Monday, November 11, 2002

1200 ცნობილი ვარსკვლავთა გროვიდან 50-ზე მეტი ქართველების აღმოჩენილია

აბასთუმნის ობსერვატორიას უამრავი პრობლემა აქვს

უძველესი დროიდან საქართველოში ასტრონომია, ციურ სხეულებზე დაკვირვება მაღალ დონეზე ყოფილა განვითარებული. ქართველი ისტორიკოსები ადასტურებენ ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს გელათის აკადემიაში ობსერვატორიის არსებობას. მე-13 საუკუნეში თბილისში არსებობდა ასტრონომიული ობსერვატორია, სადაც ისეთი კვალიფიციური ასტრონომები მოღვაწეობდნენ, რომ რამდენიმე მათგანს სხვა ქვეყნების ობსერვატორიებში ხშირად სტუმრად იწვევდნენ.

დღეისათვის საქართველოში ასტრონომიული ობსერვატორია მხოლოდ აბასთუმანშია. პირველი ობსერვატორია აქ XIX საუკუნის ბოლოს ააგეს (მისი ნაშთები დღემდეა შემორჩენილი) უფლისწულ გიორგი რომანოვის თაოსნობით, რომელმაც მაშინ აქ ცნობილი რუსი მეცნიერი გლაზენაპი ჩამოიყვანა. მის ნაშრომებზე იმხანად სახელგანთქმული ამერიკელი ასტრონომი ბერნგჰემი 1893 წელს წერდა: „გლაზენაპის დაკვირვებები გადამჭრელად ამტკიცებენ, რომ თბილისის განლაგება (მხედველობაშია აბასთუმანი) შესანიშნავად შეუწყობს ხელს ასტრონომიული სამუშაოების ჩატარებას. ევროპის არც ერთ ობსერვატორიას არ გააჩნია უკეთესი ადგილმდებარეობა, თუ არ ჩავთვლით ჰამილტონის მთის ობსერვატორიას, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია“.

მართლაც, ასტრონომიული ობსერვატორიისთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტია კარგი ასტროკლიმატი. აბასთუმნის ასტროკლიმატი, შეიძლება ითქვას იდეალურს უახლოვდება.




















ევგენი ხარაძე და მისი საქმის გამგრძელებლები

დღეს არსებული აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 1932 წლის 8 თებერვალს, წმ. დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა (რა თქმა უნდა, კომუნისტებს ეს სპეციალურად არ გაუკეთებიათ) ყანობილის მთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა. ეს იყო პირველი ასტროფიზიკური ობსერვატორია სსრკ-ში.

აბასთუმნის ობსერვატორიის ჩამოყალიბებაში ლომის წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს ევგენი ხარაძეს, რომელიც მისი შექმნის პირველივე დღიდან ობსერვატორიის უცვლელი დირექტორი იყო 61 წლის განმავლობაში. 1993 წლიდან ობსერვატორიის დირექტორად დაინიშნა პროფესორი ჯუმბერ ლომინაძე, ევგენი ხარაძე კი გარდაცვალებამდე ობსერვატორიის საპატიო დირექტორი გახლდათ. 2000 წელს ჯუმბერ ლომინაძემ ობსერვატორიაში შექმნა მისი ფილიალი – პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრი, რომლის დირექტორია დღემდე. ამჟამად ობსერვატორიის დირექტორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, როლანდ კილაძე.

აბასთუმანში შევხვდი ობსერვატორიის დირექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს, გურამ სალუქვაძეს, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში 1954 წლიდან უწყვეტად მუშაობს. გურამ სალუქვაძე 70 წლის ბრძანდება. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1982 წელს კი – სადოქტორო. 1969 – 1993 წლებში იყო ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. მუშაობს ვარსკვლავთწარმოშობის საკითხებზე. მიაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის გარდა, გარეშე ცივილიზაციებიც არსებობენ. სჯერა, რომ ოდესმე გაჩნდება ისეთი საშუალებები, რომლითაც გარეშე ცივილიზაციებთან კონტაქტის დამყარებას შევძლებთ. გურამ სალუქვაძის მეუღლე, ციალა ხეცურიანიც ასტრონომია, იგი მზის ფიზიკის სპეციალისტია. ჰყავს ვაჟი, დავითი, რომელიც მშობლების კვალს არ გაჰყვა და ფარმაცევტია.

