ხვიჩა დოღონაძე გავიცანი 10 წლის წინ. იმ დროს მას ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კლუბი ჰქონდა ჩაბარებული, რომელიც ამ ზედმეტად ენერგიული ადამიანის წყალობით, მაშინ მჩქეფარე სიცოცხლით ცხოვრობდა. მან მერის მრჩევლადაც იმუშავა. ამჟამად ის ექსპორტის მენეჯერად მუშაობს ფირმა „კოლხიკოში“, დიდი ბრიტანეთის უელსურ ფირმაში. მის სახელთანაა დაკავშირებული როკ-ჯგუფ „აუტსაიდერის“ ბოლო 5 წლის წარმატებები, ალბომისა და ვიდეოკლიპის დამზადება. მერიაში შეტანილი აქვს პროექტი კულტურულ-გასართობ ადგილებზე ტენდერის გამოსაცხადებლად, რომელიც ითვალისწინებს შემოქმედებითი ჯგუფების მხარდაჭერასა და ახალგაზრდული გასართობი ცენტრების მოწყობას. სწორედ ამ პროექტის შესახებ ვილაპარაკე ხვიჩასთან. ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება ამ საუბრის შინაარსი.
– ხვიჩა, მესაუბრე შენი პროექტის შესახებ.
– ბატონ თემურ შაშიაშვილს სურდა და სურს, დაეხმაროს შემოქმედებით ჯგუფებს. ადრე ამ ჯგუფებზე გავაკეთეთ სხვადასხვა პროექტები, მაგრამ დაუფინანსებლობის გამო მათ ვერ გაამართლეს. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მთხოვეს პროექტის მომზადება და ბოლოს, არ ვიცი გაბრაზების თუ სხვა რაღაცის საფუძველზე, გავაკეთე ეს პროექტი, რომელიც ახლა განიხილება.
– მაგალითად, ავიღოთ ქალაქში არსებული, ვთქვათ, 5 მუსიკალური ჯგუფი. ისინი წერენ განცხადებას, რომ არა აქვთ სამუშაო ადგილი, პირობები. ამის შემდეგ ცხადდება ტენდერი, ე.ი. ბიზნესმენებსა და კომერსანტებს სთავაზობენ, ვთქვათ, ასეთ პირობას: „შენ გადმოგეცემა ყოფილი რესტორანი „თეთრი ქვები“ (ან სხვა შენობა), იქ გააკეთე, რაც გინდა (რესტორანი, სასტუმრო), მაგრამ ვალდებული ხარ, ამ 5 ჯგუფს შენობის პირველ სართულზე კეთილმოუწყო სარეპეტიციო ოთახი, სარეპეტიციო და ხმის ჩამწერი აპარატურით. ამის გარდა, ყოველ თვეში ერთხელ აწყობ ამ ჯგუფთაგან ერთ-ერთის კონცერტს და უხდი მინიმუმ 200 ლარს. 6 თვეში ერთხელ შენ ერთ-ერთ ამ ჯგუფს აფინანსებ 4000 ლარით, რომ ჩაწეროს ალბომი“. მიახლოებით ასეთი პირობებით გადაეცემა ეს შენობა კომერსანტს.
– ამ ბიზნესმენს ხომ სხვა გადასახადებიც ექნება გადასახდელი. შეძლებს კი ის ამის გაკეთებას?
– პროექტში დევს პირობა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოგება და შემოსავალი ექნება, ბიზნესმენს 300 ლარი შეაქვს ბიუჯეტში. ეს სტატისტიკასთან და საგადასახადოსთან ერთად მოგვარდება. ორი წლის შემდეგ შეივსება სპეციალური ბლანკი (რათა კორუფცია და ქრთამის აღება გამოირიცხოს), რომელშიც დაფიქსირდება, თუ რამდენად შეასრულა აღნიშნულმა კომერსანტმა ნაკისრი ვალდებულებები. თუ ყველაფერი ნორმალურად იქნა აღსრულებული, ეს შენობა ბიზნესმენს გადაეცემა საჩუქრად. ამ პროექტის თანახმად მოხდება ქალაქის ტერიტორიაზე დღეისათვის ვერგაყიდული ადგილების ამოქმედება, განვადებით გაყიდვა, ე.ი. ორი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის თანდათანობით შემოტანა. ამის შედეგად ბიზნესმენი გახდება მესაკუთრე. ეს შეთანხმდება პრივატიზაციის სამმართველოსთან და არქიტექტურასთან. საბოლოოდ ამ შენობის 90% გადაეცემა კომერსანტს, 10% კი – შემოქმედებითი ჯგუფების რაღაც გაერთიანებას, ვთქვათ, ალტერნატიულ კლუბს, ანუ ალტ-კლუბს, რომელიც თავის წილს იყენებს ახალი ჯგუფისათვის, ან თუნდაც, თეატრისათვის, რაიმე შემოქმედებითი პროექტისათვის. ალტ-კლუბი იქნება შუამავალი რგოლი ბიზნესმენებსა და შემოქმედებით ჯგუფებს შორის, დაარეგულირებს მათ ურთიერთობებს. ეს არის ჩემი პროექტის ძირითადი აზრი. ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა ამ ჯგუფებს დავეხმაროთ და ქალაქში შეიქმნეს ახალი გასართობი ადგილები ან ახალი არქიტექტურული ნიმუშები, თუნდაც, სასტუმროების სახით, რომლებიც ამ ბოლო ხანებში ჩვენთან ჯერ არ აშენებულა ბათუმისა და თბილისისგან განსხვავებით.
