Thursday, August 5, 2010

ბითლზები და როლინგები (ნაწილი III)

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე


ლაშა: – 1980 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ამერიკულ ოპტიმიზმს ახალი ეპოქის დაწყებას ჰპირდებოდა. მისი დასაწყისი თითქოს ირანელი მძევლების გათავისუფლება იყო, თუმცა ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირაში (1981 წლის 30 აპრილს), პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა. რეიგანი გადარჩა, თუმცა მისი პრესმდივანი სამუდამოდ ხეიბარი დარჩა. 25 წლის თავდამსხმელმა ჯონ ჰინკლიმ განაცხადა, რომ ეს ლეგენდარული ჯონ ლენონის მკვლელობისთვის შურისძიება იყო.

გაგა: – არ ვიცი, ჰინკლის რა ამოძრავებდა – ჯონ ლენონის გამო შურისძიება თუ ჯუდი ფოსტერის (სწორედ ნორჩ ჯუდი ფოსტერს დაჰპირდა ჰინკლი, რომ მალე სახელს გაითქვამდა) უპასუხო სიყვარულით დაბრმავება, მაგრამ მაგ მოვლენამდე მოხდა სამწუხარო ტრაგედია: 1980 წლის 8 დეკემბერს, 22:50-ზე სახლში დაბრუნებულ ჯონ ლენონს ზურგიდან ხუთჯერ ესროლეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გზად სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 80-იანები პირქუშად „იქოქებოდა“...

პოლიციას არ გასჭირვებია მკვლელის დაკავება, რომელიც იქვე ხის ძირში იჯდა და სელინჯერის წიგნს („თამაში ჭვავის ყანაში“) მშვიდად კითხულობდა. ასე ავბედითად შევიდა მარკ ჩეპმენი ისტორიაში. მოგვიანებით პოლიციამ იქვე ბუჩქებში მიგდებული ჯონ ლენონის უკანასკნელი ალბომი – Double Fantasy აღმოაჩინა. მასზე ჯონ უინსტონ ონო-ლენონის უკანასკნელი ავტოგრაფია, რომელიც მან ჩეპმენს სიკვდილამდე ხუთი საათით ადრე ალბომზე მიუწერა.

ლაშა: – ალბომ Double Fantasy-ს მსოფლიო ლენონისგან მთელი ხუთი წელი ელოდებოდა. ეს იმიტომ, რომ ჯონი 1975 წლიდან მთელ დროს ოჯახს უთმობდა. მანამდე კი ის და იოკო თითქმის ერთი წელი დაშორებულები იყვნენ და ლენონი ამას ძალიან განიცდიდა. ჯონი სცენაზე ბოლოს 1974 წლის 28 ნოემბერს გამოჩნდა ელტონ ჯონის კონცერტზე, სადაც ამ უკანასკნელმა საბოლოოდ შეარიგა იოკოს და შემდეგი 5 წელი, როგორც იტყვიან, იგი ოჯახში „ჩაჯდა“. ეს ხუთწლიანი „მდუმარება“ საკმაოდ წაადგა ჯონს და სიკვდილამდე სამი კვირით ადრე სამყაროს მინიშედევრი Double Fantasy აჩუქა, რომელიც მაშინდელი კრიტიკოსების აზრით, არაფრით ჩამოუვარდებოდა1971 წლის ეპოქალურ Imagine-ს, რომელშიც სუსტი კომპოზიცია უბრალოდ არ არის, ხოლო ალბომში ამავე სახელწოდების პირველმა სიმღერამ მილიონობით ადამიანისთვის რაღაც არაოფიციალური ჰიმნის სტატუსი შეიძინა.

გაგა: – ისე, Imagine-მდე სამი წლით ადრე „ბითზლი“ რომ დაიშლებოდა, ამას ჯგუფის თითოეული წევრი ინსტინქტურად გრძნობდა. იგივე განცდა ჰქონდა უბრალო მსმენელსაც. ეპოქა სრულდებოდა. ჯგუფის შიგნით დაპირისპირებებსა და კინკლაობებს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, ახალ ათწლეულს თითქოსდა 60-იანების გმირები აღარ სჭირდებოდა. ამას ოთხივე აცნობიერებდა და არსებობის ბოლო ორი წელი თითქოს მორალურად ამ ფინალისთვის ემზადებოდნენ კიდეც.