„ასტრონომია ერის ცოდნის დონეზე, მის კულტურაზე მიუთითებს“

გურამ სალუქვაძე: „საბჭოთა კავშირის დროს, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში იყო. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ობსერვატორია აბსოლუტურად ქართული სამეცნიერო დაწესებულებაა. ჩვენი ობსერვატორიის ყველა ტელესკოპი ძირითადად მუშა მდგომარეობაშია. თუმცა ჩვენი ტელესკოპები მცირე და საშუალო ზომებისაა. არა გვაქვს დიდი ზომის ტელესკოპები. ეს, რა თქმა უნდა, თანამედროვე დონეზე დაკვირვებების ჩატარების საშუალებას არ იძლევა. დღეს მსოფლიოს ობსერვატორიებში გაცილებით მგრძნობიარე მიმღებებია დამონტაჟებული. ჩვენი ტელესკოპების აღჭურვილობა დიდ გადახალისებას მოითხოვს. კომპიუტერები საკმარისად გვაქვს. წელს დაახლოებით 10 000 ლარის ღირებულების კომპიუტერები შევიძინეთ.




















ყანობილის მთაზე, ობსერვატორიის დასახლებაში დღეს დაახლოებით 133 მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. ისინი ყველანი ოჯახებით ცხოვრობენ. სულ დასახლებაში 300-მდე ადამიანია. ახალგაზრდა ასტრონომების მიღება ბოლო წლებში შექმნილი მდგომარეობის გამო, ძალიან ჭირს. საბედნიეროდ, რამდენიმე ახალგაზრდა უკვე მივიღეთ. ეს პროცესი თუ არ გაგრძელდა, ობსერვატორიას განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ექნება. იმისათვის, რომ ახალგაზრდა ასტრონომი გახდეს, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი უნდა დაამთავროს ასტრონომიის სპეციალობით. სამწუხაროდ, დღეს ასტრონომის ხელფასი 30-დან 60 ლარამდე მერყეობს. დირექტორის მოადგილის, ანუ ჩემი ხელფასი 60 ლარია.

გურამ სალუქვაძე
პატარა პრობლემებს დღეს თავად ჩვენ ვაგვარებთ. სამწუხაროდ, მთავრობა არაფრით გვეხმარება. ჯერჯერობით არ გვიცდია დახმარებისთვის კერძო სექტორისთვის მიგვემართა, მაგრამ ამაზე უკვე სერიოზულად ვფიქრობთ. თუ ახლა ხელს არ შევუწყობთ, მერე შეიძლება ძალიან დავაგვიანოთ და ობსერვატორია კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. იმისათვის, რომ არსებული ტელესკოპები თანამედროვე მიმღებებითა და აპარატურით აღვჭურვოთ და თანამშრომლებს ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები შევუქმნათ, პირველ ეტაპზე ნახევარი მილიონი დოლარი მაინცაა საჭირო. ასტრონომია ერის ცოდნის დონეზე, მის კულტურაზე მიუთითებს. ქართველებს ძველთაგანვე გვქონდა ასტრონომიული განათლების გარკვეული დონე. როგორც ამბობენ, იუნესკოს კრიტერიუმით, ერის კულტურის ერთ-ერთი მაჩვენებელია სპორტისა და ასტრონომიის განვითარების დონე“.

