Saturday, April 5, 2008

ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)


I ნაწილი იხილეთ აქ: ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)

1990-იანების მიწურული და 2000-იანების დასაწყისი

დასავლეთ საქართველოში პირველი დამოუკიდებელი FM რადიოსადგური „ძველი ქალაქი“ სწორედ ქუთაისში შეიქმნა, რომლის ბაზაზე ჯგუფი „ბესტ ჰისტორი“ ჩამოყალიბდა. მალე ქალაქში კიდევ ერთი რადიოსადგური გაიხსნა, რომლის სიხშირეც რამდენიმე ადამიანმა ვიქირავეთ და რადიო „ლეგენდა“ გავაკეთეთ, რომლის ფორმატი ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ჩემს გადაცემაში „შუაღამის გემი“ როკში, ელექტრონიკასა და რეპში მომუშავე ქუთაისელ მუსიკოსებს ვიწვევდი, რომლებიც საკუთარ კომპოზიციებს პირდაპირ ეთერში ცოცხლად ასრულებდნენ. პარალელურად ტელერადიოკომპანია „ივერიონში“ საავტორო გადაცემაში „ანარეკლი“ სატელევიზიო სტუდიურ ვიდეოალბომებსაც ვიწერდი.

Bajoo
ქალაქში რეპ-მოძრაობაც მომძლავრდა. „ძებნილის“, იგივე „შავი პრინცისა“ და სხვა ქუთაისელი რეპერების შემოქმედება აგრესიულობით გამოირჩეოდა. თუმცა მაშინ „შავ პრინცს“ ცოტა თუ იცნობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში „შავმა პრინცმა“ ქუთაისურ საუნდზე ასეთი რამ მითხრა: „თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ამ ქალაქიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს ბევრი გაუსაძლისი პრობლემა გაქვს და რაღაცის შეცვლა გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ და უკვე გარკვევით ხვდები, რა გინდა“.

„ნიღბების კლუბის“ გარდა ქალაქში ლიტერატურული კლუბი „მე-3 კლასის ვაგონი“ (მანამდე „პალატა ნომერი ექვსი“) და დადაისტური სამხატვრო კლუბი „ბონზოც“ არსებობდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ ურთულეს პერიოდში ქალაქში ანდერგრაუნდ-ცხოვრება არ ჩამკვდარა. იატაკქვეშა იმიტომ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ეს კლუბები გულზე დიდად არ ეხატებოდა.

Best History
90-იანების მეორე ნახევარში ქალაქში შეიქმნა საინტერესო და ასევე მძლავრი ჟღერადობის კოლექტივები: „არქეოპტერ X“, „შავი ღვინო“, „რადიკალი“, „კომა“, „ალკო“, „ბურუსი“, „რეპლიქსი“, ქალთა პანკ-ჯგუფი „მედპერსონალი“ და სხვები. გოგა ჟორჟოლაძემ საკუთარ სახლში სტუდია გააკეთა და სხვადასხვა მუსიკოსებს სიმღერების ჩაწერის საშუალება მიეცათ. ეს ყველაფერი ორი სუფთა ქუთაისური კომპილაციის „ქართული ტალღა 1“ და „ქართული ტალღა 2“-ის გამოცემით დაგვირგვინდა. ამათგან მეორე სერიულად კასეტებზეც გამოვიდა და დედაქალაქის მუსიკალურ მაღაზიებამდეც ჩამოაღწია.

მართალია, ამ ქალაქში მეამბოხე მუსიკოსები უმრავლესობაში არიან, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისლები არიან ცნობილი ბლუზ-დრამერი გია სალაღიშვილი, ჯაზ-მევიოლინე ვიტალი სამხარაძე და პირველი ქართველი ე. წ. World Music-ის წარმომადგენელი ლევან შენგელია. ქუთაისში დაიბადა ქეთი მელუა. ამავე დროს, პროტესტულს ნაღდად ვერ დავარქმევთ ელექტრონავტის, ბაჯუს, იგივე გიგა მჟავიას ამჟამინდელ შემოქმედებას. ძალიან საინტერესოა 2000-იანების ღირსეული წარმომადგენელი ჯგუფი Georgian Version, რომლის საუნდიც, მართალია, აღარაა რადიკალური, ამავე დროს, უმრავლესი სიმღერებიც ინგლისურენოვანია, მაგრამ ჯგუფი მეტად ხარისხიან „ახალ ტალღას“ უკრავს.

