გოგი გვახარიას ძალიან არ უყვარს ერთნაირ ადამიანებში ყოფნა
გოგი გვახარიას სახელი დღეს, პირველ რიგში, კინოსთან, თანაც სერიოზულ კინოსთან და მის კრიტიკასთან იგივდება. მის ტელეგადაცემებს ხშირად მოჰყოლია სკანდალი, რომელთა შორის ყველაზე ხმაურიანი იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს ტელეგადაცემა „სარკმელის“ აკრძალვა სახელმწიფო ტელევიზიის „I არხზე“. მას შემდეგ გოგი გვახარია „რუსთავი 2“-ზეა, სადაც არანაკლები სკანდალური რეპუტაციით სარგებლობს პირველი ქართული სატელეფონო ტელე თოქ-შოუ „ფსიქო“.
--------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
მცირე პრეს-დოსიე
--------------------------------
გოგი გვახარია დაიბადა 1957 წელს. დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ხელოვნებადმცოდნეა. გარდა „რუსთავი 2“-ისა მუშაობს რადიო „თავისუფლებაში“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. კინორეჟისორებიდან განსაკუთრებით ლუკინო ვისკონტი მოსწონს. ქართველი მუსიკოსებიდან სიამოვნებით უსმენს ირაკლი ჩარკვიანს და ჯგუფ „Soft Eject“-ს. ქართველი მწერლებიდან კი პირველ რიგში აკა მორჩილაძეს აფასებს. ძალიან მოეწონა ზურა მესხის „სპაზმები“, აგრეთვე, ზაზა ბურჭულაძის „სიმფსონები“. გოგი გვახარია არ აპირებს წიგნის გამოცემას, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ მისი გადაფურცვლისას შესაძლოა შერცხვეს და საერთოდ, თვლის, რომ აქტიურად ცხოვრობს მხოლოდ აწმყოთი.
გოგი გვახარია დაიბადა 1957 წელს. დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ხელოვნებადმცოდნეა. გარდა „რუსთავი 2“-ისა მუშაობს რადიო „თავისუფლებაში“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. კინორეჟისორებიდან განსაკუთრებით ლუკინო ვისკონტი მოსწონს. ქართველი მუსიკოსებიდან სიამოვნებით უსმენს ირაკლი ჩარკვიანს და ჯგუფ „Soft Eject“-ს. ქართველი მწერლებიდან კი პირველ რიგში აკა მორჩილაძეს აფასებს. ძალიან მოეწონა ზურა მესხის „სპაზმები“, აგრეთვე, ზაზა ბურჭულაძის „სიმფსონები“. გოგი გვახარია არ აპირებს წიგნის გამოცემას, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ მისი გადაფურცვლისას შესაძლოა შერცხვეს და საერთოდ, თვლის, რომ აქტიურად ცხოვრობს მხოლოდ აწმყოთი.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გოგი გვახარია: – ახალი წლის დადგომა ნამდვილად არ მიყვარს, რადგან არ მომწონს რიტუალები. შეიძლება ახალ წელს კომპიუტერთან შევხვდე. ისე, მინდა ვისურვო არსებობდეს ბევრი „ახალი ვერსიის“ მსგავსი გაზეთი – მარტო ერთი გაზეთი რომ არ იკითხოს კაცმა. დიდი სურვილი მაქვს არ არსებობდეს გაყიდული გაზეთები. ძალიან ცუდია, როდესაც ვგრძნობ, რომ ჟურნალისტი ვიღაცის აზრს ანუ დაკვეთილ აზრს იმეორებს. ბუნებრივია, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს სიმპათიები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. მართალი გითხრათ, მაღიზიანებს, როდესაც ჟურნალისტი ობიექტურობას თამაშობს და საკუთარი პირადი აზრის გამოთქმის ეშინია. ეს ბევრ გაზეთში ჩანს და ასეთი გაზეთების კითხვა არ მიყვარს.
– რამდენად რელიგიური ხართ?
– რელიგიური გადახრები ნამდვილად მაქვს. დეპრესიისას ბერად აღკვეცობაზეც კი მიფიქრია. იმის გამო, რომ ერთნაირი ადამიანების თავმოყრას გავურბივარ, ძალიან მიჭირს ხოლმე ეკლესიაში ყოფნა. ბევრს რელიგიური ადამიანი ბნელ პიროვნებად წარმოუდგენია, მაგრამ მე პირიქით, ნამდვილ რელიგიურ ადამიანებთან ძალიან მიადვილდება ურთიერთობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთები ცოტა შემხვედრია.
