Tuesday, September 4, 2001

ნიაზმა აღმოაჩინა, რომ როიალი ოკეანესავითაა

პრინციპი, რომელიც მას არ მოსწონს: „მართალია, მე სხვაც მიყვარს, მაგრამ მთავარი მაინც მე ვარ“

როგორც ჩანს, ციფრი „3“ ნიაზ დიასამიძის ცხოვრებაში თვალშისაცემად ფიგურირებს. „33ა“–ს ფრონტმენი 1973 წლის 13 ივლისსაა დაბადებული, ხოლო, როდესაც ნიაზის „მი–ფა–სის“ ოფისში შევხვდი, აღმოჩნდა, რომ შენობის მე–3 სართულზე 333–ე ნომერში ვიმყოფებოდით. თავად ნიაზიც აღნიშნავს, რომ როდესაც ქუჩაში საგნებს უნებლიედ აკვირდება და როდესაც ფულს იხდის, ციფრი 3 თითქმის ყოველთვის ფიგურირებს. ნიაზი იხსენებს, რომ სკოლაში „ოროსანი“ იყო, მაგრამ სამიანზე ჩალიჩობდა.

მომღერლისთვის თავისუფალი დრო მუშაობა და გართობაა, რომელშიც მთლიანად იხარჯება. „ყველაფრიდან გამომდინარე, ნებისმიერ სიტუაციაში ჩემი ტვინი მუშაობს. შესაძლოა იმდენს ვერ ვაკეთებ, რასაც ვფიქრობ, მაგრამ რაღაც ნაწილის რეალიზებას ვახერხებ“, – ამბობს ნიაზი.

მოგზაურობა მისი მთავარი მუზაა. თურმე თბილისიდან გასვლა, მოგზაურობა ტვინს მაგრად ხსნის და ადამიანს ფიქრში ეხმარება. მომღერლის ფრანგი ბებია და ბიძა პარიზში ცხოვრობენ, ისიც ბავშვობისას არდადეგებზე ხშირად ჩადიოდა პარიზში. დღეს კი ნიაზი ფრანგულ სოფლებში მოგზაურობაზე ოცნებობს, სადაც, მისი შეხედულებით, უდიდესი კულტურაა და მას უნდა შეეხო. თუმცა მუსიკოსს არასოდეს უფიქრია საფრანგეთში დარჩენაზე. მას მიაჩნია, რომ მთლიანობაში, იქაც კარგია და აქაც.

„33ა“–ს ახალი ალბომი „გზა“ სავარაუდოდ, ოქტომბერში გამოვა. ნიაზის აზრით, სიმღერების კონსტრუქცია, წინა ალბომებთან შედარებით, უფრო გამჭვირვალე იქნება. მასში აჟღერდება როიალიც. ჯგუფის ფრონტმენი გულახდილად აღნიშნავს, რომ მუსიკაში ჩაღრმავებისას ყველაზე მეტად როიალთან ისიამოვნა.

მას მიაჩნია, რომ გიტარა უფრო რიტმის დამჭერი, ზურგი, დამხმარე ინსტრუმენტია, ხოლო როიალი ოკეანესავითაა. მიუხედავად იმისა, რომ გიტარაც მაგრად უყვარს, ამჩნევს, როიალს მეტი შესაძლებლობები აქვს და უფრო მუსიკალურია. ალბომში სიმღერები აჟღერდება როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ ენაზეც. ერთ ასეთ ფრანგულ–ქართულ სიმღერას შეასრულებენ თავად ნიაზ დიასამიძე, ნინო ქათამაძე („ინსაითი“) და რობი კუხიანიძე („აუტსაიდერი“). მისი აზრით, ეს სიმღერა ძალიან მაგარი გამოვა.

ბლიც–ინტერვიუ

– ნიაზ, როგორ მოქმედებს შენს შემოქმედებაზე საქართველოში მიმდინარე სოციალურ–პოლიტიკური მოვლენები?

– ჩემს შემოქმედებაშიც, ალბათ, იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჩემს პირად განცდებზე მოქმედებს ისიც, რაც საკუთარ თავში ან ოჯახში ხდება და ძალიან დიდი პროცენტი აქ მიმდინარე მოვლენებისა განაპირობებს იმას, რასაც ვაკეთებ. ეს მოვლენები, რა თქმა უნდა, ჩემს ყოველდღიური ცხოვრების სტილზეც მოქმედებს, მაგრამ მიზანს ვერ შემაცვლევინებს, რადგან ჩემი ცხოვრების რიტმი მაქვს.

