გვითხარი, რომ ეს არ ყოფილა ტყუილი!
სტატია დაწერილია ჟურნალ „ულტრას“ ჟურნალისტთან, მაია სიხარულიძესთან ერთად
ჟურნალ „ულტრას“ 11-17 სექტემბრის ნომერში (№42) დაიბეჭდა ჟურნალისტ ნინო ტურაშვილის ინტერვიუ არჩილ მეფარიძესთან და მის მენეჯერ სოსო ჯავახიშვილთან, სადაც ისინი იუწყებოდნენ, რომ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ჩატარებულ საერთაშორისო სიმღერის ფესტივალზე მომღერალმა არჩილ მეფარიძემ დაიმსახურა ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – პაპირუსზე გამოსახული კლეოპატრა. ეს ინფორმაცია ჟურნალის პირველ გვერდზეც (ყდაზე) გავიდა.
მოგეხსენებათ ჟურნალი „ულტრა“ გაზეთ „ახალი ვერსიის“ დამატებაა. ჩვეულებისამებრ, მკითხველები ყოველი ნომრის გამოსვლის შემდეგ ტელეფონით ან საფოსტო გზავნილებით რედაქციის თანამშრომლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მასალების შესახებ. სწორედ „ულტრაში“ შემოსულმა ანონიმურმა ზარმა გამოიწვია ჩვენი დაინტერესება იმ მნიშვნელოვანი ფაქტით, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
ვინ არიან ფესტივალის ნამდვილი პრიზიორები
რამდენიმე დღის წინ „ულტრას“ რედაქციაში დარეკა ქალბატონმა, რომელმაც შეგვატყობინა, რომ საქართველოში ცნობილ მომღერალს არჩილ შოთას ძე მეფარიძეს ეგვიპტეში 20-28 აგვისტოს გამართულ სიმღერების საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი არ მოუპოვებია. 40 წუთის შემდეგ რედაქციაში იგივე შინაარსის სატელეფონო ზარი განმეორდა. ამჯერად ანონიმმა მამაკაცმა შემოქმედებით კოლექტივს არაკომპეტენტურობასა და მეფარიძის პოპულარიზაციისთვის კომპანია „არტ-იმედთან“ შეთანხმებულ აფერაში დაგვდო ბრალი. მან გვკითხა: „რამდენს გიხდით პატარკაციშვილის ორგანიზაცია უნიჭო მომღერლების რეკლამაში“? ასევე მოგვცა ინტერნეტ-გვერდის მისამართი, სადაც მისი შეტყობინების შესახებ მოვიპოვებდით საჭირო, ობიექტურ ინფორმაციას ფესტივალის შესახებ. მართლაც, ვნახეთ ანონიმის მიერ მოწოდებული ინტერნეტ-გვერდი და შედეგმა სახტად დაგვტოვა. გაგვიკვირდა, რისთვის დასჭირდა არჩილ შოთას ძესა და მის მენეჯერს, სოსო ჯავახიშვილს მსგავსი ტყუილის მოგონება.
აღმოჩნდა, რომ მეფარიძის ჯილდოდ წოდებული „ჟიურის სპეციალური პრიზი“ ჩინეთის მოქალაქე სან მეი ნამ მოიპოვა სიმღერისათვის „Let’s Meet Here Today“. „ფიდოფი“ (FIDOF), რომლის თაოსნობითაც ჩატარდა კაიროს მე-8 მუსიკალური ფესტივალი, არის საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზაცია (ისევე, როგორც „ფიფა“ წარმოადგენს საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციას). „ფიდოფის“ ინტერნეტ-გვერდიდან (მისამართი: www.festival.com.eg) ამოვიღეთ დაწვრილებითი ინფორმაცია ეგვიპტური ფესტივალის შესახებ.