ქუთაისში შემოქმედებითი ჯგუფები სულ ფულზე წუწუნებენ, 200 ლარი გვინდა თბილისში წასასვლელად, 300 ლარი – სპექტაკლის დასადგმელად და ა.შ. აი, ამ პრობლემას მოხსნის ეს პროექტი. სახელმწიფო კი, ახალ შემოსავლებს მიიღებს კომერციულ სტრუქტურებიდან გადასახადების სახით, თანაც ვიღებთ გასართობ ცენტრს რესტორნის, ან როკ-კლუბის, ან თეატრ-კლუბის სახით. პროექტში მე აღვნიშნე, რომ მოდებისა და პლასტიკის თეატრის ბაზაზე მსურს ახალი თეატრი გაკეთდეს. ახლახან თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო, ალტერნატიული მოდების ძალიან პრესტიჟულ ფესტივალზე „ამა“, გაიმარჯვა ქუთაისელმა ბიჭმა. შემოქმედებითი კულტურა ქუთაისში არსებობს და მას პირობები უნდა შევუქმნათ. დღეს დიზაინერებს ელემენტარული სახსრებიც კი არა აქვთ, კოსტუმები რომ შეკერონ. ჩვენ გარანტიებს მივცემთ და მივიღებთ ახალ შედეგებს, ახალ სანახაობას. მე შემოქმედებით ჯგუფებს პროექტის შესახებ უკვე ვესაუბრე და ყველას მოეწონა, მათ შორის – მხატვრებსაც. ქუთაისში, ფაქტიურად, ვერ იგრძნობ, მხატვრობა თუ არსებობს. მხატვრები არ ჩანან. შესანიშნავი მხატვრები ცხოვრობენ ჩვენს ქალაქში. მაგალითად, ავთო აბესაძე ოცნებობს ისეთი სტუდიის გაკეთებაზე, სადაც ინსტიტუტდამთავრებულებს მიიღებს სამეცადინოდ და სამუშაოდ. სამწუხაროდ, მათ მასალებისა და საღებავების ფული არა აქვთ. ისინი თავად წვალობენ და რაღაცას მაინც აკეთებენ. ალბათ, გახსოვს, ადრე უმუშევრობისთვის ხალხს აპატიმრებდნენ, მაგალითად, ამისათვის დაიჭირეს მხატვარი ავთო ავალიანი, მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული ტილოები აქვს შექმნილი. ამ ტილოების ფორმატების შემხედვარეს მეცინება – თურმე, რამხელა შესაძლებლობები ყოფილა მაშინ, ახლანდელთან შედარებით. დღევანდელი ახალგაზრდა ტილოზე კი არა, ქაღალდზეც ვეღარ ხატავს. ვფიქრობ, ეს პრობლემაც მოიხსნება.
– ხვიჩა, ვთქვათ, მე რადიოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი ვარ, როგორ უნდა მოვიქცე?
– უნდა დაწერო, რა გინდა, რა პრობლემა გაქვს და რაში გჭირდება დახმარება. შენს განცხადებას განიხილავს, ვთქვათ, „ნიღბების კლუბი“ და მერე ის მიმართავს რომელიმე კომერციულ სტრუქტურას, რომ ამ კაცს ესა და ეს პრობლემა უნდა მოუხსნაო. ეს კომერსანტი გიქმნით თქვენ პირობებს და, სამაგიეროდ, მიიღებს მიწის ფართს, სადაც ის ააშენებს, ვთქვათ, საცურაო აუზს თავისი სერვისით, რომელიც დღეისათვის ქუთაისში არ არსებობს. თუ ის შენ დაგეხმარება, ამ მიწის ნაკვეთს ის იღებს საჩუქრად, ე.ი. ისიც ვითარდება და შენც ვითარდები. ორი წლის განმავლობაში შენს შემოქმედებით ჯგუფს საშველი თუ არ დაადგა, მაშინ შენი საშველი არ ყოფილა და განზე უნდა გადგე.