მათ გვერდით უკვე აღარ იყო ჯადოქარი ეპსტაინი და „ბითლზიც“ ბოლო აკორდისთვის მოემზადა. მაგრამ ის, რაც ლივერპულელებმა დაგვიტოვეს, 2010 წლის გადმოსახედიდანაც ჯერ კიდევ თითქმის შეუფასებელია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მარტო Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band რად ღირს. ალბომი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი.

ლაშა: – გაგა, „ბითლზის“ უკანასკნელი ალბომებიდან ჩემთვის ყველაზე საყვარელი Abbey Road-ია ყდაზე ჯადოსნური საკუთარი ფოტოთი, რომელმაც შეიძლება ზუსტად შენი სიტყვები დაადასტუროს და სტუდიის წინ არსებული ქუჩის გადასასვლელი 60-იანებიდან 70-იანებისკენ გადასასვლელად ჩავთვალოთ.

ჩვენი „ცუდი ბიჭებიც“ გავიხსენოთ. შენ „სერჟანტ პეპერსი“ ახსენე და აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ზუსტად იმ 1967 წელს „როლინგების“ ერთ-ერთი საუკეთესო დისკი Their Satanic Majesties Request გამოდის, რომელიც პირველი და უკანასკნელი ფსიქოდელიური დისკი აღმოჩნდა „სთოუნზებისთვის“. ამ დისკში კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ამ ორი ჯგუფის ცხოვრება, რადგან ფირფიტის პირველივე სიმღერაში ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი დამატებით პარტიებს ასრულებენ. გარდა „ბითლზებისა“, ჯგუფმა ჯონ პოლ ჯონსიც მიიწვია სიმღერაში She's A Rainbow, სადაც მომავალ „ზეპელინელ“ ბასისტს ორკესტრის არანჟირება დაევალა, რასაც შესანიშნავად გაართვა კიდეც თავი.

გაგა: – სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ „სერჟანტ პეპერსისა“ და „როლინგების“ ამ დისკის გაფორმების მსგავსებაზეც. წინა წერილებში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ „როლინგები“ ოდნავ ჩამორჩებოდნენ ხოლმე „ბითლზებს“ დროში. Their Satanic Majesties Request „სერჟანტების“ ოფიციალური რელიზიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდა. ზუსტად ერთ წელიწადში საქვეყნოდ ცნობილმა კინორეჟისორმა ჟან-ლუი გოდარმა „როლინგებზე“ შექმნა ფილმი Sympathy For The Devil, რომლის ძირითადი მასალა ჯგუფის სტუდიაშია გადაღებული. ისე დიდი რეჟისორებიდან არა მხოლოდ გოდარი გახლავთ „როლინგების“ თაყვანისმცემელი. მაესტრო მარტინ სკორსეზეც ჯგუფის ოფიციალური ფანია.

ლაშა: – მოკლედ, „ბითლზი“ დაიშალა. მათი დასასრულის დასაწყისად პროდიუსერ ბრაიან ეპსტაინის სიკვდილს ასახელებენ, რომელიც 1967 წელს 27 აგვისტოს ლივერპულში გარდაცვლილი იპოვეს. სხეულის გაკვეთის შემდეგ თვითმკვლელობის ვერსია უარყვეს და მიზეზად ბრომის შემცველი პრეპარატის დიდი დოზა დასახელდა, რომელსაც ბრაიანი კარგა ხანს სვამდა. ეპსტაინი მართლაც დააკლდა ბიჭებს, იგი „ხოჭოებს“ არაერთხელ უნატრიათ ჯერ კიდევ საბოლოო დაშლამდე. ახლა ერთ უცნაურობასაც ვიტყვი. „ბითლზი“, რომელიც გაერთიანებული იყო ეპსტაინისა და მაკარტნის დაარსებულ Apple Corps Ltd-ში, იურიდიულად დაიშალა 1989 წელს, როცა სასამართლომ დააკმაყოფილა მაკარტნის მიერ ჯერ კიდევ 1971 წელს აღძრული სარჩელი, რომლის თანახმადაც „ბითლზი“ 1975 წელს დაშლილად გამოცხადდა, თუმცა იურიდიული გარჩევები 1989 წლამდე მიმდინარეობდა. კიდევ არსებობდა სხვა მიზეზები, რომელმაც ჯგუფის წევრების ერთად ყოფნა თითქმის აუტანელი გახადა...