ინტერნეტიდან მიღებული მასალების მიხედვით, აღნიშნულ ფესტივალში მეფარიძე ნამდვილად წარსდგა ეგვიპტელი მაყურებლის წინაშე რუსა მორჩილაძის სიმღერით „მითხარი“, რომელიც მომღერალმა ინგლისურად შეასრულა. ფესტივალის კონკურსში შერჩევის შემდეგ მონაწილეობა მიიღო 22-მა შემსრულებელმა, მათ შორის შვიდმა სხვადასხვა ნომინაციაში გაიმარჯვა. გაგაცნობთ გამარჯვებულთა სიას: „მსახიობური ნიჭის მქონე ახალგაზრდა შემსრულებლის პრიზს“ დაეუფლნენ რამი აბდალა და კარიმ სადი (ორივე ეგვიპტიდან), „ჟიურის სპეციალური პრიზის“ მფლობელი გახდა სან მეი ნა (ჩინეთი), ფესტივალის „საუკეთესო არანჟირების ავტორად“ დასახელდა ტამერ კარავანი (ეგვიპტე), მესამე ადგილის მფლობელი გახდა დიანა მარია (არგენტინა), მეორეზე გავიდა ლეილა სარიბეკიანი (სომხეთი), პირველი პრიზით მარია ალეხანდრა (ჩილე) დაჯილდოვდა, ხოლო გრან-პრის მფლობელი გახდა ოკაშა ალი (ეგვიპტე). როგორც ხედავთ, პრიზიორთა შორის არჩილ მეფარიძე საერთოდ არ გვხვდება.
„პრიზი ჩემი თვალით ვნახე“
ჩვენ ამ და სხვა ინფორმაციებით არ დავკმაყოფილდით (ხომ შეიძლება, რაღაც შეცდომა გაპარულიყო?) და ფაქტების ხელახლა გადასინჯვის მიზნით, თხოვნით მივმართეთ „ფიდოფს“, აგვისტო-სექტემბრის თვეში ჩატარებული ფესტივალებისა მათზე გამარჯვებული შემსრულებლების შესახებ დაწვრილებითი ცნობები მოეწოდებინა. არცთუ ხარგრძლივი ლოდინის შემდეგ „ფიდოფის“ მიერ გამოგზავნილ ბიულეტენებში ინტერნეტიდან მიღებული მასალების ჭეშმარიტება დადასტურდა. აღნიშნულ ბიულეტენებში „აზიის ხმაზე“ ვერიკო ტურაშვილის და „ოქროს მაგნოლიაზე“ სალომე გასვიანის წარმატებებიცაა აღნიშნული. ამ საბუთებზე დაყრდნობით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ არჩილ მეფარიძემ და სოსო ჯავახიშვილმა „ულტრას“ და მის მკითხველს მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ „ახალი ვერსია“ არასოდეს აწვდის მკითხველს ცალმხრივ ინფორმაციას. სწორედ ამის გამო, კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ კომპანია „არტ-იმედის“ პიარ-მენეჯერ ნინო ცაგარელსა და არჩილ მეფარიძის მენეჯერს, სოსო ჯავახიშვილს. თავდაპირველად მათ მოგვაწოდეს ვინმე აჰმედ მოისენის ტელეფონის ნომერი და გვითხრეს, რომ ეს პიროვნება არის ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენ ეს ინფორმაციაც გადავამოწმეთ, მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტში ასეთი სახელისა და გვარის მქონე პიროვნება საერთოდ ვერ აღმოვაჩინეთ, ამიტომაც საჭიროდ არ ჩავთვალეთ მასთან დაკავშირება.
„აჩიკოსი და სოსოსი მჯერა. ჩამოტანილი პრიზი ჩემი თვალით ვნახე, ამიტომაც მის არსებობაში ეჭვი არ მეპარება“ – გვითხრა ნინო ცაგარეიშვილმა. თუმცა, ამ კომენტარიდან ჩანს, რომ იგი მთლიანად მომღერალს და მის მენეჯერს ენდობა, რომლებმაც, შესაძლოა, კაიროდან რაღაც ნივთი ჩამოიტანეს და პრიზად გაასაღეს.
