა. აი, ხვიჩა დოღონაძის პროექტი (იხ. გაზეთი P.S. #63, ლ.გ.) ყველას წაგვადგება. რაღაც ელემენტარულის გასაკეთებლადაც ფულია საჭირო. ხვიჩა ჩვენი ძმა და მეგობარია. ჩვენ თუკი რაიმე შეგვეძლება, დავეხმარებით.

– მაგარი პროდიუსერი რომ შეგხვდეს, მსოფლიო ტურნე და ალბომის ჩაწერა შემოგთავაზოს, ოღონდ შენი რეპერტუარის გაცხრილვა მოითხოვოს, რას იზამ?

– კარგი, შესანიშნავი წინადადებაა, მაგრამ მე მასეთ პროდიუსერს ჯგუფიდან გავაგდებ. მართალია, ქუთაისში დავრჩები, მაგრამ მთავარია სულიერი სიმდიდრე, პროდიუსერი სხვაც გამოიძებნება. ახლა ელექტრო ინსტრუმენტებს ხშირად იყენებენ, რადგან მასას უფრო კომერციული მუსიკა მოსწონს. მართალია, მე ვაცხადებ: კომერციისკენ არ გადავიხრები! მაგრამ არ ვიცი... ვეცდები, თავიდანვე ამორჩეულ გზას არ გადავუხვიო.

– ჩვენი საერთო მეგობარი ზური ახვლედიანი ყოველ სუფრაზე პატარა ბავშვებთან ერთად გადღეგრძელებს ხოლმე. შალვა, შენ ხომ 28 წლისა ხარ?..

– ქალაქში ხმა დაირხა, თითქოს ზური ახვლედიანი ჯგუფიდან გავუშვი. ეს დეზინფორმაციაა და სერიოზულად არ მიიღოთ. მე ის ჯგუფიდან არ გამიშვია, მე ის ჯგუფიდან გავაგდე (იცინის), ამიტომ მაგით სამაგიეროს მიხდის. ისე კი, ნეტავ მართლაც ბავშვი ვიყო, 18 წლის, უფრო მეტს გავაკეთებდი ცხოვრებაში. ვუსურვებდი ჩემს მსმენელებსა და შენს მკითხველებს – ვყოფილიყავით პატიოსნები და წესიერები, რათა უფრო ბევრი გავაკეთოთ ცხოვრებაში.

„არქეოპტერ X“

„არქეოპტერ X“-ია: ბერდია ბრეგაძე – დასარტყამები; ლევან ხონელიძე – ბასი და ტატო გრძელიძე – გიტარა, ვოკალი. ვესაუბრები ჯგუფის ფრონტმენ ტატოს.

– ჩემი ჯგუფი 1996 წლის აპრილიდან არსებობს. აქ უკრავდნენ: შოთა ჩოგოვაძე რითმ-გიტარაზე და შოთა ბანძელაძე – ვიოლინოზე.

– რას უკრავს „არქეოპტერ X“ ტატოს აზრით?

– ჩვენ ვერ დავადგინეთ ჩვენი სტილი. ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფის სახელწოდების შესაბამის მუსიკას ვუკრავთ. იცით, რომ არქეოპტერიქსი ჩიტიც იყო და ხვლიკიც, რომელიც დახოხავდა, დაცურავდა, დაფრინავდა, ნისკარტზე კბილებიც ჰქონდა და ა.შ. ჩვენც, საკუთარი სტილი რომ ვეღარ დავადგინეთ, ჯგუფს „არქეოპტერ X“ დავარქვით. თავდაპირველად მსურდა Pink Floyd-ის მსგავსი მუსიკა დაგვეკრა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც მძიმე ვარიანტი ამოვირჩიეთ ალტერნატივასთან ახლოს ფანკის ელემენტებით. ისე თრეშ-მეტალიდან და ჰარდ-როკიდანაც ვისესხეთ რაღაცეები.