გაგა: – საერთოდ არ მიყვარს ამ ქალზე ბევრი საუბარი, მაგრამ ავი ენები ამბობენ, რომ სწორედ იოკო ონო იქცა განხეთქილების ვაშლად. მას მეხუთე „ხოჭოსაც“ კი ეძახდნენ. „თეთრი ალბომის“ ჩაწერისას იოკო გვერდიდან არ სცილდებოდა ქმარს და თვით ყველაზე უწყინარი და „ბუნჩულა“ რინგოც კი გააღიზიანა, აღარაფერს ვამბობ ჯორჯსა და პოლზე. მოკლედ, იოკო ერთგვარი femme fatale აღმოჩნდა ჯგუფისთვის. რინგო რომ გააქციო სტუდიიდან, უნდა მოახერხო...

ლაშა: – სხვათა შორის, იოკოზე და ლენონზე ერთხელ მიკ ჯაგერმაც თქვა: „იოკო უკრძალავდა ჯონს თავის კოლეგა მუსიკოსებთან შეხვედრას. მისი აზრით, მათ ცუდი ზეგავლენა ჰქონდათ ლენონზე“. ჩვენ წინა სტატიაში ვთქვით, რომ ჯონი და მიკი ხშირად ერთად იყვნენ, დროსაც ატარებდნენ, ერთობოდნენ, განსაკუთრებით 1973 წელს, როცა ცოლ-ქმარი დროებით ერთმანეთს დაშორებული იყო. მიკი აგრძელებს: „ჩვენ დროს მხიარულად ვატარებდით. ვსვამდით და იალქნიანი იახტებით ვცურავდით, ვისხედით და გიტარაზე ვუკრავდით. როცა იოკო ჯონს დაუბრუნდა, მე ალბათ იმ ადამიანთა რიცხვში შემიყვანა, რომელსაც ჯონზე ცუდი ზეგავლენა ჰქონდა და ამის შემდეგ აღარასდროს მომცემია მასთან შეხვედრის უფლება“.

გაგა: – 1974 წლიდან ჯონი და მიკი საერთოდ აღარც კი შეხვედრიან ერთმანეთს. ახალ ათწლეულში „როლინგებს“ „ბითლზის“ გარეშე მოუწიათ არსებობა. 1969 წელს ამას ბრაიანის ტრაგიკული სიკვდილიც დაემატა. აი, აქ კი The Rolling Stones-ი არ გაჰყვა „ბითლზების“ გზას და არ დაშლილა. მათ ხავერდოვნად გადალახეს ათწლეულის გასაყარი. Beggars Banquet (1968), Let It Bleed (1969), Sticky Fingers (1971) და Exile on Main Street (1972) – ეს ალბომები დღემდე ხვდებიან სამყაროს დიდ ალბომთა ჩარტებში. ჯგუფში მეხუთე წევრად თითქოსდა აბსოლუტურად „არაროლინგურად“ ქერა მიკ ტეილორი გამოჩნდა, რომელმაც თავისი თანდაყოლილი ლირიზმით და მელოდიურობით ჯგუფს განუმეორებელი ჟღერადობა შესძინა, რაც ასე აკლდა „როლინგებს“. ტეილორი რაღაც პერიოდის შემდეგ დატოვებს ბენდს. მას რონი ვუდი შეცვლის. ამით კოლექტივი კიდევ სხვა ტიპის მუხტს და შარმს შეიძენს, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტხანს გრძელდება.

ლაშა: – „სთოუნზები“ იმის შემდეგ დღემდე აღარ გაჩერებულან, მუდმივი ძიება, ექსპერიმენტები, სიახლეების დანერგვა... 70-იანებში კი ყველაფერი კატასტროფული სისწრაფით იცვლებოდა, მათ შორის მუსიკა და მსმენელიც. მიუხედავად ამისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს „სთოუნზები“ ძველმოდურად მოსჩვენებოდა. ძალიან ბევრ ბენდს მიეკერა „ნაფტალინი“, მაგრამ არა „როლინგებს“. უფრო მეტიც, „სთოუნზების“ 1978 წლის ალბომ Some Girls-დან რამდენიმე კომპოზიცია უკვე ყველაფერი ძველის უარმყოფელ პანკმოძრაობის ჩარტებშიც კი მოხვდა, რაც გასაოცარი ფაქტია.

პანკები იქით იყვნენ, და ისიც გავიხსენოთ, რომ პარალელურად თითქმის დისკოს სტილში შექმნილი ალბომიც არსებობს – Miss You, რომელიც იმ ათწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ასეთი კონტრასტები და ყველგან ჰაიკლასის სტატუსით ყოფნა – ეს მხოლოდ „როლინგებს“ შეუძლიათ. როგორ ახერხებენ ამას, ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, საიდან იღებენ ამ მარადიულ ახალგაზრდულ ენერგიას...