გაზეთ „ახალი ვერსიისა“ და მისი ჟურნალისტების სამდღიანი ლანძღვის შემდეგ სოსო ჯავახიშვილი და თავად არჩილ შოთას ძე მეფარიძე „არტ-იმედის“ ოფისში მაინც შეგვხვდნენ. საკმაოდ ნერვიულ საუბარს ესწრებოდა ნინო ცაგარელიც. ჯავახიშვილმა და მეფარიძემ გვაჩვენეს, მათი მტკიცებით – ეგვიპტეში აღებული „ჟიურის სიმპათიის პრიზი“ და ეგვიპტის საელჩოს მისალოციც, მაგრამ ამ დოკუმენტების გამოქვეყნებაზე უარი გვითხრეს. მათ სურდათ, გამოქვეყნების წინ გაცნობოდნენ ჩვენს მიერ დაწერილ მზა სტატიას. ამაზე, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს.
არჩილ მეფარიძე: „საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, რა უნდა მქონდეს შიგნით, ასეთი რამ რომ დავწერო?“
„ახალი ვერსიის“ ჟურნალისტის, ლაშა გაბუნიას საუბარი სოსო ჯავახიშვილთან და არჩილ მეფარიძესთან:
სოსო ჯავახიშვილი: მე შემიძლია ფესტივალის ორგანიზატორებისგან მოვითხოვო განმარტება აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. დღეს უკვე ერთი ფაქსი გავაგზავნე, როგორც საელჩოში, ასევე, საორგანიზაციო კომიტეტში. პიროვნებას, ვისთანაც კავშირი გვქონდა, აჰმედ მოისენი ჰქვია. ახლა იქიდან ველით პასუხს. მე თვითონ დიდ გაუგებრობაში ვარ, მიკვირს, რატომ მოხდა ეს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.
თქვენს გაზეთთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. ვთვლი, რომ „ახალ ვერსიაში“ კონსტრუქციული კრიტიკა არასოდეს დაბეჭდილა. მე არ ვიცი, რა პოზიციიდან გამომდინარე შეიძლება მომღერალს შეურაცხყოფა მიაყენო იმ ქვეყანაში, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი დანგრეულია. ნუთუ არ შეიძლება, მეტი სიმპათია გამოხატოს ხალხმა კონკრეტული მომღერლის მიმართ (მარტო აჩიკოზე არ ვლაპარაკობ). თქვენს გაზეთში ბევრი შეურაცხმყოფელი სტატია დაიბეჭდა თითქმის ყველა ვარსკვლავის მიმართ.
არჩილ მეფარიძე: თქვენი გაზეთი მერაბ სეფაშვილზე წერს, ნარკომანიაო. ეს არ არის ხალხის შეცდომაში შეყვანა?
– ეს მორიგი სიცრუეა. ამ ინფორმაციას ჩვენს გაზეთში ვერ ამოიკითხავდით.
ს. ჯ.: ამის დეტალური განხილვა ახლა არ მინდა. მე თქვენი სტატიები წაკითხული მაქვს. ვიცი, რომ ალტერნატიული მუსიკის მიმართ სიმპათიები გაქვთ. თქვენს სტატიებში ძალიან „ისეთი“ სიტყვებით გაქვთ მოხსენიებული „პოპსა“, სოულის მუსიკა.
– მაგრამ ამ სტატიებში შეურაცხყოფას არ ვაყენებ მომღერლებს, ვაკრიტიკებ მხოლოდ მათ შემოქმედებას.
ა. მ.: მე ამდენი შეურაცხყოფა არც ერთი სხვა სტატიიდან არ მიმიღია...
ს. ჯ.: ამ სტატიებს მე თქვენ გაჩვენებთ. ყოველთვის მინდოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ ამდენი სტატიის შემდეგ სურვილი გამიქრა. მესმის, რომ თქვენ აბსოლუტური უფლება გაქვთ, მოგწონდეთ ალტერნატიული მუსიკა, თუნდაც ჯაზ-როკი, მაგრამ სოულის ლანძღვით ალტერნატიულ მუსიკას რეკლამას ვერ გაუკეთებთ. ის ფორმა და დამოკიდებულება, რაც თქვენ გაგაჩნიათ ე. წ. „პოპსას“ მიმართ, სუფთა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე, შეურაცხმყოფელია და თქვენი გაზეთიდან დიდი დოზით მოდის ღვარძლი.