საერთოდ, ყველაზე ძალიან ჩემი საქმე მიყვარს. მართალი გითხრათ, საზოგადოებაში გათქვეფის დროც კი არა მაქვს. მუდამ განვიცდი დროის დეფიციტს. ვფიქრობ, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არა მაქვს, მაგრამ რომც მქონდეს, ალბათ, ეს ყველაზე დამღლელი იქნება. მიკვირს ხალხი როგორ ნახულობს დროს რესტორნებისათვის.
– თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ „ფსიქოში“ გამოხმაურებელ მაყურებელს უხერხულ მდგომარეობაში ჩაუყენებიხართ?
– რამდენჯერმე მთვრალებმა დარეკეს, რისგანაც არა ვართ დაზღვეულები, მაგრამ უხერხულ მდგომარეობაში უფრო მაშინ ვვარდები, როცა მაყურებელი ნაკლებად ღრმა აზრს გამოთქვამს. როცა ამ გადაცემის კეთება დავიწყე, ასეთების მიმართ ირონიას არ ვმალავდი, ამიტომ ხშირად გვითითებდნენ: ცინიკოსები ხართ და მაყურებელს კარგავთო. ეს გადაცემა შოუბიზნესის ნაწილია, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. უბრალოდ, ვისწავლე მოსმენა, რაც ყოველთვის მიჭირდა ხოლმე. ახლა მივხვდი, რომ ყველას უნდა მოუსმინო. მაყურებელი უფრო აქტიურობს, როდესაც სტუდიაში ან პოლიტიკოსი (მაქსიმალურად გავურბივარ მათ მოწვევას) ან ძალიან ნაცნობი სახე ზის.
– არასდროს გიფიქრიათ ხელოვნების სხვა დარგებზეც გაგეკეთებინათ გადაცემა?
– ამას ბევრი მირჩევს, მაგრამ საზოგადოება იმდენად პოლიტიზირებულია, რომ ხელოვნებასაც სოციალურ ჭრილში განიხილავს. ხალხს სუფთა ესთეტიკური პრობლემები ნაკლებად აწუხებს. ჩემთვის მასობრივი თოქ-შოუ უფრო ადვილი გასაკეთებელია, რადგან ხშირად მსურს სავარძლიდან წამოდგომა და გავლა-გამოვლა. მსურს უშუალო კონტაქტში შევიდე მოწვეულ სტუმრებთან. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებისაგან გარიყული ვარ, საკმაოდ კომუნიკაბელურიც ვარ. თუმცა ასეთი გადაცემის გეგმა ჯერჯერობით ტექნიკურად ვერ ხორციელდება, არც მე ვაქტიურობ, რადგან მსგავსი მასობრივი თოქ-შოუები, რაც საქართველოში კეთდება, არც ერთი მომწონს.
– ის დაძაბული სოციალურ-პოლიტიკური ფონი, რაც საქართველოშია, შემოქმედი ადამიანისთვის თუ შეიძლება იყოს ერთგვარი სტიმულიც?
– წესით უნდა იყოს, მაგრამ დაკვირვებული ვარ და ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ ჩვენი შემოქმედები, ცოტა არ იყოს, კონფორმისტები არიან. საერთოდ, კონფორმიზმი კარგად ჩანს დღევანდელ ქართულ კულტურაში. სხვათაშორის უიმედობაც და აპათიაც კონფორმიზმის გამოვლინებაა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ახალგაზრდები ხშირად ახსენებენ სიტყვას „დავიღალე“, ანუ პირველ რიგში, ადამიანს ეშინია, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გააკეთებს. მეორეს მხრივ კი ეს სიზარმაცის გამოვლინებაცაა. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს საკუთარი თავისადმი რწმენა არა აქვთ და აქედან ჩნდება ეს აპათია დღევანდელ ქართულ კულტურაში.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წესით და რიგით, მათ ასეთი შანსი, როგორიც დღეს აქვთ, შესაძლებელია აღარც მიეცეთ. ეს ქვეყანა უეცრად რომ აყვავდეს (რაშიც მე ეჭვი მეპარება), შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის მოდელი, სადაც დაიწყო მასკულტურის მომძლავრება და ჰოლივუდიზაცია. ამ შემთხვევაში ჩვენ საერთოდ უნდა დავემშვიდობოთ ტკივილს ხელოვნებაში.