გაგა: – იქნებ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ჯგუფის წევრების მენტალობაში და მათ საკმაოდ პრაგმატულ აზროვნებაშია? თუნდაც იქიდან დავიწყოთ, რომ „როლინგებისთვის“, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, 60-იანები სულაც არ იყო მშვიდობის და სიყვარულის ეპოქა ან სიმბოლო. მათ ამ ყველაფრის უბრალოდ არ სჯეროდათ და ამას ღიად აცხადებდნენ. მაშინ ძალიან მოდურ ფსიქოდელიას და გულუბრყვილო უტოპიზმს პირდაპირ სისულელეს უწოდებდნენ. ამას ხელი არ შეუშლია, რომ პირველი და უკანასკნელი ფსიქოდელიური ალბომი Their Satanic Majesties Request ჩაეწერათ. ეს ბევრს აღიზიანებდა, მაგრამ გადასარევად ჯდებოდა იმ იმიჯში, რაც „როლინგებს“ მედიამ და საზოგადოებამ მიაკერა. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ მისი უდიდებულესობა The Rolling Stones აბსოლუტურად მართალი იყო. იდეალისტური დაპირებები გაცამტვერდა, დაიმსხვრა და გაქრა, ხოლო ისინი კი დარჩნენ და კომპლექსებით აღსავსე მოდურ-სნობურ არაერთ ეპოქას კიდევ „მოინელებენ“.

ლაშა: – მაშინ თითქმის მოდურიც კი გახდა გასტროლებსა და ცოცხალ კონცერტებზე უარის თქმა. იგივე „ბითლზი“ და ბობ დილანიც რატომღაც ასე იქცეოდნენ. The Rolling Stones-მა კი ტრადიციულად გადაწყვიტა დინების საწინააღმდეგოდ წასვლა და ყველას დაუმტკიცა, რომ მხოლოდ ბრწყინვალე ალბომების გამოშვება სულაც არაა საბაბი იმისა, რომ ცხვირი მაღლა ასწიო და მაღალფარდოვნად უარი განაცხადო სცენაზე გამოსვლებზე. „როლინგებმა“ შექმნეს სცენაზე ცოცხალი შესრულების კანონიკა, სტანდარტი, ფორმულა, რომელიც დღემდე მუშაობს და რომელსაც ნებისმიერი ბენდი დაუწერელი კანონივით იყენებს, როგორც ქრესტომათიულ მაგალითს, პანკ-როკიდან დაწყებული და ბლექ-მეტალით დამთავრებული. ხოლო მიკ ჯაგერის იმ პერიოდისთვის ნოვაციური სცენური ქორეოგრაფია საყოველთაოდ მისაბაძი გახდა. იმავე ფრედი მერკურიმ თითქმის ყველაფერი ჯაგერისგან აიღო და ამას Queen-ის ლეგენდარული ფრონტმენი არასოდეს მალავდა.

გაგა: – და რას საქმიანობდნენ ამ დროს „ექსბითლზები“? ძნელია უცებ აღმოჩნდე არა როგორც ხელშეუხებელ ბასტიონ The Beatles-ის განუყოფელი ნაწილი და მოევლინო როგორც მხოლოდ პოლ მაკარტნი ან ჯორჯ ჰარისონი. პრობლემები იყო, ფსიქოლოგიურიც და პრაქტიკულიც. „ბითლზისგან“ განსხვავებით, სამყარო მორალურად ჯერ მზად არ იყო, რომ ლივერპულელები ცალცალკე მიეღო. მაგრამ ერთ-ერთმა „ექსბითლზმა“ „გაისროლა“ და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს აღმოჩნდა ჯორჯ ჰარისონი. ლენონ-მაკარტნის ჩრდილქვეშ მყოფი ჰარისონი უცებ მსმენელს მოევლინა როგორც ნიჭიერი და ნოვატორი მუსიკოსი. All Things Must Pass-ი აღმოჩნდა მუსიკის ისტორიაში პირველი ე. წ. „სამმაგი“ ალბომი, რომელმაც პარალელურად 1970 წლის ჩარტებში მაღალი ადგილები დაიკავა. გაკვირვებულ პუბლიკას უცებ გაახსენდა თუ რომელი ჰიტების ავტორი გახლდათ ჯორჯი „ბითლზში“ მოღვაწეობის დროს. უკვდავი ჰიტები Here Comes The Sun, Something და While My Guitar Gently Weeps, ხომ ჯორჯის ეკუთვნის.