– მე რა ვალდებულებები უნდა ავიღო, საშველი რომ დამადგეს?
– შენ საკუთარი მოთხოვნების თანახმად მუშაობ. თუკი მოცემულ ვადაში ფინანსურად წელში ვერ გაიმართე და ვერ შესძელი დამოუკიდებლად მუშაობა, შენი დრო ან ჯერ არ დამდგარა, ან უკვე წასულა. კარგადაც რომ აიწყო საქმე და წელში გაიმართო, ორი წლის შემდეგ მაინც უნდა წახვიდე და შენი ადგილი თვითონ უნდა ეძებო. შენს ნაცვლად სხვა ახალი ჯგუფი, ახალი თაობა მოვა. არ შეიცვლება მხოლოდ კლუბი, რომელიც გაუშვებს ძველებს და მიიღებს ახლებს. ეს მე შემიძლია შევადარო ბიზნეს-ინკუბატორს, რომელიც ამერიკელებმა მოიგონეს. ისინი დამწყებ ბიზნესმენს უქმნიან ოფისს, ყოველნაირი სერვისით, კომპიუტერებით და რამდენიმე წლის განმავლობაში ეხმარებიან, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, ის უნდა წავიდეს და თავისი ადგილი უნდა მოძებნოს, უნდა ააშენოს და ა.შ.
– კონკურენცია, მართლაც, ამ პროექტის პრობლემაა. ხომ შეიძლება ახლომახლო რაიონებიდანაც ჩამოვიდნენ, შესაძლოა 300 განცხადება მაინც შემოვიდეს. ეს პროექტი მაშინ დიდ მნიშვნელობას მიიღებს. თავდაპირველად შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ ეს მერიის რაღაც ახალი, სიაფანდი განკარგულებაა, რომელსაც აღსრულება არ უწერია, მაგრამ როგორც კი ერთი მაგალითი გაამართლებს, მაშინვე ხალხი მოაწყდება.
წარმოიდგინეთ, ერთი როკ-ჯგუფი წერს განცხადებას. მას ეუბნებიან მოდი, აი აქ ირეპეტიციე. მას ხვდება კეთილმოწყობილი, მზამზარეული სარეპეტიციო ოთახი, გათბობა, ელ-ენერგია შეუწყვეტლად, გაწყობილი სარეპეტიციო აპარატურა (ინსტრუმენტების გარეშე). ჯგუფი შედის ოთახში, აერთებს საკუთარ ინსტრუმენტებს აპარატურაში და რეპეტიციობს. იქვეა მინი დისკ ჩამწერი, კოჭებიანი და კასეტებიანი ჩამწერები. ჯგუფს შეუძლია გააკეთოს თავისი რეპეტიციის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ეს უკანასკნელი ოთახის კუთხეებში დამონტაჟებული ე.წ. სათვალთვალო კამერების საშუალებით მოხდება. 3 საათის შემდეგ, ავტომატურად გაითიშება დენი, გაიღება კარი და ჯგუფი ოთახს დატოვებს. მის ადგილს სხვა დაიკავებს. 3 საათის გასვლის შემდეგ ეს ჯგუფი დატოვებს ოთახს და კიდევ სხვა შემოვა. ეს პირობები დღეს წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ლოთობას, რეპეტიცია და მუშაობა სჯობს. დღეს, ჩვენი ქალაქის როკ-ჯგუფები რეპეტიციებზე უფრო ლოთობენ, ვიდრე მუშაობენ და ამიტომ, მათ მიერ შესრულებული მუსიკა არაფრად ვარგა. დღეს, ქუთაისში არც ერთის შესრულებული მუსიკა არ ვარგა. ჩვენთან არსებობს უაღრესად მძლავრი პოტენციის მატარებელი ჯგუფები, მაგრამ, ვიმეორებ, დღევანდელი მათი მუსიკა არაფრად ვარგა! ამის მიზეზია ისიც, რომ ისინი საზღვარგარეთ ვერ გადიან და ჩვენს ქალაქში კი საკუთარ წვენში იხარშებიან.
– რა დამოკიდებულებაში იმყოფები ჯგუფ „აუტსაიდერთან“?