საუნდი, მოდა და ლირიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქუთაისში ახალი, მაგრამ რთული ცხოვრება დაიწყო. თუკი ქალაქი სსრკ-ს დროს საქართველოს მეორე ინდუსტრიულ და კულტურულ ცენტრად ითვლებოდა, იმპერიის დაშლის შემდეგ აბსოლუტურად უფუნქციოდ დარჩა. უამრავი ფაბრიკა-ქარხანა გაჩერდა, ეკონომიკა და ენერგეტიკა პრაქტიკულად მოკვდა. ამ ყველაფერს თან დაერთო ომები. საუნდის ჩამოყალიბებაზე ამანაც დიდი როლი ითამაშა.

ქუთაისური ჯგუფები სენტიმენტურ გრძნობებს ხოტბას არასოდეს ასხამდნენ, ამავე დროს, ინგლისურ ენაზე სიმღერითაც ნაკლებად იწონებენ თავს. აქაური როკი და რეპი სხვა ქალაქების მუსიკისგან თავისი განსაკუთრებულად წრფელი უკომპრომისობით გამოირჩეოდა. საგიტარო მუსიკა მდიდარი იყო ბრიტანული პანკის, მეტალის ჟღერადობით და, ამავე დროს, ქართული რიტმებით. პოეზია მეტად კონკრეტული გახლდათ. 80-იანების მიწურულს ჯგუფი „აუტსაიდერი“ საკუთარ ქალაქზე მღეროდა: „ფურთხის ღირსია ყველა ნიღაბი ქვეყნად, ზოგი კერპებს ქმნის, ზოგიც სიკვდილთან ცეკვავს, დღეს ამ ქალაქში სინათლე ქრება, ბავშვების ნაცვლად სიგიჟე ჩნდება, ჩემს ქალაქში დღეს საშინლად ბნელა“. გოგა ჟორჟოლაძემ ახალი საუკუნის დასაწყისში სიმღერა მიუძღვნა მაშინდელ სახელმწიფო მეთაურს: „შენ ჰეი, ასულხარ ზემოთ, და გიფიქრია კაცად მაქცია, დაფურთხებული აგილოკია, მიტომ იქეცი თავად მაქციად... აღარ გაწუხებს ხალხის გოდება, საკუთარი ძმა გვერდზე გაგიდგა... მაქცია“! ჯგუფი „რეპლიქსი“ 2002 წელს მღეროდა: „მეორედ მოსვლის დადგება ჟამი, ვერ დავამარცხეთ ეპიდემია, სიმართლის მთქმელებს ყველას გვდევნიან, ვეღარ გაძლებენ ცოდვის სენები, დრონი მეფობენ არა მეფენი! სიჩუმე კმარა! შეჩერდით“! „ბესტ ჰისტორის“ ერთ-ერთი ტექტსი ასეთია: „მე არა ვარ ფროიდი, არც სპერმატოზოიდი, მე არა მყავს ტანკი და არა ვარ პანკი, მე არა ვარ ზომბი და არა მაქვს ბომბი... მე ვარ კაცი“! ეს ჯგუფი ყოველთვის დასცინოდა უაზრო ქართულ ტრადიციებსა და უშნო მენტალიტეტს. საკმაოდ სოციალურ რეპს ასრულებდა „ძებნილი“: „შიმშილი მე ნერვებს მიშლის და შიმშილი შენც ნერვებს გიშლის, მიირთვი სიცოცხლე თუ ძალიან გშია, მე დავანთებ ცეცხლს და ხვალინდელი დღე შენ ჩამოგართმევს ხელს, შიმშილი კი მაინც წაგართმევს ფერს“.

Outsider
90-იანებში ქუთაისელი ალტერნატიული მუსიკის მოყვარული რიგითი მოქალაქეებისგან თავისი გარეგნობით თუ ჩაცმულობით გამოირჩეოდა. მძიმე მუსიკის ზოგიერთი მიმდევარი მოშვებულ თმებს ატარებდა და ტყავით იმოსებოდა. პანკის მოყვარულები თმებს მოკლედ იკრეჭდნენ, უპირატესობას შელანძღულ ჯინსებსა და სხვადასხვა ფერის „კედებს“ ანიჭებდნენ. ბევრ მათგანს პანკ-მუსიკისადმი ერთგულების ნიშნად მკერდზე ოქროსფერი ან ვერცხლისფერი ე. წ. „ინგლისური სარჭი“ („ბულავკა“) ჰქონდა მიბნეული. გოგონები კი ჩანთებში გაყრილი დიდი ზომის „ბულავკებით“ იწონებდნენ თავს და თმებს სხვადასხვა ფერზე იღებავდნენ, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო. რეპერები უპირატესობას ბოტასებს, ჩაჩაჩულ ჯინსებს, შავ სათვალეებსა და „ბენდენებს“ ანიჭებდნენ. ამ მუსიკალურ დაჯგუფებათა წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილებზე იყრიდნენ თავს („ტუსაობდნენ“), თუმცა რამე „ღირსშესანიშნავი“ მოვლენის აღსანიშნად ტუსოვკები ერთიანდებოდა. მიუხედავად განსხვავებული მსოფლმხედველობისა, სხვადასხვა სტილის მიმდევრები ერთად სვამდნენ, საუბრობდნენ ფილმებზე, ლიტერატურასა და, რაღა თქმა უნდა, მუსიკაზე.