ლაშა: – ცალკე აღნიშვნის ღირსია სინგლად გამოსული სიმღერა My Sweet Lord. ეს კომპოზიცია არა მარტო უდიდესი ჰიტია, რომელიც დღესაც სრულდება და შესრულდება სამყაროს დასასრულამდე, არამედ რაღაც პერიოდი სასამართლოს განხილვის ობიექტიც გახდა. ჯორჯს ბრალი პლაგიატობაში დასდეს, თუმცა იმავე ჰარისონმა 1971 წლის პირველ აგვისტოს მოახერხა და რავი შანკართან ერთად ჩაატარა იმ დროისთვის უნიკალური საქველმოქმედო ღონისძიება „კონცერტი ბანგლადეშისთვის“, რომელიც „მედისონ სქუაიერ გარდენში“ ჩატარდა და მას 50 000 ადამიანი დაესწრო. ამ ეპოქალურ კონცერტზე, ჯორჯის გარდა, მთელი მაშინდელი თანავარსკვლავედი: ბობ დილანი, ერიკ კლეპტონი, ბილი პრესტონი, ლეონ რასელი, და მუდამ ჯიგარი რინგო გამოვიდნენ. მთელი შემოსავალი $243 418 კი ციკლონ „ბჰოლას“ და სამოქალაქო ომის შედეგად დაზარალებულ ბანგლადეშს (მაშინდელ დასავლეთ პაკისტანს) გადაეცა. ასეთი ტიპის როკ-აქციები მომავალში მრავალჯერ გაიმართება, მაგრამ ამ ყველაფრის პიონერი და სულისჩამდგმელი ყველაზე „იდუმალი ხოჭო“ ჯორჯ ჰარისონი აღმოჩნდა. ჯორჯის ეს „აფეთქება“ აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. მისმა დაგუბებულმა მუხტმა და საკმაოდ საინტერესო შემოქმედებამ უცებ ამოხეთქა.

გაგა: – ლენონის სიკვდილმა მასზე შოკის მომგვრელად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ რინგოს და პოლისგან განსხვავებით იგი, ჯონს თითქმის არ ეკონტაქტებოდა, მან მაინც მიუძღვნა ძველ ძმაკაცს სიმღერა All Those Years Ago, რომელიც „ბილბორდის“ ჩარტებში ხუთი კვირა ლიდერობდა. ისე ჯორჯზეც მოხდა თავდასხმა. 1999 წლის 30 დეკემბერს ვინმე მაიკლ აბრამი შეიპარა ჰარისონების სახლში და ჯორჯს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ეს ამბავი, რომ არა ჰარისონის მეუღლე ოლივია. მან იმდენი მოახერხა, რომ თავდამსხმელი განაიარაღა და პოლიციასაც გამოუძახა. მეორე დღეს ჰარისონს მეგობარმა მუსიკოსმა ტომ პეტიმ ფაქსი გამოუგზავნა შემდეგი ტექსტით: „იმედია, კმაყოფილი ხარ ცოლად მექსიკელი ქალი რომ მოიყვანე“. უნდა ვახსენოთ ერთი გენიალური პროექტიც, რომლის სულისჩამდგმელი ისევ და ისევ ჯორჯი აღმოჩნდა.

ლაშა: – მხედველობაში ალბათ, სუპერჯგუფი Traveling Wilburys გაქვს, სადაც ჰარისონთან ერთად ბობ დილანი, ტომ პეტი, როი რობინსონი და ჯეფ ლინი შევიდნენ. ამ ფენომენური შემადგენლობის სუპერბენდმა თავის პირველი ალბომის მასალები ბობ დილანის ავტოფარეხში ჩაწერა და ალბომი 1988 წელს გამოუშვა. ჯორჯი მძიმე ავადმყოფობით – ტვინის კიბოთი 2001 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მისმა მეგობარმა ჯეფ ლინმა გამოსცა ჯორჯის უკანასკნელი ალბომი Brainwashed (ტვინისგამორეცხვა), რომელიც მისი ერთგვარი იუმორისტული დამოკიდებულება იყო თავის უკურნებელი დაავადებისადმი. 30 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში ჰარისონის პატივსაცემად, ბრიტანეთის დროშა დაეშვა და სამეფო გვარდიის ორკესტრმა პირველად შეასრულა The Beatles-ის სიმღერები.