– მე არა ვარ არც მენეჯერი და არც პროდიუსერი, როგორც ამბობენ ხოლმე. ვარ ხვიჩა დოღონაძე და საკუთარ თავს აუტსაიდერად მივიჩნევ, ხოლო ჯგუფ „აუტსაიდერთან“, ისევე როგორც შენ, მეგობრობა მაკავშირებს. ჩვენ ერთი ბავშვობიდან წამოვედით, ერთი ცხოვრების გზა გვაქვს გავლილი, „აუტსაიდერის“ შემოქმედება ჩემთვის ძალიან ახლობელი და მისაღებია, ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ ყველანაირად დავეხმარო, ხელი შევუწყო, მოვახერხო იმ ვაკუუმიდან გასვლა, რასაც იზოლაცია ჰქვია. თითქოს დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩარჩოები კიდევ უფრო შემჭიდროვდა. ეს ჯგუფი სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად იმსახურებს გასვლას. ეს კი დანარჩენებს მომავალში გზას გაუხსნის. „აუტსაიდერს“ სცენაზე მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს და ყველაზე დიდ წარმატებებსაც მან მიაღწია. მისი მსოფლიოს სცენაზე გასვლით შოუ ბაზარზე ეცოდინებათ, რომ არსებობს ქვეყანა საქართველო, სადაც საინტერესო რამეები კეთდება. „სტრადივარის“ (ვატო ნებიერიძეს) ძალიან საინტერესო პროექტი აქვს ამ ჯგუფთან დაკავშირებით. მისი პროექტი თუ ამოქმედდა, ყველა ქუთაისურ ჯგუფს წაადგება.
– მინდა ეს ჩემი მოსაზრება შენს გარდა მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაიგოს, რომ მზადა ვარ მთვარეზე კონცერტის ჩასატარებლად. ეს აუცილებლად მოხდება მაქსიმუმ 3 წელიწადში. ეს არ არის სიგიჟე. წარმოიდგინე, პირდაპირი რეპორტაჟი მთვარიდან, მიმდინარეობს კონცერტი, სადაც გამოდის ვთქვათ, მადონა (ე.ი. ადამიანი, ან ჯგუფი, რომელსაც ხალხი უსმენს). შენ კი აქ დედამიწაზე, ტელევიზორთან ზიხარ და ხვდები, რომ ის პრობლემები, რაც მიწიერია, რაც ჩვენს ირგვლივაა, აღარ არსებობს. მინდა ადამიანები მიხვდნენ, რომ უაზრობაა ერთმანეთის ხოცვა, ჭამა, ჩეჩნეთისა და იუგოსლავიის ომები. სისულელეა, როდესაც ვიღაც დვალიშვილს აფეთქებს (ვერ ვხვდები, რას ერჩიან), აგერ სანდუხაძეს ესვრიან, – ადამიანი, რომელიც სუფთა ხელებით მოდიოდა – დაასისხლიანეს. აბა, დაფიქრდი, ამას რა შედეგი უნდა მოჰყვეს, რა სისულელეა! ამას ადრე თუ გვიან მიხვდები, მაგრამ დღეს ეს ჩემზე და შენზე ხომ მოქმედებს, კაი ბიჭებზე (იცინის ლ.გ.)?! სწორედ, ამიტომ მინდა მთვარეზე კონცერტის მოწყობა. ეს აუცილებლად მოხდება.
– თბილისში ჩატარებულ ფესტივალამდე არ ვიცნობდი ბესელას (ჯგ. „კონტრაბანდა“) შემოქმედებას, თუმცა, მას ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც პიროვნებასა და სერიოზული ჩხუბიც კი გვქონია ერთმანეთთან. მაინტერესებდა რას უკრავდა და თბილისში მოვუსმინე. ისე მომეწონა, კინაღამ „ჭკუიდან ავიწიე“. ასეთ ძლიერ ფორმაში საქართველოში არც ერთი ჯგუფი არაა ამჯერად. ამას ვამბობ, როგორც მსმენელი, და არა როგორც კრიტიკოსი. ვიმეორებ, ასეთ დონეზე ჯერჯერობით არც ერთ ქართული როკ-ჯგუფი არ ასულა. არც „აუტსაიდერს“ დაუკრავს ასე მძლავრად (მე არ ვიცი, როგორ უკრავდა „აუტსაიდერი“ მოსკოვსა და ტალინში). ბესელა ძაან ძლიერია.. დიდად ვაფასებ ირაკლი ჩარკვიანს. ჩემი აზრით, ის ძალიან დიდი ინტელექტის მატარებელი ადამიანია. ეს პიროვნება თავისთვისაა და საინტერესოა. მას არ სურს, გამოვიდეს და იყვიროს, მე ვარ და ჩემი გუდა-ნაბადიო. მომწონს მისი მუსიკა, პიროვნულადაც მქონია მასთან შეხება – შევხვედრილვარ. სხვა არავინ მომისმენია და, სიმართლე რომ გითხრა, არც დავინტერესებულვარ.
