ბაზარში ნაპოვნი საგალობლები იღუმენმა ექვთიმემ გადაათეთრა და მიწაში ჩაფლა
შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ უცნობილესი ქართული საგალობლები "წმინდაო ღმერთო", "უფლის ლოცვა" და სხვა მცირე საგალობლები შექმნილია სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, ანუ ძველ კანონიკურ ტექსტზე (ლოცვაზე) უწმინდესმა და უნეტარესმა, ძველი ქართულით რომ ვთქვათ – მუსიკა დაადო. ეს საგალობლები პატრიარქს წლების უკან შეუქმნია.
თანამედროვე თუ უძველესი ქართული საგალობლებით დაინტერესებული "ახალი ვერსია" შეხვდა და ესაუბრა საპატრიარქოს გუნდის რეგენტს სვიმონ ჯანგულაშვილს. გვსურდა ამავე გვერდზე პატრიარქის მიერ მუსიკადადებული საგალობლების ნოტებიც მოგვეთავსებინა, მაგრამ თავად კათალიკოსმა ეს არ ისურვა. საპატრიარქოს გუნდის რეგენტმა უწმინდესის ეს გადაწყვეტილება მისი თავმდაბლობით ახსნა.
სვიმონ ჯანგულაშვილმა ჩვენთან უძველესი და თანამედროვე ქართული საგალობლების შესახებ ისაუბრა.
– საეკლესიო გალობა, ხატწერა თუ არქიტექტურა არ არის ხელოვნება – ამ სიტყვის მკაცრი და ვიწრო გაგებით. ეს არის ღვთისმეტყველება, რომელსაც თავისი სფეციფიკა აქვს. როგორც ყველა არქიტექტორს არ შეუძლია მართლმადიდებლური ტაძრის დაპროექტება და ყველა მხატვარს არ შეუძლია შექმნას ხატი (ამ ცნების ნამდვილი გაგებით), ასევე არ შეუძლია ყველა კომპოზიტორს საგალობლის დაწერა, თუნდაც ის დიდი ოსტატი იყოს, რადგან მისი ნაწარმოები შეიძლება რელიგიური მუსიკა და არა გალობა აღმოჩნდეს.
საგალობელს თავისი კანონიკა აქვს. გალობა პირდაპირ უნდა ხსნიდეს ტექსტის სიღრმეს, სულიერებას და ის უფრო კარგად უნდა გადმოსცემდეს სიტყვის აზრს, მადლს. ძველი ქართული გალობა ამის საოცარი მაგალითია. სასიხარულო და დასაფასებელია, რომ ჩვენი კომპოზიტორები წერენ საგალობლებს, მაგრამ ქართულ გალობას სულ სხვა სპეციფიკა აქვს და მისი დაწერისას კანონიკას უნდა იცნობდე.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია შემოქმედის სულიერი სამყარო. საეკლესიო ხელოვნება არის თავისუფლება, რომელიც რაღაც კანონის ფარგლებშია მოქცეული. შეიძლება ადამიანი არ იყოს კომპოზიტორი, მაგრამ საგალობელი დაწეროს. მე-20 საუკუნის ბოლოს საგალობლებს წერდნენ ღვაწლმოსილი კომპოზიტორები: იოსებ კეჭაყმაძე, პავლე ბერიშვილი, ნოდარ კიკნაძე, მაგრამ კანონის დაცვით საგალობელზე ხმის დადება რამდენიმე ადამიანს შეუძლია. ესენი არიან ანჩისხატის გუნდის რეგენტი, კონსერვატორიის პედაგოგი მალხაზ ერქვანიძე და აგრეთვე, კონსერვატორიის პედაგოგი დავით შუღლიაშვილი.
– როგორ იწერება საგალობლის ტექსტი?
– შუა საუკუნეებში ჰიმნოგრაფი მუსიკასაც და ტექსტსაც წერდა. დღეს კი თუ არ არის ახალი წმინდანი ან ახალი დღესასწაული, ახალი ტექსტი არ იწერება. უმთავრესად ძველ ტექსტზე ხდება კანონიკური მუსიკის დადება. საგალობლის მუსიკა სხვადასხვა მოდუსისაგან შედგება და ის მოზაიკასავით იკინძება. უნდა ვიცოდეთ, რომელი მოდუსი რომელ მარცვალს უნდა დაედოს, მიუხედავად ამისა, ხმის დადების წესი არ გამორიცხავს გარკვეულ იმპროვიზაციურობას. საერთოდ, გალობას თავისი კანონიკური მელოდიები აქვს და ეს მელოდიები ზმნანაწილად, ანუ რვა ხმად იყოფა. წლის სხვადასხვა დროს და დღეს სხვადასხვა ხმა იგალობება. ახალ ტროპარზე გალობის მცოდნემ უნდა აიღოს, ვთქვათ, პირველი ხმის მუსიკა და დაადოს მას.
