საქართველოს ულამაზეს კურორტს ქართველებზე მეტად უცხოელები ეხმარებიან
ნებისმიერი ქართველისთვის აბასთუმანი ასოცირდება ასტროფიზიკურ ობსერვატორიასთან და ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმებთან. აბასთუმანი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მსოფლიოში ტუბერკულოზის ბუნებრივი მეთოდებით პროფილაქტიკისათვის. დაბა აბასთუმანი წარმოადგენს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულ მდინარე ოცხეს ხეობას, რომელიც ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. დაბა (არსებობს სოფელი აბასთუმანიც) ადმინისტრაციულად ადიგენის რაიონში შედის.
რომანოვების ყოფილი სასახლის ისტორიული ფოტო |
რუსი უფლისწულის ამაგი
აბასთუმნის აღმშენებლობა დაიწყო ტუბერკულოზით დაავადებული გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვის ჩამოსვლის შემდეგ. უფლისწული გიორგი იყო რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ძმა. სხვათა შორის, სწორედ გიორგი რომანოვი ყოფილა ტახტის კანონიერი მემკვიდრე, მაგრამ ავადმყოფობის გამო მეფობა დიდსულოვნად დაუთმო ძმას, – ნიკოლოზს. თავად კი სამკურნალოდ, როგორც ცნობილია, ჯერ შვეიცარიას მიაშურა, მაგრამ შემდეგ აბასთუმანში ჩამოსულა. აქ მან ააგო ზამთრის რეზიდენცია, რომელსაც დღესაც რომანოვების სასახლეს ეძახიან და ასევე ქართული არქიტექტურის მქონე ტაძარი.
რუსეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე, უფლისწული გიორგი აბასთუმანში. ისტორიული ფოტო |
აბასთუმანი საქართველოს სსრ-ს არსებობის პერიოდში მთლიანად სამკურნალო კურორტად იქცა. აქ აშენდა უამრავი სანატორიუმი, რომლებშიც სამკურნალოდ სსრკ-ს ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ. შესანიშნავი კლიმატური პირობები, ხეობის ჰაერი, ფიჭვის ტყე და მთის მშვენიერი პეიზაჟი პაციენტს ყველანაირად ხელს უწყობს დაავადების დასამარცხებლად.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კურორტს, რა თქმა უნდა, უამრავი სოციალური და მატერიალური პრობლემა დაატყდა თავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს უკვე შეიმჩნევა სასიკეთო ძვრები. კურორტის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება უმუშევრობა. ძალიან ბევრი სამკურნალო დაწესებულება, სადაც მოსახლეობა იყო დასაქმებული, ფაქტობრივად, გაუქმებულია ან გაყიდული. დაბის მცხოვრებლები საკურორტო სეზონებში ბინების გაქირავებით ირჩენენ თავს. ერთი თვით დასვენება კი ზაფხულში აქ 100-იდან 150 დოლარამდე ღირს, ხოლო ზამთარში საგრძნობლად იაფია.
გერმანელების იმედად
„ხვალინდელი დღე“ გაესაუბრა დაბა აბასთუმნის გამგებელს, ანტონ მერაბიშვილს.
ანტონ მერაბიშვილი: „ძალიან ბევრი სანატორიუმი და სხვა ობიექტი გაიყიდა, მაგრამ არც ერთი თეთრი აბასთუმნის ბიუჯეტში არ შემოსულა. ეს თანხები წაიღო რესპუბლიკის ბიუჯეტმა და მცირე ნაწილი დაუტოვა ადიგენის რაიონის ბიუჯეტს. ბოლო წლებში სანატორიუმების მუშაობა შეფერხდა, რადგან ბიუჯეტი ვეღარ აფინანსებს. ტუბსაავადმყოფო სახელმწიფო ბიუჯეტზე დარჩა, მას კარგად აფინანსებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სადაზღვევო კომპანია. ავადმყოფები კმაყოფილები არიან და პერსონალიც მთელი წელიწადი მუშაობს. არის გათბობაც. ალბათ ასეთი კარგი პირობები საქართველოს არც ერთ საავადმყოფოში არ არის. დანარჩენი სანატორიუმები მხოლოდ ზაფხულში ფუნქციონირებენ. ასეთი სანატორიუმია აღობილი. აქ ლტოლვილებიც მკურნალობენ. ძალიან დაგვეხმარა ნანული შევარდნაძე, რომელმაც გასაყიდ სანატორიუმთა ნუსხიდან ამოიღო სანატორიუმი „ზეკარი“ და რესპუბლიკურ ტუბსაავადმყოფოს გადასცა. დღეს ის გარემონტებულია და მთელი დატვირთვით მუშაობს.