– ქუთაისის ჯგუფების მთავარი პრობლემა რეპეტიციებია. რა პირობებში იმყოფება ამ მხრივ თქვენი ჯგუფი?


– ეს პრობლემა ჩვენც გვტკივა, ოღონდ სარეპეტიციო აპარატურა გვაქვს. არა გვაქვს ოთახი. ჩვენი ხმაურიანი მუსიკის გამო არსად გვაჩერებენ. უახლოეს მომავალში სამი ჯგუფი გოგა ჟორჟოლაძესთან ვაპირებთ რეპეტიციების დაწყებას. თუ რეგულარული რეპეტიციები გვექნა, საკონცერტო პროგრამასაც გავაკეთებთ.

– ჩვენი ქალაქის მძიმე მუსიკის თაყვანისმცემლები გადანაშაულებენ იმაში, რომ თქვენს შემოქმედებაში რეპის ბევრი ელემენტია...

– ჩვენ მუსიკას უფრო დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ვიდრე ტექსტს, მაგრამ ეს რეპის ელემენტები ყურს კარგად ხვდება, ამიტომ ამ შემთხვევაში კრიტიკა არ მაინტერესებს.

– შენი ჯგუფის მსმენელთა შორის შესაძლოა აღმოჩნდნენ: რეპერები, როკერები, მძიმე მუსიკის მოყვარულები და ძველი ბიჭებიც. თქვენ ცოტა ძველბიჭური და ქუჩური ტექსტები გაქვთ, განსაკუთრებით სიმღერაში „უვიცი“. გსიამოვნებს ეს ფაქტი?


– ამ სიმღერის შინაარსი ქუჩიდან მოდის, სადაც ჩვენ უფრო ხშირად ვართ. მე თვითონ, სცენაზე ქუჩიდან მოვედი. 5 წლის წინ კაზინოდან ძალიან ცუდ ხასიათზე გამოვედი. შევხედე, ნიკალა და ჟორა (ორივენი Best History-დან. ლ.გ.) გიტარას უკრავდნენ. ცოტას მეც ვუკრავდი მაშინ და ბიჭებთან დავჯექი, ძალიან მომეწონა. მერე გავერთიანდით ბიჭები ქუჩიდან და სკოლიდან და გავაკეთეთ ჯგუფი. მე შემიძლია, თუ მომეწონა, მოვუსმინო როკსაც, რეპსაც, პოპსაც და ინდურ სიმღერებსაც (იცინის).

– მე კარგად ვიცნობ შენს ზაირა ბებოს, რომელიც თანამედროვე მუსიკის დიდი მოყვარულია. შენი მამა კი, ადრე გავიცანი. მასაც უყვარს როკი. ამ შენს გატაცებას ისინი, ალბათ, გაგებით ეკიდებიან, თუ წინააღმდეგობებიც არის?

– მამაჩემი ძველი მსმენელია, უყვარს ჯგუფები: The Beatles, Led Zeppelin, Deep Purple, Pink Floyd და ა.შ. მძიმე მუსიკა ახლაც მოსწონს. ამას წინათ კი, დამემუქრა, თუკი შენს მუსიკაში ისევ მოვისმენ რეპს, სახლში არ შემოგიშვებო. ბებიაჩემის საყვარელი მუსიკოსია გიტარისტი Joe Satriani. ასე რომ, მასაც მოსწონს მძიმე მუსიკა. უკვე, იმდენი აქვს მოსმენილი, შეუძლია Joe Satriani-ს და Steve Vai-ს გიტარის ხმები ერთმანეთისგან უშეცდომოდ განასხვავოს. ჩემს საქმეს ის ძალიან გაგებით უყურებს. ასე რომ, მამაჩემის მუქარის გარდა, პრობლემები ოჯახში არა მაქვს (იცინის).


