„ახლა ეს ხატი ურწმუნოს, გველეშაპს ჰყავს დაპატიმრებული“
ქართულ ეკლესიასა და მუზეუმს შორის გრძელდება პოლემიკა საკითხზე, დაუბრუნდეს თუ არა საპატრიარქოს საეკლესიო სიწმინდეები, რომლებიც დღეს მუზეუმებში ინახება. მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის საცავიდან მუზეუმის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ამოაბრძანეს „დედაქალაქ ქუთაისის (პალიასტომის) ღვთისმშობლის ხატი“, რომელიც ათიათასობით მორწმუნემ ბაგრატის ტაძარში დაასვენა. სავარაუდოდ, ხატი 900 წლისაა და მაშინ შეიქმნა, როცა ქუთაისი გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი იყო. ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს თქმით, პარაკლისის გადახდის შემდგომ ხატი გაბრწყინდა. მეორე დღეს ხატი ისევ მუზეუმს დაუბრუნდა.
მიხეილ ნიკოლეიშვილი (ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი): „ეს ხატი საცავიდან გუბერნატორის თხოვნით საჩვენებლად გამოვიტანეთ. ეს აღარ განმეორდება. ხატის გამოტანა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა, რომელსაც გარკვეული მიზანი ჰქონდა. ბაგრატის ტაძარი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა და ეს ხატი მასთან არის დაკავშირებული.
რა თქმა უნდა, ეკლესია ამ ხატის ბატონ–პატრონია, მაგრამ, როდესაც ხატი ისტორიის საკუთრება ხდება, მისი ადგილი მუზეუმშია. ზოგი ტყუილად ფიქრობს ხატების უკან დაბრუნებაზე. ახლა რომ ეკლესიები შენდება, ოსტატებმა ახალი ხატები უნდა შეჭედონ, დახატონ და მიიტანონ ტაძრებში. რაც მუზეუმშია – ისტორიის საკუთრებაა. მათ 2 000–3 000 წელს უნდა გაძლონ. მათზე ოდნავი შერხევაც კი ცუდად მოქმედებს. მათ სპეციალურ პირობებში ვინახავთ, სადაც საიმედოდ არიან დაცული. ეკლესიაში კი ასეთი პირობების შექმნა შეუძლებელია.
სვანეთის ერთ–ერთი ეკლესიის იღუმენი ამბობდა: „ვინც ჩემს შემდეგ ამ ეკლესიის იღუმენი იყოს, კვამლისაგან დაიცავ, ფერი არა დააკლდესო“. ჩვენს ეკლესიებში სანთლებისგან კვამლი დგას. ეს ტემპერატურა ფრესკებსაც აზიანებს. ეს ხატი ხელოვნების ნიმუშია“.
ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე: „წმინდა ეკლესიაში დაბრძანებული ხატები მადლმოსილი ხატები არიან, რომელთაც საუკუნეების მანძილზე მრავალი სასწაული მოუხდენიათ. ბოროტი ძალა გრძნობს მათ სიდიადეს, ღვთის მადლმოსილებას და მათ განადგურებას ცდილობს. საქართველოში სიწმინდეების დევნა ხდება ურწმუნო ათეისტების მიერ. ხატი რაც ძველდება, მით მეტი მადლი გადმოსდის. როდესაც 1990 წლის მარტში ჩვენ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტები ჩამოვიტანეთ, აპრილის თვეში მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ ისტორიული 183–ე დადგენილება მიიღო, რომლის თანახმად ეკლესიამ დამოუკიდებლად უნდა აწარმოოს საქმიანობა. ერთ–ერთი მუხლის მიხედვით კი ეკლესიის უძრავ–მოძრავი ქონება ეკლესიის საკუთრებად უნდა გამოცხადდეს. ეს ათეისტი კულტურისტები ყველა კანონს უარყოფენ, თავი ცოდნიტ მოაქვთ, მაგრამ სულიერება მათთვის წარმოუდგენელია. ავიწყდებათ, რომ ხატი ტაძრისთვის არის შექმნილი. ცოდნა ეშმაკსაც აქვს, ჩვენ განათლებული ცოდნა გვჭირდება. ზემოთ მოყვანილი კანონი ჯერჯერობით არ შესრულებულა და ეს ქვეყნისთვის უბედურებაა.
„დედაქალაქ ქუთაისის (პალიასტომის) ღვთისმშობლის ხატი“ ახლა ურწმუნოს, გველეშაპს ჰყავს დაპატიმრებული. ეს ყველა ადამიანზე არ ითქმის. მუზეუმის თანამშრომლები პატიოსანი, წესიერი ხალხია. მათ ჩვენი თანადგომა სურთ, მაგრამ ვიღაც ურწმუნო დღემდე გონს ვერ მოეგო, რომ ხატი პატრონს, მრევლს დაუბრუნოს. მათ მადლი ჰყავთ დაპატიმრებული“.