ასტრონომების ცხოვრების რომანტიკა

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დასახლებაში ადამიანების ცხოვრების წესი შეიძლება ბერთა ღვაწლსაც შევადაროთ. ასტრონომები დიდი ქალაქებისგან მოწყვეტილები, შუაგულ ტყეში ცხოვრობენ ხუთსართულიან „ხრუშოვკებში“ ან რუსულ ხის პატარა სახლებში. საბედნიეროდ, აქ შუქი იშვიათად ითიშება. ის ვინც მზეზე დაკვირვებას არ ახდენს, მუშაობას ღამით იწყებს. თუ კარგი ამინდია, მეცნიერები ცას აკვირდებიან, თუ არა და კომპიუტერებთან სამუშაოების ანალიზს აკეთებენ. ამ დროს მათ ბავშვებს სძინავთ. დილით პატარები იქვე, დასახლებაში დაწყებით სკოლაში მიდიან, რომელიც ზამთარში შეშის ღუმელით თბება, ხოლო მოზრდილი ბავშვები საბაგირო გზით დაბა აბასთუმანის საშუალო სკოლაში ჩადიან, იქიდან კი ობსერვატორიის კუთვნილ ავტობუსს ამოჰყავს. საბაგირო გზა გამართულად და მეტად პუნქტუალურად მუშაობს.

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ მთაზე რომანტიკული სიტუაციაა, თუმცა მის უკან მკაცრი რეალობაც იმალება, რომელიც იქ მცხოვრებ ასტრონომებს ხშირად საგონებელში აგდებს.

გია ჯავახიშვილი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი): „აქ ცოტა გიჟი – საქმის გიჟი უნდა იყო, რომ ამოხვიდე და იმუშაო. შეიძლება ორი-სამი თვე ენთუზიაზმით დაჰყო, მაგრამ საერთოდ ასე ვერ დაჯდები. ჩვენ რაღაცნაირად გავიყინეთ. პრობლემები ბევრია. ელემენტარულად, ინტერნეტი არა გვაქვს. ახალგაზრდობა არ ამოდის. ეს უდიდესი პრობლემაა. ძალიან დაბალი ხელფასებია. ბუნებრივია დოქტორს 50 ლარს ვერ დაუნიშნავ და ახალგაზრდას – 100 ლარს.

ქართველებს უძლიერესი ასტრონომები გვყავდა და გვყავს. პროფესორ მიხეილ ვაშაკიძის (1909 – 1956) სახელი ამერიკელმა ასტრონომებმა მთვარის ერთ-ერთ კრატერს შეარქვეს. ეს ნობელის პრემიის ლაურეატობის ტოლფასია. სულ აღმოჩენილი 1200-მდე ვარსკვლავთა გროვიდან 50-ზე მეტი ქართველმა ასტრონომებმა ამ ობსერვატორიაში აღმოაჩინეს. ჩვენთან წელს ზეახალი ვარსკვლავიც აღმოაჩინეს. სამი წლის წინ ანდრომედას გალაქტიკაში ახალ ვარსკვლავებს ვეძებდით. ორი წლის წინ ჩვენმა მეცნიერებმა მინასარიძემ და ქიმერიძემ 6 ახალი ვარსკვლავი იპოვეს“.

აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას წელს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა. სამწუხაროდ ქვეყანაში ეს არ აღინიშნა. თურმე ამის ფინანსები მთავრობას ვერ გამოუძებნია. იმ მახინჯი ღონისძიებების ფონზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტარდება, ამის მოსმენა მართლაც რომ სასაცილოდ სატირალია.

2 comments:

  1. უი რა ძველი სტატია ყოფილა, ჩაკითხვის შემდეგღა შევამჩნიე.
    სამწუხაროა რომ სახელმწიფო არ ინტერესდება ფუნდამენტური მეცნიერებების გავითარებით. მისი არც პოპულარიზაცია ხდება და შესაბამისად საზოგადოების ინტერესიც დაბალია.
    იმედი მაქვს ამდენი წლის შემდეგ ინტერნეტი მანც გაქვს უკვე.

    ReplyDelete
    Replies
    1. დღეს შედარება არაა, ბევრად უკეთესადაა ობსერვატორიის თუნდაც ტექნიკური ბაზის საქმე და ინტერნეტიცაა.

      პოპულარიზაცია რომ არ ეწევა, მართლაც გულდასაწყვეტია.

      Delete