Tuesday, January 29, 2002

ო და ოო აჩიკო მეფარიძისა და თამუნა ამონაშვილის შემოქმედებაში

სიმღერა-გოდება ადამიანზე, რომლის სქესის დადგენა ვერ ხერხდება

დღეიდან „ახალი ვერსია“ იწყებს ჯერჯერობით უპრეცედენტო ჰიტ-პარადს – თქვენ საშუალება გექნებათ გაეცნოთ მასების საყვარელი ჰიტების ტექსტების ფსიქო-სომატურ დახასიათებას.დღეს ჩვენ განვიხილავთ საქვეყნოდ ცნობილ უკვდავ სიმღერას „მაპატიე“, რომელსაც ასრულებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები აჩიკო მეფარიძე და თამუნა ამონაშვილი (ეს არის დუეტი). პირველ რიგში, გთავაზობთ მთლიან ტექსტს:

მაპატიე

ო! რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება,
ეს უსასრულო ლოდინი
მაპატიე, მაპატიე.
სად გეძებო, სად?
რა ჩუმად წახვედი,
არ მასვენებენ წარსულის ლანდები,
შენ ცრემლიანი დამალე თვალები,
როცა მოვიდნენ განშორების ქარები.
შორს, ძალიან შორს მიდის მოგონება,
გთხოვ დამიბრუნდი, გული გელოდება,
წუხს მონატრება ლოდინით დაღლილი,
შენ ვერ გაიგე ჩემი გულის ძახილი.
(მისამღერი):
ო! რამდენი რამე მახსენდება
და ღამე ფიქრებში გათენდება,
ეს უსასრულო ლოდინი მაპატიე.
მღერიან მონატრების ბგერები
და ახლა ოცნებას ვერ ველევი,
ოო! სევდას ვეღარ ვიტევ!
შენ გეძახი შენ, დღეები მიდიან,
ცა სევდიანი ეს ჩემი ფიქრია.
ის შენ იყავი ლამაზი სიზმარი,
ისე წახვედი, არაფერი მითხარი.
(მისამღერი):
და ისევ ჩუმად მიმეორებს ქარი შენს სახელს
სადა ხარ ახლა, ნეტავი სიზმრად მენახე,
მაპატიე.

ფსიქოსომატური დახასიათება

ლექსში გადმოცემულია უიღბლო სიყვარულის ამბავი. ავტორი, რომელიც დაქირავებული, პროფესიონალი პოეტი გახლავთ, სათაურშივე აცხადებს, რომ ითხოვს პატიებას, მაგრამ არც ლექსში და არც მითუმეტეს სათაურში არ ჩანს რა დანაშაული მიუძღვის ან მას (ტექსტის ავტორს), ან მომღერალს, ან მათ სავარაუდო გულისსწორს.

ქმნილება იწყება ყველა გულდათუთქული მიჯნურისათვის დამახასიათებელი შორისდებულით „ო“. ეს იმთავითვე ქმნის ამაღლებულ და ტრაგიკულ განწყობილებას, რაც, ალბათ, ავტორის აზრით, ასეთი ტიპის „სატრფიალო“ სიმღერისათვის სრულიად აუცილებელია.


















ხანგრძლივი, ქანცგამცლელი მუშაობის შემდეგ ჩვენ შევძელით ჩავწვდომოდით ამ უთუოდ საკაცობრიო ღირებულების მქონე პოეტური ქმნილების ზოგიერთი ფრაგმენტის აზრს (სამწუხაროდ, ლექსის დედა-აზრის გაგება ვერ მოხერხდა) და თავს უფლებას ვაძლევთ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი ზოგიერთი დაკვირვება:

ტექსტიდან ჩანს, რომ ავტორი და შესაბამისად შემსრულებელიც მისტირის ადამიანს, რომლის სქესის დადგენა, ჩვენდა სავალალოდ, ვერ მოხერხდა. ის „ჩუმად წავიდა“ მაშინ, როდესაც მოვიდნენ „განშორების ქარები“. წასვლის წინ აღნიშნულმა პიროვნებამ თვალები დამალა, თუმცა გაურკვეველია სად და რა მოტივით. მასთან ერთად ავტორისგან მიდის მოგონებაც, თანაც ძალიან შორს. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კრიტიკულ მომენტში (შესაძლოა დღეებშიც) მასთან ვიღაც მაინც რჩება.