მიხეილ ნიკოლეიშვილი: „1923 წელს კომკავშირლებმა ქუთაისი საკათედრო ტაძრიდან, სობოროდან (დღევანდელ აღმაშენებლის მოედანზე იდგა) ეკლესიის სიწმინდეები გარეთ გამოიტანეს. ისინი მათ ფეხით თელავდნენ და ხალხს უყვიროდნენ – აბა, რამე გვიქნასო. მაშინ, სწორედ ქუთაისის მუზეუმმა გადაარჩინა ეს სიწმინდეები. ჩვენ მოველოდით, რომ ეკლესია მადლიერი იქნებოდა. აღნიშნული ხატი ბოლოს ამ სობოროში ესვენა (ტაძარი კომუნისტებმა მთლიანად დაანგრიეს).
ხატი გარეთ გატანის შემდეგ არ დაზიანებულა, რადგან ჩვენ თვალყურს ვადევნებდით. ხატი მინაში იდო დალუქული, მას პირდაპირ ვერავინ შეეხებოდა. ამას ჩვენ ვერ დავუშვებდით. ეს უძველესი ხატია, რომელიც მე–16 საუკუნეში განახლდა.
მე ვფიქრობ, რომ დაბადებისთანავე სიძველეების მოვლა–პატრონობა დამებედა. მართალია, ეკლესიის მსახური არა ვარ, მაგრამ ამ წიგნებს, ხატებს, სიწმინდეებს რომ ვიცავ, მიმაჩნია, რომ ღვთის საქმეს ვაკეთებ. ეს ხომ ღვთის სამსახურია, მის სიწმინდეებს რომ ველოლიავები?“
მეუფე კალისტრატე: „დედაქალაქ ქუთაისის (პალიასტომის) ღვთისმშობლის ხატით“ დავით აღმაშენებელმა დიდგორში გამარჯვება იზეიმა. გადმოცემის თანახმად, ეს ხატი ქუთაისში შეიქმნა. შემდეგ ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში გადააბრძანეს. ამ ტაძრის წინამძღვარ სილიბისტროს ზეგარდმო ეუწყა, რომ ცოდვების გამო ეს ქალაქი წყალში ჩაიძირებოდა და ებრძანა, აღნიშნული ხატი ქუთაისის სიონში, ანუ ბაგრატის ტაძარში გადმოესვენებინა. მერე ეს ქალაქი მართლაც წყალში ჩაიძირა. ღვთის განგებით ჩაძირული ციხე-ქალაქიდან ხატი ჰაერზე მოდიოდა. წინამძღვარი სასწაულის ნახვის შემდეგ მუხლებზე დაეცა და ხატი მის ხელებში მიესვენა. მან ხატი ქუთაისში ჩამოაბრძანა.
ეს ხატი რომ არსებობდა ზოგადად ვიცოდი, მაგრამ დეტალურად არ ვიცნობდი. როცა გავიგე, რომ ეს ხატი მუზეუმში ბრძანდებოდა, ბ–ნ თეიმურაზ შაშიაშვილს ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ ღვთისმშობლის მიძინების წინა საღამოს ერი და ბერი ამოაბრძანებდა მას ამ მუზეუმიდან. მართლაც ასე მოხდა. მე ამ ხატს წინ დავხვდი, შევეგებე და ხელახლა ვაკურთხე, რადგან ბევრი მწვალებლის ხელში გამოიარა. ხატი გაბრწყინდა მას შემდეგ, რაც პარაკლისი გადავუხადე. ის მთელი ღამით, დაცვის თანხლებით იქ ბრძანდებოდა. ხატის უკან, მუზეუმში დაბრუნება ჩემთვის სიკვდილზე მეტი იყო, ამიტომ ღვთისმშობლობისას, 21 სექტემბერს არ მინდა ის ისევ ამოვაბრძანოთ, თუ ეკლესიაში არ დარჩა.
ჩვენ შევქმნით ხატების საცავებს, მაგრამ ძალიან სასწრაფოდ ეკლესიის ქონება საპატრიარქოს უნდა გადმოეცეს. ვინც ამის წინააღმდეგია, ის ჭეშმარიტი განათლების მოწინააღმდეგეა. ეკლესიას, ერს, საკუთარი საგანძური უნდა დაუბრუნდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და „პალიასტომის დედაქალაქ ქუთაისის ღვთისმშობლის ხატმა“ დალოცოს სრულიად საქართველო“.
+++ ამინ!!! ++++
ReplyDelete+++ დიდება და ძალიან დიდი მადლობა უფალსა და დედა ღვთისასა სულ ყველაფრისთვის, ამინ!!! ++++
ReplyDelete+++ დიდება უფალსა და დედას ღვთისასა, ამინ!!!!!!! ++++
ReplyDelete