– რას გულისხმობ მიზანში?

– მიზანში ერთობის მიღწევას ვგულისხმობ, ანუ ადამიანების პრინციპების, გაგების ერთობაზე ვლაპარაკობ. შესაძლოა შენ ყვითელი ფერი გიყვარს და მე – მწვანე. მაგრამ ადამიანებს რაღაც საერთო ფასეულობა უნდა გვქონდეს. ეს არ არის რაღაც რეჟიმი, რომ ყველა გაწითლდეს. ეს უფრო შინაგანი გვერდში დგომა, ერთობაა.

– ხომ არ გგონია, რომ საქართველოში ფასეულობები იკარგება?

– მე მგონი ფასეულობები საერთოდ დედამიწაზე იკარგება. მთელ მსოფლიოსთან შედარებით, ჩვენთან კიდევ უფრო დალაგებული სიტუაციაა, მაგრამ დღეს ჩვენც იგივე ხაზს მივყვებით, რადგან ბლომად მოხდა იმედების გაცრუება, ნდობის დაკარგვა. ამის შედეგად საკუთარ თავში ჩაკეტვის ტენდენცია გაჩნდა, ანუ ამოქმედდა პრინციპი: „მართალია, მე სხვაც მიყვარს, მაგრამ მთავარი მაინც მე ვარ“.

– რამდენად ეხება ეს შოუ-ბიზნესს?

– ბოლომდე. ვიღაცაზე ცუდის თქმაც არ არის სწორი, რადგან ის, ასე თუ ისე, მაინც შრომობს. როდესაც ბოლოდროინდელი სიმღერების ტექსტებს ვუსმენ, მგონია, რომ ყველა მათგანს ერთი ბეჭედი აქვს დარტყმული. მართალია, ბეჭდის დარტყმასაც შრომა უნდა (ბეჭედი ხელით უნდა აწიო, მელნიან ბალუშში ჩააწო და მერე დაარტყა), მაგრამ ეს ხომ შინაგანად ძალზედ ზედაპირულია. ეს სიმღერები ძალიან იაფფასიანია. უფრო ადვილი ბიზნესია. ერთ კლიშეზეა ყველაფერი აწყობილი. მინი-დისკმა კომპაქტ-დისკისგან განსხვავებით, ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. დღეს ყველაფერი ჩვენს შოუ–ბიზნესში ამ მინი-დისკზეა აგებული. ჩადებ პლეერში და მორჩა, შეგიძლია მხოლოდ პირი დააღო.

– ნიაზ, რას ნიშნავს შენთვის სამშობლო?

– სამშობლო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პირველ რიგში, ეს ხალხია, დანარჩენი, ის პეიზაჟებია, რომელიც გიყვარს, რადგან შეჩვეული ხარ. როგორც საკუთარი ხელებია შენი, ისევე შენია შენი ქუჩაც. მთავარი კი მაინც ხალხია. როგორი ხალხიც ცხოვრობს, ისეთივე სამშობლო გაქვს.

– გავიგე შენ და „აუტსაიდერელი“ რობი კუხიანიძე ველოსიპედებით აპირებთ ბათუმში ჩასვლას...

– ეს რობერტას აზრია და არა ჩემი. მან დაიჩემა ველოსიპედებით წავიდეთო, მაგრამ ამისთვის ჩვენ ჯერ მზად არა ვართ. ამაზე ერთ ჟურნალისტს ველაპარაკეთ, ისიც ადგა და პირდაპირ დაბეჭდა, მიდიანო. არადა, ასე გადაწყვეტილად არაფერი გვითქვამს.

– ნიაზ, შენი აზრით, არასპორტსმენ მუსიკოსებს ლოთებს რატომ ეძახიან?

– ამქვეყნად ერთხელ იბადები და თუ მგრძნობიარე ადამიანი ხარ, ვარიანტი არ არსებობს, არ დალიო. მით უმეტეს, თუ ლექსს წერ, ე. ი. ტირილიც, სიცილიც და რაღაცის დანახვაც შეგიძლია. ალკოჰოლი და ასეთი რაღაცეები უბრალოდ გეხმარება, უფრო სწორად, გგონია, რომ გეხმარება. მერე ხვდები, რომ კი არ გეხმარება, უბრალოდ, შეეჩვიე და სვამ. ეს ილუზიაც არის და თან სიამოვნება. ისე კი, პატარა, ხუთკაციან კაი ქეიფს რა ჯობია?!

No comments:

Post a Comment