თანამედროვე ქართული მუსიკა რომ სიმახინჯეა, ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ ამ უზარმაზარ მუსიკალურ ოკეანეში მხოლოდ მის ზედაპირზე მოტივტივე ნაგავი ჩანს (წყალზე რაც ტივტივებს, ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ). ქართული მუსიკალური ოკეანის სიღმეში კი შესაძლოა ბევრ ისეთ სილამაზეს წააწყდეთ, რომ ალბათ სასიამოვნოდ გაოცდებით და მის მოსასმენად მუსიკალურ აკვალანგებსაც კი იშოვით.
დღეს მოდაშია ქართული ხალხური მუსიკის უნიჭო გარემიქსება, ერთგვარი გათანამედროვება. მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძეს რომ დავესესხო, ეს იგივეა, ღვთისმშობლის ხატებას პომადა წავუსვათ და ულტრათანამედროვედ გამოვაწყოთ, რადგან ქართულ ჰარმონიას ადამიანი ისევე ფრთხილად უნდა მოეპყროს, როგორც სალოცავს. შეიძლება ამ შეხედულების მიმდევრები კონსერვატორებად ჩავთვალოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, კონსერვატორობა ამ სფეროში სრულებითაც არ არის საძრახისი. ვფიქრობ, ქართულ მუსიკას ყველაზე მეტად ალტერნატიული მუსიკოსები, ჯაზის მიმდევრები და კონსერვატორიადამთავრებულები უფრო უფრთხილდებიან და სათანადო პატივს მიაგებენ, ვიდრე ქუჩიდან მოსული ვითომმომღერლები.
დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ჩარკვიანის ან რობი კუხიანიძის (ჯგუფი „აუტსაიდერი“) მუსიკა ბევრად უფრო ქართულია, ვიდრე ე. წ. პოპის მიმდევრებისა. ეს ნამდვილად არ არის რაღაც ახირება, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ქართულ ფოლკლორს საკმაოდ წარმატებით ამუშავებს ჯგუფი „ზუმბა“. ქართულ ხასიათს ატარებს ჯგუფები „33ა“ და „ინსაითი“.
ნაღდი მუსიკოსი საკუთარ თავში, გულსა და სხეულში ატარებს მშობლიურ მუსიკას და ისე ასრულებს მას. ამ შემთხვევაში აუცილებელი არაა ხალხურ მოტივს პირდაპირი ასლირება გაუკეთდეს (რაც ახლა ძალიან ხშირად კეთდება). და საერთოდ, ქართულ სიმდიდრესთან თამაშს ჯობს ისევ ის უშინაარსო პოპსა იმღეროს იმან, ვისაც ეს შეუძლია. ამასაც თავისი შნო უნდა.
დღეს ეთნიკურ მუსიკას (აქ არ იგულისხმება ელექტრონული ეთნიკური მუსიკა, რომელსაც ქართველი მუსიკოსები არც თუ ისე უხეიროდ ართმევენ თავს) თითქმის არავინ უკრავს თითზე ჩამოსათვლელი მუსიკოსების გარდა. ელექტრონულ ეთნო-პოპში საინტერესო პროექტი იყო „სამება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მომღერალმა მადი სერებრიაკოვამ. არც ნიკა წერეთელისა და მამუკა ბერიკას ელექტრო ექსპერიმენტები იყო ურიგო. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, ამ ალბომს კომერციული წარმატება წილად არ ხვდა.
შესანიშნავი ნამუშევარია საქართველოს ჯაზ-სექსტეტის ალბომი, რომელშიც ძალიან საინტერესოდაა დამუშავებული ქართული ხალხური მუსიკა და საეკლესიო საგალობლები. საბედნიეროდ, საქართველოში არიან მუსიკოსები, რომლებისთვისაც ხალხური თუ სასულიერო მუსიკა არ არის სულ ერთი და ისინი მას არ იყენებენ მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის, როგორც მავანნი.
დღეს ბევრი მოწინააღმდეგე და მომხრე ჰყავს „ერისიონის“ შემოქმედებას. მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ „ერისიონის“ მიერ გარემისქსებული „შატილის ასულო“ შეურაცხყოფაა ქართული ხალხური მუსიკის. მაგრამ, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ თავად აღნიშნული ხალხური სიმღერა არ არის სერიოზული ხასიათის და იგი თავისი შინაარსით საცეკვაოა, მაშინ მისი გარემიქსება არ უნდა იყოს ისე მტკივნეულად მისაღები, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ალბათ საშინელება იქნება თუ გათანამედროვდება „ოროველა“, „ხასანბეგურა“ ან „ლილე“. თუმცა მუსიკა უსაზღვროა, მით უმეტეს ამას ვერავის აუკრძალავ. ვნახოთ...
მსოფლიოს თანამედროვე მუსიკაში ფოლკლორის თემები ხშირად აჟღერებულა სხვადასხვა პოპულარული შემსრულებლებისა თუ მუსიკალური კოლექტივების შემოქმედებაში. როგორც წესი, ამ თემას ყველა სიფრთხილით ეკიდება.
No comments:
Post a Comment