– ჩემი აზრით, ქუთაისში ძალიან მძლავრი ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც საბედნიეროდ, ერთმანეთს არ ჰგვანან. მათ შორის, შენთვის რომელია ყველაზე ახლობელი და საინტერესო?

– ჩემზე გავლენა იქონიეს Best History-მ და Outsider-მა. მათ რეპეტიციებს ვესწრებოდი. საერთოდ, სიამოვნებით მოვუსმენ ქუთაისურ ჯგუფებს. მაგრამ ეს ორი ჯგუფი ნაღდად საინტერესოა. მსიამოვნებს, რომ ჩვენს ქალაქში ბევრი საინტერესო ჯგუფი წამოვიდა (ე.ი. შეიქმნა. ლ.გ.) ვფიქრობ 21-ე საუკუნეში ჩვენს შორის კონკურენცია არ იქნება. ჩვენ ყოველთვის მეგობრები ვიქნებით. 21-ე საუკუნეში უკეთესი მუსიკა დაიკვრება, რადგან განსხვავებულად მოაზროვნე თაობა მოდის.

– მსოფლიოს მუსიკა საით მიექანება? 

– მართალი არ ვიქნები, თუ ვიტყვი, აღმავლობისკენ-მეთქი, რადგან მსოფლიოს პოპ-მუსიკის ამინდს ჰქმნის კომპიუტერი, რომელიც რაღაცას თავისთვის უკრავს. საბედნიეროდ, არიან ცოცხალი მუსიკის შემსრულებელი ჯგუფებიც. მე 21-ე საუკუნის იმედი მაქვს. ალბათ, ნამდვილი, ცოცხალი მუსიკა აღორძინდება. 

– ვინ არის შენი საყვარელი ხელოვანი? 

– ძალიან მომწონს რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმები. მხატვრებიდან ძალიან მომწონს ვან გოგი. მამაჩემს სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და ცოტა ვერკვევი მხატვრობაში. ამას წინათ, ტელეგადაცემაში თქვეს, რომ ერთხელ ვან გოგს თავისი ნახატი 7 ბოთლ ღვინოში გაუცვლია. ახლა ეს ნახატი მილიონები ღირს. მე ვან გოგი, როგორც პიროვნებაც, ძალიან მომწონს.

– ბოთლი ღვინო ახსენე. შენი აზრით, რატომ სვამენ ჩვენს ქალაქში ასე მძლავრად და ყოველდღიურად? ეს ცუდია თუ კარგი?

– რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ზოგჯერ სმის მიზეზი არსებობს, – გინდა რაღაც დაივიწყო, პრობლემებს გაეთიშო, მაგრამ ყოველდღე დალევა უკვე უსაქმურობის ნიშანია. მაგალითად ჯგუფების წევრები, რომელთაც სარეპეტიციო პირობები არა გვაქვს, ერთმანეთს ვხვდებით, ვკრებთ „მარშრუტკის ფულებს“ (სლენგზე ფულის ერთეულია და ნიშნავს 20 თეთრს. ლ.გ.), მივდივართ ბაზარში იაფიანი სასმელის შესაძენად და ვსვამთ. ეს ცუდია, მაგრამ სხვა საქმე, სხვა პერსპექტივა რომ არ ჩანს, რაღა დაგვრჩენია? დალევ, წახვალ, გამოიძინებ, დილით პახმელიაზე გამოხვალ, ისევ დალევ და ა.შ.

– რა შეგიძლია, უთხრა შენს მსმენელსა და ჩემს მკითხველს, ჩვენს მეგობრებს?

– (იცინის) მოგვისმინეთ, წაგვიკითხეთ, დაესწარით კონცერტებს, დააფასეთ ჩვენი შრომა. დააფასეთ ხელოვნება. თუკი თქვენი ყურადღება იქნება, ყველაფერი კარგად აეწყობა. 

გაზეთი P.S. #66, 1999 წლის 24 – 30 დეკემბერი

No comments:

Post a Comment