დღეს დილით, როცა ტელევიზორში Mtv-ზე ახალ კლიპებს ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ ისინი უკვე მოძველდა. ძალიან სექსუალური, ნახევრადშიშველი მომღერალი ქალი ძველმოდური მომეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რიტმებზე მღეროდა და უკანალსაც ტაქტში იქნევდა. ტელევიზორის ეკრანს ფერები მოვაშორე და ცხადად ვიგრძენი, რომ ეს ახალთახალი სიმღერა უკვე ძველ ჰიტად იქცა და უცნაური ნოსტალგიაც კი მომეძალა. ამ მომხიბვლელი, სექსუალური მომღერალი ქალის ღია ნაცრისფერ თვალებში სევდა ამოვიკითხე.
როდესაც ეკრანზე მეორე არანაკლებ ენერგიული ახალი სიმღერა გაეძრო, იგივე შეგრძნება დამრჩა. გამოსახულება გავაფერადე, მაგრამ ნურას უკაცრავად, ეს კლიპი ისედაც შავ-თეთრი ყოფილა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღევანდელი მომღერლები ამ ახალ ჰიტებში რაღაცას ემშვიდობებოდნენ.
ფანტაზია დავძაბე, თვალები დავხუჭე და დროში 50 წლით – 2052 წელში გადავინაცვლე. როდესაც თვალები გავახილე გამახსენდა, რომ 50 წლის წინ რაღაც მოხდა. ტელევიზორი ისევ Mtv-ის უჩვენებდა. საათნახევრის განმავლობაში ეკრანისთვის თვალი არ მომიწყვეტია და გავოცდი. ასეთი სიმშვიდე სიმღერებში არც კი მახსოვდა თუ არსებობდა. ქალები კვლავ ლამაზები იყვნენ, მაგრამ აღარ ჰქონდათ გაშიშვლებული სხეულის პიკანტური ნაწილები. ისინი წყნარი, არავნებიანი სახეებით აუღელვებლად უმღეროდნენ თავიანთ სატრფოებს. მსგავსად იქცეოდნენ მკაცრ სტილში ჩაცმული ბიჭებიც. სადღა იყო ხმაურიანი მუსიკა, ელექტროგიტარები?!
ფანჯარასთან მივედი, გადავიხედე და თვალში არაბუნებრივი სიმშვიდე მეცა. ლარივით გაჭიმულ პროსპექტზე უხმაუროდ დაჰქროდნენ ალბათ მზის ენერგიაზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა მსუბუქი მანქანები და მინიბუსები. ცაში კი კოხტა პლანერები დანარნარებდნენ.
შენობიდან ქუჩაში გამოვედი. პირველივე შემხვედრმა მამაკაცმა შლაპა მოიხადა და თავი დამიკრა. შეცბუნებულმა თავის დაკვრითვე ვუპასუხე. თითოეული შემხვედრი თბილისელი: ქართველი, ებრაელი, სომეხი თუ რუსი მიღიმოდა. მოკრძალებულად ჩაცმული ლამაზი გოგონები თავაზიანად მესალმებოდნენ. ავნერვიულდი რა ხდება მეთქი და გამახსენდა, რომ სიგარეტი შინ დამრჩა. დიდ გასტრონომში შევედი სიგარეტს ვიყიდი მეთქი, მაგრამ „რა სიგარეტი, რის სიგარეტი? ასეთი რამ არც კი გამიგიაო“ – მომიგო 17-ოდე წლის პირზე ღიმილმფინარე გამყიდველმა გოგონამ. აქ კი უკვე სერიოზულად ავღელდი და ხმამაღალი გინება დავიწყე. ყველა გაკვირვებული შემომცქეროდა თითქოს მათთვის გაუგებარ ენაზე ვლაპარაკობდი. წესრიგის დარღვევისათვის ორმა გაღიმებულმა, მაგრამ მუტრუკმა პოლიციელმა გარეთ გამომაცილა და გზა მშვიდობისა მისურვა.
გულის გადასაყოლებლად კინოთეატრში შევედი. ბატიბუტი და რატომღაც მწვანე ფერის „კოკა-კოლა“ უფასოდ ავიღე და შუა რიგებში მოხერხებულად დავჯექი. საშინლად მოსაწყენი ფილმი ვნახე შეყვარებულებზე, თუმცა დარბაზში ანშლაგი იყო. კინოსურათი ქართულ ენაზე გადიოდა და მთელი ფილმის განმავლობაში მიჯნურები რაღაც გულისამრევად ამაღლებულ გრძნობებზე საუბრობდნენ. ერთი ხმამაღალი სიტყვაც კი არ დასცდენიათ, ჩხუბსა და ალიაქოთზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. იმ დროს, როდესაც მთავარი გმირები საკურთხევლის წინ იდგნენ და ჯვარს იწერდნენ, კინოთეატრის დარბაზში ჩემს გვერდით მჯდომი ქალები და გოგონები ატირდნენ. ქორწინების შემდეგაც კი ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის არ უკოცნიათ, უფრო მეტიც, არც კი გაკარებიან ერთმანეთს. ფილმის მიწურულს კი ისინი ხელოვნური განაყოფიერების კლინიკაში მივიდნენ და ქერა გოგონა შეუკვეთეს. როდესაც ბედნიერი ქმარი მეუღლეს ლოყაზე ნაზად ეამბორა, დარბაზში ისეთი ქვითინი ატყდა, კინაღამ გული ამერია.
თავი ცუდად ვიგრძენი. ამდენი დაღრეჯილი მშვიდობიანი და თავაზიანი ადამიანის დანახვას წყობიდან გამოვყავდი. სახლისკენ წამოვედი და 50 წლის წინანდელ თბილისზე ვოცნებობდი. ჩემი ყურადღება გრანდიოზულმა სარეკლამო დაფამ მიიპყრო, სადაც უზარმაზარი ასოებით ეწერა: „მსოფლიოს მოქალაქეებო, გილოცავთ საერთაშორისო ტერორიზმზე გამარჯვების 50 წლისთავს“! აი, თურმე რა დაემართა ამ ხალხს – გავიფიქრე ჩემთვის და ირგვლივ მიმოვიხედე, სადაც საოცარი სიმშვიდე იყო გამეფებული. ქუჩებში აღარავინ არღვევს წესრიგს, აღარ სვამენ, აღარ ეწევიან. უკვე მომწყინდა აბსოლუტური ჰარმონია. ჩემს დაწყევლილ, მაგრამ ამავე დროს დალოცვილ არაადამიანურ დროში მომინდა დაბრუნება.
როდესაც დავბრუნდი, სული მოვითქვი და სიგარეტიც გავაბოლე. ოღონდ მითხარით, ჩემს აქ არ ყოფნაში ოსამა ხომ არ დაუჭერიათ?
No comments:
Post a Comment