ეს გახლავთ მონატრება!

თუმცა დაზარალებულისათვის ეს დიდი ვერაფერი შვებაა, რადგან იმის მაგივრად, რომ გაამხნევოს და სულიერად გვერდში ამოუდგეს მეგობარს, ის დაღლილია, წუხს („წუხს მონატრება ლოდინით დაღლილი“) და ამით ლირიული გმირის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ამის შემდეგ იწყება მისამღერი და ისევ და ისევ შორისდებულით „ო“. ეს დრამატურგიულად კრავს კომპოზიციას და აძლიერებს მის ემოციურ ასპექტს, აგრეთვე, ხსნის პერსონაჟთა რთულ და წინააღმდეგობრივ ხასიათებს. და აი, სიუჟეტი იძაბება. მონატრება, რომელიც აქამდე ვითომ და სწუხდა მეგობრის ბედზე, მოულოდნელად თავად ამღერდება („მღერიან მონატრების ბგერები“). იკვრება სამკუთხედი. ეს კიდევ უფრო ამძიმებს მთავარი გმირის ფსიქო-სომატურ მდგომარეობას, რომელიც „სევდას ვეღარ იტევს“ და აღმოხდება გულისგამგმირავი, ახლა უკვე გაორმაგებული „ოო“, რაც უდავოდ სიმღერის შინაარსობრივ და ემოციურ კულმინაციად შეიძლება ჩაითვალოს.

ეს უკვდავი ნაწარმოები რიგითი, გიტარაზე დასაღიღინებელი სიმღერა იქნებოდა, რომ არა ის ყოვლისმომცველი კოსმიური მარტოობის შეგრძნება, რომელიც გადმოცემულია მსოფლიო პოეზიისათვის დღემდე არნახული ფორმით: ავტორს მიატოვებს არა მხოლოდ გულისსწორი და მასთან დაკავშირებული მოგონებები, არამედ დღეებიც („დღეები მიდიან“). რჩება მხოლოდ წარსულის ლანდები, რომლებიც ისევე არ ასვენებენ მას, როგორც დანიის პრინც ჰამლეტს მამის აჩრდილი („არ მასვენებენ წარსულის ლანდები“). მკითხველს (მსმენელს) წინათგრძნობა ეუფლება, რომ ავტორი (შემსრულებელი) შეიძლება წარსულის ლანდებმაც მიატოვონ და ისეთივე მიუსაფარი დარჩეს, როგორც მეფე ლირი, რა თქმა უნდა – ყველასგან მიტოვებული.

ეჭვგარეშეა, ეს ნაწარმოები თავის ადგილს დაიმკვიდრებს მსოფლიოს ლიტერატურის საგანძურში, თუნდაც იმიტომ, რომ იგი განსხვავდება დღემდე დაწერილი ყველა სიმღერისგან. თუ მსოფლიოში დღემდე შეთხზულ ყოველ სიმღერაში მინიშნებულია თუ ვინ ვის უმღერის (კაცი ქალს, ქალი კაცს და ა. შ.), ჩვენს შემთხვევაში კი მუსიკალური ოპუსი აბსოლუტურად უსქესოა და ამდენად ყოველივე მიწიერისაგან (ბიწიერისაგან) ამაღლებულია. არამიწიერი და უსასრულოა ის ლოდინიც, რომლის პატიებასაც იგი ასეთი არაამქვეყნიური კეთილშობილებით ითხოვს.

© ჰუმანოიდი და მელომანი

No comments:

Post a Comment