– რატომ გგონიათ, რომ ეს ღვარძლია და არა კრიტიკა? დასავლურ მედიაშიც არსებობს გადაცემები და სტატიები, რომლებშიც იუმორით არის გაკრიტიკებული ამა თუ იმ მომღერლის შემოქმედება, რაც ამ უკანასკნელის პოპულარობაზე მეტყველებს.
ა. მ.: რომელ ქვეყანაზე მელაპარაკებით?
– რაღა შორს წავიდეთ? ავიღოთ თუნდაც რუსეთი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ისინი მომღერალს შეურაცხყოფას აყენებენ.
ს. ჯ.: მაშინ მე ამოვიღებ თქვენს სტატიებს და განახებთ...
ა. მ.: მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მომაყენოთ, როდესაც ჩემს სიმღერაზე წერთ: „ო, რა ბანძია“? ეს სიმღერა ხომ ჩემია? ასე როგორ შეიძლება? მე რომ ასე ვთქვა თქვენთან მიმართებაში არ გეწყინებათ?
– უფლებას გაძლევთ, ჩემს სტატიებს „ბანძი“ უწოდოთ. არ მეწყინება. არავითარი პრობლემა არ იქნება.
ა. მ.: არ ვიცი გექნებათ თუ არა პრობლემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემები თქვენთან დაკავშირებით. უბრალოდ, ეს არ არის სწორი მიდგომა მუსიკისადმი. მე არ ვიცი თქვენ ვინა ხართ. ალბათ, განაწყენებული ხართ თქვენს ცხოვრებაზე, ოჯახის წევრებზე...
– რატომ გგონიათ ასე?
ა. მ.: ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ საქართველოში რამდენიმე მომღერალი ვართ, დავუშვათ – სამი. როგორ შეგიძლიათ ასეთი დამცინავი, დამამცირებელი სიტყვებით წეროთ მერაბზე, ლელაზე...
– ვერ მიგიხვდით, რომელ სტატიებზე მესაუბრებით? ჩვენს გაზეთში თქვენს შესახებ არა მარტო კრიტიკული სტატიები იწერება.
ა. მ.: მე ასეთი არ მახსოვს. ძალიან ბევრ შეურაცხმყოფელ სტატიას გაჩვენებთ ჩემზე, მერაბ სეფაშვილზე, უცნობზე... საიდან ამოგდით ამდენი ღვარძლი? საქართველოში სულ რაღაც ორი-სამი კაკალი მომღერალი ვართ. საიდან მოგდით ამდენი ბოროტი აზრი? საკუთარ თავზე წარმოვიდგინე, რა უნდა მქონდეს შიგნით (მკერდზე ხელს იდებს ლ. გ.), რომ მე ასეთი რამე დავწერო? მერე თავი მოგაქვთ, პოპულარულ მომღერალზე რაღაც დავწერეო. ჩემი აზრით, თქვენისთანები საქართველოს ღუპავენ.
– მე კი პირიქით შემიძლია ვთქვა.
ს. ჯ.: რატომ უნდა ილაპარაკოს აზერბაიჯანის პრესამ აჩიკოზე უფრო დიდი პატივისცემით, ვიდრე შენი ქვეყნის მედიამ. ვთქვათ, არ მოგწონთ სიმღერა „ო, რა კაია“! ილაპარაკეთ ამ სიმღერაზე იმ ტერმინოლოგიით, რომელიც მიღებულია მუსიკალურ სამყაროში. „ო, რა ბანძია!“ შეურაცხმყოფელია და განსხვავება კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის – ფორმებშია.
ა. მ.: დავუშვათ, რომ, ჩემი პრიზი სინამდვილეში ყალბია. მე რომ ჟურნალისტი ვიყო, ამას მაინც არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი, არ დავწერდი. შეიძლება ეს ცუდია, მაგრამ მაინც.
ნინო ცაგარელი: გუშინ შევხვდი თქვენს რედაქტორს, რომელსაც შევთავაზე, ერთი კვირა მოვიცადოთ, სანამ ჩვენ ეგვიპტიდან პასუხს მივიღებთ მეთქი. თუ ჩვენ ვერ ან არ მოგაწვდით, მაშინ დაბეჭდეთ-მეთქი. არაო, მითხრა, მაგრამ მერე თქვენს საბუთებსაც გამოვაქვეყნებო.