გაგა: – პოლი და რინგო, „ექსბითზლების“ რანგშიც არ იყვნენ უსაქმოდ. რინგოს დღემდე 27 ალბომი აქვს გამოცემული, აქედან ერთი საშობაო და ერთიც საბავშვო. პირველ დისკზე მუშაობა მან ჯერ კიდევ „ბითლზში“ ყოფნისას დაიწყო და გამოსცა კიდეც 20 – 50-იანი წლების ჰიტები. თუმცა რინგოს შემოქმედება არც ისე კაშკაშა და თვალში საცემია, როგორც დანარჩენი „ექსბითლზების“. პოლ მაკარტნი ამ მხრივაც, რაღა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია. იგი დღემდე ფორმაშია, უამრავ კონცერტს მართავს და ისეთ ფირფიტებს იწერს, რომლებიც კარგად იყიდება. პოლი ფერწერითაც გატაცებულია და მისი პირველი გამოფენა 1999 წელს მოეწყო გერმანიაში, ხოლო 2000 წელს იოკოსთან ერთად ნიუ-იორკში გაიმართა მათი ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა.

ლაშა: – გაგა, მიუხედავად იმისა, რომ „როლინგები“ არ დაშლილა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი წევრები ჯგუფის საქმეების გარდა, საკუთარი შემოქმედებით არიან დაკავებულნი. მაგალითად, მიკ ჯაგერმა დღემდე 4 მეტნაკლებად წარმატებული ოფიციალური სტუდიური ალბომი ჩაწერა, ხოლო კიტ რიჩარდსი 3 სოლო ნამუშევრის ავტორია. მას ყოველთვის იწვევენ ბლუზ-გიტარისტების ჯემებსა და კონცერტებზე. ამავე დროს, მისი სასცენო იმიჯი გადაიღო ჯონი დეპმა კაპიტან ჯეკ სპაროუს როლისთვის ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები“. ამ ფილმის ბოლოსერიაში კიტ რიჩარდსი სპაროუს მამის როლშიც კი მოგვევლინა.

გაგა: – თითქმის შეუძლებელია „ბითლზებზე“ და „როლინგებზე“ მოკლედ ლაპარაკი. მათ ფენომენებზე მონოგრაფიებიც დაუწერიათ, რომელთა რაოდენობაც სოლიდურ ბიბლიოთეკას შეავსებდა. ბოლომდე ამ ყველაფრის გააზრება და ანალიზი თითქმის შეუძლებელია. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ახალ-ახალი პლასტები იხსნება და სულ ახლებურად გვევლინება ამ ორი სუპერბენდის შემოქმედებაც. წერილის მესამე ნაწილი ერთი ეპოქალური პრეზიდენტის – რონალდ რეიგანის ხსენებით დავიწყეთ და წერილის დასასრულშიც მეორე ეპოქალური პიროვნება და ასევე პრეზიდენტის – ვაცლავ ჰაველის ერთი საინტერესო ქმედება გავიხსენოთ. როდესაც ვაცლავ ჰაველი თავისუფალი ჩეხეთის პრეზიდენტი გახდა, ერთ-ერთი პირველი ბრძანებულება, რასაც მან ამ რანგში მყოფმა ხელი მოაწერა, იუწყებოდა: ჩეხეთის პრეზიდენტი პრაღაში იწვევდა The Rolling Stones-ს კონცერტის ჩასატარებლად.

ლაშა: – როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია...

ჟურნალი „ათიანში“ #8, ივლისი, 2010 წელი

3 comments:

  1. საზიზღარმა ჩეპმენმა ჩემი "თამაში ჭვავის ყანაში" სულ გააფარჩაკა :/ ჭკვიანი ქალი იყო იოკო, მაგრამ "ვერ დაიჭირავს სიკვდილსაო"... :P რუსთაველმა ყველას აჯობა =))

    ReplyDelete
  2. ძალიან კარგი სტატიაა და სამივე ნაწილი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე:) როცა ბითლზის შემდეგ თითოეულის მოღვაწეობაზე ვსაუბრობთ,ალბათ პოლის მიერ შექმნილ "The Wings" არ უნდა დაგვავიწყდეს ...:)

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ანა. პოლის განყენებულად მოღვაწეობა, მარტო "ფრთებით" არ ამოიწურება, ამიტომ ზოგადად ვსაუბრობთ მისი სოლო კარიერაზე. ;)

      Delete