სხვათა შორის, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც მე არ მქონდა ფილმის ეთერში გაშვებაზე პრობლემები თუნდაც სახელმწიფო ტვ-ში. 2-3 წლის განმავლობაში ხალხმა მართლა დაიწყო წარსულის გადაფასება და სულიერი კრიზისის აღიარება. 1997-98 წლებში რეაქციული პროცესები დაიწყო და კულტურაში კონსერვატორულმა ძალებმა გაიმარჯვეს. ეს ძალები ადრეც, კომუნისტების დროსაც ასეთები იყვნენ. მათი დამოკიდებულება წარსულისადმი, ისტორიისადმი და კულტურისადმი არ შეცვლილა, უბრალოდ, სიტყვები შეიცვალა.
ამას წინათ გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“, რომელიც ჩვენი გადასახადების ხარჯზე გამოდის, თითქმის ნახევარი გამოცემა სტალინს მიუძღვნა, სადაც ის დიდ ქართველად არის გამოყვანილი. ეს მე შეურაცხყოფად მივიღე. ის რომ დამოუკიდებელი გაზეთი იყოს, სხვა საქმეა. ამავე დროს ეს ფაქტი უკვე რაღაცის მანიშნებელია, რადგან 1993-94 წლებში და თუნდაც 1989 წელს, ასეთი რამ საქართველოს არც ერთ გაზეთში არ დაიბეჭდებოდა.
ბევრი თვლის, რომ მე ძალიან რადიკალური და ავანგარდული ადამიანი ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკმაოდ კონსერვატორი და რეაქციულიც კი ვარ. თუმცა ეს თვისებები ჩემში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ უკიდურესობების ძალიან მეშინია, თუნდაც იმის, რომ სტალინის „წესრიგისადმი“ ნოსტალგია გაჩნდა. რა თქმა უნდა, ყოველივე ახალს მივესალმები, მაგრამ ადამიანებს ვთხოვ, გაითვალისწინონ საკუთარი ქმედებები, რათა მათმა ქმედებებმა საზოგადოებაში რეაქციულობის ნოსტალგია არ გამოიწვიოს. არადა, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ.
– თქვენი აზრით, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კინო?
– ძალიან ბევრი მიფიქრია, თუ რატომ არის ყველაზე დიდი პრობლემები კინოში, რადგან იდგმება კარგი სპექტაკლები, გვყავს შესანიშნავი მხატვრები, მწერლობასა და მუსიკაშიც შეიმჩნევა პროგრესი, მაგრამ კინოში არაფერი ხდება. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. საქართველოში ძალიან ძლიერი 60-იანელთა თაობა იყო, რომლებმაც მართლაც შექმნეს კინო, მაგრამ მათ ერთი დანაშაულიც აიკიდეს საკუთარ თავზე – ვერ გაზარდეს ახალი თაობა. ისინი დარჩნენ იმ ახალგაზრდების კერპებად, რომლებსაც ასწავლიდნენ. ჩემს სტუდენტებს სულ ვეუბნები ნუ იმეორებთ იმას, რასაც მე ვამბობ და წინააღმდეგობა გამიწიეთ მეთქი.
სამწუხაროდ, 60-იანელებს ახალგაზრდების მიმართ ავტორიტარული დამოკიდებულება ახასიათებთ, მაგრამ ეს არ მომხდარა მხატვრობასა და მუსიკაში. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, ერთია – ხელოვნების არც ერთ დარგში ისე არ ჩანს ძალაუფლების ინსტიქტი, როგორც კინოხელოვნებაში. კინემატოგრაფისტი დარწმუნებულია, რომ მას განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს, შეუძლია უშუალოდ იმბრძანებლოს და გადასაღებ მოედანზე თავი ღმერთადაც კი წარმოიდგინოს. ეს არ არის დირიჟორის კომპლექსი. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს აქვს ძლიერი ძალაუფლების ვნება და ის დარწმუნებულია, რომ სახელმწიფომ მას ფული უნდა მისცეს, აუცილებლად უნდა გამოუჩნდეს სპონსორები, რადგან იგი ნიჭიერია და გენიოსი, რომ მას შეუძლია განსაკუთრებული რამ თქვას. ისინი ამაში მე ჯერ კიდევ 80-იან წლებში ვამხილე. სხვათა შორის, ეს დღეს არა მარტო რეჟისორების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების პრობლემაცაა.