– მატერიალურად ხელმოკლე ადამიანი თუ ტუბერკულოზით დაავადდა, როგორ უნდა მოიქცეს, რომ აქ იმკურნალოს?
– საცხოვრებლის მიხედვით შეუძლია მიაკითხოს ნებისმიერ პოლიკლინიკას, სადაც არის ტუბგანყოფილება. ისინი მიიღებენ ფორმა 27-ს და გამოაგზავნიან ჩვენთან. აქ მკურნალობა უფასოა.
– დაბის ქუჩებში დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემებიდან ამოდის ფეკალიები და იგრძნობა ცუდი სუნი...
– აღნიშნული სისტემა ძირითადად გასული საუკუნის დასაწყისში გაიყვანეს მეფის რუსეთის დროს. ის, რა თქმა უნდა, აღარ აკმაყოფილებს აბასთუმანს და ხშირად ზიანდება კიდეც. ეს ანტისანიტარიას უწყობს ხელს. ჩვენ მთავრობაში რამდენჯერმე შევიტანეთ წერილი. მთავრობა ორ-სამ წელიწადში დაგვპირდა გარემონტებას. შესაძლოა, ამაში გერმანელები დაგვეხმარონ. უკვე მიღებულია დადგენილება და შემუშავებულია გეგმაც, რომელიც ან ბიუჯეტიდან, ან უცხოური გრანტებით დაფინანსდება. არ არსებობს არანაირი საფრთხე, რომ ფეკალურმა მასებმა სასმელ წყალში შეაღწიოს. ძირითადი წყალსადენიც სარემონტოა, ამისთვის უკვე გამოყოფილია სახსრები. უნდა გავარემონტოთ სათავე ნაგებობა.
„მსოფლიო ბუნების დაცვის საზოგადოება“ (WWF) ამ მხრივ დიდ დახმარებას გვპირდება. მომავალი წლიდან სხვადასხვა აღდგენითი სამუშაოები აუცილებლად დაიწყება. ჩვენ სოციალური ინვესტიციების ფონდისა და WWF ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ეს ორივე ორგანიზაცია ძლიერ შეყვარებულია აბასთუმანზე და დიდი სამუშაოების ჩატარებას გაზაფხულიდანვე გვპირდებიან. WWF იმდენად არის აბასთუმნის სისუფთავით დაინტერესებული, რომ ნაგავსაყრელი გაგვიკეთა, ტექნიკურად გამართა ნაგვის გამტანი მანქანები. ამასთან ერთად, გერმანელები გვეხმარებიან სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. მათ გაგვირემონტეს სკოლა, წყალსადენის ნაწილი და დანარჩენსაც გაგვიკეთებენ. გაისად გვპირდებიან მოასფალტებული გზის გაყვანასაც. WWF-მა ტურისტებისთვის უღელტეხილსა და ტყეებში შესანიშნავი ხის სახლები ჩადგეს, გააკეთეს ბილიკები. ტყეში ცხოველების ჩამოყვანასა და მათ მოშენებასაც გვპირდებიან.
– ავადმყოფების უმრავლესობა ქუჩებში სეირნობს. ბევრს ეშინია, ტუბერკულოზი მათგან არ გადაედოთ. არის თუ არა ეს ნორმალური მოვლენა და გადადის თუ არა ტუბერკულოზი ჰაერ-წვეთოვანი გზით?
– არც ერთი ასეთი შემთხვევა ჩვენთან არ მომხდარა. დაბის ცენტრშია ტუბსაავადმყოფო, სადაც ძალიან მძიმე ავადმყოფები მკურნალობენ, მაგრამ ამდენი წლის მანძილზე დაავადების გადადების არც ერთი შემთხვევა არ მომხდარა. ამ მხრივ მომსახურე პერსონალსაც კი არ შეჰქმნია პრობლემა.
– საინტერესოა, ხე-ტყე თუ იჭრება? აბასთუმანში ხომ უნიკალური ტყეებია?
