ამას წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ მუსიკოსზე სტატიის დაწერა შემომთავაზა. მართალი გითხრათ, აღნიშნული მუსიკოსი არც მას და არც მე დიდად არ მოგვწონს, უფრო მეტიც, საერთოდ არ მოგვწონს. როდესაც მას ვკითხე რატომ გინდა მაინცა და მაინც მასზე დავწერო სტატია-მეთქი, მიპასუხა, რომ მართალია, მისი შემოქმედება არც მე მიტაცებს, მაგრამ პირადად ვიცნობ და დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ მაგარი ჯიგარიაო.
სიტყვა „ჯიგარი“ მეგობრის საუბარში ამ მუსიკოსის ერთადერთი მახასიათებელი იყო. მაგრამ იგივე „ჯიგარი“ ხომ შეიძლება ნებისმიერი ინჟინერი, მეღვინე, მხატვარი ან ექიმიც იყოს? თუმცა ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ იგი საკუთარ საქმეს შესანიშნავად ასრულებს.
ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ ბევრი ასეთი „ჯიგარი“ საუკეთესო პროფესიონალიცაა. ქართული მუსიკალური სცენა შესაძლოა მართლაც სავსეა „ჯიგრებით“, მაგრამ, ჩემი აზრით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მუსიკასთან და შემოქმედებასთან ძალზედ მწყრალად არის. ზოგიერთი მათგანი კი, უბრალოდ, ცდილობს თავი „ჯიგრად“ მოგვაჩვენოს. სწორედ ამიტომ გაივსო ქართული ყვითელი პრესა მარაზმული სტატიებით.
პროფესიონალები კი, ამის შემხედვარე, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ, პრესასთან მხოლოდ საქმეზე საუბრობენ და საერთოდ იგნორირებას უკეთებენ საკუთარი „ჯიგრობის“ მტკიცებას. დანარჩენები კი, პირიქით, მხოლოდ საკუთარი „ჯიგრული“ თვისებების გამომზეურებას ცდილობენ და ამით თავი მოაქვთ. „მე ერთი უბრალო კაცი ვარ, მიყვარს ძმაკაცები და ჩემი სამშობლო“ – ხშირად ყალბად იმეორებენ ისინი.
მაინც როგორია ე. წ. „ჯიგარი“ ქართველი მუსიკოსი?
თუ მამაკაცზე ვსაუბრობთ, იგი აუცილებლად დიდი საძმაკაცოს პატრონი უნდა იყოს. მის კაცურ-კაცობაზე ქალაქში ლეგენდები უნდა დადიოდეს. ამავე დროს აუცილებელი არაა, მას კარგი ხმა ან რაღაც იდეა ჰქონდეს. ხალხი მასზე უნდა ამბობდეს: რა ქნას, მართალია ხმა მაინცა და მაინც არა აქვს, კარგად ვერ მღერის, მაგრამ რაც მთავარია, „ჯიგარი“ ხომ არისო.
ქალზე, მეტადრე დედაკაც მომღერალზე თუა ლაპარაკი, იგი აუცილებლად დაოჯახებული უნდა იყოს (მნიშვნელობა არა აქვს მერამდენედ) და საზოგადოების თვალში პატიოსანი ოჯახის დიდი დიასახლისის სახელი უნდა ჰქონდეს გავარდნილი, რომელიც ქმრის ძმაკაცებს თავს ევლება. ისევე, როგორც მამაკაც მომღერალს, არც მისთვისაა აუცილებელი ჰქონდეს ხმა ან რაღაც სათქმელი.
თუ ამ კრიტერიუმებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ იგივე ლუჩანო პავაროტი, ელტონ ჯონი, პოლ მაკარტნი, ტინა ტერნერი, მადონა და ა. შ. „უჯიგროები“ ყოფილან, რადგან მათ საერთოდ არ იციან სიტყვა „ძმაკაცის“ მნიშვნელობა და ხეირიანად ვერ აფასებენ ოჯახს.
თავიანთი უწესო და არამოწესრიგებული ცხოვრების სტილით „უჯიგროების“ რიცხვში შეიძლება მოვახვედროთ ძველი კლასიკოსებიც: ბეთჰოვენი, მოცარტი, პაგანინი, შოპენი და ა. შ. ისინი ამ მხრივ ძალიან ბევრს სცოდავდნენ. მაშ რა ვუწოდოთ მათ? შეიძლება თუ არა ისინი გენიოს „ჯიგრებად“ ან „ჯიგარ“ გენიოსებად მაინც მოვნათლოთ? „ჯიგრობის“ ჩვენეული განმარტების მიხედვით, რა თქმა უნდა, არა. ისინი მარტონი ქმნიდნენ, არ ჰყავდათ უზარმაზარი საძმაკაცო, არ უკრავდნენ რესტორნებში, არ იცოდნენ რა არის „მინუსავოი“ ან „პლიუსავოი“ ფონოგრამა, არ დაკუნტრუშობდნენ ხელისუფლების მიერ მოწყობილ გრანდიოზულ შოუებზე, სამარიაჟოდ არ დააგრიალებდნენ „ფირმა“ კარეტებს. ერთი სიტყვით, მაგარი „უჯიგროები“ იყვნენ.
ე. ი. გამოდის, ჩვენ ქართველებს, ძალიან „ჯიგარი“ მუსიკოსები, მომღერლები გვყავს, ხოლო იქ, უცხოეთში უცხვირპირო, „უჯიგრო“, უხეირო მუსიკოსები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ. ჩვენ კი, ქართველმა ჟურნალისტებმა, აუცილებლად მხოლოდ „ჯიგრებზე“ უნდა ვწეროთ. აბა, რად გვინდა მართალია, პროფესიონალი, მაგრამ „ჯიგრის“ არმქონე შემოქმედები? ხალხის უმრავლესობამ ხომ მხოლოდ „ჯიგარი“ არჩია პროფესიონალს. ეს უკანასკნელები კი ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება, რადგან გვირჩევნია ვიყოთ „ჯიგარი“ სულელები, ვიდრე „უჯიგრო“ პროფესიონალები. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ „ჯიგარი“ ღორსაც აქვს, თანაც ძალიან გემრიელი...
No comments:
Post a Comment