– ვინაა მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი მუსიკოსი (არ იგულისხმება მარტოოდენ როკი)?
– არ ვიცი, ალბათ, მაინც ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც უკვე კარგა ხანია მუშაობს და აკეთებს იმას, რაც თავად სურს. კიდევ... მინდა გამოვყო ინოლა გურგულია, რომელსაც, ჩემი აზრით, საინტერესო სიმღერები ჰქონდა და, საერთოდ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა იმ პერიოდის საქართველოს ცხოვრება, როდესაც ის ცოცხალი იყო. მაშინ ძალიან მძლავრი ტალღა წამოვიდა თანამედროვე ქართულ მუსიკაში – აი, დღეს რომ რეტროს ვეძახით. გავიხსენოთ, რა რეჟისორები წარმოჩინდნენ. სამწუხაროდ, მაშინდელმა თაობამ განვითარება ვერ ნახა, მაგრამ დღეს ნახულობს.
– შენი საყვარელი კომპოზიტორი და ჯგუფი.
– მე მომწონს ბეთჰოვენი, რომელიც დღეს ცოცხალი რომ იყოს, ვერაფერს მიაღწევდა შოუს გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მან თავის დროზე გადატრიალება მოახდინა მუსიკაში. ძალიან ვაფასებ ბორის გრებენშიკოვს. სულ ვფიქრობ, ის იმიტომ ხომ არ მომწონს, რუსულ კულტურასთან ნაზიარები რომ ვარ, ან საბჭოთა კავშირში რომ ვცხოვრობდი, თუ მეშლება მეთქი? მერე საკუთარ თავს ვპასუხობ, რომ ხვიჩა, არ გეშლება, გრებენშიკოვი ნაღდად კაი ტიპია მეთქი. თანამედროვე მუსიკაში მე დღეს ვუსმენ ალტერნატივას. კატასტროფულად მაღიზიანებს რეპი. ჩემი აზრით, რეპი ძალიან რყვნის მოზარდების ცნობიერებას და ის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვაა, მეტი არაფერი. ალტერნატივა, თუ პანკი იმითაა კარგი, რომ შენი სურვილის მიხედვით შეგიძლია გავლენიდან გამოსვლა, ხოლო რეპი ხშირად თავის სტიქიაში ტოვებს მის მსმენელს. აი, ამიტომ არ მიყვარს ეს მიმდინარეობა, მიუხედავად იმისა, რომ შემიძლია, მძიმე რეპს მოვუსმინო. მაგნიტოფონი სახლში არ მაქვს, რადგან მეშინია, ბავშვებზე არ ვიქონიო გავლენა, განსაკუთრებით არ მინდა, რომ რეპის მიმდევრები გახდნენ.
– შეგიძლია, მიმართო ჩვენს მკითხველს.
– მინდა ყველას მოგიწოდოთ, ვისაც ფეხით სიარული შეგიძლიათ, ერთი წუთითაც არ გაჩერდეთ. საქმეც რომ არ გქონდეთ, იმოძრავეთ. მე არ ვგულისხმობ ე.წ. „დვიჟენიებს“, რომელიც ნარკომანთა ტერმინია და წამალზე სირბილს ნიშნავს. ეს ერთხელ ჩემს ახლობლებთან ვახსენე. სიტყვა აიტაცეს და არაყს მიუსადაგეს. მე ამის შესახებ არ ვლაპარაკობ, უბრალოდ, იმოძრავეთ, ნუ გაჩერდებით. როცა ჩერდები, თბები, ისვენებ და ეჩვევი სიზარმაცეს. მოძრაობაში კი სიზარმაცეს ვერასოდეს მიეჩვევით და რაღაცას გააკეთებთ.
P.S. მსურს, დაბადების დღე მივულოცო ხვიჩა დოღონაძეს და დიდი წარმატებები ვუსურვო. 35 წელი, ჩემი აზრით, ის ასაკია, საიდანაც იწყება წარმატებებისკენ და დიდებისკენ სვლა.
გაზეთი P.S. #63, 1999 წლის 3 – 9 დეკემბერი
No comments:
Post a Comment