– ჩვენი ტერიტორია შევიდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. 10 000-მდე ჰექტარი მიწა უკვე ამ ნაკრძალის კუთვნილებაა. საბედნიეროდ, აბასთუმანში ხის ჭრა აიკრძალა, რადგან მას აცოცხლებს ტყე, ფიჭვი. არადა, გაჩეხის შედეგად ქარი შემოგვეჩვია, რაც ჩვენთვის უცხო მოვლენაა. აბასთუმნის ჰაერს ფიჭვი აცოცხლებს. არეულობის დროს კი სწორედ ფიჭვი იჭრებოდა და მეზობელ სოფლებსა და ქვეყნებში გადიოდა.
– რას იტყვით კურორტის მომავალ პერსპექტივაზე?
– აბასთუმანს ძალიან დიდი მომავალი აქვს. გზის გაკეთების შემდეგ აქ ხალხის დიდი ნაკადი დასასვენებლად ჩამოვა. საცოდაობაა, ასეთი ბუნება, პირობები უყურადღებოდ დარჩეს“.
სასნეულო მონასტერი
ყოფილ რომანოვების სასახლეში დღეს წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის დედათა მონასტერია, რომელიც 1995 წელს მეუფე სერგის (ჩეკურიშვილი) ინიციატივით შეიქმნა. დედები აქ დაკავებულები არიან ხელსაქმით, – ქსოვენ, აკეთებენ ნაქარგებს, ასხამენ სანთლებს. არასაკურორტო სეზონში მათი ნაკეთობები ნაკლებად იყიდება და ხშირად კვირაში მხოლოდ 2-იდან 5 ლარამდე შესდით. ვესაუბრე მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, ახალგაზრდა ბერ-მონაზონ მამა დიმიტრისა (კაპანაძეს) და კეთილმოწესე მორჩილ ქეთევანს.
მამა დიმიტრი: „სხვა მონასტრებთან შედარებით, მსუბუქი ტიპიკონი (მონასტრის შიდაგანაწესი) გვაქვს. ეს არის სასნეულო მონასტერი და ის განკუთვნილია ტუბერკულოზით დაავადებული დედებისთვის. სწორედ ამიტომ ატარებს ჩვენი მონასტერი წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელს. თუ სნეული გვყავს, მაშინ მას გამარტივებული მარხვა აქვს. თუ დედები სხვა მონასტრებში დილის 4 საათზე იღვიძებენ, აქ – შვიდის ნახევარზე. რადგან ჯერჯერობით ტაძარი არა გვაქვს, სამლოცველოში ვლოცულობთ. ახლა მალე ეზოში ბაზილიკას ავაშენებთ“.
კეთილმოწესე მორჩილი ქეთევანი: „პრობლემები ისევე ბევრია, როგორც სხვა მონასტრებში. მატერიალურად ძალიან გვიჭირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ არ გვაქვს მიწები, ძალიან ჭირს საკვები პროდუქტი. აქ მეტად მწირი ნიადაგია“.
მამა დიმიტრი: „ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან აბასთუმანში, ფაქტობრივად, 6 თვის განმავლობაში ზამთარია. ამიტომ შეშაა საჭირო, რომელსაც ჩვენ ვერ ვყიდულობთ. ჩვენი ძირითადი პრობლემებია: ზამთარში შეშა და საკვები პროდუქტი. ახალციხეში ჩვენი მაღაზია გვაქვს. დედები სამაჯურებს, ქისებს, სანაწილეებს და ქუდებს აკეთებენ. ქარგვას მონასტერში სწავლობენ. ეს ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც ძველები ახლებს ასწავლიან“.
მამა დიმიტრის დიდი იმედი აქვს, რომ კონკორდატის გაფორმების შემდეგ მონასტრებს საკუთარი ქონება და მიწები დაუბრუნდებათ, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის, ასევე ეკლესიის ძლიერებას. თუმცა მონასტერს არ აკლია ღვთისნიერი ადამიანები, რომლებიც სწირავენ ფულს, ფქვილს, შაქარს, ზეთს და სხვა პროდუქტებს. კეთილმოწესე ქეთევანი ამბობს, რომ მონასტერი მრავლდება, რაც, მისი აზრით, ძალიან კარგის ნიშანია.
სამწუხაროა, რომ აბასთუმანში ყველაფრის დათვალიერება ვერ მოვახერხე. ვიმედოვნებ, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს აწუხებს საქართველოს ამ უმშვენიერეს კუთხეს, მალე გადაიჭრება და აბასთუმანი საერთაშორისო დონის კურორტად გარდაიქმნება.
გაზეთი „ხვალინდელი დღე“ #128, ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2002 წელი
No comments:
Post a Comment