– როგორი გზა გამოიარა უძველესმა ქართულმა საგალობელმა და როგორ ააღორძინა ის ჩვენმა პატრიარქმა მე-20 საუკუნის ბოლოს?
– გასული ორი საუკუნე ერთ-ერთი უმძიმესი ხანა იყო ქართული ეკლესიისათვის, რადგან ამ პერიოდში თვითონ მართლმადიდებელი ანადგურებდა ეკლესიას.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მე-19 საუკუნეში რუსი სასულიერო პირები, მეფისნაცვლები, ეგზარხოსები და გარუსებული ქართველები ქართულ გალობას ძაღლის ყეფას და თხის კიკინს ეძახდნენ.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მაშინ უკვე ძალიან ცოტამ იცოდა ქართული გალობა, რომელიც სასულიერო გვარებმა შემოინახეს. მათ მე-19 საუკუნის ბოლოს საგალობლები ნოტებში ჩაწერეს. ეს უდიდესი საქმე ეპისკოპოსებმა, ალექსანდრე ოქროპირიძემ, გაბრიელ ქიქოძემ და ილია მართალმა დააგვირგვინეს. მათ 8000-მდე საგალობელი ნოტებში ჩაწერეს და გადაარჩინეს.
კომუნისტების მოსვლისას ეს ნოტები იღუმენ ექვთიმე კერესელიძის ხელში აღმოჩნდა. მან ისინი გადაწერა, მაგრამ წაართვეს. მოგვიანებით ნოტის ფურცლები ბაზარში აღმოაჩინეს. მასში გამყიდველები ხორცს ახვევდნენ. იღუმენმა ის ხელახლა გადაათეთრა 28 ტომად და შესანახად ზედაზნის მონასტრის ეზოში ჩაფლა, სადაც ის იყო წინამძღვარი. ეს ნაშრომი ახლა ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.
ამ საქმეში ბოლო მოჰიკანი ბ-ნი ანზორ ერქომაიშვილის ბაბუა არტემ ერქომაიშვილი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში 2000 საგალობელი ზეპირად იცოდა. მან ეს საგალობლები კახი როსებაშვილს ჩააწერინა. ძველი საგალობლის შემონახვაზე უზარმაზარი ღვაწლი ანზორ ერქომაიშვილმა და მისმა კოლეგებმა, მათ შორის, თემურ ქევხიშვილმა გასწიეს. ისინი ამ საგალობლებს თვით კომუნისტების დროსაც ასრულებდნენ, როდესაც ეს სასტიკად იყო აკრძალული.
როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II პატრიარქად აკურთხეს, მან მაშინვე სიონში ქართული გალობის გუნდი დააყენა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს საგალობლები ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახებოდა. 1988 წელს კახი როსებაშვილმა თავისი სტუდენტები გაგზავნა აღნიშნულ ინსტიტუტში. მალხაზ ერქვანიძემ და დავით შუღლიაშვიმა უძველესი ქართული გალობები შეისწავლეს და პატრიარქს მოასმენინეს, რომელსაც საოცარი აღტაცება გამოუხატავს და მისი კურთხევით ეს გუნდი ანჩისხატის ეკლესიაში დადგა. მერე აღნიშნული გუნდი სიონშიც გალობდა. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა ტაძრებშიც ჩამოყალიბდა მსგავსი გუნდები. მანამდე კი ტაძრებში ევროპული ჰარმონიით გაჯერებული საგალობლები იგალობებოდა.
პატრიარქს ძალიან სურს აღდგეს ძველი ქართული გალობა. მას სურვილი აქვს, სამების მშენებარე საკთედრო ტაძარში შექმნას ქართული გალობის უმაღლესი სკოლა. ჩვენი გუნდიც მისი ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, რომელიც სწორედ სამების ტაძარში დასადგომად ემზადება. ეს იქნება ასკაციანი გუნდი, რომელიც მიმოგდებით იგალობებს, ანუ ტაძრის ორ მხარეს 50-50 კაცი განთავსდება. ჩვენ ძველ ქართულ სამხმოვან გალობას შევასრულებთ, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იქ თანამედროვე საგალობლებიც შესრულდება.
თავად პატრიარქის საგალობლებში საოცრად ჩანს მადლი, სიმშვიდე, სიყვარული და პატიოსნება. ვინც კი უწმინდესს იცნობს, ყველამ იცის, რომ ის საოცრად თავმდაბალი ადამიანია და მისი შექმნილი საგალობლები სწორედ ამ თავმდაბლობით სუნთქავს.
No comments:
Post a Comment