– სტატია მართლაც დაიბეჭდება.
ნ. ც.: ჯიბრზე?
– ჯიბრი რა შუაშია? სტატია უნდა დაიბეჭდოს. თქვენ თუ რაიმე დოკუმენტაციას მოიპოვებთ, შემდეგ ნომერში გამოვაქვეყნებთ.
ს. ჯ.: რა ხალხის მოტყუებაზე მელაპარაკებით, როდესაც კორუფციაა გამეფებული ყველგან. რა, მეტი საქმე არა გაქვთ?
– სხვათა შორი, ჩვენმა გაზეთმა კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა სახელი. ამაზე ნუ მელაპარაკებით. თანაც კორუფცია ყველა სფეროში არსებობს.
ს. ჯ.: რომელი სფეროც ყველაზე კორუფციულია, იმაზე წერეთ.
ა. მ.: ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ როგორ შემხვდებით?
– ბატონო არჩილ, ჟურნალისტი უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც დაიბეჭდება, მორჩა.
ა. მ.: ეს უკვე მიღებული ხერხია. ერთ თემაზე რაც მეტი სტატია დაიწერება, ამათთვის უკეთესი იქნება, რადგან ამ თემის საზოგადოებაში მუსირება მოხდეს. მე თქვენ მოგცემთ ჩემი სიმართლის დამადასტურებელ საბუთს და მერე თუ გნებავთ, კაიროში ჩაბრძანდით, თუ გინდათ ფაქსი გააგზავნეთ, რაც გინდათ, ის ჰქენით. მე, უბრალოდ, არ მეგონა, თუ ჩემს ქვეყანაში იმის მტკიცება მომიწევდა, რომ გავიმარჯვე. ეს რომ მცოდნოდა, იქვე ვთხოვდი ორგანიზატორებს ხელი მოეწერათ, სპეციალურ ქაღალდზე დაებეჭდათ, რომ წითელლენტშემოკრული საბუთი მეჩვენებინა.
– ბატონო არჩილ, ჩვენ მოგიტანეთ საბუთი, სადაც წერია, რომ ვერიკო ტურაშვილმა მართლაც გაიმარჯვა „ფიდოფის“ ერთ-ერთ ფესტივალზე და თქვენთან იმიტომ მოვედით, რომ კაიროს ფესტივალის გამარჯვებულთა შორის არა ხართ.
ა. მ.: ეს ყველაფერი ტელევიზიამ გადაიღო, უბრალოდ, ჩვენი კასეტა ჯერ არ ჩამოსულა. მე თქვენ წარმოგიდგენთ ამ ჩანაწერს, საბუთებს და მერე ვიმსჯელოთ. მე თქვენს ადგილზე ამ სტატიას არ დავბეჭდავდი, მორალურად არა გაქვთ უფლება, რადგან ჩემი გამარჯვების დამადასტურებელი საბუთი ჯერ არა გაქვთ. თუ ძალიან გინდათ დაბეჭდოთ, კი ბატონო, დაბეჭდეთ. თქვენ რომ აქ მოხვედით, ეს უკვე ჩემი შეურაცხყოფაა.
– ბატონო არჩილ, მე რომ თქვენთან არ მოვსულიყავი და სტატია ისე დაგვებეჭდა, მგონი ეს უფრო იქნებოდა თქვენი შეურაცხყოფა.
თუ არჩილ მეფარიძემ კაიროს ფესტივალზე მართლაც აიღო ჟიურის სპეციალური პრიზი, იმედს ვიტოვებთ, რომ „ფიდოფი“ და ფესტივალის ორგანიზატორები შეასწორებენ ინტერნეტში გამოქვეყნებულ ინფორმაციას. ამის შემდეგ ჩვენც არ დავზარდებით, მკითხველს ვაცნობოთ, რომ ამ პრესტიჟულმა ორგანიზაციებმა შეცდომა დაუშვეს.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ არანაირი კაიროდან გამოგზავნილი საბუთი, სადაც არჩილ შოთას ძე მეფარიძის მიერ პრიზის აღება იქნებოდა დადასტურებული, სამწუხაროდ, არ მიგვიღია.
No comments:
Post a Comment