მსოფლმხედველობა. ბოლოთქმა

Georgian Version
მიუხედავად იმისა, რომ დასავლურ მუსიკას ყველა ინტენსიურად უსმენდა, ქუთაისში არსებული ეს მუსიკალური მოძრაობები და კლუბები დასავლური ღირებულებების მატარებელი კომუნები ნამდვილად არ იყო. არავის უარი არ უთქვამს ქართულ კულტურაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტრადიციებზეც. ჩემი აზრით, სწორედ ეს გამოარჩევს ქუთაისურ მუსიკას საქართველოს სხვა ქალაქების შემოქმედებისგან და ეს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში განუმეორებელი ქუთაისური, ეთნიკურად სუფთა ქართული აურის დამსახურებაცაა. რობი კუხიანიძე ყოველთვის იცილებს ჯგუფზე მიწებებულ პანკურ თუ „ალტერნატივშიკურ“ იარლიყს და ყველგან აცხადებს, რომ ის ქართულ მუსიკას უკრავს და მისი ყველაზე დიდი მასწავლებელი ჰამლეტ გონაშვილია. ხოლო ჯგუფ „ბესტ ჰისტორის“ ფრონტმენმა გიორგი ხონელიძემ ადრე ინტერვიუში მითხრა: „ჩემზე უწიგნურები ამბობენ, შეხედეთ, ეს როკერია, უწმინდურია და ა. შ. ასეთ ხალხს მე ვიწვევ თუნდაც ქართული ლექსებისა და სადღეგრძელოების წარმოთქმაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენი ჯგუფის არც ერთი წევრი არასოდეს არ იქნება ვიღაც ჯონსონი, ტომსონი ან სხვა ვინმე. ჩვენ ვიყავით, ვართ ქართველები და ყოველთვის ქართველებად დავრჩებით, სადაც არ უნდა მოვხვდეთ. უბრალოდ, ვცდილობთ ჩვენი ენერგია ჩავდოთ თანამედროვე როკში და საკუთარი სათქმელი ვთქვათ. გვიყვარს ყველაფერი ქართული და ჩვენებური“.

სამწუხაროდ, გაუსაძლისი პირობების და აბსოლუტური უპერსპექტივობის გამო, ბევრი ქუთაისელი მუსიკოსი მშობლიური ქალაქიდან წავიდ-წამოვიდა. ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ მათ ძალიან უჭირდათ საკუთარი სათქმელის მთელი საქართველოს მასშტაბით გახმოვანება. ბოლო რამდენიმე წელია, ნამდვილად აღარ ვიცი, როგორი ხმა აქვს ქუთაისს, უკვე 8 წელია, მეც დედაქალაქში გადმოვიხვეწე. რა თქმა უნდა, იქ დარჩენილი მეგობრების წყალობით ზედაპირულად მაინც ვიცი, რა ხდება თანამედროვე მუსიკაში, მაგრამ ქუთაისის ხმა დედაქალაქში ნამდვილად არ ისმის. წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ ჭირს მიაყურადო აქვე, 250 კილომეტრით დაცილებულ ქალაქს.

ჟურნალი "ოზონი" #21, აპრილი 2008

3 comments:

  1. ქუთაისი ქალაქია მუს.ინდუსტრიის მშენებელი \(-_-)/

    ReplyDelete
  2. იცით ერთი კითხვა მაქვს, დღეს რატო აღარ ხდება მსგავსი რაღააცები?? თუ ძაან წინ წასულები ვართ მართლა და აღარ არის საჭირო??...არც თბილისში ხდება არაფერი სამწუხაროდ...ექსპერიმენტები აღარ ხდება, ეს დიდი პრობლემაა ჩემი აზრით :) არადა აშკარად სამკურნალოა ქვეყანა...

    ReplyDelete
    Replies
    1. მე მგონი, უფრო პრაგმატულები გახდნენ ჩვენი მუსიკოსები... :))

      Delete