კინემატოგრაფისტი საკუთარ წვენში, იდეებში, საკუთარ ეგოში იხარშება, ის ვერ ხედავს გარეთ რა ხდება და ამიტომ, 90-იან წლებში გადაღებულ ფილმებში დრო მკვდარია. ამ ფილმებში შესაძლოა რაღაც ამბავი იყოს ნაჩვენები, მაგრამ 20-30 წლის შემდეგ მათი ნახვისას მე ვერ მივხვდები იმ დროში რა ხდებოდა. კინოს მისია სწორედ დროის მუმიფიცირებაა. ჩვენს ირგვლივ რამდენი რამ ხდება, მაგრამ იმის გამო, რომ რეჟისორი საკუთარ თავში იხარშება და რაღაც გროშებს ელის, ფილმის გადაღების სურვილი აღარც აქვს.
– თქვენი აზრით, რატომ არის ხშირად ქართულ ფილმებში გრძელი და ბნელი კადრები?
– საბჭოთა კინოში სილამაზე ცუდ ტონად ითვლებოდა. ცოტა რეჟისორი თუ ფიქრობდა სანახაობრივ მხარეზე, რადგან სანახაობას უგემოვნობად თვლიდნენ. მთავარი იყო მაყურებელი გმირთან კონტაქტში შესულიყო. დღეს, როცა ფირი გაძვირდა, ეს უფრო გაძლიერდა. ადამიანი საკუთარი იდეის ტყვეა და მისთვის მთავარია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ – „რაღაც უთხრას მაყურებელს“, თან დარწმუნებულია, რომ საზოგადოება ამით გამოსწორდება (ხელოვნებაში ბევრი ასე ფიქრობს). მისივე აზრით, მაშინ რატომ უნდა მიაქციოს ყურადღება მაყურებელმა გამოსახულების სილამაზეს? ამ დროს ჩვენ გადასარევი ოპერატორები გვყავს, რაც ძალზე უცნაური პარადოქსია.
მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომ სიმბოლიზმი ყოველთვის იყო ქართული კინოს პრობლემა. ჩვენი რეჟისორები ხშირად იყენებენ „პერებივკებს“, ანუ ჩადგმულ კადრებს. ხშირად ამით ყველაფერი ფუჭდება. შესაძლოა, მაყურებელმა კარგად ვერ გაიაზროს, რომ მას განუწყვეტლივ „პერებივკებს“ სთავაზობენ, მაგრამ ის რაღაც სიყალბეს იგრძნობს. ჩემი აზრით, კინომსახიობი ძალიან მუსიკალური უნდა იყოს. ვისკონტი მსახიობს ვთქვათ მალერის სიმფონიას ჩაურთავდა და შემდეგ ახლო კადრით იღებდა. ეს მსახიობი არაფერს აკეთებდა და მხოლოდ მუსიკას უსმენდა, მაგრამ იმდენად კარგად უსმენდა, რომ გენიალური სახე იყო.
ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენი საშუალო დონის მსახიობი, რომელიც პოპსაზეა გაზრდილი და მას მალერის სიმფონია ჩავურთოთ. რა თქმა უნდა, თუ ის ძალიან მოინდომებს, რომ მისი გმირი მუსიკას უსმენდეს, ყველაფერი გაფუჭდება და მივიღებთ სიყალბეს. რაც ფილმები მინახავს, ყველაზე უფრო ამაზრზენი საშინელი სიყალბეა. პრინციპში საქართველოში საზოგადოებაც ყალბია, ამიტომ არ არის უცნაური, რომ მსგავსი ხელოვნების დარგი გვაქვს.
– თქვენი აზრით, საქართველოში არსებობს თუ არა ე. წ. ელიტური კინო, მუსიკა, ხელოვნება და საერთოდ საზოგადოება?
– ვერ გეტყვით, შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად არ მიყვარს ასეთ საზოგადოებაში ყოფნა. საერთოდ არ მიყვარს ერთნაირ ადამიანებში ყოფნა, თუნდაც ისინი ჩემსავით ლიბერალები იყვნენ.
რაღცნაირი სიმპათიებით ვარ ამ ადამიანის მიმართ.
ReplyDeleteძალიან თბილი სტატიაა...
ReplyDeleteმეც ძალიან მომეწონა.
ReplyDelete1000% სიმართლეს ლაპარაკობს ამ სტატიაში.
miiyvars es kaci :)
ReplyDelete